სწავლა, სწავლა და კიდევ ერთხელ, სწავლა!

( სიტყვა)

„სწავლა სინათლეა, უსწავლელობა - სიბნელე!“ ამ სიტყვებით გაიღო ყოველი ჩვენგანისთვის სკოლის კარი და მას შემდეგ განუწყვეტლივ გვარწმუნებენ ფრაზის ჭეშმარიტებაში. რთულია, არ დაეთანხმო - საკაცობრიო გამოცდილებამ უკვე ბევრჯერ დაადასტურა, რომ ცოდნა მართლაც შეუფასებელი საუნჯეა. საპირისპიროს მტკიცებას, ალბათ, მხოლოდ სულელი თუ დაიწყებს, მაგრამ ცალსახად ვერც ამას ვიტყვით.  როგორც ღრმად პატივცემული ძია ნიცშე იტყოდა, სჯობს, საკუთარი შეხედულებები გქონდეს და რეგვენი იყო, ვიდრე ბრძენი - სხვისი აზრებით. ასე რომ, თუ ის სულელი შენ ხარ და სულაც არ გგონია განათლება უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, ნუ გეწყინება, შენ შენი სიმართლე გაქვს და ამაში დასაზრახი არაფერია.

 

რა იწვევს აზრთა სხვადასხვაობას? განათლების არსის ვიწრო და მონოტონურ ჭრილში მოქცევა. დავფიქრდეთ - რას ნიშნავს ჩვენთვის განათლება? სკოლის დამთავრებას, უნივერსიტეტში ჩაბარებასა და შემდეგ ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის ტიტულის მოპოვებას. ეს მარშრუტი ყველასთვის წინასწარაა განსაზღვრული და არავის აინტერესებს, შენ ეს მოგწონს თუ არა. პირველივე კლასიდან, მოსწავლეებს ღრმად აქვთ ტვინში ჩაბეჭდილი, რომ განათლება აუცილებელია. ბავშვი სვამს კითხვას - და მაინც რა არის განათლება? უფროსები ყოველგვარი ყოყმან-ჭოჭმანის გარეშე პასუხობენ - უნივერსიტეტი! შედეგად, მოსწავლეთა დიდ ნაწილს არც კი უფიქრია განათლების მიღების ისეთ ალტერნატიულ გზებზე, როგორიცაა პროფესიული სასწავლებელი. მათთვის, თორმეტწლიანი გვირაბის ბოლოს, სინათლის მაგივრად უნივერსიტეტი დგას და იქ შებიჯება აუცილებელია, თორემ „უი, რას ამბობ, ვერ მოეწყო?“

 

მოკლედ, ყველა აბარებს, ამიტომ შენც უნდა ჩააბარო. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს უნივერსიტეტში ჩაბარება განათლების მისაღებად კი არა, უბრალოდ დიპლომისთვისაა საჭირო. ეროვნული ტენდენციაა ასეთი. შეიძლება, შენს სამომავლო გეგმებში უნივერსიტეტი საერთოდ არ შედიოდა და ეს შეუთავსებლობა სწავლაში ხელს შეგიშლის, მაგრამ მაინც უნდა ჩააბარო. ამაზე ფრანგი განმანათლებელი ჟან-ჟაკ რუსო ამბობდა, ცუდად ნასწავლი უფრო დაშორებულია სიბრძნისგან, ვიდრე სრულიად უსწავლელიო, მაგრამ ჩვენთან ასე არ არის!  ხარისხს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ბარიერებს გადააბობღდე და ხელში ჯერ ატესტატი, შემდეგ კი დიპლომი დაიჭირო. ვის ადარდებს, თუ მთლად პროფესიონალი ვერ დადექი? დიდი-დიდი, პაციენტს არასწორი დიაგნოზი დაუსვა, ან ბიზნესი წამოიწყო და ვალებში გადაყვინთო, ან შენ მიერ აშენებული ხიდი ჩაინგრეს, ან ღირებულ კადრებს ხელოვნური კონკურენცია შეუქმნა, ან... მაგრამ უმაღლესის დიპლომი ხომ გაქვს? გაქვს! რასხოდ.

