ყველაფერი დაიწყო საპენსიო ფონდით

( სიტყვა)



ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მთავრობას თავისი ხუშტურების დასაფინანსებლად ფული დააკლდა. ბევრი არ უფიქრიათ, რა გაეკეთებინათ, ადგნენ და მაშინვე დაგროვებით საპენსიო სისტემაზე დაიწყეს საუბარი. ყველა ხვდებოდა, რისთვის ხდებოდა ეს და რა შედეგი მოჰყვებოდა მსგავს გადაწყვეტილებას, თუმცა მაშინ ერთპარტიული სისტემა გვქონდა, ეს კი ნიშნავს, რომ  საპარლამენტო უმრავლესობაში ვინც იყო, იმას ჰქონდა მთელი ძალაუფლება. მოკლედ, შეკავების მექანიზმი არ არსებობდა. ბევრი ვიყვირეთ, დიდი ამბავი იყო, აქციაც გავაკეთეთ, თუმცა სინამდვილეში ვხვდებოდით, რომ ასეთ მსხვილ თანხაზე უარს არ იტყოდნენ. მალევე შეიტანეს კანონპროექტი, რომლითაც დაამტკიცეს, რომ თვითონაც არ იცოდნენ, როგორ აემუშავებინათ ეს სისტემა, თუმცა ამისი ცოდნა არც სჭირდებოდათ - ამ თანხის უკან დაბრუნება ხომ არც ჰქონიათ მიზნად. ერთ თვეში კანონპროექტი კანონად გადაიქცა და ჩვენ ვალდებული ვიყავით ხელფასის დამატებითი 2% გვეხადა ამ ფონდში. სწორედ ამ პერიოდში დავიწყე პირველი სამსახური. პირველი ხელფასი იმაზე ბევრად ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ვაკანსიაში ეწერა. ყოფილი თანამშრომლებიც ჩიოდნენ დაკლებული ხელფასის გამო. სინამდვილეში, ძალიან მარტივი რამ მოხდა - ჩვეულებრივი შავი ბუღალტერიის საქმე. ოფიციალურად ხელფასი მოგვიკლეს და, ფაქტობრივად, დამსაქმებლის 2%-საც ჩვენ ვიხდიდით.


ის სამსახური მალევე მივატოვე. მერე ერთ წელში უნივერსიტეტიც დავამთავრე და ჩემი პროფესიით სამსახურის ძებნა დავიწყე. მარტივი არ იყო. მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, ქვეყანაში სამუშაო ადგილები არ იყო, ყველაფერი ძვირდებოდა და ლარიც თანდათან უფასურდებოდა. ამის მიუხედავად, მოვახერხე ერთ-ერთი საერთაშორისო კომპანიის რეგიონალურ ოფისში დამეწყო მუშაობა. დიდხანს ვიმუშავე იქ, ნელ-ნელა კარიერულადაც მივიწევდი წინ. ჯერ მთავარი სპეციალისტი გავხდი, შემდეგ პროექტების დირექტორი, შემდეგ განყოფილების უფროსი, ბოლოს კი -ორგანიზაციის ვიცე პრეზიდენტიც. ამ ხნის განმავლობაში, საპენსიო ფონდი აგრძელებდა არსებობას, ჩვენ ვიხდიდით შენატანს, ამ ფულს კი მთავრობა სესხულობდა და ხან თავიანთ წინასააჩევნო კამპანიას აფინანსებდა, ხანაც პრემია-დანამატებს აორმაგებდა. მალევე მიხვდნენ, რომ ეს ფულიც არ ჰყოფნიდათ და საპენსიო შენატანი 5%-მდე გაზარდეს.ხალხმა ეს მარტივად ვერ გადაიტანა. ძალიან დიდი მღელვარების ტალღა აგორდა. რუსთაველი 1 თვის განმავლობაში გადაკეტილი იყო. ბევრი ხალხი დაიჭირეს აქციაზე. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ვითარების დასარეგულირებლად მთავრობამ ფული საპენსიო ფონდიდან აიღო. ანუ, მთავრობა დაგვცინოდა, თუმცა მაინც გაიტანეს თავისი. ხალხი უარეს გაჭირვებაში ჩავარდა, ფასები ძალიან გაიზარდა, დოლარი კი უკვე 4 ლარი იყო.

