როგორ ცვლის კომუნიზმი ადამიანს

( სიტყვა)

"ხომ არ გგონიათ, რომ თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრობთ? კომუნიზმი სამუდამოდ მოკვდა და აქტუალურობა დაკარგა? ვერასდროს მოიკიდებს ის ფეხს ჩვენს საზოგადოებაში?"

 

სამწუხაროდ, კომუნისტური მმართველობა საკმარისად დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩვენს ქვეყანაში, რომ საკუთარი კვალი დაეტოვებინა, თანაც არც ისე მკაფიო კვალი. ვეცდები დაგანახოთ, რა შეცვალა კომუნიზმმა ადამიანებში, რა მეთოდები გამოიყენა ამისთვის, როგორ აისახება ის დღევანდელ საზოგადოებაზე და რა გავლენას მოახდენს იგი ჩვენს მომავალზე.

 

კომუნისტური საზოგადოება, ბუნებრივია, განსხვავდება თავისუფალი საზოგადოებისაგან. პირველ რიგში ეს ნიშნავს, მოქალაქეების განსხვავებულ დამოკიდებულებას ხელისუფლებისადმი და საზოგადოების მიერ საკუთარი თავის აღქმას.

 

კომუნიზმი ქადაგებს საზოგადოებრივ თანაბრობას, ანუ იმ უტოპიურ სახელმწიფოს, სადაც სოციუმის ყველა წევრი ყველაფერში თანაბარია. ამის განხორციელებას ხელს უშლის ერთი მარტივი რამ - ადამიანის ბუნება. სწორედ ადამიანის ბუნებაა, რომ გააჩნდეს კერძო საკუთრება და განკარგოს იგი საკუთარი შეხედულებისამებრ.

 

1921 წელს, საქართველოს გაწითლების შემდეგ პირველი, რაც გააკეთეს ბოლშევიკებმა იყო ის, რომ გააუქმეს კერძო საკუთრება და ყველაფერი გამოაცხადეს საზოგადოების, კომუნის საკუთრებად, რომლის განკარგვის უფლებაც მხოლოდ სახელმწიფოს ჰქონდა. ვინც შეეწინააღმდეგა დახვრიტეს ან გადაასახლეს.

 

 

რატომ უშლის ხელს კერძო საკუთრება კომუნიზმს?

 

იმ საზოგადოებაში, სადაც ადამიანები თავისუფალნი არიან საკუთარი თავი და კეთილდღეობა ისე განავითარონ, როგორც თავად მიაჩნიათ სწორად, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც უფრო ჭკვიანები, უფრო რისკიანები, უფრო იღბლიანები და უფრო მონდომებულები იქნებიან, ვიდრე სხვები და შესაბამისად მეტ სიმდიდრესაც დააგროვებენ. ეს კი ეწინააღმდეგება კომუნიზმის ძირეულ პრინციპს, რომ ყველა ადამიანი თანაბარი უნდა იყოს, როგორც უნარებით, ასევე მატერიალურად. ამიტომ, იმ საზოგადოებაში თუ ვინმე ვინმეზე მეტს შექმნიდა სახელმწიფო მას წაართმევდა და ყველას თანაბრად გაუნაწილებდა, თან დიდი ალბათობით ციმბირში ან ნატყვიარი კედელის წინ ამოყოფდა თავს.

 

წარმოიდგინეთ, ცხოვრობთ ასეთ საზოგადოებაში, თუმცა სწორედ თქვენ ხართ ის, ვისაც ზემოთ ჩამოთვლილი უნარები გააჩნია, შეუძლია ხალხის საჭიროებები დაინახოს და ამით მატერიალური დოვლათიც შექმნას.

 

რას გააკეთებდით? 

 

ცხადია, არფერს.

სიმდიდრე და სტატუსი კარგია, თუმცა სიცოცხლე უკეთესი.

