ქართველი მაყურებელი მუდმივად იყო მოლოდინში, რომ საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ენაზე შექმნილი ხარისხიანი ანიმაცია ენახა. საინტერესო გმირებით გაცოცხლებული რეალობა, როგორც სამყარო, რომელიც მაშინვე შეგვიყვარდება ხოლმე. მოგვეცა ეს შესაძლებლობა და10 მარტიდან უკვე შეგვიძლია ვუყუროთ ახალ ქართულ ანიმაციურ სერიალს «სხვა ლეველის ოდისეა», რომელიც მხოლოდ 2 სერიის შემდეგაც დაგვამახსოვრებს თავს. მთავარი გმირი, 17 წლის დავითა ქმნის გარემოს, სადაც ნებისმიერი ასაკის, პროფესიის, ინტერესის მქონე ადამიანი კომფორტულად იგრძნობს თავს და იფიქრებს, რომ სერიალში განვითარებული მოვლენების მონაწილეა. ამ ყველაფერს უფრო გულწრფელს და თვალსაჩინოს ის ხდის, რომ სერიალზე ანიმაციაზე შეყვარებული ადამიანები მუშაობენ, რაც ნამუშევრის ხარისხს და გულწრფელობას ნამდვილად ეტყობა. ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელი განებივრებულია უამრავი საინტერესო ანიმაციური სერიალით, როცა კარგი ხარისხის ნამუშევარი შენს ქვეყანაშიც იქმნება და შენს რეალობას ასახავს, ბევრად ახლობელი ხდება შენთვის. უფრო გულშემატკივრობ გმირს, განიცდი მის წარუმატებლობას და, შესაბამისად, გიხარია წარმატება. გმირი ხდება შენი, როგორც მაყურებლის ანარეკლი და შენთან ერთად ცდილობს საქართველოში არსებული პრობლემებისა და დაბრკოლებების გადალახვას. თავგადასავლებისა და უცნაური ამბების მოყვარულები, ალბათ ერთხელ მაინც დავფიქრებულვართ, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო პარალელური სამყარო. გვქონია სურვილი, რომ მხოლოდ წარმოსახვითაც კი გაგველამაზებინა და ჩვენვე გვემართა რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით, ან გვსურს რომ ვიყოთ. “სხვა ლეველის ოდისეა” ზუსტად ამ მიზანს ემსახურება — დროებით მოწყვიტოს ადამიანი ყოველდღიურ რუტინას და ამოგზაუროს სამყაროში, სადაც ყველაფერი შესაძლებელია. სადაც ხვდები, რომ ნებისმიერი ცვლილება საკუთარი თავიდან იწყება — მთავარია გჯეროდეს.
მთავარი გმირი, სახელად დავითა ცხოვრობს ყოველდღიურობაში, რომელსაც დამღლელად უფერული იერი დაკრავს. თავიდანვე იგრძნობა, რომ ის იწყებს “გმირის მოგზაურობას” და ამ მოგზაურობის თანამონაწილეს გვხდის ჩვენ, მაყურებლებს, რომლებიც მასთან ერთად ვიწყებთ ამ ახალი გამოწვევისკენ სვლას. ამ თავგადასავალს გმირის მოგზაურობად აქცევს ფაქტი, რომ დავითა დაკარგული მამის წერილის პოვნის შემდეგ იწყებს განსხვავებული ნაბიჯების გადადგმას. მამა, რომელიც მას ერთგვარ შინაგან ხმად ევლინება, ამ შემთხვევაში, დავითასთვის არის როგორც ცვლილებების აუცილებლობის ნიშანი, ასევე, მენტორი, რომელიც მუდამ დაეხმარება გზის გაკვალვაში.
დავითას წიგნების თაროზე კარლ სეიგანისა და ჟან ბოდრიარის წიგნები დევს. ბოდრიარის წიგნს მის ნამუშევართან “სიმულაცია და სიმულაკრა” მივყავართ, რაც გვაფიქრებინებს, რომ წინ დიდი თავგადასავალი გველის. როგორც ჩანს, ანიმაციაზე მომუშავე ადამიანებს პირველ რიგში ბოდრიარის მოსაზრებებზე დაყრდნობით შექმნილი ერთ-ერთი საინტერესო შედევრი «მატრიცა» უყვართ, შემდეგ კი ისეთი საინტერესო ანიმაციური სერიალები, როგორებიცაა “Rick and Morty”, “BoJack Horseman”, “The Midnight Gospel” და სხვა.
