სიზარმაცე ბგერებს მიღმა

( სიტყვა)

წერა ისაა, რაც მიყვარს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამას ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ვაკეთებ. ამ სტატიის დაწერას იმაზე დიდხანს ვგეგმავდი, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი. ჯერ იმაზე ძლივს დავითანხმე თავი, რომ თემა ამერჩია. თემა რომ ავირჩიე, ნამდვილი ტანჯვა მერე დაიწყო - ხან სამეცადინო მქონდა, ხან მეცადინეობისგან ვიყავი გადაღლილი, ხან მუზა არ მსტუმრობდა, ხან უკეთეს მომენტს ველოდებოდი... შემდეგი ეტაპი კიდევ უფრო უარესი აღმოჩნდა - მუზამ ხელი მიჰყო უცაბედ, მრავალჯერად და შემთხვევით თავდასხმებს. ვიბომბებოდი ფრაზებითა და მონახაზებით, ვაფასებდი სტატიის პოტენციურ მონაკვეთებს და, ბოლოს, იძულებული გავხდი, ყველაფერი ჩამეწერა, სანამ მუზა გაქცევას დააპირებდა.

 

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, საუბარს სიზარმაცეზე ვაპირებ. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ, ჩემი ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად ჩამოყალიბებულ-შეკოწიწებული აზრით, სიზარმაცე ხშირად მარტო სიზარმაცე კი არა, ჰომოგენური (ერთგვაროვანი) ნარევია სტრესთან და მეტიც, ის, რაც ერთი შეხედვით გაფიქრებინებთ, რომ ზარმაცი ხართ, შეიძლება, სულაც არ იყოს სიზარმაცით გამოწვეული. ზოგადად, ქართველებს ბევრი რამის ერთ ქვაბში მოხარშვა გვიყვარს (ალბათ, ცალ-ცალკე ხარშვა გვეზარება). აი, მაგალითად, სიზარმაცეს თავისი სიმპტომებით ძალიან ჰგავს ტერმინი - Procrastination. ამ პატივცემულის ქართული თარგმანი ‘გაჭიანურებაა’, თუმცა ჩვენ ამ ტერმინის გამოყენებას მიჩვეულები არ ვართ. რამის გასაკეთებლად ფეხს ითრევ? ანუ გეზარება! Sorry, მარა this is ცრუ. სინამდვილეში, გაჭიანურებას ხშირად სულ სხვა მიზეზი აქვს.

 

შედეგი ორივე შემთხვევაში ერთია - დროის არაეფექტური გამოყენება და კრახი საქმეში.

 

მსგავსება სიმპტომების მხრივაც შეინიშნება. ორივე შემთხვევაში იცი, რომ რაღაც გაქვს გასაკეთებელი, მაგრამ მაინც უმოქმედოდ ზიხარ. სწორედ აქედან იტოტება სიზარმაცისა და გაჭიანურების გზები.

 

რა განასხვავებს სიზარმაცეს საქმის გაჭიანურებისგან?

 

მარტივად რომ მიგახვედროთ, ზარმაცი ადამიანი საქმეს არ აკეთებს, პროკრასტინატორი (თუ გსურთ, გამჭიანურებელი) - ვერ.  ანუ, თუ უბრალოდ ზარმაცი ხარ, მარტივად შეგიძლია, ადგე და საქმე გააკეთო, მაგრამ მოვალეობა დიდად არ გაწუხებს და დრო იმით გაგყავს, რაც მეტ სიამოვნებას განიჭებს. აი, თუ პროკრასტინატორების რიგს ეკუთვნი, პასუხისმგებლობა მთელი უმოქმედობის პერიოდში გტანჯავს, სტრესის აბაზანაში ტივტივებ, ერთი წამითაც კი არ გტოვებს ფიქრი იმაზე, რომ რაღაც გაქვს გასაკეთებელი, მაგრამ მაინც ზიხარ და არაფერს აკეთებ იმიტომ, რომ უბრალოდ არ შეგიძლია სხვანაირად მოქცევა. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ შენი ზარმაცი მეგობრისგან განსხვავებით, ამ დროს რამე სასიამოვნოს კეთებაში კი არ აბანდებ, უბრალოდ ზიხარ და ნერვიულობ. შესაბამისად, დროს იმაზე მეტად ფლანგავ, ვიდრე ზარმაცი ადამიანი. მერე ამ ყველაფერს თავს კიდევ უფრო ცუდად გრძნობ.

