
გენეზისი
ასე, 4 წლის ვიყავი, დედაჩემი რომ მეუბნებოდა, ეჰ, რო იცოდე, სტუდენტობის წლები, რა წლებიაო.
შეიძლება ორისაც.
აქ ჩემი ცნობიერების ჩატვირთვიდან რამდენი ხანი იყო გასული და დედაჩემმა მოწყენილობის ჟამს რატომ გადაწყვიტა, რომ თავის შვილს უნდა გასაუბრებოდა, არ აქვს მნიშვნელობა.
სტუდენტობის წლები რომ საუკეთესო წლები იყო, ეგ იმ თაობის კოლექტიური გამოცდილებაა, რომელსაც წესით სტუდენტობა ჩაკეტილი საზღვრებით, ინფორმაციული ვაკუუმით, უჯინსობით, უბიტლზობით, ულედზეპელინობით უნდა გამოეცადა, რადგან სოვეცკიი საიუზი ამ დასავლურ ხიმანდრობებს კრძალავდა.
შეიძლება ხელი ავიქნიოთ, ფაბრიკაში ნაყიდი გაძვირებული კოკტეილი მოვხრუპოთ და ვთქვათ, მაგათი კაი სტუდენტობის არ მჯერაო.
თუმცა, ადამიანები ერთმანეთის სუბიექტურ გამოცდილებებს თუ არ ვენდეთ, აბა სხვას რას ვენდოთ ქვეყანაში, სადაც ობიექტური სამართალიც კი არაა?
ამიტომაც, მჯერა, მჯერა რომ დედაჩემის სტუდენტობის წლები მისთვის საუკეთესო იყო.
და მეც, მაშინ, 4 წლის რომ ვიყავი, ვიმედოვნებდი, სტუდენტობისას საუკეთესო წლები დამიდგება-მეთქი.
სულ ტყუილად.
დედა, Can’t relate.
ქართველი სტუდენტი
ის ხომ გავლილი თემაა, სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ხალხი ცნობიერების სხვადასხვა — ერთმანეთისგან თვისებრივად განსხვავებულ — დონეზე რომ ვხვდებით ხოლმე? აი, მაგალითად, ამერიკელი Gen-Z რომ ქართველ Gen-Z-ის ნაკლებად ჰგავს.
იმიტომ რომ ქართველ ჯენ ზის, ბუმერებისა და მილენიალელებისგან ის ტვირთი ერგო, წინა თაობას რომ გაუცნობიერებელი და მოუგვარებელი დარჩა.
მილენიალებმა არ მიწყინოთ, აქ ყველანი, მათ შორის — თქვენც — მსხვერპლები ხართ.
ხომ გსმენიათ, ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებასო? ჩვენს ყოფიერებას თუ დავაკვირდებით, გასაკვირი არაა, რატომ არ ჩამოგვიყალიბდა მაინცდამაინც წესიერი ცნობიერება. ხოლო პირიქითა აღქმას თუ უფრო ემხრობით — მაღალვიბრაციული ცნობიერებით რომ არ გამოვირჩევით, ამას FB — ს ჩასქროლვიდან 5 წუთშიც მიხვდებით.
ქართველი სტუდენტი დაიარება, თავს უხერხულად გრძნობს და ჰგონია თვითონ სჭირს რამე — 10-დან 12 კაცი ეუბნებოდა, საუკეთესო წლები გელისო. ზოგჯერ იმასაც ფიქრობს, ეს ყველაფერი შეთქმულების თეორიაა, რადგან ain’t nothing sauketeso in having no money and protesting shit every other week -ო.
ასეა, სხვანაირად კი არ იქმნება მითი?!
რას მოიცავს საშუალო სტატისტიკური ქართველი სტუდენტის 1 სტუდენტური წელი, aka 2 სემესტრი საქართველოში:
გამოცდებს
და მოდი ვაღიაროთ, ზოგჯერ გამოცდებით მოგვრილი ადრენალინი გვაგრძნობინებდა, რომ ცოცხლები ვიყავით და რაღაცას ისევ შეეძლო ჩვენთვის სიამოვნების მონიჭება.
გამოცდის საუკეთესო ნაწილი ის იყო, რომ მთავრდებოდა და ოდნავი გამარჯვების განცდას გიტოვებდა. (რომელსაც ახლა თასქების დასრულება ან იმ სარეცხის გარეცხვაღა თუღა ანაცვლებს, 2 კვირაა შენს კალათაში ახალ სიცოცხლეს რომ ქმნის)
ის სიამოვნება საერთოდ რად ღირდა, ჯგუფში, სადაც საშუალოსტატისტიკური ხალხი სწავლობდით, სხვების ფონზე ნიჭიერი ან საკმარისად სარკასტული თუ გამოჩნდებოდი?!
პარასკევ საღამოს გულაობებს
ჩემს ზოგიერთ თანამშრომელს თუ დავუჯერებთ, მათთვის ყოველი დღე ჭაჭა პარასკევი იყო. თუმცა ჩავთვალოთ, რომ არაპრივილეგირებული სტუდენტი ხარ, რომელსაც გულაობისთვის განსაზღვრული კონკრეტული თანხა აქვს — შედეგად კვირაში ერთხელ კანუდოსში, იაფად ნაყიდ ლუდში ახრჩობ ხოლმე დარდებს.
