წამოვედი, მე აღარ ვარ ბოზი - მარიამ მაგდალინელის ქრონიკები

( სიტყვა)

ახალი აღთქმის ოთხივე ავტორი იესოს „პროფესიულ“ ცხოვრებას აღწერს.  ისინი  ინფორმაციას მისი სოციალური აქტივობების შესახებ გვაწვდიან, გადმოგვცემენ მის ქადაგებებს, გვიყვებიან სასწაულების შესახებ, რითაც, ფაქტობრივად, ტაბუს ადებენ იესოს ნამდვილ ცხოვრებას.

 

ვინ იყო მარიამ მაგდალინელი და რა კავშირი აქვს იესოსთან ან მის შესახებ დაწერილ სახარებებთან?

 

მათეს, მარკოზისა და იოანეს სახარების მიხედვით,  სწორედ ის იყო პირველი, ვინც ქრისტეს აღდგომა იხილა. იოანეს სახარებაში ვკითხულობთ, რომ გამოქვაბულთან მისულ სასოწარკვეთილ  მაგდალინელს, თავდაპირველად, იესო მებაღეში აერია. თუმცა შემდგომ იგი მას გამოელაპარაკა, რის შემდეგაც შესაძლებლობა მიეცა გამხდარიყო პირველი ადამიანი, რომელმაც სათავე დაუდო თანამედროვე ქრისტიანულ რწმენათა ერთობლიობას: იესოს აღდგომას, ანუ იმას, რამაც ქრისტეს მიერ შექმნილი მცირე სექტა მსოფლიო რელიგიად აქცია.

 

„ამის თქმისას მოტრიალდა და დაინახა მდგომარე იესო. მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო.  ეუბნება მას იესო: „ქალო, რატომ სტირი, ვის ეძებ?“ მას მებაღე ეგონა იგი და ეუბნება მას: „ბატონო, თუ შენ წაიღე, მითხარი, სად დადე, და მე წამოვიღებ“. ეუბნება მას იესო: „მარიამ!“ მოტრიალდა მარიამი და ებრაულად უთხრა: „რაბუნი!“ (რაც ნიშნავს: მოძღვარო)“ (იოანე 20:15:16)

 

  

ბიბლიური თქმულებები მის შესახებ დიდ ინფორმაციას არ გვაწვდის. ჯვარცმამდე, პირველად, ის მარკოზის სახარების ბოლოს ჩნდება, სადაც ნახსენებია, როგორ ჩავიდა იგი იერუსალიმში ქალთა ჯგუფთან ერთად გალილეადან. მაგდალინელი ახალი აღთქმის ავტორების ყურადღების ცენტრში იესოს ჯვარცმის პროცესისას ექცევა. ვიგებთ,  რომ  იგი, იესოს დედასა და დასთან ერთად, ესწრებოდა აღნიშნულ მოვლენას, მაშინ, როდესაც სხვა მოწაფეები შიშის გამო ვერ ბედავდნენ იქ მისვლას. მაგდალინელი  რჩებოდა იესოსთან მაშინაც, როდესაც მის სხეულს ბანდნენ და ამზადებდნენ დაკრძალვისთვის.  ფაქტობრივად, გაუგებარი იყო, თუ რატომ ჰქონდა მას ისეთ ინტიმურ პროცესში მონაწილეობის მიღების უფლება, როგორიც მიცვალებულის განბანვაა.

 

მარიამ მაგდალინელის შესახებ ბიბლიური გადმოცემები აქ წყდება, იგი აღარსადაა ნახსენები. ცნობილია, რომ  მას უშუალოდ იესოსგან ევალება სხვა მოწაფეებისთვის მისი აღდგომის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ამის შემდეგ კი იგი წმინდა წიგნიდან ქრება.

 

რამ განაპირობა ქრისტიანების რწმენა მაგდალინელის მეძავობის შესახებ მაშინ, როდესაც ახალი აღთქმის ავტორები ამაზე არაფერს ამბობენ?

 

მოცემულ კითხვაზე პასუხის გასაცემად, საჭიროა დაახლოებით 1500 წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას დავუბრუნდეთ. პაპმა გრეგორი ბრწყინვალემ 595 წელს გადაწყვიტა, რომ ბიბლიაში ნახსენები  ცოდვილი ქალი, რომელმაც ცრემლით დაბანა, შემდეგ კი თმით გაუშრო ფეხები იესოს, იყო მარიამ მაგდალინელი. დროთა განმავლობაში, მითის დონეზე შექმნილი ჩანაწერები გახდა კათოლიკური ეკლესიის დოგმა. მაგდალინელი საუკუნეების განმავლობაში დემონიზებული იყო. ის გახლდათ მეძავი, რომელმაც იესოსგან შენდობა მიიღო და შემდეგში წმინდანი გახდა. აღნიშნული მოსაზრება საუკუნეების განმავლობაში იყო ხელშეუვალი, სანამ 1969 წელს  კათოლიკურმა ეკლესიამ მისი გაუქმების შესახებ არ გამოაცხადა.

