ჩცდ - იმიტომ, რომ მალე ახალი სეზონია

( სიტყვა)

სულ მიკვირდა რატომ არავინ წერს ჩცდ-ს რევიუს. არადა, ნებისმიერი მაგარი სერიალის ახალი სეზონის წინ, ან რომელიმე სასწაული სერიის მერე, ერთი სიამოვნებაა შენნაირი ფანის აზრების წაკითხვა, პროგნოზების მოსმენა და დისკუსიები. ჩცდ-ც ხო მაგარი სერიალია, თანაც სულ ჩვენია. ჰოდა, რატომ არავინ წერს?

 

რადგან ამ კითხვაზე პასუხი ვერ ვიპოვე, გადავწყვიტე ავდგე და მე თვითონ დავწერო.  ინსპირაციაც მაქვს - მალე ახალი სეზონი გამოდის და წინა სეზონის ყველა საინტერესო სიუჟეტური ხაზი cliffhanger-ზე (აი ძალიან საინტერესო მომენტზე რომ წყდება სერია და ნერვებს რომ გიშლის) დამთავრდა. ამიტომ, მოდი მივყვეთ თანმიმდევრულად, რა დავტოვეთ, რას ველოდებით და რა შეიძლება მოხდეს.

 

ქეთი და ზაზა

 

რა დავტოვეთ?

ზაზა-ქეთის ამბავი წინა სეზონის მთავარი დრამაა. ემოციები პიკზე იყო, სერიალშიც და მის მიღმაც. დააკვირდით, როგორ მართეს ჩვენი განწყობები დევდარიანმა და სასტავმა: ჯერ იყო შოკი - ქეთიმ საყვარელი გაიჩინა! მერე იყო შიში - ზაზა უეჭველი მოკლავს! მერე დისკუსია - არის თუ არა ბოზობა, როცა ქალს საყვარელი ჰყავს?

 

ამ ნერვიულობა-მსჯელობაში ზაზაში ადამიანის დანახვა დავიწყეთ, ქეთიში მსხვერპლის და უცებ აღმოვაჩინეთ, რომ პერსონაჟებს, რომლებიც დიდად არ გვევასებოდა, აი უაბშე ყველაზე ძაან ვგულშემატკივრობთ. გამოტყდით, აბა, რამდენმა იტირეთ იმ SMS-ზე?

 

  

რას ველოდებით და რა შეიძლება მოხდეს:

რას იზამენ, შერიგდებიან? ორივეს აშკარად უნდა, მაგრამ ეს დამპალი საზოგადოებრივი მორალი? ყველამ რომ იცის უკვე? ნაირა რომ ოჯახში არ შემოუშვებს? დათო და სხვა ძმაკაცები რომ სუსტ ტიპად ჩათვლიან? გახსოვთ, როგორ უთხრა ზაზამ დედამისს - შენ ვინ გეკითხებოდა, იქნებ მე არ ვაგდებდი სახლიდანო?

 

ძალიან რთული იქნება, მაგრამ ცხოვრებაშიც ხომ მასეა - სირთულეები გვეხმარება უკეთესები გავხდეთ. ნინას და დათოსგან განსხვავებით, რომლებსაც „საყვარლის“ დრამამ ვერაფერი ასწავლა, მგონია, რომ ზაზა და ქეთი შეძლებენ ერთმანეთს გაუგონ, შერიგდებიან და ნიაკოსაც აღარ მოუწევს პიცების და ბურგერების ჭამა.

 

აკაკი

 

 

რა დავტოვეთ?

რა დავტოვეთო? Seriously? არის ვინმე ვისაც დაავიწყდა, გოზინაყებიდან და საცივებიდან თავი „ხიდის“, „Shutter Island”-ის და „სხვების“ რანგის ფსიქოლოგიურ ტრილერ-ჰორორში რომ ამოგვაყოფინეს? აკაკის და მისი დაღუპული ცოლ-შვილის ამბავს ქართულ სატელევიზიო სივრცეში #1 Plot Twist-ს თამამად დავარქმევდი. ახლაც მბურძგლავს, იმ სერიის ბოლო სცენა რომ მახსენდება.

 

რას ველოდებით და რა შეიძლება მოხდეს?

ყველას ერთი სული გვაქვს, გავიგოთ, შეძლებს თუ არა აკაკი ცხოვრების გაგრძელებას და რა როლი ექნება ამაში მარიამს. ფაქტია, რომ ლექციის წაკითხვამ არ იმუშავა. ისიც ფაქტია, რომ ამ ბიჭს დახმარება სჭირდება.

