30 წელი გასულა საქართველო-ამერიკის მეგობრული კავშირის გაბმიდანო, ჭორები დაირხა. მე პირადად არ გადამითვლია. მეგობრობაში წლებს არ ითვლიან, უფრო, ამბებს, ვინ რამდენჯერ დათვრა, ვინ რამდენჯერ შეურიგდა ყოფილს, ვის სად აუცდა ფეხი — პირდაპირი მნიშვნელობით და სხვა.
ჰოდა, ვიფიქრე, ამდენი ხანი გავიდა და ამბები ჩვენს ცნობიერებაში დაილექებოდა მეთქი. მაგრამ მთლად ასეც, არ მეგონა.
შეიძლება ოდნავ შაბლონური წარმოდგენა მქონდა — ვფიქრობდი, ამერიკა უფრო ახალგაზრდებისაა, ჩვენ უფრო ვიცით, ჩვენ უფრო გვახსოვს და ვხვდებით მეთქი. მაგრამ გზადაგზა აღმოვაჩინე, რომ მეტისმეტად ეგოისტურად მგონებია — ჩემი წილი ამერიკა მხოლოდ მე რომ მქონდა და დედაჩემს, ბიძაჩემს და ჩემს მეზობელ მამუს არა.
თუმცა, იმის კვალობაზე, რომ ჩემი ამერიკული გამოცდილება მხოლოდ ამერიკული კულტურის ასე, შორიდან, აღქმასა და გამოცდას ეფუძნება, წესით ბევრის პრეტენზია არც უნდა მქონოდა. ბოლო-ბოლო იმ ჩემი მეზობელი შუახნის მამუსგან განსხვავებით, თავისუფლების მიწაზე ჯერ ფეხიც არ დამიდგამს და არც ნიუ ორლეანსში მოვხვედრილვარ ჯაზ-ფესტივალზე.
მოკლედ, როგორც გავარკვიე, ყველას თავისი წილი ამერიკა ჰქონია და ზოგს, სიმართლე გითხრა, ძაანაც უცნაური.
ვიკითხე ერთთან და მიპასუხა — ჩემთვის, ამერიკა პატარა საყვარელი ქალაქებია, ყველა ერთმანეთს რომ იცნობს, დღისით დილამშვიდობისას ეუბნებიან, საღამოს ქალაქის ყველასთვის ნაცნობ ბარში მოსხდებიან, ნაცნობ ბარმენს ტრადიციულად თითო კათხას ჩამოასხმევინებენ, ზოგჯერ ყოველდღიურ დიალოგს ლაივ მუსიკას ან როკენ-როლსაც დაურთავენ და ასე მშვიდად გაიყვანენ მორიგ საღამოსო. ბარის შესასვლელთან ამერიკის დროშაც ფრიალებს და იქვე ‘ოლდ სქულ’ ჰარლი დევიდსონებიც დგასო.
მოკლედ, მე კი ვუთხარი ეგ წილზე ცოტა მეტია-მეთქი… მაგრამ სიმართლე გითხრათ, ისე მოყვა, ფაქტობრივად მეც იქ ვიყავი, იმ ბარში.
მერე ნათლიაჩემს ვკითხე — საბჭოეთ-გამოვლილი ქალბატონი ბრძანდები და შენი წილი ამერიკა გქონდა კი მაშინ-მეთქი? ახედ-ჩახედა ამ ჩემს თავხედობას და მითხრა, შენ რომ ახლა მუსიკას უსმენ და თავი მაგარი ტიპი გგონია, მე მაგ ბენდებს ჯერ კიდევ მაშინ ვრთავდი ფირსაკრავზე, აკრძალული რომ იყო და შენი არსებობა ჯერაც არ განიხილებოდაო.
