ფართოდ მოჭუტული თვალები

( სიტყვა)

ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება დღე, როცა თვალისგახელისთანავე ხვდება, მისი ჟამი დადგა  - აუხდენელი ოცნებების ასრულების. ასეთ დღეებში წმინდად გვჯერა, რომ ყველა უხილავი ძალა ჩვენს საკეთილდღეოდაა მომართული, რომ რაც არ უნდა მოვიმოქმედოთ, ყველაფერი საუკეთესოდ გამოგვივა, სარკეში ვიხედებით და გვგონია რომ კაციშვილი არაა ჩვენზე ლამაზი, Pretty Woman-ს ვრთავთ და მთელი სამყარო ჩვენ გარშემო იწყებს მოძრაობას, მაგრამ მოგეხსენებათ, ეს სოფელი დიდხანს არვის გაახარებს და გვახსენდება, რომ სათვალე არ გვიკეთია და ამ დროს რეალობა, რომლისაც სათვალის გაკეთებამდე გვჯეროდა, მსხვრევას იწყებს და ვხვდებით, რომ ,,ყველაფერი ქარია და ჩვენება”.

 

ერთ დღესაც, მივხვდი რომ მინდოდა სამყარო ჩემი თვალებით დამენახა და საკუთარი თავი უსათვალოობის ჩელენჯში გამოვიწვიე. თავიდან ყველაფერი რთულად მომეჩვენა, დავდიოდი ქუჩაში და ყველაფერს ნისლის სქელი ფენა ჰქონდა გადაკრული, ვერ ვცნობდი გამვლელებს, ვერ ვხედავდი ავტობუსების ნომრებს, იმას, თუ რამდენ წუთში მოვიდოდა მეტროს შემდეგი მატარებელი, არ ვიცოდი მოვასწრებდი თუ არა ქუჩის გადაკვეთას მანამ, სანამ მანქანა მომიახლოვდებოდა, მაგრამ, მოგეხსენებათ რომ ადამიანი ყველაფერს ძალიან მალე ეჩვევა, ამიტომ ერთ დილასაც, როცა გავიღვიძე და სარკეში ჩავიხედე, მივხვდი რომ სულერთია რა ხდება რეალურად, მთავარია მხოლოდ ის, თუ რას ვხედავ მე. ძირითადად ხომ მაინც ასე ხდება - ადამიანებს დასკვნები გამოაქვთ მხოლოდ იმ ფაქტებიდან, რაზეც ხელი თვითონ მიუწვდებათ და სამყაროსაც ისე ხედავენ, როგორც თავად მოესურვებათ.
 
ჩემი ფანჯრიდან ნუცუბიძის პლატო ჩანს. ერთხელ, როდესაც შებინდებისას გავიხედე, ჩავილაპარაკე, რა ლამაზია-მეთქი, საკუთარმა თავმა ამომძახა, რომ სიბნელეში და უსათვალოდ მეც ლამაზი ვარ. სწორედ მაშინ გავიაზრე, რომ არ ხედავდე ყველაფერს მთელი თავისი საშინელებით - გაცილებით უკეთესია, ვიდრე ხედავდე სამყაროს ყველა ნაკლოვანებას. ვიღაცამ შეიძლება გაიფიქროს, რომ ეს ერთგვარი პოზაა, როცა იმის ნაცვლად, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეცვალო, უბრალოდ თვალებს ხუჭავ და მართალიც იქნება. მე ქუჩებში დავდივარ, სათვალე არ მიკეთია, ყურსასმენებში მუსიკა ისმის, ასე ორი გრძნობა მაქვს დახშული, არ მესმის როგორ ლანძღავს ვიღაც ქალი მთავრობას, იმის გამო, რომ უბილეთობის გამო დააჯარიმეს, ვერ ვხედავ როგორ აგდებს შუა ხნის მამაკაცი სიგარეტის ნამწვს სანაგვე ურნის მიღმა, არ მესმის როგორ აგინებს ათი წლის ბავშვი თანაკლასელს, ვერ ვხედავ როგორ უსვამს ხელს თეძოზე ახალგაზრდა გოგოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოტათი ნასვამი ტიპი, მაგრამ სასმლის ოხშივარი მაწუხებს, რადგან ყნოსვა დახშობილი არ მაქვს, ამიტომ უკმაყოფილოდ ვაქნევ თავს და ფანჯარას ოდნავ ვაღებ, გოგონა კი ცრემლებს ყლაპავს, რადგან ვერაფერს ამბობს და შიშსა და ბრაზს საკუთარ თავში იბრუნებს. შემსრულებელი ჩამძახის, რომ აკვარიუმში ვცხოვრობ და მე ვერ ვხვდები, რატომ ვარ დაკარგული სული, არადა, ყველაფერი ძალიან მარტივია - დავდივარ და ცას შევცქერი, ვარსკვლავებს ვერ ვარჩევ, მაგრამ სილურჯე მაინც იჭრება ჩემში, ის მავსებს, მე მეღიმება, სამყარო მშვენიერია - ქრებიან ქუჩები, საიდანაც აღარ გესმის განწირული კივილი, სადაც ვეღარ ხედავ ტრუტუარებზე მიმოფანტულ, ხელებგაყინულ მოხუცებს, სადაც აღარაა სიბინძურე და შიში.

 

  

ჩემ გარშემო სინათლეა, შუშით დაფარული ბეტონის კონტრუქციები ირეკლავენ ლაჟვარდისფერ ცას, მსუბუქი ნაბიჯებით დავდივარ, ირგვლივ გაზაფხულის სურნელი დგას, აყვავებას იწყებენ ხეები, აყვავებას იწყებს ჩემი გულიც, ადამიანებმა გაიხადეს შავი ქურთუკები და ფერად პერანგებში გამოგვეცხადნენ, სხედან ბაღებში შეყვარებული წყვილები და ერთმანეთს სიყვარულს ჰპირდებიან, ,,და გაზაფხული მაინც მოვა“ - ვიმეორებ გაბმით და მართლა მჯერა, რომ მოვა გაზაფხული და გვაიძულებს ერთმანეთი შევიყვაროთ.
 
დავდივარ და ჩემს მოჭუტულ თვალებში კიაფობენ ვარსკვლავები, ციმციმებს ჩემი სული და ვიცი, რომ ყველაფერი გაცილებით ცუდადაა, ვიდრე ვხედავ, მაგრამ თავს ვერაფრით ვაიძულებ, სათვალე გავიკეთო, რადგან ვხვდები, რომ თავზე დამემსხვრევა ეს იდეალური სამყარო, რომელიც თვითონ შევქმენი.

 

ავტორი

კოღიტო

რაღაცას დავაჭირე და...

იცხოვრე, რომ უსმინო

კომენტარები