სახელმწიფო სახელმწიფოში

წინათქმა

ეს ამბავი ჩემმა ნაცნობმა ხელოვნებათმცოდნემ მიამბო: მეტეხის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა აკაკიმ ტაძრის ფასადი ამოაჭრევინა და აივანი მიამაგრებინა. როცა ვკითხე, მამაო, ეს ხომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და დაუშვებელია მისი ხელყოფა, რატომ დააზიანეთ კედელი-მეთქი, მიპასუხა: აქედან კარგი ნიავი მოდისო.

სამწუხაროდ, ძეგლებთან ამგვარი მოპყრობა ერთეული შემთხვევა არაა. კონდიციონერები, მეტალოპლასტმასის ფანჯრები და გამათბობლის მილები უძველესი ეკლესიების კედლებზე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მაგ. მიუხედავად ძეგლთა დაცვის სააგენტოს პროტესტისა, ყინწვისის ტაძრის იატაკი აყარეს და მეტლახი დააგეს.  სახელმწიფო ინსტიტუციებისა და სათანადო სარესტავრაციო მეთოდოლოგიის აბსოლუტური უგულებელყოფით შესრულებული სამუშაოები სრულ წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ძეგლთა დაცვის პრინციპებთან, — აცხადებდა სააგენტო, — უხეშად ხელყოფს ზოგადეროვნულ ფასეულობას და მნიშვნელოვნად აზიანებს კულტურულ მემკვიდრეობას.

მღვდელმსახურთა თვითნებობა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებით არ ამოიწურება. მათ უბატონოდ ხმას ვერ სცემენ ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, იქნება ეს საგზაო მოძრაობის წესების უგულებელყოფა, იარაღის ჩხარუნი, უმცირესობებზე აწეული ხელი, თუ ჟურნალისტის მკვლელობა. ანაფორა ინდულგენციად იქცა. 

რატომ რჩებიან სასულიერო პირები დაუსჯელები, ვინ მიანიჭა მათ კანონზე მაღლა დგომის უფლება? ამ კითხვაზე პასუხი მარტივი არაა. ის ქმედებები, რაც ზედაპირზე დევს, მხოლოდ აისბერგის წვერია. პრობლემა გაცილებით ღრმაა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სიმბოლურად, თუ სამართლებრივად სახელმწიფოს ორგანიზმში ჩაშენებულ სახელმწიფოს წარმოადგენს, რომელზეც სრულყოფილად არ ვრცელდება ქართული კანონმდებლობა.

ეს პრივილეგია მას 2002 წლის 22 ოქტომბერს მიენიჭა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმებით, ე. წ. კონკორდატით, რომელსაც მანამდე, 14 ოქტომბერს, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში მოეწერა ხელი. სვეტიცხოვლის ტაძრის სიმბოლური დატვირთვა პირდაპირ მიანიშნებს, რომ თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო შუასაუკუნეობრივ კულტურულ ღირებულებებს წინა პლანზე წამოსწევს და ერი-სახელმწიფოს რელიგიურ პოლიტიკას მართლმადიდებლობის დროშის ქვეშ ხედავს. 21-ე საუკუნეში დემოკრატიული სახელმწიფოს მოწყობა მონარქიის პერიოდის საქართველოს იდეოლოგიურ ჩარჩოს ერგება, როცა მეფე-მონარქი და მართლმადიდებელი ეკლესია საერთო ღირებულებით საფუძველზე მოქმედებდნენ. 

წინაპირობები

ეს შეთანხმება ცარიელ ნიადაგზე არ აღმოცენებულა. მართლმადიდებელი ეკლესიის წარმმართველ და დომინანტ როლს საქართველოში არა კონსტიტუციური შეთანხმება, არამედ არაოფიციალური, ეკლესიასა და მორწმუნედ წოდებულ უმრავლესობას  შორის არსებული საზოგადოებრივი შეთანხმება განაპირობებს. 

თუ ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 1980-იან წლების ეროვნულ მოძრაობაში ადვილად შესამჩნევია ნაციონალური იდეის კონცეფციაში მართლმადიდებლობის ჩაშენება.  ამ პერიოდიდან მოყოლებული, ეროვნული იდეის განმსაზღვრელი სამი პოსტულატიდან: “ ენა, მამული, სარწმუნოება» ეს უკანასკნელი დომინანტ კომპონენტად იქცა და თავის ჩრდილქვეშ მოაქცია «ენისა» და «მამულის» კონცეპტები — მათი საკრალიზაცია მოახდინა. ქართული ენა იოანე ზოსიმესეული «მეორედ მოსვლის ენის» ნიმბით გამშვენდა, ხოლო ქართველი ერი «უძველესი ეტრუსკული ფესვებიდან ამოზრდილი», «ღვთის რჩეული ერის» სახით წარმოუდგა საბჭოური «პატრიოტული» მითებით ისედაც ნასაზრდოებ საზოგადოებას.

