წარსულის ზღაპრები: მეხსიერება და ქალაქი

თუ შენ 25 წლის ხარ და საუკუნის მეოთხედი ზურგს უკან გაქვს მოტოვებული ალბათ გახსოვს, რომ ერთ დროს შუქი გრაფიკით მოგვეწოდებოდა და დროის დიდ ნაწილს ეკრანის გარეშე ვატარებდით. შეიძლება, ჩრდილებითაც გითამაშია ნავთის სანათის ან პარაფინის სანთლის შუქზე და ხელზე შემთხვევით ან არაშემთხვევით მოხვედრილი სანთლის წვეთის უცნაური სიმხურვალეც გახსოვს. შეიძლება, აკუმულატორზე დაერთებულ მომცრო ეკრანის ტელევიზორსაც მოესწარი, საიდანაც აუცილებლად გაიგონებდი სიტყვებს «გადადექი! გადადექი! გადადექი!» და თუ მეხსიერება კარგი გაქვს, ბაბუს ჩაის ჭიქაც შეიძლება გახსოვდეს. თუ ეს ყველაფერი, ასე თუ ისე, გახსოვს, გილოცავ, ერთ ნავში ვსხედვართ, ერთნაირ სკოლაში გვისწავლია, ერთნაირი მასწავლებლები გვყოლია (რომლებიც სემესტრის ბოლოს გაცინებით გვემუქრებოდნენ) და ეროვნულ გამოცდებზეც ორივეს ზოგადი უნარების გამოცდა გვაქვს ჩაბარებული. ხომ გახსოვს, მართალია, რომ ტყუილია, რომ მართალია, რომ სოკრატე ფილოსოფოსია? 

როგორც ამბობენ, ადამიანის ტვინის ის ნაწილი, რომელსაც მეხსიერების ფაილებში ჩალაგება ევალება, ეგრე მუშაობს, რაღაცას იმახსოვრებს, რაღაცას ივიწყებს. რაც შენ დაგავიწყდა, შეიძლება, მე მახსოვდეს, რაც მე დამავიწყდა, შეიძლება, შენს მეხსიერებას შემორჩა (ჰო, ის არ გემახსოვრება, მამამ პირველად რომ წამიყვანა სათევზაოდ, ეგ ხომ პირადი მოგონებაა, მე მახსოვს მარტო, შეიძლება, მამაჩემსაც). 

ასე თუ ისე, მოდი, იმაზე შევთანხმდეთ, რომ არსებობს ინდივიდუალური და კოლექტიური მეხსიერება. ინდივიდუალური შენია ან ჩემი, კოლექტიური კიდევ — ჩვენი. 

ინდივიდუალური მეხსიერება შენ პირად განცდასა და გამოცდილებაზე დგას, კოლექტიური — შენი გამოცდილებისა და განცდის მიღმაა, თან სხვისია და თან შენი. შეიძლება, წაგიკითხავს, შეიძლება, მოგისმენია, შეიძლება, ვიდეო კადრები გინახავს. თუ დაფიქრდები, გაგახსენდება, რომ ჩვენი კოლექტიური მეხსიერების ნაწილია 9 აპრილი, რომელიც არცერთ ჩვენგანს უშუალოდ არ განგვიცდია, მაგრამ მაინც გვახსოვს. პარლამენტის წინ მონუმენტიც გვაქვს, 9 აპრილის ბაღიც და სადღაც 9 აპრილის ქუჩაც უნდა იყოს.

მოკლედ, სადღაც გადაწყდა, რომ 9 აპრილი მნიშვნელოვანია და ამ მოვლენის სახელი დაერქვა სხვადასხვა ობიექტს. ამ ობიექტებს მეხსიერების ადგილებს ვეძახით. 

მოდი, აქვე ისიც ვთქვათ, რომ ერის კოლექტიური მეხსიერებისთვის მნიშვნელოვანია მოგონება კოლექტიური მსხვერპლის შესახებ. თბილისში რამდენიმე ობიექტი ატარებს კოლექტიურ მსხვერპლთა სახელს, მე სულ ორი მახსენდება, მეტრო სადგური 300 არაგველი და ცხრა ძმის ქუჩა. ალბათ, ამ გაგებით, 9 აპრილიც კოლექტიური მსხევრპლის მოგონების მაგალითია. 