აი ასე მოკლა კომუნიზმმა მილიონობით იდეა, ასე ჩაახშო მან სიახლე და განვითარება. ადამიანებს მისცა სამუშაო, რომელიც მათ შესაძლებლობებსა და მიზნებს არ შეესაბამებოდა.

 

 

ამით რეჟიმმა საკუთარი მოქალაქეები დააშინა და უთხრა, შენ თუ გაქვს იდეა და წარმატების სურვილი, მე შენ მოგკლავ, რადგან საზოგადოების უმეტესობას ეს არ გააჩნია და შენ კი მათგან არ უნდა განსხვავდებოდეო.

 

რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთებიც, ვინც არ შეუშინდა ამ მუქარას და ფარულად ცდილობდა უსამართლო რეჟიმის წინააღმდეგ წასვლას. ამისთვის კომუნისტური რეჟიმი მომზადებული იყო საკუთარი მართლმსაჯულების სისტემით. ამ სისტემაში, მოსამართლე არა მანტია მოსხმული კაცია, არამედ უშიშროების ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც საკუთარი შეხედულებისამებრ დაგადანაშაულებდათ, გაგასამართლებდათ, სასჯელს მოგისჯიდათ და იქვე აღასრულებდა “სამართალს”.

 

მაგალითისთვის ავიღოთ 1924 წლის აჯანყება, რომლის მონაწილეებიც სატვირთო ვაგონებში გამოკეტეს და გარედან ავტომატის ჯერით დაცხრილეს.

ამით რეჟიმმა ყველას უთხრა, რომ ვინც ჩემი წესებით  არ თამაშობს ან თამაშიდან გასვლას მოინდომებს, ასე მოვექცევი.

 

კომუნისტურმა რეჟიმმა არამარტო სისტემის მოწინააღმდეგეები დასაჯა, არამედ პრევენციის მიზნით ყველა ის ადამიანი მოიშორა, ვინც შესაძლოა მომავალში რაიმე პროტესტი გასჩენოდა. სწორედ, ამას შეეწირა უამრავი ინტელექტუალი 1937 წლის რეპრესიებს.

 

ამის შემდეგ, საბჭოთა მარწუხების ჩამოშლამდე რაიმე მასობრივი პროტესტი არ ყოფილა, მიზეზი კი ნათელია.

 

კომუნიზმმა საბჭოთა მოქალაქეს პროტესტის და კრიტიკული აზრის გამოთქმის უნარი წაართვა.

 

ამავე რეჟიმმა შექმნა ის ეკონომიკური სისტემა, რომელიც ყველას ერთნაირ სიღარიბეში აცხოვრებდა. ეკონომიკური აქტივობის ერთადერთი მხარე სახელმწიფო იყო. ის გეგმავდა, ვის რამდენი ეწარმოებია, ვის რამდენი მოეხმარა, ვისთვის წაერთვა და ვისთვის მიეცა, ვის სად ემუშავა და ა.შ. ბუნებრივია, სახელმწიფო ეკონომიკური დაგეგმვის კომიტეტი ვერ განსაზღვრავდა საბჭოთა 500 მილიონი მოქალაქის საჭიროებებს, თუმცა ამ სისტემაში ადამიანები მოიხმარდნენ არა იმას, რაც მათ სურდათ, არამედ იმას, რასაც მთავრობა ეტყოდა.

 

 

ამან დანერგა მოქალაქეებში განცდა, რომ ყველაფერს ხელისუფლება უნდა კარნახობდეს, თავად კი უნდა ასრულებდნენ, ყველა რისკი სახელმწიფომ უნდა აიღოს, ჩვენ კი მითითებები მოგვცეს, როგორ მოვიქცეთ. ანუ რეჟიმის ჯარისკაცებად წარმოედგინათ თავი.