სწორედ ამ სიმბოლური კაპიტალის ფლობით შეიძინა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ის პოლიტიკური გავლენა, რასაც დღეს თვალსაჩინოდ ვხედავთ. მისი გულის მოსაგებად პოზიცია თუ ოპოზიცია ერთმანეთს ასწრებს, ვინ უფრო დიდი კელაპტრით გამოჩნდება ეთერში, კათოლიკოს-პატრიარქს მუდმივად სტუმრობენ უმაღლესი თანამდებობის პირები «კურთხევის მისაღებად» და მნიშვნელოვანეს თემებზე სალაპარაკოდ.  საქართველოს პრეზიდენტი ჯვრით ხელში გადის წმინდა ნინოს გზას, პრემიერმინისტრი იორდანეს წყალში აჭყაპუნებს ხელებს და წმინდა მიწის ნაკვეთის შეძენას უდიდეს ისტორიულ მონაპოვრად ასაღებს ქვეყანაში, რომლის მოსახლეობასაც სულაც ულხინს.

სამოქალაქო ნაციონალიზმის დაკარგული ისტორია

წინა საუკუნის დასაწყისში, როცა ერი-სახელმწიფოების ჩამოყალიბება სულ ახალი ხილი იყო, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის რელიგიური პოლიტიკა სულ სხვა იდეოლოგიურ საფუძველზე წარიმართა. დემოკრატიის, ლიბერალიზმის, სოციალიზმისა და სეკულარიზმის იდეები საფუძველში დაედო ახალშექმნილ სახელმწიფო ინსტიტუტებს. 

მართლმადიდებელი ეკლესია მაშინ თანაბარ პოზიციაში ჩადგა სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან, როცა ჯერ კიდევ არ იყო საყოველთაოდ აღიარებული თანასწორობის ძირითადი პრინციპები. კანონები, რომელიც დამფუძნებელმა კრებამ მიიღო, სამოქალაქო ნაციონალიზმის იდეაზე იდგა. 

გაუქმდა საღვთო სჯულის სწავლება სკოლებში, ჯვრისწერის რეგისტრაცია სახელმწიფოს ხელში გადავიდა, შემცირდა საეკლესიო უქმეები, ეკლესიას ჩამოერთვა უფლება, განეკარგა ეკლესიებში დაცული ეროვნული საგანძური, შეწყდა ხაზინიდან ეკლესიის დაფინანსება, ეკლესიას იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა და ხაზინაში გადასახადების გადახდა დაევალა. 

საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო,  ეწერა: 

  1. სახელმწიფო და ეკლესია განცალკევებულნი და დამოუკიდებელნი არიან. 
  2. არც ერთ სარწმუნოებას არ აქვს უპირატესობა. 
  3. ხარჯის გაღება სახელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივ თვითმმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისათვის აკრძალულია.

 «ჩვენ ვერ შევქმნით სახელმწიფოს სახელმწიფოში». — ასე გაისტუმრა მასთან პრეტენზიებით მისული მიტროპოლიტი ლეონიდე ნოე ჟორდანიამ. 

«სახაზინო ფული შესდგება სხვა და სხვა გადასახადისაგან, რომელსაც იხდის მთელი ერი სარწმუნოების განურჩევლად და რატომ უნდა დაისაჯონ ამ ერთობის ხანაში ასე დაუმსახურებლად ისინი, ვინც მართლმადიდებლები არ არიან, ან ვისაც სარწმუნოება სრულიად არ აქვს. დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მოვალეობაა, დაიცვას მოქალაქეობრივი უფლება ყოველი ქვეშევრდომისა განურჩევლად სარწმუნოებისა და ეროვნებისა. ხმალი, რომელიც ძალდატანებით შეჰყრის სახელმწიფოებრივ ეკლესიაში ხალხს, ყოველთვის გასთელავს მოქალაქის თავისუფლებას და შეჰქმნის მხოლოდ ფარისეველთა და არა ჭეშმარიტ ქრისტიანთა საზოგადოებას, რადგანაც სარწმუნოება ადამიანის შინაგანი დაჯერებაა და არავითარი საშუალებით არ შეიძლება ადამიანს მითითებითა და ძალდატანებით სარწმუნოება განუმტკიცო». — წერდა მაშინდელი პრესა.

კონსტიტუციური შეთანხმება


ა. სამართლებრივი პრობლემა
დაახლოებით ერთი საუკუნის წინანდელი რელიგიური პოლიტიკისგან განსხვავებით, თანამედროვე ქართული სახელმწიფო მართლმადიდებელ ეკლესიას სამართლებრივ ბერკეტებს აძლევს უპირატესობის განსამტკიცებლად. ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული შეთანხმება იმთავითვე მოექცა ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების, კონსტიტუციონალისტებისა და სოციოლოგიის მკვლევრების ყურადღების ქვეშ. 