 

აქაც ოპტიმისტური პროგნოზი მაქვს - მგონია, რომ მარიამი შეძლებს აკაკის დახმარებას და მდგომარეობიდან გამოყვანას. ოღონდ სიყვარულის ნაწილში არაფერი გამოუვათ.

 

ბაქარი და მისი ამბიციები

 

რა დავტოვეთ:

კეთილი, გულისხმიერი და გულუბრყვილო ბაქარი დავტოვეთ წარსულში. აწმყოში გვყავს საკუთარ ინტელექტუალურ უპირატესობაში დარწმუნებული, თავის თავზე შეყვარებული მომავალი დეპუტატი. ამ ბაქარს შეუძლია ცოლი, რომლის გამოც თავის დროზე მთელ ოჯახს დაუპირისპირდა, მალტაზე გადაასახლოს, მეგობარი და ბიზნესპარტნიორი ყოველგვარი ემოციის გარეშე ჩაიხსნას. ამ ბაქარს არ ავიწყდება, ვინ და რას ამბობს მასზე და ვინაა მადლიერი და ვინ - უმადური. „ნინა ბიცოლასაც“ მშვენივრად დაუმახსოვრა დედამისზე რომ წამოცდა, „გოიმობააო“.

 

რას ველოდებით და რა შეიძლება მოხდეს?

შევა ბაქარი პარლამენტში. გზიდან ჩამოიცილებს ყველას, მათ შორის მამამისსაც, რომელიც ასე მოულოდნელად დაბრუნდა. მერე რა იქნება? სწრაფად გამილიარდერებული, საკუთარ სოფელზე და ხალხზე მზრუნავი, პოლიტიკაში წასული იმერელი ქველმოქმედი... ვინმე ხომ არ გახსენდებათ? რა ვიცი, რა ვიცი.

 

ნინა და მისი კიბო

 

 

რა დავტოვეთ:

გაეგოისტებული, სამყაროზე გაბრაზებული ნინა, რომელიც ყველა ჯავრს დათოზე იყრის და დანგრევის პირას მყოფი ოჯახი. სრული უვიცობა, როგორც ახლობლების, ისე ექიმების მხრიდან, როგორ შეიძლება მიუდგე ადამიანს ასეთი ავადმყოფობის დროს.

 

რას ველოდებით და რა შეიძლება მოხდეს?

ნინა გადარჩება, გადარჩება მისი ოჯახიც, მაგრამ ისევ ისეთი უსიხარულო ყოველდღიურობა გაგრძელდება, როგორც აქამდე. ნინას და დათოს, უბრალოდ არ შეუძლიათ უკეთესობისკენ შეცვლა. იგივე არიან მარად და მარად.

 

კატო და ვატო

 

რა დავტოვეთ:

იგივე რაც აქამდე. კატოს პერსონაჟი, მისი კაცები და ისტორიები, ჩემი აზრით, ამ სერიალის ერთადერთი ჩავარდნაა. ეს ვატო ჭავჭავაძე ვის დაეკარგა, ან რატომ გამოჩნდა, ან რატომ წავიდა? მოკლედ კატო ისევ მარტოა, ისევ წუწუნებს ცხოვრების ამაოებაზე და მაყურებელს ისევ ყელში ყავს ამოსული.

 

რას ველოდებით და რა შეიძლება მოხდეს?

თავის დასთან რომ წავიდეს ამერიკაში არა? არ გამოვა ამ პერსონაჟისგან ღირებული არაფერი და იქნებ ეს სეზონი კატოს მოშორების სეზონად შევიდეს ჩცდ-ს ისტორიაში

 

ჩიკა და შაგუ

 

რა დავტოვეთ:

აქ თითქოს ყველაფერი გარკვეულია - შერიგდნენ. შაგუ შეიცვალა. გეისთან მეგობრობს, დედამისის ნაშას გაუტარა. ჩიკაც შეცვლილია - მანჩო როგორ „დასტოინად“ გააცილა ვაკიდან საბურთალოზე.

 

რას ველოდებით და რა შეიძლება მოხდეს?

ამ ხაზისგან მე ბევრს არაფერს ველოდები, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ ეს გენიალური წყვილი ბოლომდე არ გაუჩინარდება და ისევ ისე გაგვართობს, როგორც აქამდე

 

ჯერჯერობით სულ ეს არის. ვნახოთ თუ გამართლდება ჩემი პროგნოზები. თქვენ რას ფიქრობთ და რას ელოდებით, შეგიძლიათ კომენტარებში მომწეროთ. მომავალი კვირის ბოლო მორიგ რევიუს შემოგთავაზებთ.

 

ავტორი

იმიტომ

კომენტარები