 

ამაზე აქტუალური დღეს ქვეყანაში არაფერია. მოქალაქეების უმეტესობა სახელმწიფო ფუნქციებს მიაწერს ქარხნების გახსნას, ხალხის დასაქმებას, პენსიების გაცემას, ისეთი სფეროების საკუთარი კონტროლის ქვეში მოქცევას, როგორიცაა ფინანსური სექტორი, სათამაშო ბიზნესი, მედია, არასამთავრობო სექტორი და ა.შ.

 

ამის მიზეზი კი ისაა, რომ ან თავად მოუწიათ იმგვარ რეჟიმში ცხოვრება, სადაც ეს სახელმწიფოს ფუნქცია იყო, ან კიდევ ამ ღრმად ჩამჯდარ სოციალურ აზრს ვერ გაექცა.

 

ყველაზე მასშტაბური და საყოველთაო სისტემა, რომელიც კომუნიზმმა შექმნა და რომელიც დღესაც აგრძელებს არსებობას, განათლების სისტემაა. ყველა იმ მიზნის მისაღწევად რომელიც კომუნისტურმა პარტიამ დაისახა, საჭირო იყო უნიფიცირებული, იდეოლოგიზირებული და სისტემის მუშაკი საბჭოთა მოქალაქის აღზრდა. სწორედ ამ სისტემაში უნდა გაეგო ბავშვს, რომ კერძო საკუთრება ბოროტებაა, კრიტიკული აზრი მიუღებელი, სახელმწიფო ყოვლისშემძლე, კომუნისტური იდეოლოგია ჭეშმარიტება, დასავლეთი მტერი და ა.შ. ამ სისტემამ დააჯერა ადამიანებს, რომ მონობა თავისუფლებაა და თავისუფლება - მონობა.

გასაკვირი არცაა ის ჩავარდნები განათლებაში, რომელიც დღემდე მოგვსდევს. ჩვენ ხომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენი შვილების აღზრდა იმ ადამიანებს მივანდეთ, ვინც რამდენიმე წლით ადრე საბჭოთა მოქალაქეებს ზრდიდა. დღესაც კი ვინარჩუნებთ ამ სისტემას, თავისი “სტაჟიანი” კადრებით.

 

ბევრჯერ გამიგია, რომ საბჭოთა განათლების ხარისხი ძალიან მაღალი იყო და დღევანდელს ვერც შეედრებაო. რაიმე სისტემის წარმატება რომ გავზომოთ მისი შედეგები უნდა შევადაროთ სხვა სისტემას. როგორც ვნახეთ, საბჭოთა განათლება მიღებული და თანამდებობაზე ნამუშევარი ადამიანები სრულიად უსუსური აღმოჩნდნენ სისტემის გარეთ. მათ ვერ შეძლეს, რაიმე ღირებული შეექმნათ და ქვეყანა ომისა და შიმშილისთვის გაწირეს.

 

თუ ფიქრობ, რომ ის ჭრილობა, რაც კომუნიზმმა დატოვა უკვე მოშუშდა - ცდები!

 

სწორედ იმ 70-წლიანი ექსპერიმენტის ბრალია ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა, განათლების პრობლემები, დაკარგული ტერიტორიები, მზარდი ემიგრაცია, რადიკალური ძალები, პოლარიზებული საზოგადოება, ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი პოლიტიკური ძალები, კორუფცია, კრიმინალური მენტალიტეტი და ალაბათ კიდევ უსასრულო პრობლემები, რომლებიც ყოველდღიურად იჩენს თავს.

 

ასე გაგრძელდება ჩვენი “განვითარება”, სანამ უარს არ ვიტყვით კომუნიზმის ძირეულ საყრდენებზე, რომელიც არც შეცვლილა. სანამ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს კერძო საკუთრებისა და ბიზნესის ხელშეუხებლობას, სანამ არ დათმობს თავის მარწუხებს განათლებასა და მართლმსაჯურებაში გახსოვდეთ - საბჭოთა მმართველობა არ დასრულებულა!

 

კომენტარები