 

მოიცა, მასე მარტივადაც არაა საქმე... უნივერსიტეტი კარგია, მაგრამ პროფესიის არჩევა საფრთხილო საქმეა. კომიკურია, თუმცა აბიტურიენტების მიერ არჩეული ფაკულტეტების ამპლიტუდა ყოველწლიურად იურიდიულიდან საერთაშორისო ურთიერთობებამდე მერყეობს, სამედიცინოსა და ბიზნეს-ადმინისტრირების გავლით. სხვა სფეროში ბედის ცდას აზრიც კი არ აქვს, თითქოს. უცნაური დამთხვევაა, არა? არა. ასე იმიტომ ხდება, რომ საზოგადოებამ, რატომღაც, გარკვეული სფეროები გამოარჩია, როგორც წარმატების გარანტი. შეიძლება, მხატვრობით ხარ დაინტერესებული, მაგრამ „მერე რა უნდა ჭამო, ფუნჯი?“ სამაგიეროდ, სხვების მიერ შერჩეული ფაკულტეტი პერსპექტიულია, ფული იშოვება, ბლა-ბლა-ბლა... თანაც, საიდან უნდა იცოდეს 17-18 წლის მოზარდმა, რისი კეთება სურს დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში? სწორია, ამიტომ ამ მოზარდს უნდა მიეცეს დრო გადაწყვეტილების მისაღებად. მაგრამ ნურას უკაცრავად, მსგავსი პაუზები თვალისასახვევ სიაფანდობებად ითვლება, ამიტომ მშობლები თავად არჩევენ პრესტიჟულ პროფესიას საკუთარი შვილისთვის და სკოლის დასრულებისთავანე კინწისკვრით აგდებენ უნივერსიტეტში. ასეთი შემთხვევების უმრავლესობა მთავრდება სტუდენტის ტანჯვით, მისი ცხოვრების განაცრისფერებით, დროის უმიზნოდ ხარჯვით... არის ისეთი შემთხვევებიც, მშობლები რომ ათიანში არტყამენ და შვილიც სწორედ მათ არჩევანში პოულობს თავის ჭეშმარიტ მოწოდებას, მაგრამ მე პირადად, ასეთი არავინ მახსენდება... იმედია, შენ მაინც გყავს სანაცნობოში ვინმე მსგავსი. ვერ გაიხსენე?

 

 

არაუშავს, სამაგიეროდ, ხშირია ფრაზები:

„რავი, იურიდიულზე ვაბარებ, სადმე ხომ უნდა ჩამებარებინა?“
„ჩემმა დეიდაშვილმა ჩააბარა ჟურნალისტიკაზე და მოსწონს. სხვა თუ ვერაფერი მოვიფიქრე, მეც მანდ ჩავაბარებ;“
„ვერ ვხვდები, რას ვსწავლობ;“
„ფაკულტეტს ვერ შევიცვლი, მშობლებს ეწყინებათ“ და ა.შ.

 

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ისედაც ნათლად ჩანს, რომ სიტუაცია აბსურდულად სწორხაზოვანია. პრობლემის გადაჭრის გზა კი მისსავე ალგორითმშია ჩამარხული - საკმარისია, გავიაზროთ ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ თითოეულ ადამიანს აქვს აბსოლუტური უფლება - იბატონოს საკუთარ ცხოვრებაზე. სკოლას ამთავრებ და ჯერ არ იცი, რა გინდა? შეისვენე, დაფიქრდი და შემდეგ წელს ჩააბარე. ან იმის შემდეგ წელს. იმდენი იფიქრე, რამდენიც დაგჭირდება, საქმე იმ მომავალს ეხება, რომელშიც შენ უნდა იცხოვრო. საერთოდ არ გინდა უნივერსიტეტში სწავლა? ნუ ჩააბარებ მხოლოდ იმის გამო, რომ ასე თვლიან სწორად, თორემ შენი ცხოვრება მოსაწყენი და იძულებითი გახდება, იმისი სწავლა მოგიწევს, რაც არ გაინტერესებს და ვეღარც იმას დაუთმობ საკმარის დროს, რაც მართლა გიყვარს. ის აკეთე, რაც ბედნიერს გხდის, მაშინაც, თუ სხვები არ გეთანხმებიან. შეგიძლია, არც მე დამიჯერო და არჩევანი შენთვის მოსაწყენ პროფესიაზე შეაჩერო იმიტომ, რომ მისი პერსპექტიულობის გჯერა. სინამდვილეში, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რას აირჩევ, მთავარია სადავეები შენ გეჭიროს და არა ვინმე სხვას. თუკი შენი სიმართლე ჩემსას არ ჰგავს, შეგიძლია, ჩემს მხარეს გადმოხვიდე და სამუდამოდ შენი მოკვეთილი სიმართლის ფანტომური ტკივილი გაწუხებდეს. ასევე შეგიძლია, საკუთარ გზას გაუყვე და შენი სიმართლე ჭეშმარიტებად აქციო. არჩევანი შენზეა.

 

კომენტარები