გელას გამოცდა მოუხსნეს

( სიტყვა)

გამიხარდეს? მეწყინოს? საატესტატო გამოცდები გაგვიუქმეს. ვინც არ იცით, მეც წელს ვამთავრებ სკოლას. შესაბამისად, ვემზადებოდი კიდეც ამ გამოცდებისთვის. თავს არ ვიკლავდი, მარტივები იყო, მაგრამ ხომ გესმით... გამოცდაა მაინც.

 

სისტემის ახსნა დიდი ადამიანებისთვის, რომელთაც სკოლა დიდი ხნის წინ დაამთავრეს და შვილიც არ ჰყავთ: კი, ისევ 12 კლასია. საატესტატო გამოცდა 8 საგანში ტარდებოდა. და რადგან 8 გამოცდა ერთაზე ჩასაბარებლად რთული იყო, გადაანაწილეს - 4 გამოცდა მეთერთმეტე კლასის ბოლოს ბარდებოდა, 4 - მეთორმეტეს ბოლოს. ამ უკანასკნელ ოთხს, რომლებიც გაზაფხულზე ტარდებოდა, ზაფხულში თან სდევდა ერთიანი ეროვნული გამოცდები. ანუ კიდევ 4 (ან მეტი) გამოცდა, სწორედ რომელთა შედეგებზეც იყო დამოკიდებული, რომელ უნივერსიტეტში გააგრძელებდი სწავლას. ან, გახდებოდი თუ არა საერთოდ სტუდენტი.

 

ეს ყველაფერი შეცვალეს. რვავე სასკოლო გამოცდა მოხსნეს და შემდეგი წლიდან იცვლება ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატიც. ზოგადი უნარების საგანი აღარ იქნება სავალდებულო, აუცილებელი იქნება არჩევნის გაკეთება ისტორიასა და მათემატიკას შორის და ასე შემდეგ. რეფორმის დეტალურად ახსნას არ ვაპირებ, ამისთვის სხვა უამრავი სტატიაა. და ვინაიდან მე ნაკლებად თუ გამოვდგები იმ ადამიანად, რომელსაც საინფორმაციოში „ექსპერტი განათლების საკითხებშის“ დააწერდნენ, მე ჩემებურ, ადამიანურ ენაზე ავხსნი რა მოხდა. ახლავე გაფრთხილებთ, რომ როგორც ყოველთვის, ამჯერადაც არ მაქვს ობიექტურობაზე პრეტენზია. ჩემი სუბიექტური აზრების წალკოტი გელოდებათ წინ.

 

სისტემის შიგნით ვარ აგერ უკვე მეთორმეტე წელია. ჩემზე ატარებენ ამ ექსპერიმენტებს, რომელთა შესახებაც თქვენ მხოლოდ ფეისბუქის News Feed-დან იგებთ ხოლმე, იმასაც მხოლოდ სათაურებით.

 

ამ ცვლილების მიზნად იმ ჰალსტუხიანმა ტიპმა განათლების სისტემაში სკოლის როლის გაზრდა დაასახელა. ანუ, სკოლა მხოლოდ გამოცდებისთვის მოსამზადებელი ადგილი გახდა და ეს უნდა შეიცვალოსო. აბა, ახლა, თქვენი აზრით, ეგრევე ლანძღვაზე გადავალ? ნწ, ნწ. გადადექი, გადადექი! არაჰ. რაღაც დონეზე, ამ რეფორმას აქვს გამართლება.

 

 

პირველი ეტაპის კვალობაზე შეიძლება ძალიან კარგიც იყოს. პირველ ეტაპში ვგულისხმობ სკოლების იმ სანატრელ გარდაქმნას, რომელსაც ყველა ელოდება, რომ ოდესმე მაინც მოხდება. თუ ჩვენ გვინდა, რომ 10 ან 15 წლის შემდეგ მაინც გვქონდეს ჯანსაღი სასკოლო სისტემა, ცვლილებები რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყოთ. მთავარი, რაც მაშინებს, სწორედ ესაა - ეს რეფორმა რამე დიდი ცვლილების დასაწყისია თუ მორიგი ერთჯერადი სისულელე, რომელიც მხოლოდ ამ ერთჯერადობის გამო ვერ ექნება ვერანაირი კავშირი ბავშვების განათლებასთან?

