სიმსივნე & უსამართლობა

( სიტყვა)

ლაპარაკის დაწყება არ მიჭირს ხოლმე, მაგრამ ახლა წერის დაწყება თავბრუს მხვევს. ერთდროულად მილიონი აზრი მაწყდება იმის შესახებ, თუ როგორ დავიწყო, შუაში რა კავშირი უნდა ჩავურთო, მერე რაზე უნდა გადავიდე და უცებ წყდება. ასე გადის საათები ან დღეები და წერას არ ვიწყებ ხოლმე. ახლა ერთი ჩვეულებრივი დღეა და სახლში რომ ვიყო, საერთოდაც არ დავიწყებდი წერას, კიდევ უფრო გადავდებდი, მაგრამ, სამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ?), სახლში არ ვარ, ჩემს მეგობრებს და ფისოსაც კი გვერდზე ოთახში სძინავთ, ჩემი ფიქრები იმას უბრუნდება, რაც რეალურად აწუხებს და მე და მთელი კოლოფი სიგარეტი ვიწყებთ წერას.

 

პატარა რომ ვიყავი, სიმსივნე (კიბო უფრო უხდება მგონი) დიდი არაფერი მეგონა. მეგონა მართლა კომპიუტერიდან, ტელევიზორიდან, ჩიფსებიდან და ეგეთი რაღაცებიდან ჩნდებოდა და ექიმთან რომ მსიულიყავი, ნემსს გაგიკეთებდა და მოგირჩებოდა. მერე გავიგე ცუდი ამბავი. ჩემს მეზობელ თამრიკოს, რომელიც მთელი გულით მიყვარდა, კიბო ჰქონდა და მაგის გამო ცალი მკერდი მოუკვეთავთ. ძალიან გამიკვირდა. ჩემი ბავშვური გონებით ვერ ვიაზრებდი, რომ კიბო ბევრად საშიში რამ იყო იმასთან შედარებით, რაც მეგონა და უბრალოდ ცხოვრებას ვაგრძელებდი. ისევ ვეგზავნებოდი თამრიკოს წვრილ კენტზე. არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა, არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს თამრიკოს ბოლო დღეები. სულ ლოგინში იწვა და ბევრი ხალხი ადგა თავს. ამდენი ადამიანი დღესასწაულზეც კი არ იკრიბებოდა. მე აღარ მიშვებდნენ თამრიკოსთან, მაგრამ მაინც ვიპარებოდი ხოლმე, გვერდზე ვეწექი და ველაპარაკებოდი. მახსოვს, ერთი პერიოდი ხმასაც ვეღარ იღებდა უკვე, სულ ერთ პოზაში იწვა და ძლივს-ძლივობით მიღიმოდა. მერე მორჩა. დედამ მამას უთხრა,  თამრიკო გარდაიცვალაო. მამამ, რას ამბობ კაცოო და მერე ალიაქოთი იყო. მახსოვს ყვითელი ვარდები და რატომღაც ყვითელი ბუშტები ამომატანინეს მაღაზიიდან. ახლაც არ ვიცი რაში დასჭირდათ ეგ, მაგრამ მაინც დამამახსოვრდა. უცნაური იყო თამრიკოს არ ყოფნა და თან სევდიანი. მენატრებოდა მის სახლში შერბენა და რაღაცების მოყოლა. რამე სერიოზულს კი არ ვუყვებოდი, ანდაც რას მოვუყვებოდი - ძაან პატარა ვიყავი, მაგრამ ის მახსოვს რომ უხაროდა. მოსწონდა რომ შევრბოდი და ველაპარაკებოდი. სულ მიღიმოდა და სულ კარგად მექცეოდა და მერე უცებ ეს გაქრა. დიდი ხანი “მიტყდებოდა” სახლში კარგ ხასიათზე, ცეკვა-ცეკვით მისვლა, მაგრამ მერე მივხვდი რომ თამრიკოს არ ენდომებოდა ჩემი ცუდ ხასიათზე ყოფნა და გავაგრძელე ჩემი ბავშვური ცხოვრება. ეს იყო ჩემი პირველი შეხება კიბოსთან. გული მეტკინა. მარტო იმიტომ არა, რომ როცა დედა მეჩხუბებოდა თამრიკოსთან ვეღარ შევირბენდი, მაგრამ სხვა რა დამრჩენოდა თუ არა შეგუება?

 

 

 

თამრიკოს გარდაცვალებიდან 10 წელი მაინც იქნება გასული და მაგის მერე ბევრ ადამიანზე გამიგია სიმსივნე აქვსო, მაგრამ 5 წუთიანი სევდიანი განწყობის მეტი არ მიგრძვნია არასდროს. სანამ რაღაც პირდაპირ და მტკივნეულად არ შეგეხება, მანამდე ვერ ვგრძნობთ ხოლმე მის სიმძიმეს. არ გვესმის ადამიანებს, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო წუხან. ხშირად ვამბობთ, “რა იყო, ვის არ ქონია”, “რა ტვინი წაიღეს, ვის არ მოსვლია?”. მერე ჩვენც მოგვდის მსგავსი ან იგივე რამ, ვეფლობით მასში და ვივიწყებთ ჩვენს ძველ ფრაზებს.

