ასე წლის ბოლოს ვერ გავიცინებთ

( სიტყვა)

"დღევანდელი ქართული სკოლა შუაში გაეჩხირა,

საბჭოთა სკოლად აღარ ვარგა და თანამედროვე სკოლად არ ჩამოყალიბდა"

კახა ბენდუქიძე

 

ყოველგვარი გაზვიადების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში არსებულ სხვა არც თუ ისე წარმატებულ სფეროებს შორს, განათლების სისტემა ყველაზე ძველმოდური, არაეფექტური და დაჭაობებულია, რაც შემდეგ ყველა სხვა უბედურების საფუძველი ხდება. არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ განათლების სისტემის ჩამორჩენილობის საკითხი მხოლოდ საქართველოშია აქტუალური. მეტიც, ეს პრობლემა სუპერ-სახელმწიფოებისთვისაც კი მთავარ გამოწვევად რჩება. თუმცა, ჩვენი ქვეყანა, არსებული სტანდარტებითაც კი, კრიტიკას საერთოდ ვერ უძლებს.

 

რატომ?

 

ჩვენი პრობლემის სათავის ძიება ჯერ კიდევ წინა საუკუნეში უნდა დავიწყოთ - მაშინ, როცა სკოლა კომუნისტური პარტიის სამსახურში ჩადგა. სკოლის მთავარი მისია გახდა აღეზარდა პროფესორები, რომელთა მეცნიერული მიღწევები საბჭოთა კავშირს ცივ ომში დაწინაურების საშუალებას მისცემდა. შესაბამისად, ნელ-ნელა სკოლა უმაღლესი სასწავლებლების ერთგვარ ფილტრად ჩამოყალიბდა. გამოცდების სახით, შეიქმნა ურთულესი ხელოვნური ბარიერები, რომლის გადალახვის შემთხვევაშიც ითვლებოდა, რომ მოსწავლეს გააჩნდა საკმაოდ დიდი პოტენციალი - დახმარებოდა ქვეყანას ზემოთხსენებული მიზნისთ მიღწევაში. ასე გახდა საბჭოური სკოლა „მისაღები გამოცდების“ რეპეტიტორი და, შედეგად, სულ უფრო და უფრო დასცილდა რეალობას.

 

 

სად ვართ დღეს?

 

დღევანდელი სასკოლო სისტემის მთავარ წამყვან ღერძად საბჭოთა სისტემაში გამოვლილი მასწავლებლები გვევლინებიან (მათ პროფესორობაზე ვერ ივარგეს, თუმცა არც „ოროსნები“ ყოფილან). თუ პედაგოგების საშუალო ასაკს შევხედავთ (55 წელი), ამაში მაშინვე დავრწმუნდებით. მასწავლებლების მასობრივი ჩანაცვლება სერიოზული პოლიტიკური ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ხელისუფლებისთვის.  მმართველი პარტიებიდან (არც ახლანდელი და არც წინა) არცერთია მზად, გადადგას პოლიტიკურად წამგებიანი ნაბიჯი. ასე რომ, ჩვენს მომავალს, ახალი თაობის მომავალს ვწირავთ ასეულობით მასწავლებლის სოციალური უზრუნველყოფისთვის.

 

რაც მთავარია, ქართული სკოლის მთავარ მიზნად ისევ რჩება მოსწავლეების უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად მომზადება. სწორედ ამიტომ სკოლაში ვსწავლობთ პასუხებს ისეთ კითხვებზე, რომლებიც მერე გამოცდაზე შეგვხვდება. „რამდენი სპილო გამოუგზავნა რომის იმპერატორმა საჩუქრად ფარსმან-ქველს?“, „ვინ მოჰკრა პირველად თვალი ლაბრადორის ნ.კ.-ს?“, „ტანგენსი პი რადიანზე რამდენია?“ და ა.შ.  ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ახლანდელი ქართული სკოლა ისევე შორსაა რეალობისგან, როგორც 70 წლის წინ.

 

გასაკვირი არაა, რომ PISA-ის 2015 წლის მონაცემებით, რომელიც 15 წლის მოსწავლეებში კოგნიტურ უნარებს ზომავს, საქართველო ბოლოდან მე-10 ადგილზეა. ეს ნიშნავს, რომ საშუალო სტატისტიკურ ქართველ X კლასელს საკმაოდ უჭირს წაკითხულიდან აზრის გამოტანა, მეცნიერული ფენომენების ახსნა და თანამედროვე სამყაროში მათემატიკის როლის შეფასება.

 

სად არის მსოფლიო?

 

2016 წლის განათლების შესახებ გლობალური ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში განათლების ყველაზე კარგი სისტემა სამხრეთ კორეას აქვს. აღსანიშნავია ფინეთიც, რომელიც იმავე რეიტინგში პირველ ადგილს იკავებდა 2012 წლის მონაცემებით.

 

სამხრეთ კორეამ წიგნიერების უმაღლეს საფეხურს მიაღწია. ქვეყანაში წიგნიერების დონე 100%-ია (ტესტი ამოწმებს, შეუძლია თუ არა მოსწავლეს წაკითხულის გააზრება, სხვადასხვა ფაქტებისა და მოსაზრებების ერთმანეთთან დაკავშირება და დასკვნის გამოტანა, საკუთარი აზრის დაფიქსირება). მოსწავლეების 93% სკოლას მოცემულ ვადაში ამთავრებს. კორეული სწავლების მოდელი მოსწავლეებისგან დიდ ნებისყოფას, მძიმე შრომასა და თავდადებას მოითხოვს. ბავშვები მთელი წლის განმავლობაში სწავლობენ, როგორც სკოლის კედლებში, ასევე მის გარეთ. მშობლები აღნიშნავენ, რომ მათი ხარჯების მესამედი შვილების განათლებაზე მოდის. გარემომცველი სამყარო ბავშვებს თავიდანვე აგრძნობინებს ცოდნის მნიშვნელობას, ეს კი მომავალში, ბავშვების მხრიდან, მეტ შრომასა და სწავლისადმი თავდადებას განაპირობებს. 