 

ჯერ უნდა გადავწყვიტოთ, რა გვინდა, რომ სკოლამ აკეთოს. აი კახა ბენდუქიძის გაფეტიშებულ სტატიაში როგორც წერია - ეგრე მინდა მეც. მოკლედ, სკოლის დამთავრების შემდეგ ადამიანს უნდა შეეძლოს თანამედროვე სამყაროში არსებობაო. აწ უკვე გაუქმებული საატესტატო გამოცდები დიდად ვერ ზრდიდა ასეთ ინდივიდს, რადგან ამ გამოცდების მთავარი სირთულე ფაქტობრივ ცოდნაზე გადიოდა, რაც 21-ე საუკუნეში უკვე არასაჭირო და არაპრიორიტეტულია.

 

მაგალითად: გლობალიზაციის KOF ინდექსის რეიტინგის სათავეში არიან:

გ) აზიური ქვეყნები?

 

უამრავი მსგავსი კითხვაა გეოგრაფიის გამოცდაზე. და მთელი უბედურება ისაა, რომ კითხვის ამ ფორმით დასმა, რომელიც გიმოწმებს ჩემი აზრით აბსოლუტურად არასაჭირო ცოდნას, მაინცდამაინც გამოცდის ფორმატის გამო არ ხდება. სისტემაა ასეთი: ურბანიზაციაზე გვქონდა გაკვეთილი. დამაინტერესა მაგ თემამ და ბევრი მონაცემი ვნახე. მსოფლიო ბანკის მონაცემები ვნახე - ხაზს ვუსვამ. ვყვები გაკვეთილს თავისუფლად, ვიშველიებ ამ მსოფლიო ბანკის მონაცემებს და მასწავლებელმა, არ არის ეგრეო. სად ეწერაო. მეთქი - „ჩემით ვნახე მასწ!“. არ არის ეგრეო. პირდაპირ მითხრა, რომ მონდომება - ოკ, მაგრამ წიგნში რაც გიწერია, იმას არ გაცდე არც ერთი სიტყვითო.

 

ხოდა, აქ ჩნდება კიდევ ერთი რისკი, რომლის გაზიარებაც მინდოდა: სკოლის როლის ზრდა უახლოეს მომავალში, კაცმა რომ თქვას, არც ვიცით რა შედეგებს მოიტანს.

 

Let me explain.

 

დღევანდელი სკოლა (რეფორმამდელი! ჰაჰ) ხომ თავისთავში გულისხმობს საშინელ ინფრასტრუქტურას, წარუმატებელ და ხშირშემთხვევაში, ცხოვრებისგან გაბოროტებულ მასწავლებლებს, არაპროფესიონალიზმსა და არასწორ ფასეულობებს. არასწორ ფასეულობებში ვგულისხმობ ჩემი გადმოსახედიდან არასწორს - საბჭოური იდეოლოგიის დანატოვარ „სიკეთეებს“, რომლებსაც მოსწავლეები ხშირად ვაწყდებით სასწავლო პროცესისას. კონკრეტული მაგალითების მოყვანაც შეიძლება - მაგალითად, შეღებილი თმა რომ არ შეიძლება, არც განსხვავებული აზრის ქონა რომელიმე სენსიტიურ საკითხზე და მოკლედ, არანაირი ინდივიდუალიზმი. ამ მოცემულობაში, როდესაც სამინისტრო ყველანაირ ბერკეტს აძლევს ამ მოძველებულ საბჭოურ მანქანას, ისე რომ არ ცდილობს მის დახვეწას, სკოლის დღევანდელი ფორმით არსებობამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს როგორც კონკრეტულ ბავშვებს, ისე სისტემის განვითარების დინამიკას.

