სილამაზის დამღუპველი სტანდარტი

( სიტყვა)

შარშან ასეთი ამბავი მოხდა - ახალგაზრდა, უმუშევარმა სესილიმ, რომელსაც საკუთარი თავის გარდა კიდევ მცირეწლოვანი შვილი ებარა, დიდი ხნის განმავლობაში ნაზარდ-ნასუქი კომპლექსის მოშორება გადაწყვიტა. რა აღარ სცადა: დაიწყო ვარჯიში, შეცვალა კვების რაციონი, შეიზილა რაღაც გაურკვეველი წარმოშობის მალამოები და ყლაპა აბები, რომლებიც საჯდომის ზომის გაზრდას პირდებოდნენ, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. უშედეგო მცდელობებით დაღლილმა სესილიმ რადიკალურ ზომებს მიმართა - ბინა დააგირავა და პლასტიკური ქირურგისკენ აიღო გეზი. იმაზე ბევრი არ უფიქრია, როგორ დაიბრუნებდა სახლს. არც ის გახსენებია, რომ სახლში, რომელიც დააგირავა, პატარა თომაც ცხოვრობდა არაუშავს, ცოტა ხანს შევვიწროვდებით, საჯდომს გავიდიდებ და მერე, როგორღაც, სახლსაც დავიბრუნებო, ასე ფიქრობდა (მეტად გმირული წინადადებაა, საჯდომი რომ არ ერიოს, არა?). ოცნებადქცეული საჯდომის საკუთარ სხეულზე დანახვა სესილისთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო.

 

ამ ამბის მოსმენის შემდეგ, უმრავლესობის აზრი, ალბათ, ასეთი იქნება - სესილი ერთი ირაციონალური ქარაფშუტაა, ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ არც დედად უქნია ღმერთს. მოკლედ რომ ვთქვათ, სხვა სხვის ომსა ბრძენია და სესილის საქციელით გამოწვეული ინსტინქტური იმედგაცრუება - ბუნებრივი. როცა რაღაც საკითხის მიმართ ინდიფერენტული ხარ, სიტუაციის ცივი გონებით აღქმა ძალიან მარტივია, მაგრამ როგორ იქცევი მაშინ, როცა საქმეში შენი გრძნობებია გარეული? მოდი, ცოტა ხნით დავფიქრდეთ, რატომ წავიდა სესილი ამხელა რისკზე. სავარაუდო პასუხი ისტორიის ხაზის გასწვრივ შეგვიძლია ვიპოვოთ. სხვა მახასიათებლებთან ერთად, შეინიშნება ერთი განმეორებადი ქცევა - სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი აწესებს სილამაზის სტანდარტს. ისინი პირდაპირ ამბობენ - აი, ასე უნდა გამოიყურებოდეს ღირსეულად ლამაზი მოქალაქე! მსმენელთა დიდი ნაწილი გავლენის ქვეშ ექცევა და ცდილობს სხვის მიერ დაწესებული სტანდარტის ხორცშესხმული ვერსია გახდეს. გავიხსენოთ რამდენინე მაგალითი. ყველაზე ბანალური კორსეტია. ვიღაცამ წამოჭრა დაუსაბუთებელი თეზისი - წვრილი წელი ლამაზია (ან რა დასაბუთება უნდოდა, იმას მიაჩნდა, რომ ლამაზია და ვსო). არ ვიცი, საერთოდ მოიკითხეს თუ არა საკუთარი აზრი, მაგრამ უმრავლესობამ ზემოხსენებული თეზისი აიტაცა და, შესაბამისად, კორსეტი ქალის საუკეთესო მეგობარი გახდა სულის შეხუთვისა და ორგანოების შეჭეჭყვის საკითხებში. სამაგიეროდ, წელი ჩანდა წვრილი!

 

  

დამკვიდრდა ის მოსაზრებაც, რომ სახის კანი აუცილებლად უნდა იყოს მბზინვარე და გლუვი. მე-19 საუკუნეში ვიღაც ადგა და თქვა, მაგისთვის დარიშხანია მაგარიო. ქალებმაც დაუჯერეს და... დაიხოცნენ.

 

* აბზაცური დუმილი *

 

მეოცე საუკუნის დასაწყისში გაჟღერდა, ლოყები უფრო ლამაზია, ცენტრში პაწია ჩაღრმავება თუ აქვსო. ესეც აიტაცეს. ვიღაცამ ლოყების ‘დასაჩხვლეტად’ სპეციალური მოწყობილობის გამოგონებაც კი იკისრა.

 

რენესანსული სიფუმფულე მოძველდა და ახალი სტანდარტი აღზევდა - სიგამხდრე. სასოწარკვეთამ მოიცვა მთელი საქალეთი. რენესანსის კვალი უნდა გამქრალიყო. როგორ? სოლიტერის ჭიის ყლაპვით! მშვენიერია - შენ ჭამ, ჭია სუქდება... ოღონდ შენს მუცელში.

 

მსგავსი აკვიატებების ჩამონათვალი საკმაოდ მსუყეა და მათმა შემხედვარემ, ისიც კი ვიფიქრე, რა კარგია, ასეთი სულელები რომ აღარ ვართ-მეთქი. მალევე მივხვდი, რომ ჭკუა დიდად არ მოგვმატებია. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ახლა აღარ ვიხოცებით, მაქსიმალურად უსაფრთხო მეთოდებს ვნერგავთ სილამაზის მოსაპოვებლად. პლასტიკური ქირურგი უარს არაფერზე გეტყვის - გაიდიდე ან დაიპატარავე რაც გინდა (სასქესო ორგანოც, cause ‘size matters’), შეიცვალე ჭიპის ფორმა, დაიჩხვლიტე ლოყები, გაილამაზე წარბ-წამწამ-თვალნი, ახალგაზრდული იერისთვის, მარტო სახეზე კი არა, სათესლე ჯირკვლებზეც შეგიძლია კანის გადაჭიმვა (თუ მამრი ხარ, რა თქმა უნდა).

