გელას აზრები - ახალი წელი

( სიტყვა)

ერთი კარგი ამბავი მაქვს და ერთიც - ცუდი. კარგი ისაა, რომ მალე ახალი წელია... წინასაახალწლო ფუსფუსი ყველას ოჯახსა და სამეგობროში. მეტი სიყვარული, მეტი პატივისცემა, მეტი სიკეთე. ხალხი მეგობრული ხდება და ქუჩაში იღიმის კიდეც. მაგარია. მოკლედ, ყველა ბედნიერი და ცხოვრების მადლიერია. ცუდი ისაა, რომ მეტწილად ეს ყველაფერი ტყუილია.

 

ჰაა, არ ელოდი? არ დაგხვდა ქართული მედიისთვის დამახასიათებელი კარგად შეფუთული პოზიტიური ემოციები? დიახაც! სულ არ მინდა გრინჩობა. მართლა. მაგრამ, აქ არის ერთი მაგრამ! ხელოვნურობა კლავს. აი ყველაფერს მუღამში იმას უშვრება (აჯვამს). Let me explain.

 

ესე ზოგადად დღესასწაულები მაგრად ასწორებს. არ ვარ ინტროვერტი, ხალხთან ურთიერთობაც მიყვარს და ზოგადადაც, მგონია, რომ ადამიანი თუ რამისთვის ცხოვრობს, პირველრიგში - ემოციებია. დღესასწაულებზე ერთმანეთის ერთმანეთით გახარებაზე სასიამოვნოც ძალიან ცოტა რამეა ამ სამყაროში. უბრალოდ, მე პრობლემა მაქვს არარაციონალურობასთან. მგონია, რომ დადებითი ემოციების ქონა მაინც და მაინც არარაციონალურობას არ უნდა ნიშნავდეს. აქ დაიწყო ჩემი ქიშპობა ქართულ ახალ წელთან.

 

ქართული საახალწლო სუფრა - აქ უკვე სერიოზულ კონფლიქტში შევედი საკუთარ კულტურასთან. რავი, მე მგონია რომ არ ვარ უტვინო. მესმის რაღაცები და როგორც წესი, კანონზომიერებებში ვხედავ ხოლმე ლოგიკას. მაგრამ, დღემდე ვერ ვხვდები, რატომ არ არის საახალწლო სუფრებზე, მართლა რისი ჭამაც გვინდა - ის. აი, მინდა რა ხინკალი და არ მინდა ეს დებილობა სალათი. კარგად იცი, რომელ სალათზეც ვიძახი. რატომღაც ყველაფერი ისე არ მოხდება როგორც მინდა. ოჯახში რომ 4 ადამიანიდან 3 ვეგანი იყოს, ნეტა იმ ერთისთვის მაინც გიგანტური ოდენობის საცივს გააკეთებენ? ტიპები ვალებს იღებენ, ოღონდაც დიდი დაკლული, გაჭრილი, კორპუსთან ახლოს მდებარე თონეში შემწვარი გოჭი საახალწლო სუფრაზე იყოს. კაცო, ბაზარი არ არის, გემრიელია, მაგრამ ვალის აღება იმისთვის, რასაც დიდი ალბათობით ნახევარს გადაყრი, ცოტა არ იყოს, ძაან დებილობა მგონია. რამდენად სასაცილოც არ უნდა იყოს, საბოლოო ჯამში ყველაფერი თავის (და სხვების) მოტყუებამდე დადის. რომ თითქოს, იმ რაღაცების ტრაკი გაქვს, რისიც რეალურად არ გაქვს. რაღაცეებს ხლართავ და თავს იტყუებ, მხოლოდ იმიტომ რომ კალენდარში დეკემბრის 31 წერია. რეალობაშიც ყველაფერი ისე რომ იყოს, როგორც გინდა, ის დაუკმაყოფილებლობის გრძნობა არ დაეგეუფლებოდა, რომელიც მალე დაგეუფლება. ჰაჰ. ხოდა, როგორც წინა წელს, დაჯდება საშუალო ქართველი წელსაც სუფრასთან, ჩვენს კაცობას გაუმარჯოსო, მერე მთელი წელი არაფერს გააკეთებს რომ მომავალ 31 დეკემბერს უკეთესად შეხვდეს და ასე...

