
ცხოვრება რთული რამაა, ეს ყველამ ვიცით. დაიბადე? ჰოდა, შეეხეთქე დაბრკოლებებს და ეძებე გამოსავალი! პრობლემა ყველას სხვადასხვა აქვს, ზოგს მეტად მძიმე, ზოგს — «ნეტაი შენ რა…», თუმცა არის ერთი უნივერსალური, საყოველთაო საზრუნავი, ხშირად პრობლემად რომ იქცევა ხოლმე — საკუთარი თავისთვის დიაგნოზის დასმა. პირადად მე, უკვე დიდი ხანია ვარკვევ, რა ‘მჭირს’ და რაღაც პროგრესიც მაქვს. ერთ-ერთი, რაც ამ მრავალწლიანი ძიების შედეგად გამოიკვეთა, სიტყვა ინტროვერტია.
ვინაა ინტროვერტი? საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული განსაზღვრების თანახმად, ინტროვერტი განუზომელი სიმშვიდითა და უთქმელობით გამორჩეული ადამიანია, რომელსაც იშვიათად თუ იხილავთ ხალხმრავალ ადგილებში საკუთარი ასოციალურობის გამო. სხვა ფართოდ გავრცელებული დეფინიციების მსგავსად, სიმართლის რაღაც ნაწილს ეს განმარტებაც შეიცავს, მაგრამ სათქმელი კიდევ ბევრია. სამწუხაროდ, ინტროვერტთა სახელის გარშემო ჩამოყალიბებულია სტერეოტიპებში გახვეული სტიგმა — თითქოს ამ ადამიანებს დაქვეითებული აქვთ გარკვეული უნარები და უჭირთ საზოგადოების სრულფასოვან ნაწილად ყოფნა. შესაბამისად, ხშირად ფიქრობენ იმასაც, რომ ინტროვერტებს სხვებზე ნაკლები ღირებულება აქვთ და მეტიც, ზოგის აზრით, მათ განკურნება სჭირდებათ.
რატომ გაჩნდა სტერეოტიპები და რატომ ითვლება ინტროვერტობა არასასურველად?
ადამიანთა უმრავლესობას ეზარება საკითხების ღრმად შესწავლა, ამიტომ, ზოგადი ცოდნისთვის, საშუალო მაჩვენებელს აიღებენ ხოლმე და ყველა მსგავს შემთხვევას ამ მაჩვენებლით აფასებენ. ასე ყალიბდება სტერეოტიპი. ასე მოხვდა ყველა მორცხვი, წყნარი, თავშეკავებული, ასოციალური, დაბალი თვითშეფასების ან/და შფოთვითი აშლილობის მქონე ინტროვერტის სახელქვეშ. საზოგადოებამ ინტროვერტობა უცნაურ, ნეგატიურ მოვლენად აღიქვა, რადგან ის არ ჰგავს გაკერპებული ლიდერის ხასიათს. სტერეოტიპულად თუ აზროვნებ, გეცოდინება, რომ ლიდერი ყოველთვის ექსტროვერტია (მართლა თუ აზროვნებ, მიხვდები, რომ ეს მეტად პრეტენზიული სისულელეა). ინტროვერტობამ ნამდვილად შეიძლება პატარ-პატარა პრობლემები შეგიქმნათ, მაგრამ თუ ამას დროულად გაიაზრებთ, შეფერხებას სწრაფად გამოასწორებთ. აი, მაგალითად, ინტროვერტობამ პირველად ხელი რომ შემიშალა, ცამეტი წლის ვიყავი. მასწავლებელმა ულტიმატუმი წამიყენა — ან კლასში იაქტიურებ, ან ათიანს დაემშვიდობეო. არც მაშინ მესმოდა და არც ახლა მესმის, რატომ ითვლებოდა აქტიურობად ყველა კითხვაზე ხელის აწევა, მაგრამ საქმეს ასე სჭირდებოდა და, იმ დღის შემდეგ, ხელის აწევა ხასიათში გადამივიდა.

მალევე შევნიშნე, რომ ტელეფონზე შემომავალი ზარი დისკომფორტს მიქმნიდა და არც მე შემეძლო უცხო ნომრის აკრეფა «გთხოვ, არ მიპასუხო“-ს გარეშე. მეუხერხულებოდა ახალგაცნობილ ადამიანებთან საუბარი და არც ხმაურიანი წვეულებები იყო ჩემთვის ედემის ბაღი, მღლიდა ხალხისგან წამოსული კითხვები და კომენტარები — «ინტროვერტი რანაირად ხარ, შენ არ მოხვედი გასაცნობად?», «კარგად საუბარი შეგიძლია, დარწმუნებული ხარ, რომ ინტროვერტი ხარ?», «არადა კარგი ადამიანი ხარ…», «მეტად აქტიური უნდა იყო, თორემ დაიჩაგრები», «რა ჩუმად ხარ, ვერ ერთობი?» და ა.შ. საზოგადოების დამოკიდებულება რომ დავინახე, ჩავთვალე, რომ რაღაც მართლა არ იყო წესრიგში და უნდა გამოვსწორებულიყავი. მრცხვენოდა იმისი აღიარება, რომ ინტროვერტი ვიყავი და თავს ვაძალებდი, ექსტროვერტი გავმხდარიყავი.
