გიყვარდეს თავი შენი - Insecurity

( სიტყვა)

პირველ რიგში, რა არის Insecurity? ჩემს ენაზე, ეს ჰგავს უძირო ორმოს. ამ ორმოსთან ახლოს მყოფ ხალხს ან მათ, ვინც უკვე ჩავარდნენ მასში, აქვთ დაბალი თვითშეფასება, ეჭვი ეპარებათ საკუთარ უნარებში და იმაშიც, არიან თუ არა  სხვებისთვის მოსაწონი. რომელიმე მაინც თუ გეცნობა - I must say - Welcome to Trench!

 

ყველა ამბობდა, 15 წლის ასაკში იმ მდგომარეობაში როგორ უნდა იყო, როგორსაც შენ აღწერო... კაი, გაჩერდი, შენ რა იცი ჯერ ცხოვრება რა არისო... შენ მე რამით გამაკვირვებო? ნუ შტერობ, რა დროს შენი ეგეთი ლაპარაკებიაო.

 

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მართლა არ ვიცი, რითი დაიწყო. თუმცა, ვიცი რამდენიმე კონკრეტული მიზეზები ჩემი პრობლემებისა. დავიწყებ იქიდან, რომ ოჯახმა არასრულფასოვნების კომპლექსი ჩამომიყალიბა. ახლა უეჭველად გაიფიქრებ, “იიი პატარა გოგო დაააბულინგეეეს”, მაგრამ საქმეც ზუსტად ისაა, რომ ყველაფერი პატარაობიდან იწყება. საშინელებაა, როცა არასდროს არაფრად გთვლიან და შენი ნათქვამი ყოველი სიტყვა და აზრის გამოხატვის მცდელობა სხვებისთვის აუტანელია. თანაც იმ ასაკში, როცა ყალიბდები და ცდილობ, გამოხატო შენი თავი. აუტანელია შემდეგი ფრაზების მოსმენაც: “გაჩუმდი შენ, რა იცი ერთი”, “აუფ, თავისი აზრები ჰქონია გოგოს”, “შენ გგონია ყველაზე ჭკვიანი ხარ?”... მრავალი ასეთი უაზრო წინადადების მოსმენის შემდეგ, გინდა-არგინდა, საკუთარ თავში იკეტები. ასე გაჩნდა ჩემი პირველი Insecurity.

 

პირველი ყოველთვის ყველაზე რთული შესაგუებელია და მერე თავისით მიდისო, ერთხელ მითხრეს. მართლაც, პირველს მალე მეორე მოყვა, მერე მესამეც და ასე მოვხვდი ორმოში. იმ ორმოში, პირველივე აბზაცში რომ ვახსენე. ამ ორმოს სტრუქტურა უფრო კარგად რომ ავხსნა, ჩემს პატარ-პატარა რაღაცებს მოვყვები.

 

ყოველდღიური დაუფასებლობისა და არაფრად ჩაგდებისგან დაღლილი ვიღვიძებდი. ადგომა და სკოლაში წასვლა მეზარებოდა. აწ უკვე ჩამოყალიბებულმა არასრულფასოვნების კომპლექსმა, ექსტროვერტ ადამიანს ხალხთან ურთიერთობა შემაძულა. დასაწყისში, რასაც სახლში ვერ ვამბობდი, ხალხთან ურთიერთობისას მაინც გამოვხატავდი ხოლმე, მაგრამ იმ ხალხშიც გამოჩდნენ ისეთები, რომლებმაც „ჩემზე მეტი იცოდნენ“ და, შესაბამისად, აქაც გამიქრა ხმის ამოღების სურვილი. ვგრძნობდი, რომ ჩემში პიროვნება კნინდებოდა და სულ უფრო ნაკლებად მინდებოდა არსებობა. უამრავჯერ მიფიქრია, რომ ყველაფერი უაზრობა იყო და ნებისმიერ წამს სიკვდილის შემდეგ, 1 თვეშიც კი აღარავის ვემახსოვრებოდი... ანუ ცხოვრების არსზე ჩავფიქრდი. ვერ ვიპოვე. ამაზე საუბარიც კი არ შემეძლო სხვასთან. მეგონა, რომ ვერავინ ვერ გამიგებდა და არავის მოვეწონებოდი. ლამაზ და ჭკვიან ადამიანებში მახინჯი იხვის ჭუკივით ვიყავი და უბრალოდ მინდოდა, რომ სიტუაციას გავცლოდი. ჰოდა, მეც ავდექი და რაღაც დროით ჩამოვშორდი. ხან რას ვაბრალებდი ჩემს მათთან არ ყოფნას, ხან რას, და მერე გაჩნდა კითხვები: “რა გჭირს?”, “ასეთი საქმიანი როდის აქეთ გახდი?” ამ კითხვებზე პასუხის გაცემამაც დამღალა - მუდმივად თავის არიდებას ვერ შევძლებდი, გადავწყვიტე, აღარ გავქცეულიყავი და უბრალოდ მათ დავმსგავსებოდი, ანუ, პრინციპში, სულიერად მოვმკვდარიყავი - იდენტობა დამემალა. იმის თქმა არ მინდა, რომ ხალხი იყო ცუდი,  უბრალოდ მე მქონდა პრობლემა და მის მოგვარებას მრავალი არასწორი გზით ვცდილობდი.