დიდი ხანი არ იყო გასული, ჩემი კომპანიის მენეჯმენტმა რომ ქართული ბაზრიდან გასვლა გადაწყვიტა, რადგან დანახარჯი ძალზე გაიზარდა, ქართველებს კი ფული არ ჰქონდათ ჩვენი გაძვირებული პროდუქცია შეეძინათ. ასე დავრჩი უსამსახუროდ.


 


ამაზე უარესი რა უნდა მომხდარიყო?!


სულ რამდენიმე თვეში, ხალხმა მთავრობა გადაირჩია. თუმცა, იმის მაგივრად, რომ იმ პოლიტიკური ძალისთვის დაეჭირათ მხარი ვინც ამ ფონდის გაუქმებას ითხოვდა, უმრავლესობაში მოვიდა პოპულისტური მემარცხენე-სოციალისტური ძალა, რომელმაც მოახერხა და ქვეყანაში აქტუალური გახადა აზრი, რომ ჩვენი მდგომარეობა მდიდარი კომპანიების, ბანკების, ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და იმპორტიორი კომპანიების ბრალია. თითქოს მათი ანტიკამპანიის ნაწილი საპენსიო ფონდის დისკრედიტაცია იყო, რათა თანამშრომლებზე გაწეული ხარჯი შეემცირებინათ. ხალხმა ეს დაიჯერა, ყველა ამაზე საუბრობდა და, სწორედ ამიტომ, ამ კამპანიამ ზემოხსენებულ პარტიას პარლამენტის მანდატების 70% მოუტანა. ნელ-ნელა დაიწყეს ბიზნესების ტერორი: მოგების გადასახადი გაუორმაგეს, თანამშრომლის საპენსიო ფონდში იძულებითი შენატანი გაუორმაგეს, შემოიღეს მინიმალური ხელფასი - 15 ლარი საათში, ამას დაერთო რეგულაციების ზღვა. არც ერთ ბიზნესს შეეძლო რაიმე საბანკო ოპერაციის განხორციელება მთავრობის წარმომადგენლის ნებართვის გარეშე. საშინელი კორუფცია მძვინვარებდა. ვერაფერს გააკეთებდი, სანამ ვინმეს კაბინეტში ფულს არ მიართმევდი. ტოვებდა ქვეყანას ყველა, ვისაც შეეძლო. ხალხი ოჯახებით გარბოდა ევროპაში, თურქეთში, უკრაინასა და რუსეთშიც კი.


მთავრობა უუნარო აღმოჩნდა საგარეო ურთიერთობებშიც. გაგვიფუჭდა ურთიერთობა აშშ-სთან, ევროპამ შეგვიჩერა უვიზო მიმოსვლა, ქვეყანაში აღარც ტურისტები ჩამოდიოდნენ, სასტუმრო ინდუსტრია მოკვდა... შესაბამისად,  ათიათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა. ქვეყნის მშპ გეომეტრიული პროგრესიით მცირდებოდა. ამ ფონზე, ორმა უმსხვილესმა ბანკმა ქართული ბაზრიდან გასვლა გადაწყვიტა. ქვეყანაში საშინელი ინფლაცია დაიწყო. ფულის ჯიბეში გაჩერებას აზრი ეკარგებოდა, უნდა გეყიდა იმდენი პროდუქტი, რამდენი ფულიც გქონდა. თუმცა, მაღაზიები თითქმის ცარიელი იყო, მხოლოდ სოფლიდან ჩამოტანილი პროდუქცია იქცა მთელი ქვეყნის სასიცოცხლო ძალად.