 

მოკლედ, ზნე-ფერის შესაცვლელად ხართან დაბმა საჭირო აღარაა, ჩვენ კი უფრო და უფრო შეპყრობილები ვხდებით სრულყოფილი სილამაზის მიღწევის სურვილით. არ ვამბობ, რომ პლასტიკური ჩარევა გარეგნობის გასაუმჯობესებლად არასწორია. პირიქით, გაგვიმართლა კიდეც, რომ ასე მარტივად შეგვიძლია შევცვალოთ საკუთარ თავში ის, რაც არ მოგვწონს. პრობლემა შემდეგში მდგომარეობს - ლამაზად ყოფნის მანიაკალურმა სურვილმა გადაგვავიწყა, რომ სრულყოფილება მიუღწევადი საფეხურია, გარეგანი სილამაზე კი - ჭკნობადი აქსესუარი. ვიღაცის მიერ შექმნილ იდეალებს ფორთხვით მივდევთ, ათასობით ლარს ვყრით, თავებს ქირურგის დანას ვაჯიჯგნინებთ, ოღონდ იმ თარგის ზუსტ ასლებად ვიქცეთ, ხალხმა რომ ლამაზი უწოდა. აღარ გვესმის, რომ ინდივიდი, თავისი ბუნებით, უნიკალურია და მისი საერთაშორისო სტანდარტზე მორგების მცდელობა გაუაზრებელი უსამართლობაა.

 

ტენდენციას კიდევ უფრო ამწვავებს სოციალური ქსელების სამყარო. თვალს ვადევნებთ ხალხს, რომელთაგან უმრავლესობა ზემოთხსენებულ სილამაზის სტანდარტს ზედმიწევნით აკმაყოფილებს (ძირითადად, ქირურგიული ჩარევით ან ფოტოშოპით). სინამდვილეში, იქ არსებული რეალობა, ხშირ შემთხვევაში, ერთი დიდი ტყუილია, ყალბი იმიჯის ნაწილი.  მერე სარკეში ვიხედებით და ბრახ! სრულიად განსხვავებულ რამეს ვხედავთ. ადამიანთა დიდი ნაწილი ვერ ახერხებს ამ განსხვავების მიღებას და საკუთარ სრულფასოვნებაში ეჭვი შეაქვს.

 

 

რაც უნდა მოვიმოქმედოთ, ვიღაცა ვიღაცას ყოველთვის მიბაძავს და ვიღაცა ვიღაცას დაემგვანება. ეს ბუნებრივიცაა - როცა ვიღაც მოგწონს, გინდა, მას გავდე. ამას ცუდი არაფერი მოსდევს. მთავარი პრობლემა სტანდარტია, რომელიც არ უნდა არსებობდეს. დავიწყოთ იქიდან, რომ სილამაზეს ყველა თავისებურად აღიქვამს და სწორედ ამიტომ უნდა მოვერიდოთ ლამაზისა და უშნოს კონკერტული მახასიათებლებით გამიჯვნას (ისედაც ყველა ვხვდებით, ჩვენთვის რომელი რომელია). მითუმეტეს არასწორია ამ დეფინიციების საზოგადოებაში დანერგვა. ყველა ტიპის ადამიანს უნდა შეეძლოს, კმაყოფილი იყოს საკუთარი ინდივიდუალური სილამაზით ისე, რომ არავინ წამოჰკრას ხელი ზედმეტ კილოგრამებზე და არავინ შეადაროს მისი ცხვირი ბენზინის ჩასასხმელ აპარატს. ამხელა აქცენტი რომ არ იყოს ჩასუქებული კურტუმის მშვენიერებაზე და ცოტა კომპლიმენტს მომცროსაჯდომიანებისთვისაც ვიმეტებდეთ, იქნებ, ახლაც სახლში ეცხოვრა სესილის. ხვდები, რას ვამბობ?

 

ჰო, მართლა... რა ბედი ეწია სესილის? ჯერ კიდევ არ იცის, სახლის დაბრუნებას შეძლებს თუ არა, მაგრამ მაინც ბედნიერია და  არაფერს ნანობს. პატარა თომასაც, ალბათ, ბედნიერი დედა ურჩევნია სახლს. შეიძლება, იფიქრო, სესილი მართლა სულელი ყოფილა, ვერც კი ხვდება, რა გააკეთაო, მაგრამ შენც ხომ იცი, საკუთარი თავის სიყვარული ჩვენი უპირველესი საჭიროებაა და მისი მოპოვების შანსზე უარის თქმა - თითქმის შეუძლებელი.

 

ვიღაც უცნობ ავტორს უთქვამს, სილამაზე ვერც კი შევამჩნიეთ, ისე ვცდილობდით მის შექმნასო. განა რამე, უბრალოდ, სანამ საკუთარ თავს გადასხვაფერებას დაუპირებ იმის გამო, რომ სტანდარტებს ვერ ერგები, ჯერ სარკეში კარგად ჩაიხედე და დაფიქრდი - ხომ არ მოგენატრება ის, ვისაც ახლა ხედავ?

 

sapnu puas

კომენტარები