იცხოვრე, რომ უსმინო

( სიტყვა)

როცა ისე გავიხრწნები, რომ ჩემი ნარჩენებიდან მცენარეები აყვავდებიან, როცა დედამიწა  ერთ-ერთ სადგურად გადაიქცევა და ,,მეხუთე ელემენტი“ ფენტეზი კი არა, წინასწარმეტყველება აღმოჩნდება და ვიღაც ულვაშიან კაცს მართლა შეუყვარდება ხელოვნური ინტელექტი, მჯერა რომ ვიღაცას მაინც მოაფიქრდება, რომ ყურსასმენების ეპოქა დამთავრდა, რომ დროა მუსიკა სხვა დონეზე ავიყვანოთ და ასეც მოიქცევა.

 
შორეულ ორიათასორასიანებში, აი, გიხაროდენ რომ აღარავის ემახსოვრება, დაჯდება ვიღაც ტიპი, რომლის ბავშვობის კუმირიც კარგა გარდასულ დღეთა სასიქადულო მამულიშვილი და უბრალოდ კაი ტიპი ელონ მასკი იქნება, გაიკეთებს ყურსასმენებს და მიხვდება, რომ არ უნდა ეს კომპოზიცია დასრულდეს, არ უნდა შორეული ნაცნობის ნახვისას ცალი ყურსასმენის მოხსნის გამო მელოდიის შეგრძნების ხაზი გაუწყდეს, მფრინავი ავტობუსით გაემართება ლაბორატორიისკენ, რომელსაც ისევ ტექნოლაბს ან რაღაც ეგეთ სახელს დაარქმევენ და იმაზე ფიქრს დაიწყებს, რა შეიძლება მოიფიქროს. ამ დროს კი გუგლის ხელოვნური ინტელექტი ჰკითხავს, რითი დაგეხმაროო და ის თავისმხრივ უპასუხებს, ასეა ჩემი საქმეო. არ დაიბნევა გუგლის ასისტენტი და გასული საუკუნის სტატიას ამოუქექავს.
 
,,ჩვენი ცხოვრების ლაიტმოტივი“ - წაიკითხავს ის სათაურს, მრავალმნიშვნელოვნად გაიქნევს თავს და გულში ჩაილაპარაკებს, ნეტაი რად უნდოდათ ასეთი რთული სათაურებიო. იმ სტატიაში დავხვდები მე, 2019 წლისთვის ზედმეტად თამამი იდეებით და დავიწყებ ასე:
,,ყოველთვის, როცა მუსიკას ვუსმენ, გარე სამყარო ითიშება, გონებაც ითიშება და მხოლოდ მუსიკა მუშაობს. მე ვუსმენ და სახიფათო ხდება ყველაფერი - ქუჩაში სიარული, საუბარი, ფიქრი, სიყვარული. სახიფათო ვხდები მეც და ვერც შემომედავები - ასეა. ხანდახან მგონია რომ ყველაფერი რომ გაჩერდეს, ყველა საგანმა რომ მოძრაობა შეწყვიტოს და ყველა არსებამ 20 წამით სუნთქვა შეიკავოს, ნამდვილ სიჩუმეს გავიგებთ, მაგრამ რად გვინდა ეს სიჩუმე? რა თავში ვიხლით? მთავარია მუსიკა. ალბათ პირველად მართლა სიმღერა იყო. ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს თავისი კომპოზიცია, ყველა მოძრაობას, ყველა ამოოხვრას, აი, ჭიქას რომ ერთი ადგილიდან მეორეზე გადადებ, მაგასაც და მე რაღატომ გავჩუმდე?!

 

 

ყურსასმენებით სიარული ჩემთვის დიდ დისკომფორტსაც გულისხმობს. მიდიხარ და თითქოს შენსა და სამყაროს შორის დიდი ნაპრალია, შენი ადგილი აქ არ არის. მოხუცი ქალი სამგზავრო ბარათს იმ მეორე ტიპს გადააწოდებს, რომელსაც ყურსასმენი არ უკეთია და გაცილებით მახვილი სმენა აქვს, იმ ქალის შარიშურზევე ხვდება რომ რაღაც სჭირდება და ემზადება გამოწვევებისთვის. მან დაგასწრო ყოფილიყო ავტობუსის გმირი. შენ აქ არავის სჭირდები. ქუჩაში სიარულისას არავინ გაგაჩერებს და არ გკითხავს, პლატოზე როგორ მოხვდეს, იმიტომ რომ შენ სახეზე გაწერია - შემეშვით, Dancing queen-ს ვუსმენ, ისინი კი მზერითვე გპასუხობენ რომ დიდი ხანია 17ის აღარ ხარ და ეს სიმღერაც აღარაა შენზე. შენ ეს არ უნდა გწყინდეს. ეს შენი გზაა. ეს შენი არჩევანია. შენ თვითონ ააშენე კედელი საკუთარ თავსა და საზოგადოებას შორის და ხანდახან, როცა შენ წინ კამათია და ცალ ყურსასმენს შეუმჩნევლად იცურებ კაშნეში, რომ მოისმინო რა მოხდა - არასწორია, შენ არ გაქვს ამის უფლება, შენ მათი სიჩუმე აირჩიე და არ შეიძლება მათ ხმაურსაც უსმენდე.
 