 

 

რატომ აჭიანურებ საქმეს - ანუ რატომ ხარ პროკრასტინატორი?

 

მთავარი მიზეზი სტრესია. დაფიქრდი, რა გაწუხებს. მართლა გეზარება ქიმიის სწავლა, თუ უბრალოდ იმიტომ ვერ ახერხებ წიგნის გადაშლას, რომ ელოდები, ის ვიღაც როდის მოგწერს? მართლა გეზარება სამსახურში წასვლა თუ უბრალოდ მეგობართან წაიკამათე და ამაზე ფიქრით ხარ დაკავებული? ხშირად, ფონზე გამავალ სტრესულ სიტუაციებსა და ჩვენი შრომისუნარიანობის დაქვეითებას ერთმანეთს ვერ ვუკავშირებთ, ამიტომ საკუთარ თავთან საუბარი და მასზე დაკვირვება აუცილებელია. ეს წარუმატებლობის ნამდვილ მიზეზს გაპოვნინებს და პრობლემის გადაჭრის შანსიც გაიზრდება.

 

სტრესის ქვეშ ექცევი მაშინაც, თუ, ჩემსავით, მაქსიმალისტ-პერფექციონისტი და დეტალებს ჩაკირკიტებული პედანტი ხარ (ვიცი, რომ პედანტი ისედაც მაგას ნიშნავს, ინტრიგანო). ამ შემთხვევაში, საქმის დაწყებას წინ უსწრებს ფიქრი კრახზე - რომ არ გამომივიდეს? რამე რომ ვერ გავიგო? სხვამ უკეთ რომ გააკეთოს? შეცდომა რომ დავუშვა? მერე ხომ ეს დრო დაკარგული იქნება? ამ და მსგავს კითხვებთან ერთად, ვითარდება ნეგატიური განწყობა, რაც ხელს გიშლის რაციონალურ ქმედებაში და იმის მიუხედავად, გინდა თუ არა საქმის სისრულეში მოყვანა, ვერ ბედავ თვალი პოტენციურ სირთულეებს გაუსწორო, იმიზეზებ ათას რამეს, რომ როგორმე საქმეს თავი აარიდო დააა... Voilà! შედეგად, შენ გაქვს გაფლანგული მთელი დღე, საკუთარ უნიათობას შეწირული ნერვები და უამრავი ეჭვი - საერთოდ ვინ ვარ და რა მინდა? გამოდის, რომ მაქსიმალისტობის გამო მინიმალურსაც კი ვეღარ აკეთებ.

 

გაჭიანურება თავდაპირველად თავდაცვითი ინსტინქტის როლს ასრულებს. ის სტრესისგან გიცავს. თუ კალკულუსს საერთოდ არ იმეცადინებ, არც იმ ფაქტთან შეჯახება მოგიწევს, რომ რამე არ გესმის. მაგრამ კომფორტის ზონა მაშინვე იმსხვრევა, როცა ყველა დავალება, რაც თავის დროზე არ შეასრულე, ერთმანეთში გადახლართული გხვდება და ხვდები, რომ ამ ქაოსს ან დაალაგებ, ან - ვერა, იმიტომ, რომ, შეიძლება, უკვე ძალიან გვიანი იყოს. ეს კიდევ უფრო გსტრესავს, გიქვეითებს პროდუქტიულობას, მიწასთან ასწორებს შენს თვითშეფასებას... გავაგრძელო, თუ მიხვდი, რომ შარში ხარ?

