მართლა მოენატრათ საბჭოთა კავშირი?

( სიტყვა)

28 წელი გავიდა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების დაშლიდან და საქართველოც, ობოლთა თავშესაფრის წინ, კალათით დატოვებული ჩვილივით მარტო დარჩა. თუ იმ ეკლიანი გზისთვის ხოტბის შესხმას ელით, რომელიც თავისუფლებისკენ მიმავალმა ქართველმა ერმა განვლო ან საბჭოეთის ეკონომიკის მანკიერი მხარეები გინდათ გამოვააშკარაო, რბილად რომ ვთქვათ, სხვაგან მოხვდით. ეს არის იუმორნარევი, აბსტრაქტულად ემპირიული მსჯელობა იმაზედ, თუ რა მოგვენატრა რეალურად.
 
თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, როგორც საბჭოთა კავშირში წარმოებული სამკაპიკიანი ლიმონათი, თუმცა განა მართლა ეგ ლიმონათი გვენატრება? 37 მანეთად მოსკოვში გადაფრენა და ვინმე ლარისასთან გატარებული მხურვალე ღამის წინ ბორშჩის დახვრეპა და კოსმოსის გაბოლება გვენატრება? თუ მარქსს  ვერ ვღალატობთ და ნორჩ ლენინელებად გვინდა ჩვენი შვილები იზრდებოდნენ?
 
ჩემი მოკრძალებული აზრით, რომელიც სინამდვილეში არც ისე მოკრძალებულია,  ზემოთ ჩამოთვლილთაგან არც ერთი ენატრება იმ ადამიანების უმეტესობას, ვინც ამბობს, რომ საბჭოთა კავშირში კარგი ცხოვრება იყო.
 
ცნობისთვის, საბჭოეთშიც იყვნენ ისეთები, ვინც ამბობდა, მეფის დრო ჯობდა, აბა, ახლა ეს არის ცხოვრებაო? თქვენი უბნელი ჯემალი ხომ არ იცანით, რომელიც დომინოს თამაშისას ხშირად ამბობს, საბჭოთა კავშირში საჭმელიც უფრო გემრიელი იყო და ქალებიც იშოვებოდაო? რა გგონიათ ახლა, საბჭოთა კავშირი რომ აღორძინდეს, მასთან ისევ დაწვებიან რუსი ქალები? თუნდაც დაწვნენ, რა უნდა გააწყოს სამოცდაათს გადაცილებულმა ჯეელმა ქალთან? ან, იქნებ, ფიქრობთ, რომ საბჭოელ კონდიტერებს შოკოლადის განსაკუთრებული რეცეპტი ჰქონდათ, რომელიც ამ დიადი იმპერიის დაშლისას წარმოქმნილი რყევებისას დაიკარგა? (რიტორიკული შეკითხვებია, თითქმის შეუძლებელია ადამიანმა კითხვა იცოდეს, ამხელა ტექსტის წაკითხვის ნებისყოფა ჰქონდეს და მაინც ამგვარ სისულელეებს ფიქრობდეს).

რა თქმა უნდა არა, შოკოლადს ადრე უფრო კარგი გემო ერთი მარტივი მიზეზის გამო ჰქონდა - ჯემალის გემოს რეცეპტორები უკეთესად მუშაობდნენ და, რაც შეეხება, ქალებისგან გამოწვეულ ნოსტალგიას, სინამდვილეში, საბჭოთა კავშირსა და 35 წლის ასაკში თითქმის დაორსულებულ ლარისას კი არა, სექსს მისტირის... სექსს, რომელიც ახლა ძალიან ცოტა აქვს ან საერთოდ აღარ აქვს გასაგებ მიზეზთა გამო.

 

 

საბჭოთა კავშირი იმიტომ კი არ იყო კარგი, რომ კომუნიზმს აშენებდნენ და პარტიის მანდატს გულის ჯიბით ატარებდნენ, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ ახალგაზრდები იყვნენ. ახალგაზრდობა ან ბავშვობა კი ყველას ენატრება, რა თქმა უნდა, თუ ებრაელი არ არის და 20 წელი 1939–ში არ შეუსრულდა.
მე ბნელი ოთხმოცდაათიანების შვილი ვარ და ხანდახან მენატრება ბავშვობა. კი, ახლა ბევრად უფრო უკეთ ცხოვრობენ ბავშვები, თუმცა მე მაინც ჩემი ბავშვობა მირჩევნია.
 
ჰოდა, ჯობს სიმართლე ვაღიაროთ. საბჭოთა კავშირი და მუქთახორობა კი არ ენატრებათ „საბჭოელებს“ (თუმცა არიან ასეთი ინდივიდებიც), ბავშვობა, ახალგაზრდობა, ჯანმრთელობა და სექსი ენატრებათ. ეს ყველაფერი როცა ჰქონდათ, მაშინ საბჭოთა კავშირში იყვნენ და ამიტომ ამბობენ, ეგ დრო კარგი იყოო, თორემ  ოცკაპიკიან ბენზინს რომ 8 კაპიკად ყიდულობდნენ, თვითონაც ხვდებოდნენ - ოდესმე, ეგ მინუს 12 თეთრი დაღუპავდათ.
   
ალბათ, როცა დავბერდები, მეც მომენატრება დრო, როცა 10 კილომეტრს გავრბოდი ყოველ შაბათს, შეუსვენებლად ვაკეთებდი 200 აზიდვას, როცა 160 კილოგრამს ვწევდი წოლჟიმზე და ქალები ბუზებივივთ მეხვეოდნენ თავს... თუმცა, მაინც იმედს ვიტოვებ, რომ არ შემეყრება ისეთი დაავადება, რომელიც გარე სამყაროზე ილუზიებს შემიქმნის და არარსებულ დროს მომანატრებს.

 

ავტორი

ჩელე

თამაზ ნოდია

ქურდული სამყარო

კომენტარები