რაც არ უნდა იყოს, პარასკევი საღამო უკვე არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსით სარგებლობს და სანამ ზრდასრულობის ტვირთი კიდევ უფრო მძიმედ დაგატყდება შანსი გაქვს დიდაქტიკურ იდეებზე, ფილოსოფიაზე და ათას ყ**ობაზე შენს მეგობრებთან ერთად ხმამაღლა გაჰყვირო ხოლმე.
ხალხს შეაწუხებ, მეც, მაგრამ ეგ არაფერი, მიყვარს გაბრაზებული რომ ვარ.
დაბალანაზღაურებად სამსახურს
რადგან სისტემა ზოგადად საქართველოში დაბადებულებს და შემდეგ ამაზე მუდამ მწუხარეებს დიდად არ გვწყალობს.
აქ რთულად აღსაქმელი ისაა, ზუსტად რა არის სისტემა — ამიტომ არ იცი, რას მიაწერო სრული განაკვეთით მუშაობისას 500 ლარიანი ანაზღაურება. ვის მიუძღვის სტუდენტობის ბედნიერი წლების ღარიბულად გატარებაში ბრალი? იმას, რომ სამარისად არ შრომობ, იმას რომ არასწორად შრომობ თუ უბრალოდ იმას, რომ ქართველი ხარ?
მაღალ ქირას
უბრალოდ პრივილეგიათა გამნაწილებელ ღმერთს მადლობა უთხარი, თუ შენს მშობლებს დედაქალაქში ქირის გადახდის თავი აქვთ, ან ის ნათესავი მაინც ჰყავთ, რომელსაც შენს თავსა და შენი სახლში მისვლის დროს მიაბარებენ.
სულ რომ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გაიხე მუშაობით, რუსთა მიგრაციით გაძვირებულ ქირასა და ლარის გაუფასურებით გაოთხმაგებულ სურსათის ფასებს, ვერ გაწვდები.
ქრაშებს
უკვე შეგიძლია ლეგიტიმურად წახვიდე დეითზე, თუ საერთოდ, რეგიონიდან ჩამოხვედი თბილისში სასწავლებლად, თავისუფლებას, რომელსაც ნაცნობებისგან და მშობლებისგან მოშორება იწვევს, ცოტა რამ თუ შეედრება.
სკოლაში სულ 4 გოგო-ბიჭს უყურებდი, ახლა კი, ჭავჭავაძეზე ერთი ჩავლისას, სულ ცოტა 5 ფაკულტეტის მსხვერპლნი შენგან შესათვარიელებლად მზად არიან!
კი, გენატრება ცხელი კერძი, თუმცა შენს ქრაშთან დეითზე ისე წახვალ, რომ 4 მეზობლის საჭორაო არ გახდები. (მხოლოდ ორის)
აქციებს
სტუდენტობა ავტომატურად ააქტიურებს გენს რომელის სახელიც ზუსტად არ ვიცი — საკუთარ თავზე ვიღებთ ბრძოლას, პროტესტს და როგორც ბატონი ირაკლი ღარიბაშვილისა იტყოდა ხოლმე, გადატრიალების მოწყობასაც.
ბატონო ირაკლი, აი, თუ ჩვენი ძმა ხარ რა.
მოკლედ, მხოლოდ იმიტომ რომ სახსრები ჯერ არ გვტკივა თავი დაუმარცხებლები გვგონია ხოლმე.
მე არა, მე სახსრებიც მტკივა და აქციებზე, სადაც ახალგაზრდებმა, სტუდენტებმა, სკოლის მოსწავლეებმა აიძულეს მთავრობა რუსული კანონი არ მიეღოთ, მაგდენი გაზიც არ მიყლაპია.
სკოლის სიმძიმის გაცნობიერებას
ქართულ სკოლას ერთადერთი ბენეფიტი აქვს — იმდენად კარგად არ გასწავლიან, მთლად ჭკვიან ადამიანად ჩამოყალიბდე და სწრაფად გააცნობიერო, ოთხივ მხრივ და ყველა სახელმწიფო ინსტიტუციით, ტრაკისკენ როა საქმე.
ამიტომ, სკოლაში დასწავლილი უვიცობა ცოტახანს მტკივნეული რეალიზაციებისგან გვიცავს.
თუმცა ყველაფერი რაც მანამდე არ გვასწავლეს, სტუდენტობის პირველ წელს გვატყდება ხოლმე. ამიტომაა, სტუდენტების დიდ ნაწილს კლინიკური დეპრესიის სიმპტომები ბლომად რომ აქვთ. იმის გაცნობიერების გარდა, რომ ყველაზე ნაკლებადაპტირებული არსება ხარ ქვეყანაზე, იმასაც აცნობიერებ, რომ …
სკოლამ დილის 8 საათზე ადგომაშიც კი ვერ მოახერხა შენი წესიერი გაწრთვნა.
მოკლედ, თითო სემესტრში თითოჯერ სკოლაზე გაფიქრება და ‘ბიჭო, ეს რა გამოვიარე ბიჭოს’ თქმა ‘must-ია.
პ.ს არც უნი არ აკლებს, თუმცა, ამაზე შემდგომ.
დასკვნა
სტუდენტობის წლები საუკეთესო წლები არ არის.
სტუდენტობის წლები შ ე დ ა რ ე ბ ი თ უკეთესი წლებია.
რადგან ამ დროს ის მაინც იცი, რა არ იცი.
აქამდე კი, ისიც არ იცოდი, რა არ იცოდი.