სანამ ავტობუსი ვარაზისხევის ქვაფენილს აუყვება, მარცხნივ, თეთრ კედელთან, წითელმუნდირიან გუშაგებს მოკრავ თვალს, რომლებიც ხმლებით ხელში, რაღაცას იცავენ. როგორ ფიქრობ, რას იცავენ? — კი, იცავენ კოლექტიური მეხსიერების ადგილს, რომელიც საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სახელებს ინახავს. მოედანსაც ეგრე ჰქვია — გმირთა მოედანი. 

გმირების სახელები, ისევე, როგორც ის, თუ რა უნდა ახსოვდეს ხალხს, დროსთან ერთად იცვლება. საბჭოთა კავშირის დროს გმირთა მოედანი საბჭოთა გმირების სახელებს ინახავდა. თავისუფლების აღდგენის შემდეგ ძველი გმირები ახალმა, დამოუკიდებლობისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულმა გმირებმა ჩაანაცვლა. 

თბილისში თავისუფლების მოედანიც გვაქვს, რომელსაც ადრე ლენინის მოედანი ერქვა. დღეს თავისუფლების მოედანს თითქმის არავინ ეძახის ლენინის მოედანს, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით კოლმეურნეობის მოედანზე. კოლმეურნეობის მოედანი დღეს ორბელიანის მოედანია, მაგრამ ქალაქის მეხსიერებამ რატომღაც მოედნის ადრინდელი სახელიც შემოინახა. გვაქვს პირველი რესპუბლიკის მოედანიც, რომელსაც 2005 წელს ვარდების რევოლუციის მოედანი დაარქვეს, ამ რამდენიმე წლის წინ კი ისევ გადაარქვეს სახელი და პირველი რესპუბლიკის მოედანი გახდა. 

რეჟიმებისა და ხელისუფლებების ცვლილებამ მოედნებს, რაიონებს, უნივერსიტეტსა და ქუჩებსაც კი შეუცვალა სახელი. ერთ დროს რომ თსუ ი. ბ. სტალინის სახელობის იყო, დღეს ცოტას თუ ახსოვს. 

მოკლედ, ჩვენი კოლექტიური მეხსიერებით ვიღაცები თამაშობენ, ძირითადად ხელისუფლებები, რომლებიც წყვეტენ, რა უნდა გვახსოვდეს, როგორ უნდა გვახსოვდეს და რატომ უნდა გვახსოვდეს. ეს თითქოს ცუდი სცენარის შეთხვევაა, ვიღაც რატომ უნდა წყვეტდეს, რა უნდა გვახსოვდეს და რა არა, მაგრამ უარესიც არსებობს. ხანდახან ხელისუფლებები იმასაც წყვეტენ, თუ რა არ უნდა გვახსოვდეს, რა უნდა დავივიწყოთ. ამას სოციალურ ამნეზიას ვეძახით. სოციალურ ამნეზიაზე სხვა დროს ვისაუბროთ, ერთი იმას გეტყვით, რომ ასეთი ამნეზია მედიკამენტოზურ მკურნალობას არ ექვემდებარება. 

ქალაქის მეხსიერება, რასაც «Urban Memory”-ის ვეძახით, კოლექტიური მეხსიერების ერთი ტიპი, ან ერთი ქვეტიპია. ურბანული სივრცეში მდებარე ობიექტები, — ქუჩები, მოედნები, ბაღები, მეტრო-სადგურები, — დროთა განმავლობაში სახელებს იცვლიან და ეს ცვალებადობა კოლექტიურ მეხსიერებაზე ზემოქმედების ყველაზე ხილული მაგალითია. 

რახან აქამდე მოვედით, მოდი, ასეთი დასკვნა გავაკეთოთ: წარსული ბოლომდე არასდროს კარგავს მნიშვნელობას. წარსულში მომხდარი მოვლენები პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი შეიძლება გახდეს. წარსულში მომხდარი ზოგიერთი მოვლენა აწმყოში მდებარე ფიზიკური სივრცეების სახელებად იქცევა და ამ გზით კოლექტიური მეხსიერების ნაწილი ხდება. ასე აგებული და გაგებული კოლექტიური მეხსიერება მარტივად ემორჩილება პოლიტიკური რეჟიმების მხრიდან ზემოქმედებას. მსგავსი ზემოქმედების ძირითადი ფორმა ცვლილებაა. სივრცეები ჩვენ გარშემო სახელებს იცვლიან, ხდებიან კოლექტიური დავიწყების ან კოლექტიური დამახსოვრების ობიექტები, ჩვენ კი მხოლოდ ის დაგვრჩენია, მყარად ვიდგეთ საკუთარი მეხსიერების სადარაჯოზე. 

ავტორი-ბადრი ოყუჯავა