რითი ვიმგზავრო თბილისში - ანუ ტრანსპორტთა თავისებურებანი

( სიტყვა)

როცა დაწნულწვერიანმა, თეთრკაბიანმა, დაკუნთულმა შუმერმა ბორბალი გამოიგონა ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი აღმოჩენა ოდესმე მესოპოტამიას გასცდებოდა და იბერიის ახლანდელ დედაქალაქის, თბილისის მტვრიან ქუჩებში ავტობუსებად და მიკროავტობუსებად იქნებოდა წარმოდგენილი, რომელთა ფერის ასარჩევადაც იმჟამინდელი მერი გერმანიაშიც კი ჩავიდოდა.

 

ჩვენ კი, ვერ წარმოვიდგენდით ჩვენს ცხოვრებას ტრანსპორტის გარეშე. არა, თუ გინდათ წარმოვიდგინოთ, როგორ გავდივარ დილის ექვს საათზე ნახალოვკიდან ფეხით, ათზე რომ უნივერსიტეტში ვიყო... ვაკეში... ჰო, მეც ამტკივდა ფეხები. ჯობია, ჩემს წვერებიან კუნთა შუმერელს მადლიერი ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნო, ყურსასმენები მოვირგო და მეტროს, ავტობუსს ან მიკროავტობუსს დაველოდო.

 

ამ  ალტერნატივებიდან არჩევანს, ძირითადად, ოთხ კრიტერიუმზე დაყრდნობით ვაკეთებ: ფასი, დრო, კომფორტულობა და მასშტაბი - ანუ რა ქალაქის ფართობს და მანძილს ფარავს.

 

მეტრო

 

  

ხომ არსებობენ ადამიანები, ნახევარი ცხოვრება ქუჩაში რომ აქვთ გატარებული, ან სამსახურში, ან ყანაში - აი, მე, ნახევარი ცხოვრება მეტროში მაქვს გატარებული. პირველი ტრანსპორტი იყო, რომელიც შევიცანი და შევიყვარე. განსაკუთრებით მხიბლავდა მეტროს სუნი, ამიტომ ბოლო ვაგონის ბოლო სკამზე მჯდარი თვალებდახუჭული, ვოცნებობდი მეტროს სუნის გემოს შოკოლადები გამოეგონათ.

 

ფასი: მეტრო საკმაოდ ხელმისაწვდომია. სტანდარტულად, 0,50 თეთრი ღირს, სტუდენტებისთვის 0,20; პენსიონერებისთვის 0,10; ხოლო მოსწავლეებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის უფასოა. ასევე, ბარათის გამოყენებიდან საათნახევრის განმავლობაში უფასოდ მგზავრობთ ნებისმიერ სადგურზე. ამის გამო,  ზოგიერთისთვის, უკვე გამოყენებული ბარათით სხვების გატარება და მათთვის 50 თეთრის გამორთმევა, პატარა ბიზნესადაც იქცა.

 

დრო: სიჩქარის კატეგორიაში მეტრო ნებისმიერ ტრანსპორტს სახეს ააძრობს, რადგან, მოგეხსენებათ, მიწისქვეშ არც საცობებია, არც შუქნიშნები და არც ზებრები. გაჩერებიდან - გაჩერებამდე მგზავრობას დაახლოებით 1,5 – 2 წუთს ანდომებს. ოფიციალურად, გაჩერებისთვის განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ, მემანქანე კეტავს მეტროს ყველა კარს, მაგრამ in real life, გააჩნია კართან მდგარი ტიპის კუნთებს რამდენ ხანს შეუძლია ეჯაჯგუროს კარს საწინააღმდეგო მიმართულებით, სანამ ხალხი ცდილობს ვაგონში შემოტენვას. როცა ამ ტიპს ძალა გამოეცლება, კარიც იკეტება და მატარებელი მშვიდად განაგრძნობს გზას მეორე გაჩერებამდე. მოკლედ, დროც მეტროს დიდი პლიუსია.

 

მასშტაბი: მეტროს მხოლოდ ორი ხაზი აქვს (კალაძეს თუ დავუჯერებთ, ჯერჯერობით) - საბურთალოს და პირველი ხაზი (გლდანი - ვარკეთილი). ვაკეს, ვაზისუბანს, ლილოს და დიღომს მეტრო ვერ უდგება. ასე რომ, მეტროთი ჩქარა კი მივალთ, მაგრამ ყველგან ვერა.