 

ფინური სასწავლო მოდელი აბსოლუტურად განსხვავებულია. მათთვის მთავარია სწავლა და არა სწავლება. მოსწავლეები საკლასო ოთახებში ძალიან მცირე დროს ატარებენ და ძირითადად არასაკლასო, არაფორმალურ აქტივობებში არიან ჩართული. ფინელებს სჯერათ, რომ ცოდნის ყველაზე დიდი ნაწილი სასწავლო კედლებს მიღმა მიიღება. მაღალ კლასებში საგნების 30% არჩევითია და მოსწავლეები თავად წყვეტენ არა მარტო იმას, თუ რა ისწავლონ, არამედ იმასაც, თუ რა გამოცდა ჩააბარონ.

 

ფინელი მასწავლებლები არ არიან ვალდებულნი დაემორჩილონ წინასწარ განსაზღვრულ წესებსა და რეგულაციებს. მათ აქვთ უფლება - შეიმუშაონ საკუთარი ინოვაციური სასწავლო გეგმა და ჩაატარონ ექსპერიმენტები, რათა სწავლება თითოეულ მოსწავლეზე მორგებული იყოს.

 

 

ფინური საგანმანათლებლო სისტემისთვის უცხოა სტანდარტიზებული ტესტების აკვიატება. მოსწავლეების უმრავლესობა სკოლაში მხოლოდ ერთხელ გადის ტესტირებას - სახელმწიფო საატესტატო გამოცდებს (NME) ჩაბარებისას. საგამოცდო საგნებს კი, როგორც უკვე ვთქვი, მოსწავლე თავად ირჩევს.

როგორც ხედავთ, ფინური სისტემა მეტად თავისუფალი და გახსნილია სხვადასხვა ტიპის სწავლების მეთოდებისადმი. შედეგად, განსხვავება ყველაზე საუკეთესო მოსწრებისა და ყველაზე დაბალი აკადემიური მაჩვენებლების მოსწავლეებს შორის ძალიან მცირეა.

 

ფინელი განათლების ექსპერტები მიიჩნევენ, რომ განათლების პირველი წლები არ უნდა იყოს აკადემიურ წარმატებაზე ორიენტირებული, ბავშვებს უნდა ასწავლო როგორ იცხოვრონ, ისწავლონ და აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები.

 

რა უნდა ვქნათ?

 

როგორც ვხედავთ, მსოფლიოს ორი ყველაზე წარმატებული განათლების სისტემა, ფინური და კორეული, ერთმანეთისგან პოლუსურად განსხვავდებიან, ამიტომ, შეუძლებელია ვთქვათ, როგორია იდეალური სკოლა. ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ თუ ამას ამას და ამას გავაკეთებთ, აუცილებლად წარმატებულ სკოლას მივიღებთ. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, აუცილებელია დასაშვები იყოს ექსპერიმენტები და სკოლებს უფლება მიეცეთ, თავად შეიმუშაონ სასწავლო გეგმა, შეარჩიონ მასწავლებლები და შეადგინონ სასწავლო სილაბუსები. ასეთ შემთხვევაში, მივიღებთ მრავალფეროვან სასკოლო სისტემას, შემდეგ კი მშობელი თავად აარჩევს ამ სხვადასხვა ტიპის სკოლებიდან რომელია მისთვის ყველაზე მისაღები.  

 

იმავეს ფიქრობდა თომას ჯეფერსონიც. 1780-იან წლებში ის წერდა, რომ არ შეიძლება ყველა ძალისა და უფლების ერთ სხეულში კონცენტრირება (განათლების სამინისტროს, სახელმწიფოს ხელში). მისი აზრით, ყველა ადამიანს უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა საკუთარი სკოლის გახსნისა და იმისი სწავლების, რაც მას მიაჩნდა სწორად, შემდეგ კი მშობელი თავად გადაწყვეტდა, რომელ სკოლაში შეეყვანა საკუთარი შვილი - "ცხადია, ისინი ამას სახელმწიფოზე გაცილებით უკეთ გააკეთებენ".

 

„მთავრობა ისევე მართავს სკოლას, როგორც წარმართავდა ჩვენს ფერმებსა და ქარხნებს“ - ჯეფერსონის აზრით, გასაღები მრავალფეროვნებასა და ინდივიდუალიზმშია. მას სჯეროდა, რომ სისტემამ კი არ უნდა უკარნახოს ბავშვს, როგორი გახდეს, არამედ მან თავად უნდა აღმოაჩინოს საკუთარი თავი, გახდეს ისეთი, როგორიც სურს, ისწავლოს ის, რაც უნდა, ანუ ჰქონდეს მაქსიმალური თავისუფლება.

 

მემგონი, დაეჯერება...

 

GOT - სეზონი 8, სერია 1 (explained)

GOT: სეზონი 8, სერია 5 EXPLAINED

კომენტარები