რჩევები აბიტურიენტებს

( სიტყვა)

აბიტურიენტები ჯერ წყნარად არიან. გამოცდა არც თუ ისე ახლოსაა. ალბათ ამიტომ, წლის ამ მონაკვეთში თავს არავინ იწუხებს მათთვის რჩევების მისაცემად. და როცა თავს იწუხებენ - გვიანია ხოლმე.

 

აბიტურიენტი წინა წელს ვიყავი და ვიცი ეს პერიოდი რა სირთულეებთანაცაა დაკავშირებული. საშინელი პერიოდი იყო. ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი პერიოდი. გული მერევა, როცა წინა წელი მახსენდება. მაგრამ რაღაცნაირად გავძელი. უფროს მეგობრებს რჩევები ვკითხე, მივდექ-მოვდექი და დღეს სტუდენტი ვარ.

 

ახლა წარმოიდგინეთ, თითქოს მებრძოლთა კლუბში მოხვდით. მე ტაილერი ვარ და უნდა გითხრათ წესები, თუ როგორ გადარჩეთ ამ კლუბში.

ხოდა, ასე - წესი N...

 

 

 1. ემოციური ფონი

 

ემოციები მნიშვნელოვანია! ერთწლიანი მომზადების შემდეგ თუ რამემ შეიძლება ხელი შეგიშალოს - ნერვიულობაა. გამოცდაზე შენთან ერთად უამრავი უცხო ადამიანია ოთახში, მათ შორის - 2 დამკვირვებელი. შეიძლება გამოცდის დაწყებამდე ვინმემ დახმარება გთხოვოს, გამოცდისას დამკვირვებელმა - ჩუმად ყოფნა და ა.შ. ამ ტიპის კომუნიკაციებმა არ უნდა მოგწყვიტოს სამუშაო გარემოს.

 

არ უნდა იფიქრო იმაზე, თუ რა ხდება გარეთ. რომ დედა გელოდება, რომ შენი კლასელი შენზე მაღალ ქულას აიღებს, რომ სასურველ უნივერსიტეტში ვერ მოხვდები... საგამოცდო მაგიდასთან კონცენტრირებული უნდა იყო მხოლოდ და მხოლოდ მოცემულ დავალებებზე!

 

ეცადე წინასწარ წარმოიდგონო საგამოცდო ოთახის სიტუაცია. ეს ხრიკი წესით, შეგიმსუბუქებს საგამოცდო სტრესს.

 

2. გამოიმუშავე უნარები

 

უამრავი მასწავლებელი მოსწავლეს დაზუთხვისკენ უბიძგებს. ვერ ვიტანდი დაზუთხვას. არც გამომდიოდა. მასწავლებლები სწავლის ამ ხერხს იმით ამართლებენ, რომ თითქოს ცოტა დროა გამოცდებამდე და სხვა გზა არ აქვთ. არადა, ეს ასე არაა.

 

საგამოცდო პროგრამაში მართლაც ზღვა მასალაა და უბრალოდ შეუძლებელია ყველაფრის დაზეპირება. მითუმეტეს - 4 საგანში. ამიტომ, დაზუთხვას, აჯობებს გამოიმუშავო გამოცდისთვის საჭირო უნარები და მიიღო ზოგადი ცოდნა.

 

მაგალითად, ქართულის ესე... არ ეცადო გამოცნობა, თუ რა თემატიკის ესე მოგივა დავალებად. ამას აჯობებს მიეჩვიო კრიტიკულ სიტუაციებში წერას... გამოცდაზე ესესთვის მიახლოებით ერთი საათი გექნება, შენ კი, სანამ ემზადები, შეგიძლია ეცადო ესეების 20 წუთში დაწერა. თუ ამას მიეჩვევი, ეროვნულებზე 1 საათი ძალიან დიდ დროდ მოგეჩვენება და აუღელვებლად წერის საშუალებაც გექნება.

 

3. ნუ წუწუნებ

 

უხ, წინა წელს ბევრი ვიწუწუნეთ. პანიკა იყო, საშინელი სიცხეებია გამოცდების დროს, ჯოჯოხეთი მაგასთან შედარებით მაცივარიაო. ამასთან ერთად, 10-დან 11 კალამი ‘ტრუხაა’ და სიცხეში მელანს ასხამსო. მერე გამოცდები გადადეს და ამაზე კიდევ უფრო ავნერვიულდით.

ვიწუწუნეთ, აბსოლუტურად უაზროდ დავხარჯეთ ენერგია, მაგრამ ამ წუწუნმა რაღაც ეფექტი მოგვცა. ზოგიერთ საგამოცდო ცენტრში კონდიციონერი დააყენეს და მოგვიანებით მაია მიმინოშვილი გადააყენეს. ასე რომ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ და თქვენს საქმეზე იყოთ კონცენტრირებულები. თუ რამე იყო გასაუმჯობესებელი, წინა წელს გაუმჯობესდა.

სულაც არ ცხელა ეგრე. და თუ ცხელა, მზის სხივები გაწუხებს, ან რამე სხვა შეგაწუხებს, დამკვირვებლებს მიმართე და მაქსიმალურად ეცდებიან შენს დახმარებას.

  

  

4. ჩაიცვი კომფორტულად

 

ჩათვალე, მიდიხარ ჩვეულებრივ ბრძოლაში. თქვენს გარდა სხვაც წასულა - მაგალითად, 1202 წელს ანუკი მხარმოკლე ბასიანის ბრძოლაში. თქვენი აზრით, როდესაც ანუკი ბრძოლის წინ ჩაცმულობაზე ფიქრობდა, რას ანიჭებდა უპირატესობას - რამე პრაქტიკულს და შედარებით კომფორტულს თუ აბსოლუტურად შეუსაბამო ქუსლიან ფეხსაცმელს და კაბას?

 

მართალია - რამე პრაქტიკულს. არც თუ ისე მძიმე რკინის პერანგს და დავიღალე რა ამ ბასიანით.

 

მოკლედ, ჩაიცვით მოსახერხებლად. გამოცდა რამდენიმე საათი გრძელდება და ამ დროის განმავლობაში თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეთ. არც იფიქროთ, რომ იქ ვინმეს ადარდებს თქვენი ჩაცმულობა. სულ გაუმჭვირვალე მოსასხამით რომ გამოცხადდეთ, მაინც არავინ მოგაქცევთ ყურადღებას.

 

ხოდა, რომ შევაჯამოთ,

ამერიკის მერამდენეღაცა პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა თქვა:

 

„Before the battle, everything is about preparation. Once the battle starts, preparation doesn't mean anything.“

 

და თუ ეს ფრაზა ვერ გაიგე, ბექას სკოლას მიაკითხე. კარგი ხალხია, რომელიც ინგლისურის გამოცდის დაძლევაში დაგეხმარება.

აბა თქვენ იცით! გამოცდებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი!

 

37:0

კომენტარები