საშობაო რიტუალების წარმოშობის ისტორია - არც ისე ფერადი და კეთილი

( სიტყვა)

ძველი წელთაღრიცხვით 6-4 წლის (სამწუხაროდ, ზუსტი თარიღი არავინ იცის) უჩვეულოდ სუსხიანი დეკემბრის 25 რიცხვში, ბეთლემში იშვა იესო ქრისტე, შობისთანავე გარდაიყარა ცაზედ ღრუბელი და ამოკიაფდა ვარსკვლავი, მახარობელმა მწყემსებმა კი მთელს ერს ამცნეს იმ უდიდესი საიდუმლოს განხორციელება, რასაც ქრისტეს განკაცება ჰქვია - ეს ქრისტესშობის დღესასწაულის ნამდვილი განმარტებაა,

ან იქნებ ირმებიანი სვიტრის ჩაცმა, გოზინაყისთვის თაფლის მოხარშვა, პრეზიდენტის მილოცვის ყურება და ღვინით გამოტყვრომაა ჩვენი შობა-ახალი წელი?


არა, არა, მეგობარო, ვერ გამოიცანი, ეს სტატია იმაზე არაა, თუ რა ცუდები და საშინლები ვართ ქართველები, ზამთრის დღესასწაულებზე არისტოკრატულად ჭიქა ღვინოს რომ არ ვწრუპავთ და ნაცვლად ამისა, დაბრმავებამდე ვსვამთ. 


შობა არც ირმებიანი სვიტრის ჩაცმაა და არც ცაზე ვარსკვლავის აკიაფება, - რეალურად, სადღესასწაულო რიტუალებს შორის ბევრია ისეთი, რომელსაც ქრისტიანობასთან კავშირი საერთოდ არ აქვს, ბევრსაც კი გაცილებით მეტი საერთო აქვს ბოროტებასა და ლუციფერთან, ვიდრე ქრისტესა და სიკეთესთან - ამ სტატიაში საშობაო რიტუალების წარმოშობის ისტორიაზე მოგიყვებით.


ის ფაქტი, რომ სტატიის პირველივე წინადადებაში სასტიკად მოგატყუეთ, მოსვენებას არ მაძლევს და სიმართლე უნდა გაგიმხილოთ. კი ვთქვი ქრისტე დეკემბრის 25-ში იშვა მეთქი, თუმცა ეს სინამდვილეში, არავინ იცის. მაშ, საიდან მივიღეთ ეს თარიღი ? ჩვენი წელთაღრიცხვით 340 წელს, პაპმა იულიუს I-მა ქრისტესშობის ფიქსირებულ თარიღად 25 დეკემბერი გამოაცხადა, თუმცა არსებობს შობის მინიმუმ 3 სხვა სავარაუდო თარიღი: 29 მარტი, 6 იანვარი და ივნისის მეორე ნახევარი.


   

იულიუსიდან 250 წლის შემდეგ, პაპმა გრეგორიმ წმინდა აუგუსტინეს მისცა დავალება, გადმოეყვანა უღმერთო ბრიტანელები ქრისტიანულ რელიგიაზე. 25 დეკემბრის დღესასწაულმა აუგისტინეს მისია ძალიან გაუმარტივა, საქმე ის იყო, რომ ბრიტანელი წარმართები შუა-ზამთარში ისედაც აწყობდნენ რამდენიმე საზეიმო ფესტივალს, იმავე თარიღის ახალი დღესასწაულის შეთვისება კი მათთვის არც ისე მტკივნეული აღმოჩნდა.

ასე რომ, შობა-ახალი წლის პერიოდში დაბრმავებამდე ღვინით გამოტყვრომა არც მამაშენის მოგონილია და არც მისი ძმაკაცი გურამჩიკასი. მიწათმოქმედ საზოგადოებაში ზამთარი არის წელიწადის დრო, როცა მოსავლის აღების პერიოდი უკვე დასრულებულია და ადამიანს არანაირი საქმე აღარ აქვს, გარდა ნადიმობისა, ხოდა ეს ქრისტესშობამდელი ადამიანები ცდილობდნენ მაქსიმალურად მოერთოთ და გაენათებინათ ოთახები, რათა ზამთრის დადგომასთან ერთად შემოკლებული დღის სევდა განექარვებინათ. ასეთი დღესასწაული იყო რომაული ბაქხანალია, იგივე სატურნალია, ან სკანდინავიური იულე.