 

კომფორტი: ჰმმ.. პაუზა.. მოდი შევთანხმდეთ, რომ თან საზოგადოებრივი და თან კომფორტული ტრანსპორტი ერთად ცოტა იშვიათია. განსაკუთრებით პიკის საათებში (08°°-09°° და 18°°-19°°), როცა ვაგონში შესაღწევად მთავარია ბრბოს შუაგულში მოხვდე და თვალები დახუჭო. რამდენიმე ორგანოს და კიდურის მოჭყლეტვის შემდეგ იგრძნობთ რომ უკვე ვაგონში ხართ, თუმცა ვეღარ გაარჩევთ ვიღაცის ჩანთა შემთხვევით გედებათ „უხერხულ ადგილას“ თუ „ხელები გაწიე შე ბინძუროს“ თქმის დროა. თუმცა, დღის სხვა მონაკვეთებში, მეტრო კომფორტის კატეგორიაში არც ისე მოჩანჩალე პოზიციაზეა.

 

სპეციფიკა - ანუ მხოლოდ მეტროში:

 

*მხოლოდ მეტროში დაინახავთ დიდი პლაკატებით, თუნუქის და პლასტმასის ქილებით მოსიარულე ორსულებს დ პატარა ბოშებს, რომლებიც მოწყალებას ითხოვენ ხატების, სანთლების ან პანჩურის სანაცვლოდ.

 

*მხოლოდ მეტროში გაიგებთ ფრაზას - "ჯერ გამომსვლელები გამოატარეთ", რომლის მიუხედავადაც თუ გადარჩენისთვის არ იბრძოლე, შესაძლოა, რომელიმე შემომსვლელი ქალბატონისგან სახსოვრად გვერდის ჩაჟეჟილობა დაგრჩეთ.

 

*მხოლოდ მეტროში ესკალატორის ბოლო კიბეზე მდგომი იგრძნობთ უკნიდან უხერხულ ჩახველებას ან ხელის მსუბუქად დარტყმას - გამატარეს - ნიშნად, სამი წამის დაზოგვის მიზნით.

 

*მხოლოდ მეტროში მოისმენთ „აყვავებულა არაგვზე დეკას“ ან სხვა გაპაპსებულ ქართულ სიმღერას ფანდურის, არანჟირების ან დოლის თანხლებით.

 

ავტობუსი

 

 

ერთ-ერთი თეორიის მიხედვით თბილისში სამი ფერის ავტობუსი იმიტომ მოძრაობს, რომ ხალხმა ქალაქის სხვადასხვა მერის გაკეთებული საქმის დიფერენცირება შეძლოს - ანუ, ყველას ერთი ფერის ავტობუსი რომ შემოეყვანა ძნელი იქნებოდა თქმა ვის დროს გამოიცვალა ძველი ტრანსპორტი. ახლა კი, ყველამ ვიცით, რომ ყვითელი გიგის ავტობუსებია, ლურჯი ნარმანიასი,  მწვანე კი კალაძეს ჩამოჰყავს.

 

ფასი: მეტროს მსგავსად, ავტობუსებიც მერიას ეკუთვნის, ამიტომ საერთო ტარიფები და შეღავათები აქვთ. ასე, რომ ფასი ავტობუსის პლიუსად ჩავთვალოთ.

 

დრო: ჰმმმ.. პაუზა.. (ერთი "ჰმმ... პაუზა..." ყველა ტრანსპორტს აქვს). მოდი თავად განსაჯეთ:

*აჩერებს ყველა გაჩერებაზე

*ზომის გამო იშვიათად უსწრებს სხვა მანქანებს და მოძრაობს ტლანქად (მანამ, სანამ მძღოლს არ გადაეკეტება).

*მეტროსგან განსხვავებით, ბოლო მგზავრი კი არა, ბოლო კოღოც უნდა შემოფრინდეს, რომ მძღოლმა კარი დაკეტოს. (უკანა კარის ფენომენზე ცალკე დავწერთ)

 

მოკლედ, განსაკუთრებით პიკის საათებში, ავტობუსით წასვლას, უბრალოდ არ აქვს აზრი. პირადი გამოცდილებით, შესაძლოა ფეხით გაასწროთ.