 

თან მარტო კონკრეტულ ტიპებში არ ხდება ასე. როცა საახალწლო განათებები დააყენეს, ყველამ აქო და ადიდა ბატონი კახი (კახი თბილისის მერს ჰქვია). ჯერ არასდროს არ ყოფილა ქალაქი ასე ნაზი! ნეტა, რატომ არ არის განათებები ცენტრალური უბნების გარდა არსად? ვარკეთილს არ უხდება სილამაზე? თუ დიდი მნიშვნელობა არ აქვს ტურისტის პირველად შთაბეჭდილებას? - კახეთის გზატკეცილზე ერთი ნათურაც კი არაა. დიღომში ქარია და ლამაზი ნათურებისთვის არავის სცალია? არა, მეგობრებო. სინამდვილეში უტრაკოები ვართ. უტრაკოები (:Utrakoebi/ - ქართ: ღარიბები, ფული არ გვაქვს). ასე მოვრთავთ 2 ქუჩას ლამაზად და გვგონია, რომ ქვეყანა ვართ. სიღარიბე, უმუშევრობა, გაჭირვება ყველას ავიწყდება. რა დროს ეგენია, ნახე სიყვარულით სავსე ქალაქი ვართ. მაგ სიყვარულით სავსე ქალაქში ყოველდღე ათეულობით ათასი ბავშვი შიმშილობს. უხ ეს კაპიტალისტი და მატერიალისტი გელაო, თქვენ იტყვით. სიყვარულისთვის რომ ვერ მოიცლის ადამიანი, თუ მას შიმშილი აწუხებს, ამაზე მასლოუმ იბაზრა თავის დროზე. და მე პირადად, პირადი წარმატებების მიუხედავად, სანამ რეალობა ასეთი იქნება, მაგრად მეკიდება ყველანაირი უწი-პუწი ლამაზი განათება. რუსთაველზე პარლამენტთან ხალხი შვილების მკვლელების გასამართლებას ითხოვს და ქუჩის ბოლოს, თავისუფლებაზე დიდი წარწერაა - „სიყვარულით სავსე ქალაქი“. ბოდიში, ამ მოცემულობაში მე ახალი წელი დიდად არ მიხარია.

 

 

ბევრია თან ასე. რაღაცები რომ უხარიათ, მაგრამ უფრო მეტი რომ არ უხარიათ. მიუხედავად ამისა, ასეთი ადამიანები მაინც ვყვებით ამ პერიოდის თავისებურებებს. მაგალითად, 25 დეკემბრის მერე საქმეზე ვეღარავის ვეღარ ურეკავ. „აჰ, წინასაახალწლო სამზადისში იქნება“. ღადაობა ისაა, რომ ვისთვისაც უნდა დაგერეკა, იმასაც უნდა შენთან საუბარი. მაგრამ, საოცრება, ისიც ფიქრობს, რომ „ვახ, სამზადისში იქნება“. ხოდა ასე უნდა გაძლო კაი ხანი. 25 დეკემბრიდან - კარგ შემთხვევაში 7 იანვრამდე, ცუდში (თუ პარტნიორი ნამდვილი ‘ქართველივით’ იქცევა) – 14-მდე. ძველით ახალი წლის და ახლით ძველი წლის აღნიშვნა ხო აუცილებელია?!

 

რავი, არ მიწყინოთ რა ასეთი განწყობა. კიდევ კარგი დროულად გავჩერდი და ნაძვის ხის ტრადიციას არ გადავწვდი. უნდა აღვნიშნოთ ყველაფერი, მაგრამ, მოდი, თავი არ მოვიტყუოთ რა. დანარჩენი 364 დღე რაღაც ვაკეთოთ, რომ ყოველი შემდეგი შობა-ახალი წელი უკეთესი გავხადოთ.

 

ავტორი

გელა

კომენტარები