 

  

სიყალბის პერიოდი დიდი ხანი გაგრძელდა. მდგომარეობა მიუარესდებოდა. მრავალრიცხოვან აუდიტორიაში მარტოსულად ყოფნა თვითმკვლელობის ტოლფასი იყო, მაგრამ, რამდენჯერაც ჩემს ფიქრებზე დავიწყებდი ლაპარაკს, იმდენჯერ მახსენდებოდა, რომ შეიძლება შევზიზღებოდი ამ ხალხს, და რომც არ შევზიზღებოდი, დარწმუნებული ვიყავი, დამიკიდებდნენ. მაინც ან ყველანი ჩემსავით ყალბები იყვნენ ან ბედნიერები - როგორც გარედან ეტყობოდათ, ასე რომ ძაან უაზრობა იქნებოდა „მახინჯი იხვის ჭუკის“ გამო “დაგრუზვა”. ბოლოს უბრალოდ ვჩუმდებოდი. ბევრჯერ მიფიქრია, ნეტა, მე მე არ ვიყო-მეთქი. ვინ მინდოდა ვყოფილიყავი? არ ვიცი. ისიც არ ვიცი ზუსტად, რატომ არ მინდოდა მედ ყოფნა, მაგრამ ყოველდღე სარკეში ჩახედვისას ვხვდებოდი, რომ ნელ-ნელა უფრო ვემსგავსებოდი ბრბოს და რეალურად ეს მე არ ვიყავი. ნახე, ძაან ავიბურდე რა. არ მინდოდა, რომ  მე - მე ვყოფილიყავი, მაგრამ ისიც არ მინდოდა, რომ მე - მე არ ვყოფილიყავი. ახლა ეს ნაწერიც მაგრად აიბურდა და ჩემი თვითშეფასება ისევ დავარდა. მოკლედ, ბევრი ფიქრისგან გადაღლილმა ისევ სხვა ადამიანად ყოფნა ვარჩიე და ამით სიყალბეს ჩემი თანდათან განადგურების უფლება მივეცი.

 

როცა მარტო ვრჩებოდი, რაღაც სასწაული ფიქრები მომდიოდა თავში. რაც შეეხება გრძნობებს, იყო სულ სევდა. ვეღარაფერი მართობდა და ვეღარაფერს ვუჭერდი მუღამს. არაფრის მოტივაცია მქონდა და ყოველთვის იმაზე ვფიქრობდი, თუ რა შთაბეჭდილებას მოვახდენდი ჩემს წინ მჯდომზე. ბოლოს გავხდი ეგოისტი (ისედაც არ მაკლდა, მაგრამ ამ დროს პიკი მქონდა) და მეგონა, რომ პრობლემა მხოლოდ მე მქონდა. გაღიმებულ ადამიანს რომ ვხედავდი, მაგაზეც კი ვღიზიანდებოდი. სევდიანი ადამიანის დანახვისას ხომ საერთოდ. მეგონა, რომ იტყუებოდა და უბრალოდ ვიღაცების თანაგრძნობის გამოწვევა უნდოდა (არადა, რა შუაშია, ჰო?). ეგოისტი მხოლოდ მაგ მხრივ არ გავმხდარვარ. კი, ბოღმიანიც გავხდი. საშინლად არაადეკვატური ჩვევები ამეკვიატა. მეგობრებზე ვეჭვიანობდი, ოღონდ ეს რაღაც ეჭვიანობაზე მეტი იყო. 1 წუთითაც კი რომ დაეგვიანებინა რომელიმეს პასუხი, დეპრესიაში ვვარდებოდი და მეგონა, რომ დამიკიდა. სხვათაშორის, ამ მიზეზით ბევრი მეგობარი დავკარგე.