 

ჩემი აზრით, ზარმაცი და პროკრასტინატორი ერთი ხის სხვადასხვა ტოტები არიან. მეტიც, ისინი ტყუპებივით ჰგვანან ერთმანეთს და ღრმა დაკვირვებაა საჭირო იმისთვის, რომ გავიგოთ, რომელი რომელია. ინი და იანის (ჰო, ის ჩინური შავ-თეთრი რაღაც) შინაარსს რომ მივყვეთ, რაღაც კავშირს ამ სტატიის თემასთანაც ვნახავთ. ანუ - ყველა ზარმაცში იმალება რაღაც პროკრასტინატორული და ყველა პროკრასტინატორი, რაღაც დოზით, ზარმაცია. მთავარია, ამ ნარევის პროცენტული შემადგენლობა განსაზღვრო და თითოეულს შესაბამისი გზებით ებრძოლო.

 

  

როგორ ვაჯობოთ თავს?

 

ბერნანდ შოუ ამბობდა, ის, ვისაც შეუძლია, აკეთებს, ხოლო ის, ვისაც არ შეუძლია, სხვებს ასწავლისო. ამიტომ ყურადღებით მისმინე:

  • არ აქვს მნიშვნელობა ზარმაცი ხარ თუ სტრესის გამო დაგიქვეითდა პროდუქტიულობა, უნდა გაიაზრო, რომ ორივე შემთხვევაში პრობლემის წინაშე დგახარ და მას შენ გარდა ვერავინ მოაგვარებს;
  • გაიაზრე, რომ საშინაო დავალება, სამსახური და მსგავსი ვალდებულებები შენ გარდა კიდევ რამდენიმე მილიარდ ადამიანს აქვს. ნუ აღიქვამ ვალდებულებას კატასტროფად, უბრალოდ ღრმად ისუნთქე და გააკეთე ის, რაც გევალება;
  • დაფიქრდი შედეგებზე, რომლებთანაც შენი უმოქმედობა მიგიყვანს და მერე გადაწყვიტე, ღირს თუ არა ამოქმედება;
  • ვალდებული არ ხარ, სრულყოფილი იყო. უბრალოდ ის იყავი, ვინც ხარ და გახსოვდეს, რომ არავისი არაფერი გმართებს, გარდა საკუთარი თავისა;
  • ჩამოწერე, რისი გაკეთება გინდა. ასე პროცესი უფრო ორგანიზებული და ატანადი ხდება;
  • შეისვენე ყოველ ნახევარ საათში 5 ან 10 წუთით. ამ წინადადების საკუთარ თავზე მორგება ისე შეგიძლია, როგორც გაგიხარდება, მაგრამ ეცადე, დასვენება ძალიან არ გაგიგრძელდეს;
  • პირადად მე წარმოვიდგენ ხოლმე, რომ დავალების წერის დროს ჩემთან ერთად სხვაც მეცადინეობს. რამე თუ არ ესმის, ვუხსნი ხოლმე. ნამდვილ ადამიანთან ერთად  მეცადინეობა უბრალოდ არ გამომდის, მომიტევეთ;
  • „მაშინ მიუახლოვდა მას პეტრე და უთხრა: უფალო, რამდენჯერ მივუტევო ჩემს ძმას, რომელიც ჩემს წინააღმდეგ სცოდავს? შვიდჯერ? იესომ მიუგო: არ გეუბნები, შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ.“
    აპატიე შენს თავს, თუ ისევ იგივე გაიმეორე. უბრალოდ აპატიე;
  • ნეგატივში გახვევის ნაცვლად, იმაზე ფიქრი დაიწყე, რამხელა შვებას იგრძნობ დავალების შესრულების შემდეგ. შეძელი და განიცადე ეს ერთხელ მაინც, მერე ყველაფერი ბევრად მარტივია;
  • თუ იმას არ აკეთებ, რაც გევალება, ფილმს უყურე, წიგნი წაიკითხე, მეგობარი ნახე, რაც გინდა ქენი, ოღონდ დებილივით ნუ მიეწებები სკამს.

თუ ეს სტატია ბოლომდე წაიკითხე, არც ისეთი ზარმაცი ყოფილხარ, მაგრამ თუ ვერ დაგეხმარე და მაინც უმოქმედობას აგრძელებ, ამ სიმღერით მაინც გაილამაზე გარემო:

 

sapnu puas

კომენტარები