 

სადღაც 3 წლის წინ ჩემმა საუკეთესო მეგობარმა მითხრა კიბო მაქვსო. მაგ დროისთვის შედარებით ბევრი რამე ვიცოდი. ვიცოდი რომ საშიში იყო, მტკივნეული და რთული. ვიცოდი, რომ დიდი შანსი იყო იმის რომ ვერ გადარჩენილიყო. ისიც ვიცოდი, რომ მტკივნეული იყო, ორგანიზმს ანგრევდა და წამალი არ არსებობდა. თავში ის ფიქრები მიტრიალებდა, რომ შეიძლებოდა მომკვდარიყო და ვერცერთი ოცნება და მიზანი ვერ აესრულებინა. საშინელება იყო, მეტკინა, გამანადგურა და დამაბნია. არ ვიცოდი, დამესვა თუ არა კითხვები, არადა მჭირდებოდა სიტუაციაში გარკვევა. ჩემი მცირე ცოდნით მინდოდა, რომ რამე გამოსავალი მეპოვა და გადამერჩინა. ჰო ვიცი რომ ბავშვურად ჟღერს, მე რანაირად უნდა გადავარჩინო, მაგრამ ნერვიულობის დროს ყველანაირი ფიქრი დაგტრიალებს თავში.  შემოვლითი გზებით რაღაცები გავარკვიე და მთლად სავალალო მდგომარეობა არ ჰქონია. ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო რო სიმსივნე საკვერცხეზე ჰქონდა. ცალი საკვერცხე უკვე ამოჭრილი ჰქონდა და მეტასტაზები უფრო ნელა და ნაკლებად ვრცელდებოდნენ. მაგან გამახარა, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ არ უნდა მოვდუნებულიყავით. ვიცოდი, უბრალოდ ვიცოდი. არადა... რაღაც დროის მერე გადამავიწყდა, რომ კიბო ჰქონდა. ათასში ერთხელ გამახსენდებოდა, ვეკითხებოდი რას შვება საკვერცხე-თქო და კარგად ვარო მპასუხობდა... და ვაგრძელებდით ისევ ლაპარაკს სხვა რამეზე. მქონდა ხოლმე მომენტები, რომ გავიფიქრებდი რამე არ მოხდესთქო, მაგრამ არ ვაძლევდი საშუალებას ჩემს თავს რომ მაგაზე მეფიქრა. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ვიყავით ლაღად, მე უფრო ვიდრე ის, მაგრამ ჯამში მაინც ორივე.

 

დიდი ხანია აღარ გვილაპარაკია მაგაზე, აღარც ქიმიებზე დადიოდა, აღარც წამლებს სვამდა და ძაალიან მარწმუნებდა იმაში რომ კარგად იყო, მეგონა რომ ყველაფერი მორჩა. ჰო, არ ყოფილა კარგად. სულ რამდენიმე დღის წინ დადო თავგადაპარსული ფოტო. ნუ, არ გაგიკვირდებათ და ეგრევე იმან დამარტყა, რომ სიმსივნემ რამე ახალი ქნა. დავურეკე, მთვრალი იყო, არაფერი არ ესმოდა. მივწერე, კარგად ვარ, მაგარი მთვრალი ვარო. გავარკვიე სად იყო და მივედი. დამინახა თუ არა ტირილი დაიწყო. მალე მოვკვდები და სიკვდილის მეშინიაო. მერე უბრალოდ დიდი ხანი ჩახუტებულები ვიყავით და ტიროდა. (მე ზოგადად მაგ დროს ემოციებს ვერ გამოვხატავ, თორემ მეც განვიცდიდი თან ძალიან) ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდებოდა, ბევრი ემოცია ტრიალებდა, გარშემო ხალხი ძალიან კარგად იყო და ჩვენ საერთოდ სხვანაირად ვიყავით. ის მომენტი მქონდა, ფილმებში როა, ბევრი ხალხი გარშემო და ვერავის რომ ვერ ამჩნევ, მარტო თქვენ ორნი რომ ხართ. მაგ მომენტში მარტო მე და ის ვიყავით, ორივე სევდიანები და გულჩაკლულები.

 

აი იცით რა არ მესმის? რატომ მაინცდამაინც ის? ცხოვრებაში არასდროს ცუდი არ გაუკეთებია, ერთ-ერთი ყველაზე კეთილი ადამიანია, ვისაც ვიცნობ და მაინც მას აქვს კიბო, რომელიც საშვილოსნოზე გადავიდა. საშინელებაა, მართლა ძალიან საშინელებაა. ადამიანს ერთადერთი ოცნება ჰქონდა ყოველთვის - რომ შვილი ჰყოლოდა და თავისუფალი, ბედნიერი ადამიანი აღეზარდა.