დავითა შეაბიჯებს სამყაროში, რომელიც, ერთი შეხედვით, მხოლოდ უცნაური ვიზუალით და გმირების ქმედებებით განსხვავდება არსებული რეალობისგან. სხვა მხრივ, პრობლემები და დაბრკოლებები ახალ სამყაროშიც იგივეა — ტყუილი, ღალატი, თავისუფლების შეზდუღვა და ასე შემდეგ. თუმცა, დავითას მიერ აღმოჩენილი პარალელური სამყარო გვიჩვენებს, რომ ეს პრობლემები მოგვარებადია. ამ სამყაროში შენ ხარ სუპერგმირი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია. პარალელური სამყაროს არსის გააზრება გეხმარება იმის გააზრებაშიც, რომ რეალურ სამყაროში შეგიძლია იყო სუპერგმირი, რომელსაც პრობლემების გადალახვა და გადაჭრა შეუძლია. სერიალი, ისევე, როგორც გმირის მოგზაურობა იწყება მინიშნებით, მიწისძვრით, რომელიც გვატყობინებს, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, რაღაც ახალი უნდა დაიწყოს როგორც დავითას, ასევე, სხვა ადამიანების ცხოვრებაში. ეს ვონეგუტისეული დროის რღვევა აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ სიახლეების მნიშვნელობამ დაგაფიქროს.
ვირტუალური სამყაროს დანიშნულება ისაა, რომ ნებისმიერი რამ, რაზეც შეიძლება ითქვას, რომ უაზროა, ჩვენვე შეგვწევს ძალა, აზრი და დანიშნულება მივცეთ. საპნის ბუშტი, რომელიც თავისუფლებას ითხოვს იმის მანიშნებელია, რომ თავისუფლება, როგორც ცნება უზენაესია. ადამიანი მუდმივად ცდილობს ცხოვრების აბსურდულობას არ შეეგუოს და შეებრძოლოს. სანამ ბრძოლას დაიწყებს, ამ აბსურდულობის დანახვა, მისი აღიარებაც კი უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯია მთავარი ღირებულებების აღმოჩენისა და ათვისების გზაზე.
ალბერ კამიუ ამბობს – “უნდა წარმოვიდგინოთ, რომ სიზიფე ბედნიერია.” სიზიფე ლოდის დაგორების პროცესში თავის უბედურებას იაზრებს, თუმცა, როგორც კი ეს ლოდი მწვერვალზე მიაქვს, იმ მომენტში, როცა წარმატების და წინსვლის შესაძლებლობა ეძლევა – ბედნიერია. საინტერესო ისაა, რომ დავითა პარალელურ სამყაროში ეცნობა არა იდეალურ სამყაროს, არამედ, კვლავ ისეთს, ზოგჯერ დამახინჯებულს, როგორიც რეალურადაა. ერთი განსხვავება ისაა, რომ რეალურ სამყაროში გარე ფაქტორები ახდენენ მის ხასიათსა თუ ქმედებებზე გავლენას, პარალელურ სამყაროში კი ის გრძნობს, რომ თავად შეუძლია სამყარო გახადოს ისეთი ღირებულებებით დახუნძლული, როგორიც წესით უნდა იყოს.
ჭეშმარიტებისა და მაღალი ღირებულებების მნიშვნელობის გასააზრებლად, რეალობა ირღვევა, დრო ირღვევა, მაგრამ, საბოლოოდ, გმირი უბრუნდება საწყის ადგილს. ზუსტად ეს ფაქტი აქცევს ხოლმე ღირებულს ანიმაციურ სერიალებს, რომლებიც პარალელურ სამყაროზე გვიყვებიან. გმირის მოგზაურობის მთავარი არსი და მიზანიც ისაა, რომ გამოცდილებებით დატვირთული გზის გავლის შემდგომ, გმირი ჯერ თავად ჩამოყალიბდეს საკუთარი თავის მაქსიმალურად უკეთეს ვერსიად – სუპერგმირად, შემდგომ კი ეს გამოცდილება სხვებს გაუზიაროს და, ასე ვთქვათ, სახლში დააბრუნოს დიდი მოგზაურობიდან.
მიმდინარე 2 სერია მაფიქრებინებს, რომ სერიალი ზუსტად ამ იდეით განაგრძობს მაყურებლის გაოცებას და მოახერხებს, ბოლომდე შემოიჭრას ჩვენს გონებასა და გულში. ამას კი უკეთ 5 მაისს გავიგებთ, როცა მომდევნო 2 სერიის ყურების შეაძლებლობა მოგვეცემა. გმირი რომ მთელი სამყაროს გადარჩენას და, ამის პარალელურად, საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს, ამტკიცებს, რომ სამყაროს სწორად ფუნქციონირებისთვის, საჭიროა, ყველა ადამიანი ბედნიერად და თავისუფლად გრძნობდეს თავს. თითქოს, ყველა ადამიანის თავისუფალი გადაადგილება მამოძრავებელი ძალაა იმისთვის, რომ სამყარო იდეალური იყოს. ზუსტად ასეთად მესახება ამ ანიმაციური სერიალის წამოწყებაც — ქართველ (და არამარტო) მაყურებელს შეახსენოს, რამხელა ძალა აქვს ერთიანობას და პრიორიტეტად დაყენებას იდეისა, რომელიც საკუთარ თავში სუპერგმირის ძიებას, მისი აღმოჩენის შემდეგ კი სრულიად სამყაროს შედარებით ფერად ადგილად გადაქცევას მოიაზრებს.
ავტორი: მეკო