სატურნალიის დღესასწაული 19 დეკემბერს იწყებოდა და ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ დროს რომაელები უდიდეს მორალურობასა და სიკეთეს ამჟღავნებდნენ, ხურავდნენ სასწავლებლებს, არ სჯიდნენ დამნაშავეებს, ღარიბებს საჩუქრებს ურიგებდნენ და ზოგიერთი დიდსულოვანი ბატონი მონასაც კი ათავისუფლებდა ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით სატურნალიის ზეიმი ქრისტესშობის აღნიშვნაში გადაიზარდა, რომაელთა ღმერთ სატურნს არაფერი ჰქონდა საერთო იესო ქრისტესთან. რომაელ ასტროლოგებს სწამდათ, რომ სატურნის ნიშნის ქვეშ დაბადება ავის მომასწავებელი იყო. საქმე იმაშია, რომ სატურნმა, როგორც მოსავლის აღების ღმერთმა, გადაწყვიტა თავისი ცელი გამოეცადა და საკუთარი შვილები ჩახოცა, შემდეგ კი მიირთვა (ნუ, როგორც ამბობენ შობას ბევრს ვჭამთ ხოლმე - ეს ხუმრობით). მიუხედავად იმისა, რომ სატურნალი აღარ აღინიშნება, მისი კვალი შობის თანამედროვე აღნიშვნაში შემორჩენილია.


ქრისტესშობის საღამო, ტრადიციულად, მიუსაფარი სულების დედამიწაზე ხეტიალის პერიოდია. როგორც მაგალითად, ებინიცარ სქრუჯი ჩარლზ დიკენსის „საშობაო ზღაპრებიდან“. ლეგენდის თანახმად, თუკი შობის ღამეს სასაფლაოზე ორმოს გათხრი, ოქროს იპოვი, თუმცა ძალიან მამაციც ნუ იქნები, ამ დროს საქონელი ოთხზე ხოხვას და ადამიანის ხმით ლაპარაკს იწყებს. თუ ეკლესიას საშობაო ლიტურგიის დროს დატოვებთ(!), აუცილებლად წააწყდებით ქუჩაში მოხეტიალე მოჩვენებებს.

 

სუპერგმირებზე თუ გადავედით, ბარემ სანტას ისტორიასაც მოგიყვებით. ვინ არის თეთრწვერა, კეთილი, პუტკუნა კაცი, რომელიც ხალხს ეხმარება? ლეგენდის მიხედვით, მე-4 საუკუნეში იყო სამი და, რომლებსაც მამა მეძავობას აიძულებდა, რათა ოჯახის გამოსაკვებად საჭირო თანხა გამოემუშავებინა - წმინდა ნიკოლოზმა გაიგო მათ შესახებ და სახლის საკვამურში 3 ოქროს მონეტა ჩააგდო, რომელიც ცეცხლთან გასაშრობად დაწყობილ წინდებში ჩაცურდა (მიხვდებოდით, ამიტომ ვკიდებთ ხოლმე ბუხარზე წინდებს).


წმინდა ნიკოლოზის პერსონაჟმა ტრანსორმაცია განიცადა და 21-ე საუკუნეში სანტა კლაუსის სახელითაა ცნობილი. სანტას პირველი ილუსტრაცია 1860-იან წლებში, ერთ-ერთ ჟურნალში გამოჩნდა, რომელშიც იგი სრულიად მწვანე ტანსაცმელში იყო გამოწყობილი. თანამედროვე სანტა კი 1930-იან წლებში კოკა-კოლამ შექმნა, რომელმაც ტრადიციული მწვანე სამოსი ბრენდის ფერებით ჩაანაცვლა.


  

ნაძვის ხე უკვე გაანათე ხო ? ევროპაში საშობაოდ ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია მხოლოდ 1840 წელს დაინერგა, როცა დედოფალმა ვიქტორიამ გერმანელ პრინც ალბერტზე იქორწინა. სკანდინავიურ/გერმანულ კულტურაში ნაძვის ხის, როგორც მარადმწვანე მცენარის დღესასწაულზე გაჩენა იყო სიმბოლო იმისა, რომ ბუნება კვლავ გაიღვიძებს, თუმცა ეს ტრადიცია ერთ სკანდინავიურ მითსაც შეიძლება დავუკავშიროთ.


იდუმალებით მოცულ ქალღმერთ კიბელეს, რომელიც მთის მწვერვალებზე ცხოვრობდა და დააქროლებდა ეტლს, რომელშიც შებმული ჰყავდა ლომები და ჯიქები, მოკვდავი ჭაბუკი ატისი შეუყვარდა. ატისმა კი მოკვდავი ქალი ამჯობინა, რამაც სასტიკად განარისხა ქალღმერთი. კიბელე მივიდა მათ ქორწილში და ყველა გიჟად აქცია. ჭკუიდან გადასული ატისი ტყეში გაიქცა და თავი ნაძვის ხის ქვეშ მოიკლა. მისი მოსაგონებელი დღესასწაულები კი ისევ კიბელემ დააწესა.


აი რაზე უნდა იფიქროთ, როცა ნაძვის ხის ლამაზი სათამაშოებით მორთვას დაიწყებთ...


ხო მართლა, კინაღამ დამავიწყდა, მოსაზრება, რომ სანტა კოკა-კოლამ შექმნა, მართლაც არსებობს, თუმცა, რა თქმა უნდა, ტყუილია და იგი წითელ-თეთრ ფერებში ჩაცმული 1930 წლამდეც იყო შემჩნეული.

კომენტარები