იქვე მოჰყვა, როგორ აპარებდა საბჭოეთში აკრძალულ ფირფიტებს ამოუცნობი მანქანებით სახლში — რა გზებით შოულობდა, ამას არ ამხელს. ჰოდა, ნათლიაჩემის წილი ამერიკა მუსიკა და კონტრაბანდული ფირფიტები აღმოჩნდა — აეროსმიტი, დორსი, სტეპენვულფი, მეტალიკა, ჰაულინ ვულფი, ნინა სიმონი, ჯენის ჯოპლინი…
სინანულით კი გავიფიქრე, ალბათ, რა რომანტიკა იმალება ტანჯვა-წამებით ნაშოვნ ფირფიტაში, ვერასდროს ვიგრძნობ მეთქი და იუთუბზე ჯენის ჯოპლინის სასურველი სიმღერა წამნახევარში ჩავრთე.
მერე ერთი მეგობარი გამახსენდა, მაღალი ფასეულობების მქონე, განათლებული, ჭკვიანი, დაბალი, უხვი, მდაბალი — მოკლედ, აი ისეთი, მისი წილი ამერიკის შესახებ უეჭველი რომ უნდა გამეგო და უცბად გავნათლებულიყავი. მეც ვკითხე. დაჯდა და 30 წუთი იფიქრა.
იფიქრა…
იფიქრა…
და ბოლოს, ბურგერიო მითხრა.
მეც ჩემდათავად ვკითხე, რასა და რას შორის გიწევდა არჩევანის გაკეთება, თავისუფლებასა და ბურგერს შორის-მეთქი?
ბევრს აღარ გავარძელებ, სიმართლე გითხრათ, მეც ბურგერს ავირჩევდი, უბრალოდ, მისგან გამიკვირდა.
მოკლედ, ოჯახშიც შემოვიკითხე და, მამაჩემის წილი ამერიკა UFC ყოფილა. ჩემი მეგობრის ჯერომ სელინჯერი თავისი ჰოლდენ კოფილდით. დედაჩემი პასუხზე ჯერ ისევ ფიქრობს და ალბათ ამ სტატიის დასრულებას ვერ მოუსწრებს.
არ შეგეშინდეთ, მაღალმატერიალური პასუხებიც იყო — ჩემი წილი ამერიკა იმედი არისო; თავისუფლებაო — როგორც იქნა, ვიღაცის ნათელმა გონებამ მაინც თქვა; ერთმა კარლ საგანიო; მეორემ, ნასა და აი, ის მომენტი, ადამიანმა მთვარეზე პირველად რომ დადგა ფეხიო.
ჰოდა, ის მომენტიც დადგა, უკვე მე რომ უნდა მიმენიჭებინა რამისთვის ჩემი წილი ამერიკის სტატუსი და მივხვდი, ზემოთ ხსენებული მეგობარი 30 წუთი რატომ ფიქრობდა. ალბათ, ეშინოდა, ერთზე მეტის თქმის უფლება არ მექნებაო.
ჩემი წილი ამერიკა გუგლია — ყველაზე მაგარი გამოგონება, რომლითაც ყველგან, სადაც ინტერნეტია, წვდომა გაქვს აქამდე ჩატარებულ სამეცნიერო კველვებზე, კაცობრიობის ისტორიაზე, ჩვენი გალაქტიკის სავარაუდო მომავლის თეორიებზე — მოკლედ, იმ ინტელექტუალურ პროდუქტებზე, რაც აქამდე კაცობრიობას დაუგროვებია. ჰოო, გუგლი და, ასე თუ ისე, ყველასათვის ხელმისაწვდომი ცოდნებია ჩემი წილი ამერიკა.
ასე და ამგვარად — მუსიკიდან ბურგერებამდე, ბურგერებიდან თავისუფლებამდე, თავისუფლებიდან ჰარლი დევიდსონამდე, გუგლიდან პოდკასტებამდე… ყველას ჩვენი წილი ამერიკა გვქონია — ატლანტის ოკეანე გადალახული და საქართველომდე მოღწული.
ახლა წავალ და ინტერნეტით ბოძებული რესურსებით, რაიმე მკაცრად ამერიკულ მუსიკას მოვუსმენ…
*Ray Charles’s Georgia on My Mind sounds in distance*