Sex Education - აუცილებლად მისაღები, აუცილებლად სანახავი

( სიტყვა)

სექსის შესახებ 7 წლის ასაკში გავიგე. შემთხვევით მივაგენი თაროზე შემოდებულ წიგნს, რომელშიც მიუხედავად იმისა, რომ რუსულენოვანი იყო, ყველაფერი ძალიან გარკვევით, თამამი ილუსტრაციებით და დეტალური ინსტრუქციებით ეწერა. „მუჟჩინა ვსტავლიაეტ სვოი პენის ვა ვლაგალიშე ჟენშინი...“ - მოკლედ ასე რუსულ ენაზე შედგა ჩემი პირველი შეხება სექსუალურ განათლებასთან.

 

პირველი და პრინციპში ბოლოც. იმიტომ, რომ ამ წიგნის და 7 წლის ასაკის შემდეგ ჩემთვის ბევრი არავის არაფერი აუხსნია და ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში გზა ჩემით, სიბნელეში თუ პორნჰაბზე ხელის ცეცებით გავიკვლიე. კლასელებთან ლაპარაკი ამ თემაზე ტეხავდა, კინოში ნანახი სექსი ან ძააან რომანტიკული იყო, ან ძააან ჰიპერბოლიზებული. დაწერილს ამ თემაზე ქართულად ვერაფერს ნახავდი (როგორ გვაკადრეთ, ფუი ეშმაკს). მოკლედ პრაქტიკას ძალიან მოუმზადებელი შევხვდი.

 

ზუსტად ამიტომ მშურს ყველასი, ვინც ახლა თინეიჯერია და ნეტფლიქსის სრულიად გადასარევი სერიალი - Sex Education მისთვის ასაკობრივადაც და სექსუალურადაც აქტუალურია. იმიტომ რომ ოტისს, მეივს და დანარჩენებს ზუსტად ისეთი რამეები უნდათ, აწუხებთ, გამოსდით და არ გამოსდით, რაც ჩვენ და თანაც ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი არ უტყდებათ.

 

არა, ვიტყუები. როგორ არ უტყდებათ.

 

“საყვარელო იმ დღეს შევამჩნიე, რომ მასტურბაციას ძალიან მოუხერხებლად ცდილობდი. ამ თემაზე ხო არ გველაპარაკა?“ - როგორ მოიქცეოდი თუ 15 წლის ბიჭი ხარ და ამ კითხვას დედა გისვამს? თან ჩვეულებრივი mainstream დედა კი არა, დედა რომელიც მამაშენს დიდი ხნის წინ გაშორდა. დედა რომელსაც ერთჯერადი ურთიერთობები მოსწონს. ჰო, და კიდევ სექს თერაპევტია.

 

ალბათ ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა დედას არაფერი უპასუხო - გაექცე იმ ფაქტს, რომ სექსის გეშინია, ნამდვილ გოგოებზე არ გიდგება, მასტურბაციითაც არაფერი გამოგდის და... სხვებს მისცე რჩევები სექსზე.

 

ზუსტად ასე იქცევა ოტისი, ერთი ბრიტანული ქალაქის ერთი ჩვეულებრივი სკოლის უფროსკლასელი და საინტერესო ამბებიც აქედან იწყება. მასთან რჩევებისთვის მიდის დირექტორის შვილი (დიდი პენისი აქვს, მაგრამ ვერ ათავებს), ვითომ ძაან გამოცდილი გოგო (არ იცის როგორ მიიღოს სიამოვნება) გოგო, რომელსაც ნუდები გაუვრცელეს... მოკლედ ყველა, ვისაც აქვს კითხვები სექსზე და არ ეშინია მათი დასმის (ან ეშინია, მაგრამ სხვა გზა არის)

 

ჰოდა ჩვენც ვუყურებთ ამ გოგოებს და ბიჭებს და ვხვდებით, რომ პრობლემები ყველას და ყველა დროში საერთო გვაქვს. წელს ქვემოთაც და ზემოთაც - ზედმეტად მკაცრი მამა, ძმა, რომელსაც სულ ფული სჭირდება,  „სასტავები“, რომლებსაც არ ვევასებით, იდეალური ბიჭი, რომელიც ძალიან გვინდა, რომ მოგვწონდეს, მაგრამ არ მოგვწონს.

 

 

მერე ნელნელა ვაცნობიერებთ, რომ არაფერია ცუდი საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრში, პირველი კოცნის თუ სექსის შიშში, მასტურბაციაში ან თუნდაც იმაში, რომ სექს თერაპევტ დედასთან მასტურბაციაზე ლაპარაკი არ გვინდა. მთავარია მეტი გავიგოთ საკუთარ სხეულზე, საკუთარ თავზე, გავუგოთ სხვებსაც და იქნებ ყველაფერი ყველასთვის სასურველი შედეგით, ორგაზმით დამთავრდეს.

 

ზუსტად ეს არის ყველაზე კარგი სექს განათლებაში, ნამდვილშიც და ნეტფლიქსის სერიალშიც.

 

ავტორი

იმიტომ

რამდენად ერკვევი?

კომენტარები