 

კითხვაზე, თუ ვინ იყო რეალურად მარიამ მაგდალინელი, ბიბლია პასუხს ვერ გვაძლევს.  ცნობილია, რომ იესოს ბევრი ქალი მიმდევარი და მოწაფე ჰყავდა, მაგრამ  რა ნიშნით განასხვავეს მარკოზმა, ლუკამ, იოანემ და მათემ ის სხვებისგან, რატომ იყო იგი იესოსთან მის სიკვდილამდე და რატომ გამოეცხადა აღდგომის შემდეგ  იგი  პირველი მაგდალინელს, უცნობი იყო. ის რჩებოდა ყველაზე მისტიკურ ქალად ქრისტიანულ რელიგიაში, სანამ 1945 წელს ეგვიპტეში, ქალაქ ნაგ ჰამადისთან ახლოს, ფერმერებმა თიხის ჭურჭელში ჩადებული 12 გრაგნილი არ იპოვეს...

 

ნაწერები მე-4 საუკუნით თარიღდება. აღნიშნულ დროს, ალექსანდრიის ეკლესიის წინამძღოლმა, წმინდა ათანასემ, არაკანონიკურად და ერეტიკულად გამოაცხადა ყველა ის წიგნი, რომელიც იესოს ცხოვრების შესახებ ალტერნატიულ ინფორმაციას გვაწვდიდა. აკრძალულ წიგნებს შორის იყო უშუალოდ მარიამ მაგდალინელისა და სხვა მოწაფეების ტექსტები, რომლებმაც, შემთხვევითობის წყალობით, მოგვცა შესაძლებლობა გაგვეაზრებინა მაგდალინელის როლი ქრისტიანული რელიგიის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესებში.

 

  

აღნიშნული ნაწერების  საშუალებით, გაიხსნა ბიბლიური გადმოცემების ახალი ხაზი, რომელშიც მარიამ მაგდალინელი დომინანტურ პოზიციაზე იდგა. ნაგ ჰამადის აღმოჩენების მიხედვით, ის გამორჩეული იყო სხვა მოწაფეებისგან - აქტიურად მონაწილეობდა შეკრებებში, სვამდა კითხვებს და ხელმძღვანელობდა შეკრებებს, როდესაც ქრისტე იქ არ იყო. მარიამის სახარებაში აღნიშნულია მონაკვეთი, როდესაც სხვა მოწაფეები ეკითხებიან მას ქრისტეს სიტყვების შესახებ, ახსნევინებენ მათ მნიშვნელობას და შემდეგ განიხილავენ.

 

„პეტრემ უთხრა მარიამს: დაო, ვიცით, რომ მხსნელმა ყველა დანარჩენ ქალზე მეტად შეგიყვარა. გვითხარი მისი სიტყვები, რომელნიც გახსოვს, რომელნიც შენ იცი - და ჩვენ არა; და რომელნიც არ მოგვისმენია ჩვენ“ (მაგდალინელი 5:5:6)

 

ამ მხრივ, ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენად, შეიძლება, ფილიპე მოციქულის სახარება ჩაითვალოს. ტექსტში საუბარია იესოსა და მარიამ მაგდალინელის ურთიერთობაზე, რომელიც არასტანდარტულია და, სავარაუდოდ, სცდება მოძღვრისა და მოწაფის ურთიერთობის ჩარჩოს. ფილიპეს სახარების ნაწილი დაზიანებულია, თუმცა პირვანდელი სახე შენარჩუნებული აქვს და შინაარსის გამოტანაც შესაძლებელია.

 

„And the companion of____ Mary Magdalene____her more than___ disciples____kissed  her often  on her____“ (Philip 64.34-5)

 

The other [disciples] [64]…said to him,

 

“Why do you love her more than all of us?”  

 

The savior answered and said to them, “Why do I not love you like her? If a blind person and one who can see are both in darkness, they are the same. When the light comes, one who can see will see the light, and the blind person will stay in darkness.” (Philip 64.34-5)

 

ადვილი სავარაუდოა, რომ გამოტოვებულ ადგილებში 1. Jesus 2. Loved 3. All 4. And  შეიძლება ჩაიწეროს, მაგრამ საინტერესოა უკანასკნელი ნაწილი - სიტყვა, რომელიც  გახსნიდა საიდუმლოს - სად კოცნიდა იესო მარიამს, შუბლზე? ლოყაზე? ტუჩებზე? 

 

ფილიპეს ტექსტი არ გვაძლევს სრულ ინფორმაციას აღნიშნულ ურთიერთობასთან დაკავშირებით, თუმცა მაგდალინელის სახარებაზე დაყრდნობით ჩანს, რომ იესოსთვის იგი გამორჩეული იყო.