 

5-6 წელიწადში არ ვიცი როგორ იქნება, მაგრამ მე და ჩემს მეგობრებს დღეს გვყავს მასწავლებელი, რომელიც უკვე 25-ე წელია სკოლაში მუშაობს, რომელსაც ვეზიზღებით, რომელიც მუდამ მეუბნება, რომ საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა აგრარული სფეროს განვითარებაა და რომელიც მერხზე დაჯდომის შემთხვევაში, ეგრევე მშობელს ურეკავს. ჩემს მაგიდაზე ვჯდები და ის დედაჩემს ურეკავს. უხ, გელა, უზრდელო! ხოდა ფაქტია, რომ სანამ ეს მასწავლებელი ისე არ დაბერდება, რომ თავი ვერ აწიოს ლოგინიდან, იქამდე მას ექნება სერიოზული საშუალებები, გააკონტროლოს ჩემი მომავალი - ძალიან მარტივი ბერკეტით... მას ნიშანი ჰქვია. როგორც აქამდე აძლევდა სამინისტრო მოსწავლეს ატესტატს გამოცდების გარეშე, ისევ ასე იქნება. გაითვალისწინებენ მხოლოდ სკოლის რეკომენდაციას, რომელიც არის სუბიექტური. მე შეიძლება ვიყო სუბიექტური, სკოლა - არა. შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეებს გამოგვაცალეს ფაქტობრივი ცოდნის, თუმცა სამაგიეროდ ობიექტური შემფასებელი.

 

  

ასეთი ამბების გამო მიყვარს ამ ქვეყანაში ცხოვრება. შეიძლება ჩაგეძინოს და რომ გაგეღვიძება, აღმოჩნდე ისეთ რეალობაში რომლის შესახებაც სიტყვა არ დაცდენიათ მანამდე. აღსრულება როცა დაიწყეს, პირველად მაშინ გაიგო საზოგადოებამ რეფორმის შესახებ. ჩემს მეგობარს დაემართა ეგრე. გავიგე ნიუსი. გავაღვიძე. მეთქი აბა ახლა მინისტრი რომ ადგეს და გამოცდები გააუქმოს, ხო ღადაობა იქნებათქო. შიგ ხო არ გაქ, რის გამო მაღვიძებო. მეთქი, რავი, მართლა ეგრე მოხდა-მეთქი. მისი სახე უნდა გენახათ მერე, თვალებში რომ ამოუკითხავდი: “არა ეგენი გამკეთებლები კი იქნებოდნენ“.

 

ბავშვების რეაქცია კი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მასების რეაქცია ბევრ რამეზე მეტყველებს, მაგრამ, ბავშვები ვართ რა - რას გვთხოვთ ერთი? ნაწილს გამოცდების მოხსნა მაგრად გაუხარდა, სტრესი და პასუხისმგებლობა რომ მოეხსნათ. აბსოლუტურად მესმის მათი. მაგრამ საყურადღებო მეორე მხარე უფრო მგონია. მე შემხვდა უამრავი თანატოლი, რომლებსაც არც გამოცდების მეთორმეტე კლასელებისთვის მოხსნა მოუთხოვიათ (სამინისტრომ გამოცდები თავდაპირველად მხოლოდ მეთერთმეტე კლასელებს მოუხსნა), არც გამოცდების მოხსნის შემდეგ დაუყენებიათ ბატიაშვილის ფოტო ტელეფონის ეკრანზე და ზოგადადაც, ძალიან რაციონალურად მოეკიდნენ ამ ცვლილებას. ტიპებმა, რომელთაც წესით უნდა უხაროდეთ, გაანალიზეს მათ გარშემო არსებული გარემო და ხმამაღლა თქვეს მათი აზრი - რომ შეიძლება გამოცდების გაუქმება იყო არასწორი. ეს ზუსტი შეფასებაა თუ არა, ყველამ ინდივიდუალურად განსაჯეთ. მთავარი ისაა, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია. მათთვის მნიშვნელოვანია ეს სისტემა, გარემო და ქვეყანა.

 

მე ვამაყობ ჩემი თაობით. კარგი ხალხი ვართ - ძალიან პასუხისმგებლიანი და ჭკვიანი, რომელიც უკეთესს ვიმსახურებთ. სკოლის ამ საშინელ სისტემასაც გავუძლებთ და მოვა დრო, ახალსაც შევქმნით თუ საჭირო იქნება. ნუ, ოღონდ, ცოტას დიდებიც თუ იზრუნებთ კარგი იქნება. ჰეჰე.

 

ავტორი

გელა

კომენტარები