თავისუფალი ლიზას ღიმილი

( სიტყვა)

გადადით ლინკზე და გაიგეთ, რას მალავს მონა ლიზას ღიმილი, კიარადა, რატომ არის მონა ლიზა სურათზე დაბოლილი ან რატომ არის ლიზა მონა და არა თავისუფალი. მოკლედ, აბსურდიზმის საწყისები ჩემგან თქვენ, ტელემაყურებელნო. ამ სტატიაში შეხვდებით სამ დასაბუთებულ თეორიას, ბოლოს კი ბოდიშს მოგიხდით ამ ყველაფრისთვის. მხოლოდ აქ და ახლა - შეიძინეთ მონას პორტრეტი და მიიღეთ ლიზა საჩუქრად! აქვე გეტყვით, არავის გრძნობებს არ შეურაცხვყოფ და, იმედი მაქვს, ხელოვანები მკრეხელობად არ მიიღებთ ერთი უბრალო ტექნიკოსის არგუმენტირებულ ბოდვას.

 

(რჩევა ავტორისგან) ლინკზე შემოსულნო, იმედები დატოვეთ ყველა, ეს არაა შემეცნებითი ხასიათის სტატია, ითს ჯასთ ფორ ფან.

 

თეორია პირველი

 

ე.წ. კაპიტნის თეორია. ამ თეორიის გასაგებად მიზანშეწონილია ნანახი გქონდეთ ტელე- სერიალი “როგორ შევხვდი დედათქვენს”. ვისაც არ გაქვთ ნანახი, მათთვის პატარა მიმოხილვა შემიძლია გავაკეთო. მოკლედ, კაპიტანი არის სერიალის მეორეხარისხოვანი პერსონაჟი, რომელიც გარშემო ყველას აშინებს. ერთი შეხედვით სიმპატიური, შუახნის მამრის გარეგნობაში რაღაც იდუმალი იმალება. ბევრი ფიქრის შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი აღმოაჩენს, რომ საიდუმლო მის ღიმილშია. როცა კაპიტანი გაცინებას ცდილობს, მისი სახე ცხვირს ზემოთ მკაცრად იყურება, ცხვირის დაბლა კი პირიქით, იღიმის. მონა ლიზას შემთხვევაში ეს ყველაფერი ცოტა უფრო რთულადაა. უკეთ გასაგებად  ავიღოთ მონა ლიზას სახე  და გავჭრათ ოთხ მართკუთხედად. სწორედ ისე, როგორც ოთხკუთხედ ფენოვან ხაჭაპურს ჭრიან ხოლმე ექსკურსიებზე.

 

ზედა მარჯვენა კუთხე თვალის ერთ ქუთუთოსა და ღაწვის პატარა ნაწილს მოიცავს. თვალი ოდნავ ცხვირისკენაა დახრილი და თითქოს რაღაცას დაჟინებით უყურებს. მე პირადად, ისეთ განცდას მიტოვებს, რომ ხელში საქარგი უჭირავს და ქარგავს, ოთახში კი სიბნელეა, ამიტომ საქარგიანი ხელი ფანჯრისკენ აქვს აწეული,  ამ თვალით კი ამოწმებს, სადმე ხომ არ გადაცდა კონტურს.

 

ზედა მარცხენა კუთხე, რომელშიც მეორე თვალი ჩანს, ჩემი აზრით, მაყურებლის უკან მყოფ ობიექტს უყურებს. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს თავისი შვილი დაინახა ლეონარდოს ფუნჯებით მოთამაშე და ცალი თვალით ანიშნებს, დადე ფუნჯები და გაეთრიე აქედანო.

 

ქვედა მარჯვენა ოთხკუთხედი ღიმილის ნახევარს მოიცავს. ეს ღიმილი მე სწერვულ, დამცინავ ღიმილს მახსენებს. ლაპარაკი რომ შეეძლოს, ვაი, შენს პატრონსო, იტყოდა.

 

რაც შეეხება ბოლო ფრაგმენტის ქვედა მარცხენა კუთხეს - ის ყველაზე უბრალო და მშვიდი ღიმილის გამომხატველია.

 

ჩვენ ხომ ის ხალხი ვართ, ათჯერ დაწერილს რომ ერთხელ ნანახი ჯობია. მოკლედ, დეტალების გამოკვეთით მიღებული ჩემეული მონა მონა აღარ გამოდის, ამიტომ თავისუფალი ლიზა სტუდიაში.