სწორედ ასეთი წვრილმანი შემთხვევების გამო იქცა ჩემი ცხოვრების მთავარ ოცნებად ისეთი ტექნოლოგიის შექმნა, რომელიც დაგეხმარება ყურსასმენების გარეშე უსმენდე მუსიკას. წარმოიდგინეთ, დღის დასაწყისში იღებ ტელეფონს, ირჩევ სასურველ კომპოზიციას, რომლის ხასიათზეც დღეს ხარ, შენ გარშემო იკვრება წრედი და მუსიკაც ირთვება, ოღონდ იმდენად ფონურად, რომ ჩიტების ჭიკჭიკიც გესმის და ახლა უკვე თამამად შეგიძლია იდგე გაჩერებაზე და როცა ვინმე იკითხავს, 2 ნომერი ფილარმონიასთან ჩაივლის თუ არა, ყველას დაასწრო პასუხი. ეს მუსიკა მაინც მხოლოდ შენი იქნება, სხვა ვერ გაიგებს, მხოლოდ შენ გეცოდინება, რა ხასიათზე ხარ დღეს.
 
აი, მაგალითად, ზამთარია, გვერდით ის ბიჭი მოგყვება, რომელიც გიყვარს, ცხელ შოკოლადს სვამს და შენც შენი მხრიდან ამ უხილავ ბურთში ჟორას ცხელი შოკოლადი გაქვს ჩართული და რა იცის იმ ბიჭმაც, რომ დილით შეაფხიზლებ და მიართმევ ცხელ შოკოლადს. ის ვერ ხვდება რატომ იღიმი და იბნევა, მაგრამ შენ ის კაცი ჩაგძახის რომ ასე გიყვარს. შენ კი იცი, რომ ცხოვრება სწორედ ასეთი პატარ-პატარა ჭეშმარიტებების ნაზავია.

 

 
ანდაც, მიდიხარ ქუჩაში. ფოთოლცვენაა. ცოტა სევდაცაა. მარტო ხარ. ძველ ქუჩებში სეირნობ. იმ შენს წარმოსახვით ფირსაკრავში ყანჩელის ოქროს ბგერები იხლართებიან და თან საკუთარი ნაბიჯების ხმა გესმის. სამყარო მშვენიერია, მიუხედავად იმისა, რომ არავინ გყავს, ვისაც ამ ბედნიერებას გაუზიარებდი. გარშემო სუსხია და ლაჟვარდისფერი ქურთუკის ჯიბეებში ხელებს მალავ. ირგვლივ სიჩუმეა, ვიღაც ქალი ფენს სარეცხს და იცი, რომ ცხოვრება სწორედ ამითაა ღირებული.
 
ამას რომ ახლა ჩემი მეგობარი კითხულობდეს, გაეცინებოდა და იმ დღეს გაიხსენებდა, 90-იანების რუსულ ფილმს რომ ვუყურებდით და ყოველ ათ წუთში იმას გავიძახდი რომ Walkman მინდა, სადაც ნაუტილუსს მოვუსმენ და მეტყოდა, რომ ჩემგან, როგორც ყველაზე ძველი ადამიანისგან, ძალიან უკვირს ამ ყველაფრის მოსმენა.“ - აქ ის ტიპი გამჭვირვალე უსადენო ყურსასმენს იხსნის და უნდა რაღაც იყვიროს, მაგრამ ის სიტყვა ავიწყდება, აი ძაან ძველი როა და ჩანაცვლებას ცდილობს, არ გამოსდის და უბრალოდ იღიმის. ,,მე ამისგან გავაკეთეეებ“ - თან სტატიის ჰოლოგრამას შეჰყურებს და თავისი ცხოვრების მთავარ აღმოჩენაზე იწყებს ფიქრს. შიგადაშიგ ჩემზეც ფიქრობს. აინტერესებს შემიყვარა თუ არა იმ ბიჭმა საბოლოოდ, ან ვიყიდე თუ არა ძველმანების ბაზრობაზე Walkman და მერე ისევ შეუდგება იმის კეთებას, რაც არ ვიცი სიცოცხლეშივე თუ არა, მაგრამ ალბათ დიდ აღიარებას მოუტანს. ივლიან გოგო-ბიჭები წარმოსახვითი საუნდტრეკებით და ეცოდინებათ, რომ ყველა საგანს აქვს თავისი მუსიკა.

 

ავტორი

კოღიტო

რაღაცას დავაჭირე და...

კომენტარები