 

 

ჩემ გარშემო დიდი გამოქვაბული ავაშენე. ქვები საკუთარი ხელებით დავაწყვე. ყოველდღე - თითო-თითო. ბოლოსკენ გავხდი ‘ვითომ უემოციო ბავშვი’, რომელსაც ყველა და ყველაფერი ეკიდა და მხოლოდ სარგებლის მიღება უნდოდა ყველაფრისგან. რეალურად, ემოციები მანადგურებდნენ და სწორედ ამიტომ მერჩივნა, რომ საერთოდ არ მქონოდა ისინი. თან, ემოციები თუ არ მექნებოდა, ვინმე თუ დამიკიდებდა, მე უკვე დაკიდებული მეყოლებოდა და, გამოდის, რომ სადარდებელიც აღარ მექნებოდა. წარმოიდგინე, რამდენს ვფიქრობდი, რომ ასეთ დასკვნებამდე მივედი. სინამდვილეში, ასეთი, რა თქმა უნდა, არ ვიყავი და ტრანსფორმაცია, მტკივნეულთან ერთად, ძალიან რთულიც იყო. სულ უფრო და  უფრო ყალბი ვხვდებოდი და ამის გამო ჩემი თავი მზიზღდებოდა. ყველასთან და ყველაფერთან ერთად, შენი თავიც რომ გეზიზღება, მგონი, დროა, რომ მიხვდე - Dude, u need some help.

 

იცი, რისი თქმა მინდა? შენც თუ ასე ხარ, არაუშავს. ყველაზე მეტად იმის გააზრება მიჭირდა, რომ მარტო მე არ ვიყავი ასე და მარტო მე არ მადარდებდა ის უაზრო რაღაცები, რაზეც მოგიყევი ცოტა ხნის წინ.  ერთხელ ფსიქოლოგმა მკითხა: “შენი თავი შენ თუ არ გიყვარს, სხვა ვინღა შეგიყვარებს?”  მანდ გავჩერდი ზუსტად. დავფიქრდი და გავიაზრე, რომ თუ ასე გავაგრძელებდი, ან რეგრესისკენ წავიდოდი, ან ერთ ადგილას გავიყინებოდი. ორივე ცუდი ვარიანტი რომ იყო, მაგასაც მივხვდი და გადავწყვიტე, ჩემი გამოქვაბული დამენგრია. ბევრი რამის გაანალიზებაში ჩემი მეგობრებიც დამეხმარნენ, როცა ლაპარაკი დავიწყე. თურმე ყველას არ ვეზიზღებოდი. (აუ აქ გიფი უნდა იყოს გაოცების:დდ) ყველაზე მეტად ჩემი თავის პოვნამ მიშველა. წარმოიდგინე, ზიხარ და შენს თავს არ აძლევ საშუალებას, რომ ცხოვრების ამაოებაზე იფიქრო და რაღაც მუსიკას რთავ. უსმენ ამ მუსიკას და უცებ იგებ სიტყვებს - My name is Blurryface and I care what you think. შემდეგი სიმღერა გეუბნება - I’ve been thinking too much. მოკლედ, Twenty Øne Piløts-ის სხვა სიმღერებსაც რომ ჩავუჯექი და მთელი ალბომი აღმოვაჩინე ჩემი insecurity-ებით გამოტენილი, მაშინ დავრწმუნდი, რომ მარტო არ ვიყავი. ტაილერისგან მოსმენილმა Stay Alive-მ ჩემი მკვდარი სულიც გამოაფხიზლა და მიმახვედრა, რომ უნდა მებრძოლა.

 

 

დამეხმარა კომედიური სერიალებიც.  ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ 4 დღე ისე ცუდად ვიყავი, ლოგინიდან არ ვდგებოდი. წამოდგომაში სწორედ პოზიტივი დამეხმარა. გავიაზრე ისიც, რომ გართობაში თავი არ უნდა შემეზღუდა.

 

კი, ბრძოლა დავიწყე, მაგრამ ბოლომდე არ დამინგრევია ჩემივე აშენებული კედლები. ამ სტატიის წერისას, 3-ჯერ მხია mental breakdown-მა, მაგრამ ვუძლებ, იმიტომ, რომ ასწორებს ხოლმე ცხოვრება. არ მახსოვს, იმ ზღაპარში როგორაა, მაგრამ მე, როგორც ამ ამბის მახინჯი იხვის ჭუკი, ვცდილობ, რომ გზა გავიკვალო და არ მივცე საშუალება ჩემს კომპლექსებს უკან დამხიოს.

 

ჰოდა, აუცილებლად გახსოვდეს, რომ Overthinking არის ჩვენი უდიდესი მტერი. მე ძალიან დიდი ხანი მეგონა, რომ მარტო ვიყავი, მაგრამ ვცდებოდი. გადი სადმე, გაისეირნე, თუნდაც მარტო და მიეცი თავს მოდუნების საშუალება. ბევრი არ იფიქრო და ტარიელივით საგონებელში არ ჩავარდე. Just enjoy your life as it is.

 

და ბოლოს, “ამაოება ამაოთა ყოველივე ამაო”. მაგრამ არის რაღაცები, რაც ამაოების ამაოებას აბათილებს და ხალისს გვიბრუნებს. მთავარია, ვკონცენტრირდეთ კარგზე და რაღაც მაინც წავიღოთ ამ ამაოებიდან.

 

ავტორი

პერწო

კომენტარები