წამოვიდა რადიკალური იდეები. ქაოსისგან დაღლილ ხალხს გაღვივებულ პროტესტს ნაპერწკალი სჭირდებოდა და გაჩნდა ეგ ნაპერწკალიც. ყველაფერი გაჩერდა ქვეყანაში. მთელი ქვეყანა გარეთ იყო. უზარმაზარი საპროტესტო აქციები დაიწყო, ხალხი მთავრობის გადადგომასა და გადასახადების შემცირებას ითხოვდა. გამოჩდნენ ლიდერები, აიტაცეს ხალხის იდეები და ახლა უკვე ყველაფერი მზად იყო რევოლუციისთვის. ეს მარტივად მოხდა - მთავრობას კი შეეშინდა ხალხის და გაიქცა. სისხლი არ დაღვრილა. ვადამდელი არჩევნები მალევე შედგა და პარლამენტი მთლიანად კოალიციურმა გუნდმა დააკომპლექტა. პირველი, რაც გააკეთეს, მოგებისა და იმპორტის გადასახადების გაუქმება იყო, შემდეგ მოხსნეს მინიმალური ხელფასის ზღვარი, გაბანკროტებული საპენსიო ფონდი კი გაუქმებულად გამოაცხადეს.


 

პრობლემა იყო ის, რომ ჰიპერინფლაციის შემდეგ ლარის არსებობას უბრალოდ აზრი აღარ ჰქონდა. მთავრობამ შემოიღო თავისუფალი სავალუტო რეჟიმი.

ქვეყანა სწრაფად იკრეფდა ძალებს: გაჩდნენ ახალი კომპანიები, ამუშავდნენ ბანკები, ჩამოვიდნენ ტურისტები და ისევ გაჩნდა მოთხოვნა სასტუმროებზე… ერთი სიტყვით, ქვეყანაში ინვესტიციების ბუმი იყო. ჩვენი მშპ ახლა უკვე გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა. საქართველომ ეკონომიკური სასწაული მოახდინა. უმუშევრობის მაჩვენებელი მხოლოდ 4% იყო. უმოკლეს დროში, საქართველომ აღიდგინა პირვანდელი პოზიციები და ევროპის საშუალო ქვეყნებსაც კი გადაუსწრო. ქვეყანაში მშვიდობა იყო, ხალხს უხაროდა აქ ცხოვრება. ახალგაზრდები აღარ გარბოდნენ.


მეც გადავწყვიტე ბიზნესი დამეწყო. ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, კრედიტებზე ხელმისაწვდომობაც გაიზარდა. გავხსენი პირველი კაფე, რომელსაც მეორე მოჰყვა, მერე მესამე და ა.შ. ქვეყანაში კვებითი ინდუსტიის ერთ-ერთი უმსხვილესი წარმომადგენელი გავხდი. უკვე ასაკში  ვიყავი, მალე ჩემი პენსიაზე გასვლის დროც დადგებოდა. საპენსიო ფონდში დაგროვებული რამდენიმე ათეული ათასი ინფლაციამ შეჭამა, თუმცა არ მეშინოდა იმისა, რომ უპენსიოდ დავრჩებოდი - მე ხომ თავად შევქმენი ჩემი საპენსიო დანაზოგი, თავად ვიზრუნე საკუთარ სიბერეზე, ამისთვის კი პარლამენტიდან მოსული კანონი, შემოსავლის 15%-ის დაზოგვას რომ მიბრძანებდა, არ დამჭირვებია. ზოგადად, ადამიანის ბუნებაა ეგეთი, ყოველთვის ცდილობს მის ხელთ არსებული რესურსი კი არ გაფლანგოს, არამედ უფრო ღირებული რამ შექმნას და დააგროვოს. ხოლო თუ მთავრობა მე დღეს გამომაცლის ჩემს რესურსებს იმისთვის, რომ უფრო ღირებული რამ თვითონ შემიქმნას - ამ შემთხვევაში, პენსია და უზრუნველყოფილი სიბერე - ვერც უზრუნველყოფილ სიბერეს მივიღებ და თან მთელი ცხოვრების სიღარიბეში გატარება მომიწევს.


ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მთავრობას თავისი ხუშტურების დასაფინანსებლად ფული დააკლდა.

ორი რუსთაველი

კომენტარები