„მაგრამ, ანდრიამ მიუგო ძმებს და უთხრა მათ: თქვით, რაც გინდათ, რომ თქვათ იმაზე, რაც მისგან მოისმინეთ; მე ცოტათი მეეჭვება, რომ მხსნელს ეთქვას ასე; ჭეშმარიტად, ძალზედ უცნაური იდეებია ამ სწავლებაში. პეტრემაც კვერი დაუკრა და მოჰყვა იმავეს განხილვას. და ეკითხებოდა მათ იგი მხსნელზე: ნუთუ ნამდვილად ელაპარაკა დაფარულში ქალს და ჩვენ არაფერი გვითხრა - ღიად? გვმართებს მივემხროთ და ვუსმინოთ ქალს? ნუთუ ჩვენს თავს ურჩევნია მას - ეს ქალი ?“ (მაგდალინელი 5:5:9)

 

რაში დასჭირდა ეკლესიას მისი მარგინალიზაცია და ისეთი მითის შექმნა, რომელიც მასზე წარმოდგენას სამუდამოდ დაამახინჯებდა?

 

მეორე საუკუნის ფილოსოფოსი ცელსიუსი ქრისტეს აღდგომის შესახებ ამბობდა: „რატომ უნდა დავიჯეროთ ერთი ისტერიული ქალის მონაყოლი?“ ახალი აღთქმის მიხედვით, თავად მოციქულებსაც კი უჭირდათ მოსმენილის დაჯერება, სანამ იესო მათ ცალკე არ გამოეცხადა. შესაბამისად, საჭირო იყო, რომ ქრისტე სხვებსაც ენახათ. იმ ფაქტის არსებობა, რომ მარიამ მაგდალინელს იმაზე მაღალი პოზიცია ეკავა, ვიდრე სხვა კაც მოწაფეებს, თავისთავად უქმნიდა საფრთხეს კაცების დომინანტურ პოზიციებს რელიგიურ სისტემაში. და, საერთოდ, არავის სჭირდებოდა ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენის პირველწყაროდ ისეთი არაპოპულარული და არაავტორიტეტული არსება, როგორიც იმ დროისთვის ქალი იყო.

 

ლუკას სახარებაში მარიამ მაგდალინელი მოხსენიებული არის ქალად, რომლისგანაც იესომ შვიდი დემონი განდევნა.

 

რატომ არ დაწერა ლუკამ, რას  წარმოადგენდა თითოეული დემონი და რას უკავშირდებოდა მათი არსებობა მაშინ, როდესაც იგი ყველაზე მეტ ინფორმაციას გვაწვდის იესოს სასწაულების შესახებ? გავრცელებული ტენდენციის მიხედვით, დემონით შეპყრობილ ადამიანად ხშირად ეპილეფსიით ან შიზოფრენიით დაავადებულს მიიჩნევდნენ. გამომდინარე აქედან, ქრისტეს აღდგომა პირველმა ქალმა იხილა, რომელიც შესაძლო ფსიქიკური  პრობლემით იტანჯებოდა.

 

 

ისტორიკოსთა გარკვეული ნაწილი მაგდალინელის დისკრედიტაციას მის იესოსთან ურთიერთობას უკავშირებს. ფილიპესა და მარიამ მაგდალინელის ტექსტებმა მნიშვნელოვნად შეცვალა წარმოდგენები იესოს ცხოვრების შესახებ. დააყენა მისი უნაკლოება და უცოდველობა კითხვის ნიშნის ქვეშ. საბოლოოდ, კათოლიკურ ეკლესიას კიდევ ერთი საზრუნავი ექნებოდა, გაექრო მტკიცებულება ქრისტეს უკანასკნელი ვნებისა, რომელიც მარიამ მაგდალინელს უკავშირდებოდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელი თეორიის ძირითადი არგუმენტები ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ მიმდინარე პროცესებსა და რამდენიმე აპოკრიფულ ტექსტს უკავშირდება.

 

გაურკვეველია, რა მოხდებოდა მარიამ მაგდალინელს რომ საკუთარი პოზიციები არ დაეთმო, რა იქნებოდა ეკლესიას ნაწერები რომ არ გაენადგურებინა და პაპ გრეგორის მაგდალინელი მეძავად არ მიეჩნია. არავინ იცის, როგორი იქნებოდა ქრისტიანული რელიგიის სისტემა და საერთოდ იარსებებდა თუ არა ის...

 

საბოლოო ჯამში, ნახსენებმა აღმოჩენებმა არაერთი მოსაზრება და თეორია წარმოშვა, რომლებმაც გამოხმაურება მე-20 საუკუნის ლიტერატურასა და კინოში ჰპოვა, თუმცა მათ ობიექტურ და ჭეშმარიტ ხასიათზე საუბარი, როგორც მინიმუმ, ნაივურია. რთულია დღეს განისაზღვროს ის, თუ როგორი იყო იესოს ცხოვრება, რა სურვილები, მისწრაფებები და მიზნები ჰქონდა მას. შესაბამისად, აღნიშნული მოსაზრებები, ძირითადად, ორაზროვანი ხასიათისაა. არაფერი მტკიცდება და ერთადერთი, რაც ადამიანს შეუძლია, არსებული ინფორმაციის მიღება, გააზრება და გაანალიზებაა. ამის შემდეგ კი დასკვნის გამოტანა მხოლოდ ინდივიდის პასუხისმგებლობაა...

 

ავტორი

ზაზა მზექალაშვილი

კომენტარები