 

გაჩერებებს შორის არათანაბარი მანძილის გამო რთულია ვთქვათ, საშუალოდ რამდენ ხანს ანდომებს მის დაფარვას. ამიტომ ამ საიტს გისახსოვრებთ, რომლის საშუალებითაც დაგეგმავთ საკუთარ მარშრუტს - http://ttc.com.ge/.

 

მასშტაბი: ამ კატეგორიაში ერთ-ერთი მოწინავეა, რადგან იშვიათია ადგილი, რასაც ავტობუსი არ უდგება (ცენტრალურ ქუჩას მაინც). თუმცა ხშირია შემთხვევები, როცა სასურველ ადგილამდე ორი ან მეტი ავტობუსის შეცვლამ მოგიწიოთ.

 

კომფორტი: ახლა რომ დავწერო, კომფორტულია-მეთქი, მაგრად მოგატყუებთ. ამ კრიტერიუმში ორი მინუსი გვაქვს: პიკის საათები - როცა , მეტროს მსგავსად, ვერ გაარჩევთ მოთათუნება შემთხვევითია თუ მიზანმიმართული და ყვითელი, ძველი ავტობუსები - რომლებიც, ძირითადად თბილისის გარეუბნებში მოძრაობენ  და მის  გამონაბოლქვს თუ ჩაყლაპავთ და გადარჩებით, ასი წელი აღარაფერი მოგივათ.

 

თუმცა, შუადღით ან გვიან ღამით ლურჯი ავტობუსით საკმაოდ კომფორტულად შეიძლება მგზავრობა, პლიუს აქვს კონდინციონერი, რომლითაც ზაფხულში გრილად, ზამთარში კი - თბილად იმგზავრებთ.

 

 

სპეციფიკა - ანუ მხოლოდ ავტობუსში:

 

*მხოლოდ ავტობუსში ასულს დაგხვდებათ კონტროლიორი, რომელიც ვერბალურად ან გამჭოლი მზერით ცდილობს აგაღებინოს ბილეთი იმ არგუმენტით, რომ „შემოწმებაზე დადიან“.

 

*მხოლოდ ავტობუსის უკანა კარებთან მდგომი გაიგებთ მიკროფონში მძღოლის უხერხულ ჩახველებას, ან მიკროფონზე სამჯერ კაკუნს და თუ არ ამოქმედდით, უკვე მგზავრების ნერვიულ  რეპლიკებს - "ხომ ხედავთ რომ ვერ კეტავს უკანა კარებს და ამოიწიეთ".

 

*მხოლოდ ავტობუსში გაიგებთ: - ხალხი მიგყავს კარტოფილი ხომ არა - იმის აღსანიშნად, რომ მძღოლი უხეშად ატარებს.

 

*მხოლოდ ავტობუსს აქვს სიამოვნება შეშინებული, დაბნეული სახე მიიღოთ, ვითომ ბილეთი არ გაქვთ. ჯარიმის ფურცელმომარჯვებული კონტროლიორის მოსვლის შემდეგ კი ააფრიალოთ თქვენი ბილეთი და მისი იმედგაცრუებული სახით დატკბეთ. 

 

მიკროავტობუსი

 

გამომდინარე იქიდან, რომ მოძრავ ობიექტებზე დაწერილი წარწერების კითხვა ჩემი თვალებისთვის ჯოჯოხეთია და თან ოთხმოც თეთრს ლარს დავამატებ და დონატს შევჭამ - ყველაზე იშვიათად ამ ტრანსპორტით ვმოძრაობ.

 

ფასი: მიკროავტობუსები კერძო კომპანიას ეკუთვნის. მძღოლებს ჩვენ არ ვუხდით ხელფასს, ამიტომ პირველი მგზავრობა ოთხმოცი თეთრი ღირს, ყოველი მომდევნო კი (საათნახევრის განმავლობაში ) – 65 თეთრი.  რადგანაც სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის შეღავათები არ მოქმედებს, ჩვენ იშვიათად ვმგზავრობთ მიკროავტობუსით (თუ გამოცდაზე არ გვაგვიანდება ან ხელფასი ახალი ჩარიცხული არაა). მოკლედ, ამ ტრანსპორტით ყოველდღე სარგებლობა იაფი არ არის.