 

 

 

მაგ ამბის გაგების წამის მერე სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ ცხოვრება ნაგავია, ღმერთი თუ არსებობს, ეგეც ნაგავია და საერთოდ, რატომ ხდება ასეთი რაღაცები. ვიცოდი, რომ მას არ უნდა დაენახა ჩემი ცუდად ყოფნა და მე უნდა ვყოფილიყავი მაგ წამს მის გვედით. მაცოფებს ის, რომ ის საკუთარ თავს იდანაშაულებს. ძირითადად იმაზე მელაპარაკებოდა, რომ ჯერ პატარაა და არაფერი ისეთი არ დაუშავებია. მერე ფიქრობდა, იქნებ არ ვიცი და მართლა საშინელება გავაკეთეო. საკუთარ თავს იდანაშაულებდა ძალიან დიდი ხანი და არ შემეძლო არაფრის გაკეთება იმის გარდა, რომ მეყურა, ჩავხუტებოდი და მომესმინა. ზოგჯერ ველაპარაკებოდი კიდეც, მაგრამ ზოგჯერ. უბრალოდ რა უნდა უთხრა ადამიანს, რომელსაც ჰგონია რომ მალე მოკვდება? “შენ არ მოკვდები, უნდა გაძლიერდე”? კარგი რა, ყველამ ვიცით რომ მაგის თქმა ზედმეტად პათეტიკური და ალბათ გამაღიზიანებელიცაა.

 

არ ვიცი ახლა ის როგორ არის. ალბათ ცუდად, მაგრამ არ მინდა რომ მაგაზე ველაპარაკო და თუ არ ახსოვს - მე გავახსენო. მირჩევნია ჩუმად ვიყო და თვითონ მომადგეს, როცა გაუჭირდება, უბრალოდ ყოველთვის ახლოს უნდა ვიყო. გული მტკივა, რომ მაინც და მაინც მას გაუმრავლდა ეს დამპალი მეტასტაზები. რომ წაიკითხავს ჩემს ნაწერს, ალბათ მომკლავს ასე ფიქრისთვის. არავინ არ არის ღირსი ეს სჭირდეს, მაგრამ სამწუხაროა რომ ასე ხდება. არ ვიცი რა უნდა ვუშველო. კიბოს წამალი გამოვიგონო? ისევ 8 წლის რომ ვიყო, კიდევ ხო.

 

იმედი მაქვს ოდესმე ვინმე გამოიგონებს კიბოს წამალს. ფაქტია, რომ ამით ბევრ ადამიანს გააბედნიერებს. მაქამდე კი უბრალოდ გვერდში უნდა ვედგეთ ონკოლოგიურ ავადმყოფებს. არ აქვს მნიშვნელობა, მეგობარია, ნაცნობი თუ უცნობი. არა, სულ იმაზე კი არ უნდა ელაპარაკო, რომ “შენ კიბო გაქვს, მე კიდევ მინდა რომ კარგად იყო”. უბრალოდ თავი მარტო არ უნდა იგრძნონ, არ უნდა დანებენენ და არ უნდა ეგონოთ რომ განაჩენია და ვსო - კვდებიან. გადარჩენის შანსი ყოველთვისაა, მაშინაც კი, როცა მე-4 სტადიაზე არიან. მთავარია იმედი. მე და ჩემმა მეგობარმა მაგ ღამეს ბევრი რამე გავაკეთეთ. ბევრი ვილაპარაკეთ, ჩავეხუტეთ, ჩუმად ვიჯექით, ვიღიმოდით, ზოგჯერ ვიცინოდით კიდეც, ტუალეტის კარი სამუდამოდ ჩავკეტეთ და ბარიდან ბევრი სალფეთკიც მოვტეხეთ. არ ვიცი სწორად მოვიქეცი თუ არა, მაგრამ იმ წამს ვფიქრობდი რომ სწორად ვიქცეოდი. არ ვიცი იმედი დავანახე თუ არა, მაგრამ თუ არა - sun will rise and we’ll try again.

 

 

 

და ბოლოს, ვიცი რომ რთულია, ყველაფერი თავზე გაყრია და უცებ იგებ რომ  მაგ ყველაფერს აზრი არ აქვს. კვდები. ყველაზე მთავარი მაინც ის არის რომ ამ ყველაფერს უნდა გავუძლოთ. რაც არ უნდა რთული ცხოვრება გვქონდეს, რაც არ უნდა ბევრი საშინელება ხდებოდეს ჩვენს გარშემო, რაც არ უნდა გვტკიოდეს და როგორც არ უნდა გვეზიზღებოდეს ცხოვრება, მაინც უნდა გავუძლოთ. თუნდაც იმიტომ, რომ ყოველთვის არის ჩვენს გარშემო ვიღაც, ვისაც ვუყვარვართ. ჰო, ვიმეორებ, ვიცი რომ რთულია, ვიცი რომ საზიზღრობაა და მოტივაცია არ არსებობს მაგრამ იმედის დაკარგვა ყველაზე საშინელებაა.

 

ეს კი მათ, ვისაც იმედის დაკარგვამდე ცოტა აკლიათ ან უკვე დაკარგული აქვთ და ჩემს მეგობარსაც. ჰო, და ვიცი, რომ მიხვდებით რომ მარტო ფიზიკურ სიკვდილზე არ გველაპარაკება ჩვენი საერთო მეგობარი ტაილერი, just in case.

 

ავტორი

პერწო

კომენტარები