ანუ როგორ ჩავერთოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში
გარემო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, არის ის სივრცე, სადაც ყველაზე დიდ დროს ვატარებთ. ჩვენი ქალაქი, სოფელი, ქუჩა, სამეზობლო, ან სულაც სკვერი ჩვენ მიმდებარედ — ჩვენი კერძო საკუთრება სულაც არ არის, მაგრამ სწორედ ის ადგილებია, რომელთა გავლენაც ჩვენს რეალობაზე საკმაოდ დიდია. ზუსტად ამიტომ, ამ ადგილებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებიც ყველაზე მეტად გვეხება — ეხება ჩვენს რეალობას. თუ ჩემს ქუჩაზე გზას არ დააგებენ, ამ ქუჩაზე სიარული და სახლში მისვლა გამიჭირდება, თუ გარე განათებას არ დააყენებენ, ღამით გადაადგილებისას თავს უსაფრთხოდ ვერ ვიგრძნობ.
ჰოდა, ბუნებრივია, ეს ყოველივე მაწუხებს და მინდა, შევცვალო. თუ შენც გინდა შენი გარემოს გაუმჯობესება, ამ ბლოგში მოგიყვებით რა გზები არსებობს იმისათვის, რომ ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე გადაწყვეტილებები არა ჩვენ გარეშე, არამედ ჩვენი ჩართულობითა და ჩვენი სურვილების გათვალისწინებით მიიღონ. ამისათვის მნიშვნელოვანია, გვესმოდეს რა არის მონაწილეობითი დემოკრატია და ვიაზრებდეთ ჩვენს როლს ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
არსებობს მონაწილეობის რამდენიმე საშუალება, აქედან ნაწილი გვეხმარება, ვიყოთ ინფორმირებული, ნაწილი გვეხმარება ჩავერთოთ გადაწყვეტილების მიღებაში, ნაწილი კი ანგარიშვალდებულებისთვისაა — რომ ვიცოდეთ, რამდენად სრულდება ყველაფერი, რაც დაგეგმილი იყო, ან თუ რამე შეიცვალა, რამ განაპირობა აღნიშნული ცვლილებები.
Knowledge is Power
ცნობილი გამონათქვამის მიხედვით, ცოდნა ძალაა, ამიტომ დავიწყოთ ინფორმირებულობის ნაწილით. ამისათვის შეგვიძლია — გამოვითხოვოთ ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია, როგორც მერიიდან, ისე საკრებულოდან და გავიგოთ, მაგალითად, რამდენია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, ან რა სამუშაოებს გეგმავს სოფელში მერია და რა ახალგაზრდული თუ კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი, რაც დაგვეხმარება შემდგომი შესაბამისი ნაბიჯების დაგეგმვაში. ასევე ინფორმაცია გამოქვეყნებული უნდა იყოს შენი მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე.
გარდა ამისა, შეგვიძლია დავესწროთ და მოვისმინოთ მერისა და საკრებულოს წევრების საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია — დავუსვათ კითხვები და მივიღოთ პასუხები.
Power is Power
ინფორმირებულობა მნიშვნელოვანია, თუმცა პროცესებში უშუალოდ მონაწილეობა — უკეთესი. Luckily for us — მონაწილეობითი დემოკრატია ამას ითვალისწინებს და გვაქვს შესაბამისი მექანიზმებიც:
- შეგვიძლია მოვიწვიოთ დასახლების საერთო კრება, თანამოაზრეებთან ერთად განვიხილოთ სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და წარვუდგინოთ ადგილობრივ თვითმმართველობას – რადგან მათი პირდაპირი ვალდებულებაა, განიხილონ საერთო კრების მიერ წარდგენილი საკითხები. კრების ინიცირების უფლება აქვს: დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ს, მუნიციპალიტეტის მერს – საკუთარი ინიციატივით ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობით, და დასახლების საერთო კრების რჩეულს. გადაწყვეტილების მისაღებად კრებას უნდა ესწრებოდეს დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველის 20 %.
- თუ გვინდა გვქონდეს გავლენა ისეთ ადგილობრივ გადაწყვეტილებებზე, როგორიცაა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, უნდა ვეცადოთ გავხდეთ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები – ამისათვის შეგვიძლია ინიციატივით მივმართოთ მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება საბჭოს დაკომპლექტების შესახებ.
- თუ გვინდა მუნიციპალიტეტმა განიხილოს ჩვენ მიერ ინიცირებული საკითხი, შეგვიძლია წარვადგინოთ პეტიცია და შევაგროვოთ ადგილობრივ რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 1%-ის ხელმოწერა მაინც – რის შემდეგაც საკრებულო ვალდებულია განიხილოს დაყენებული საკითხი 1 თვის ვადაში.
- გარდა ამისა, მნიშვნელოვანი საკითხების წინ წამოსაწევად და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობისთვის ყოველთვის შეგვიძლია, დავესწროთ საკრებულოსა და საკრებულოს კომისიის სხდომებს, სადაც გვაქვს უფლება, დავაფიქსიროთ მოსაზრებები და მივიტანოთ ისინი გადაწყვეტილების მიმღებებამდე.
Accountability is Power
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მონაწილეობით დემოკრატიაში ინფორმირებულობისა და გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულობის გარდა მნიშვნელოვანი როლი აქვს ანგარიშვალდებულებას. სწორედ ამიტომ, ჩვენ მიერ არჩეულ მერსა და საკრებულოს წევრებს აქვთ ვალდებულება, წელიწადში ერთხელ ჩაგვაბარონ ანგარიში მათი საქმიანობის შესახებ. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, გვაქვს უფლება, დავუსვათ კითხვები და მივიღოთ მათზე პასუხები.
ჰოდა, მომავალში გახსოვდეს, რომ იმ ყველაფრისთვის, რაც შენ გაწუხებს, შესაბამისი მექანიზმები არსებობს და სოფლის შენებას მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა გაშორებს — so Just do it!
სტატია მომზადებულია დემოკრატიის ლაბორატორიის მიერ ევროპის საბჭოს პროექტის «მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში» ფარგლებში. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ევროპის საბჭოს პოლიტიკას.