 

დრო: „ქებაი და დიდებაი მარშუტკისა ჩვენისაი“ - ზოგიერთ ქუჩაზე სამარშუტო ზოლის არსებობისა და ქვეყანაში, ზოგადი ფსიქოლოგიურ-ნერვიული დაძაბულობის გამო (რომელიც მძღოლებზეც ვრცელდება), მიკროავტობუსი ნამდვილად არ ჩამოუვარდება მანქანას სისწრაფით. გაჩერება დამოკიდებულია მგზავრებზე - ვინ სად ჩადის.

 

მასშტაბი:  კვლავ და კვლავ ქებაი და დიდებაი - მიკროავტობუსი ქალაქის გაცილებით დიდ ნაწილს ფარავს. ძალიან ხშირად შეხვდებით სიტუაციას, სადაც ჯერ მეტროთი ან ავტობუსით უნდა მიხვიდეთ, საბოლოო წერტილამდე კი მხოლოდ მიკროავტობუსი მიგიყვანთ.

 

კომფორტი: ჰმმ... პაუზა... მოდი, პიკის საათის საერთო პრობლემას გადავახტები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ადგილის სიმცირიდან გამომდინარე აქ ნაკლები შანსია, ვინმემ შემთხვევითაც კი მოგადოთ ხელი უხერხულ ადგილზე. ასე, რომ წელში გაიმართეთ. პირველ გაჩერებაზევე არ ახვალთ ძალიან დაბალი შანსია რომ დაჯდომა მოახერხოთ, ამიტომ ძირითადად  წინ გადახრილ პოზიციაში (წინა ფანჯრიდან ყურების გამო) მოგიწევთ  მძღოლს უთხრათ სად გინდათ ჩასვლა. ზაფხულში, კონდინციონერის ჩართვის სურვილს ძირითადად მძღოლი ჩაგიკლავთ „გაფუჭებულიას“ არგუმენტით, თუმცა თუ მიმწოლი ტიპი ხართ, შესაძლოა გაგიმართლოთ კიდეც და „უცებ გაკეთდეს“. ასევე, თუ უკან დაჯექით და ჩასვლა გიწევთ, ჯერ მთელი მიკროავტობუსი უნდა ჩავიდეს, რომ როგორმე გამოგატარონ. მოკლედ, სივიწროვის, მძღოლის და მგზავრების ფსიქოტიპების თავისებურებიდან გამომდინარე მიკროავტობუსი სწრაფი, თუმცა არც ისე კომფორტული ტრანსპორტია.

 

   

სპეციფიკა - ანუ მხოლოდ მიკროავტობუსში:

 

*მხოლოდ მიკროავტობუსის მძღოლს აქვს ილუზია, რომ გატენილი მანქანის შუაში ადგილია და ხშირად იყენებს ფრაზას - გადავიწიოთ.

 

*მხოლოდ მიკროავტობუსის მძღოლი კითხულობს ყოველი „ოფიციალური“ გაჩერების წინ: - გაჩერებაზე ხომ არ ჩადიან?! რომ ტყუილად არ შეანელოს სვლა. იმ სიტუაციის ბრუტალურობა თავად წარმოიდგინეთ, მძღოლის კითხვაზე პასუხს რომ არავის გასცემს, ესეც თამამად რომ დააჭერს გაზს და უცებ უკნიდან რომ ისმის: - გააჩერეთ...

 

*მხოლოდ მიკროავტობუსში გიოფლიანდება ხელები როცა შენზე წინ ჩამსვლელმა მძღოლს ხუთლარიანი მიაწოდა და კუპიურის სიმსხვილის გამო მძღოლისგან ჩაბურტყუნებული ლანძღვა მიიღო, შენ კი შემდეგ გაჩერებაზე ჩადიხარ და მხოლოდ ოცლარიანი გაქვს.

 

*მხოლოდ მიკროავტობუსი შეიძლება ასჯერ გააჩერონ, გამოაღონ კარი და იკითხონ - სპორტის სასახელსთან გაივლის?! როცა საქარე მინაზე ძალიან დიდად აწერია - თემქა.

 

მოკლედ, (თუმცა, არც ისე მოკლედ) ვეცადე დამეხასიათებინა თბილისში მოძრავი სამი ყველაზე მსხვილი ტრანსპორტი. აწი, რომელს მიანიჭებთ უპირატესობას - თქვენზეა.

 

ავტორი

ქეთო ლაზარაშვილი

კომენტარები