 
თეორია მეორე

 

ე.წ. მათემატიკურად და” ლოგიკურად” მსჯელობა. თურმე, ოდესღაც, სადღაც, ვიღაც მეცნიერს საქმე გამოლევია და გაზეთის კითხვა დაუწყია.მოულოდნელად მონა ლიზას ნახატს წასწრებია, მაგრამ შავ-თეთრ გაზეთში ლიზა საერთოდაც არ იღიმოდა. სურათი სრულად გაფერმკრთალებული და ადგილ-ადგილ ისეთი გადადღაპნილი იყო, ვერ გაარკვევდი, მონა ლიზა იყო თუ ლაურა. მეცნიერს მოესურვა, სურათი უკეთ ენახა და ქალაქის ყველაზე დიდ ბიბლიოთეკაში წავიდა.იქ უთხრეს, ეგ წიგნი არ გვაქვსო. მეცნიერმაც მიუგო - რა წიგნი, კაცო, ნახატი მინდაო. ბიბლიოთეკარი გაბრაზდა და მეცნიერი გამოაგდო. იმ დღის შემდეგ ბევრმა წელმა განვლო. მეცნიერი დაბერდა, დაჩაჩანაკდა. სიკვდილის პირას მისულმა, შვილიშვილს ეს ისტორია მოუყვა. ბიჭს განსაკუთრებით უყვარდა ბაბუა და გადაწყვიტა, მისი სურვილი აესრულებინა.

 

გამოხდა ხანი და დადგინდა, რომ მონა ლიზას სახეზე აღბეჭდილია 83% ბედნიერება, 9% ზიზღი, 6% შიში და 2% სიბრაზე. 83%-ით ბედნიერი. აჰ, ქამოონ! ზოგადად, თანამედროვე რეალობაშიც კი, როცა არსებობს ათასი გასართობი საშუალება და ათასი მიზეზი, რომ ბედნიერი იყო, ადამიანებს სახეზე 10 % ბედნიერებაც რომ ჰქონდეთ, გიჟად ვრაცხავთ, არ გვჯერა რომ სრულ ჭკუაზე მყოფი ბედნიერობს.  დარწმუნებული ვარ, არც იმ დროს იქნებოდნენ 83%-ით ბედნიერები შესაბამისი „მიზეზის“  გარეშე.  ხომ და, თანაც, ბედნიერებასთან ერთად, არა შფოთვა ან მღელვარება, არამედ ზიზღი, შიში და სიბრაზე… ქამოონ კიდევ ერთხელ! ნუ მიწყენთ და, მგონი, ქალბატონი ნახატზე არაფხიზელ, ე.წ. დაბოლილ მდგომარეობაშია. იმ მეცნიერების სისწორე, ვინც ეს რიცხვითი განაწილება დაადგინა, ასპროცენტიან შკალაზე 90-ს რომ არ ცდებოდეს, მგონი-ს გარეშე ვიტყოდი, რომ სურათზე ჯოკონდა მაგარ კაიფშია.

 

 

უი, რაც შეეხება მეცნიერის შვილიშვილს - მან ბაბუის ოცნება აასრულა - იპოვა ის ბიბლიოთეკარი და მაგრად ცემა.

 

თეორია მესამე

 

მოდი, ცოტა ადეკვატურობაც ჩავრთოთ და უბრალოდ უკვე არსებული ერთი თეორია განვიხილოთ. არსებობს ვარაუდი, რომ ნახატზე გამოსახულ ადამიანს ჰქონდა  ყბების დაავადება, რადგან შეუძლებელია ადამიანი იღიმებოდეს ისე, როგორც ნახატშია. ღიმილის დროს, ადამიანის 40 კუნთია დაჭიმული, ნახატზე კი მხოლოდ ტუჩების უცნაური მოყვანილობა მიგვანიშნებს იმაზე, რომ მონა ლიზა იღიმის. აღსანიშნავია, რომ მხატვარი ოსტატურად აღბეჭდავს ემოციების ამგვარ დიაპაზონს.

 

მონა ლიზას მრავალგვარი გააზრებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, შეგვიძლია, რომ მას, თავისი იდუმალი და მომნუსხველი ღიმილიდან გამომდინარე, ნებისმიერი დატვირთვა მივანიჭოთ და წარმოვადგინოთ იმ ინტერპრეტაციით, როგორითაც გვინდა. თუმცა ერთი რამ აშკარად უცვლელია - ის მუდამ იქნება ქალურობის აღქმის საინტერესო მაგალითი და მრავალმხრივ ემოციურ გამოხმაურებას აღძრავს ადამიანების დიდ ნაწილში.

 

 

ძალიან პატარა ალბათობაა იმისა, რომ ვინმემ ოდესმე დაადგინოს ამ ნახატის ყველა საიდუმლო და ბოლომდე გაშიფროს ის. ეს კარგიცაა, სხვაგვარად ხომ მონა თავის პეწს დაკარგავს. პირადად ჩემი აზრით, გასაშფრი არც არაფერია. მთავარი ისაა, რომ ყველას გვქონდეს ჩვენი წარმოდგენა მასზე. იდუმალება ყველაზე კარგი რამაა ფანტაზიისთვის. მე ის ვარ, დასასრულიანი წიგნები რომ არ უყვარს და თვითონ იფიქრებს სხვადასხვა ფინალს.  

 

და თქვენ როგორ გგონიათ, როგორია ჯოკონდას ისტორია? მონა ლიზაა თუ თავისუფალი? მოწყენილი თუ ბედნიერი? დაბოლილი თუ ფხიზელი?

 

კომენტარები