ექტროვერტობა კი ხან გამომდიოდა, ხან არა. მტკიოდა, მაგრამ რაღაც ახალსაც ვსწავლობდი. ასე გრძელდებოდა იქამდე, სანამ ჩემი ერთი ნაცნობი მეორეს ეტყოდა, ფუ, რა ინტროვერტი ხარო. იმ მომენტში მივხვდი, რომ სულაც არ ვფიქრობდი, რომ «ფუ» და თუ ისევ გავაგრძელებდი «მკურნალობას», ამით სხვა ჩემნაირებსაც იმავესკენ ვუბიძგებდი. იმ დღის მერე ვცდილობ ჩემი თავი მივიღო და მასთან ერთად ცხოვრებას ახლაც ვსწავლობ.
დრო და ენერგია ტყუილად რომ არ დახარჯო, ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებ — იმად ყოფნა, ვინც არ ხარ, ამაო და არაფრისმომცემია. გაიაზრე, რომ ინტროვერტობაში უცნაური, მიუღებელი და მითუმეტეს — სამკურნალო არაფერია. არც ისაა აუცილებელი, ყველა ლიდერი იყოს (How many more leaders do you want?). თუნდაც ვიღაც ფიქრობდეს, რომ «ფუ», გახსოვდეს, რომ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და არც შენ დაბადებულხარ ინტროვერტად შემთხვევით. და საერთოდ, ინტროვერტი და ექსტროვერტი (და მათი საშუალო, ანუ ამბივერტი) მხოლოდ სიტყვებია, რომლებიც ნათელყოფს მათ პირობითობას. კაცობრიობა კი განვითარების ისეთ საფეხურზეა, უბრალოდ სირცხვილია, გჯეროდეს, რომ ინდივიდის მთელ თავისებურებას ერთ მოცუცქნულ სიტყვაში ჩაატევ. შესაძლებლობები ყველას თანაბარი გვაქვს. სამყაროში ყველა ჩვენგანისთვისაა ადგილი. თუ ვერ პოულობ, დაფიქრდი, იმ ადგილს ეძებ, რომელიც გინდა, თუ იმას — რომლისკენაც სხვებმა გიბიძგეს?

თუ თავს ინტროვერტად მიიჩნევ, ქვემოთ მოყვანილი ფაქტები, ალბათ, ისედაც კარგად იცი. დანარჩენებს კი, გთხოვთ, გახსოვდეთ:
- ინტროვერტი სიჩუმეს საჭიროების გარეშე არ არღვევს და ეს მორცხვობის კი არა, მისი თავშეკავებული, წყნარი ბუნების დამსახურებაა;
- თუკი ინტროვერტისთვის მოსმენა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე საუბარი, ნუ იფიქრებთ, რომ მას სათქმელი არაფერი აქვს. სინამდვილეში, ის დიდ დროს უთმობს ფიქრს (ან უბრალოდ თქვენთან საუბარი არ უნდა) და გაჭირვების ჟამს, გამოსადეგი რჩევის მოცემა ნამდვილად არ გაუჭირდება;
- ინტროვერტობა არ ნიშნავს ხალხის სიძულვილს – ინტროვერტს სხვების მსგავსად შეუძლია საზოგადოების სრულფასოვანი ნაწილი იყოს – დაამშვენოს წვეულებები, გააბას დიალოგები… მაგრამ სოციალური ფუსფუსი მას ღლის, განტვირთვაში კი ცოტა ხნით განმარტოება ეხმარება ხოლმე;
- ინტროვერტს შეუძლია გართობა, უბრალოდ, ამას, უმეტესად, მეგობრების ვიწრო წრეში აკეთებს. მოკლედ, მისთვის მნიშვნელოვანია, ვისთან დახარჯავს დროსა და ენერგიას;
- ინტროვერტი და მარტოსული სინონიმები არ არიან. ინტროვერტი არ გაურბის ადამიანებს, თუმცა ისიც მართალია, რომ მისთვის საკუთარი თავი ერთ-ერთი საყვარელი კომპანიონია.
Mic drop.