პირველი, რაც საფუძვლიან შეშფოთებას იწვევდა, ამ შეთანხმების კონსტიტუციური სტატუსია. მართალია, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულებების დადების პრაქტიკა სხვა დემოკრატიულ ქვეყნებშიც არსებობს, თუმცა კონსტიტუციური შეთანხმების მსგავსი სტატუსისა დოკუმენტით სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დამყარებული ურთიერთობის ანალოგი სხვა ქვეყნებში არ მოიძებნება. ყველგან გათვალისწინებულია სხვა რელიგიური ორგანიზაციების უფლებები.  

ვენეციის კომისია შეთანხმების «კონსტიტუციურ» სტატუსში პრობლემებს ხედავდა. მისი განმარტებით, ეკლესიის სტატუსი სახელმწიფო შტოების კონსტიტუციურ სტატუსს უახლოვდებოდა და შესაძლოა შეექმნა სეკულარულ საკითხებზე რელიგიურის დომინირების ეჭვები და საფრთხეები. შეთანხმების კონსტიტუციური სტატუსით აღნიშვნა მართლაც აჩენდა კითხვის ნიშნებს სეკულარული სახელმწიფოს პრინციპთან შესაბამისობაზე, რომლის ამოსავალი პრინციპიც, სახელმწიფო ხელისუფლებისგან ეკლესიის გამიჯვნაა.

«გამიჯვნა» ამ შეთანხმების მიხედვით საეკლესიო სამართალს უპირატესად წარმოგვიდგენს. 

მუხლი 1. 3. ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, — სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საეკლესიო (კანონიკური) სამართლის ნორმებით, საქართველოს კონსტიტუციის, ამ შეთანხმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

ამ მუხლში ასახულ თანამიმდევრობას თუ დავაკვირდებით, ეკლესიისთვის პირველ რიგში საეკლესიო სამართალი მოქმედებს, შემდეგ «კონსტიტუციური შეთანხმება» და ბოლოს საქართველოს კანონმდებლობა. შთაბეჭდილება რჩება, თითქოს გრიგოლ ხანძთელის ეპოქაში ცხოვრობენ და თავი საბა იშხნელი ჰგონიათ, კურაპალატის სიტყვას რომ არ დაემორჩილა.

შეთანხმების «კონსტიტუციური» სტატუსი პრაქტიკაში მის შიდა კანონმდებლობასთან შედარებით უპირატესობას გულისხმობს, ასევე მისი სახელმწიფოს სახელით და პრეზიდენტის მიერ გაფორმება მართლაც ატარებს გარკვეულ მსგავსებას საერთაშორისო ხელშეკრულებასთან, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება სახელმწიფოსა და მისი საერთო რეგულირების ქვეშ არსებულ ერთ-ერთ რელიგიურ ორგანიზაციას შორის არის დადებული. 

ეკლესია-სახელმწიფოს ურთიერთობათა სამართლებრივ მოდელს საქართველოში ბევრი სოციალური თუ სამართლებრივი პრობლემა  სდევს თან, რომლებიც არა მხოლოდ კერძო, ვიწრო, არამედ ზოგადსისტემურ ხასიათს ატარებს. სამწუხაროდ, საქართველოში დღემდე არ არსებობს ერთიანი საკანონმდებლო აქტი, რომელიც სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობისა და რელიგიურ გაერთიანებათა სამართლებრივ სტატუსს დაადგენდა, მათ უფლება-მოვალეობებსა და რაც მთავარია, სახელმწიფოსთან ურთიერთმიმართების საკითხებს მოაწესრიგებდა.

ბ. დისკრიმინაცია 

როგორც მოსალოდნელი იყო, კონსტიტუციური შეთანხმების ამ სამართლებრივმა ბერკეტმა მართლაც გამოიწვია  დისკრიმინაცია სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიმართ.  

რელიგიური უმცირესობების მიმართ განხორციელებულ ძალადობას უკვე სისტემატური ხასიათი მიეცა. კონკრეტული რელიგიურ ჯგუფებზე ხშირად ძალადობენ როგორც სიტყვიერად, ასევე ფიზიკურად. იეღოვას მოწმეები, მუსლიმთა თემი, ევანგელისტ-ბაპტისტები, ანგლიკანური ეკლესია, ეს არასრული ჩამონათვალია იმ რელიგიური ორგანიზაციების, რომელთაც არბევენ, უზიანებენ ქონებას, რელიგიური დანიშნულების ნივთებს და ა.შ. 

თუ ძალადობის ფაქტების რაოდენობა 2005 წელს ათეულის ფარგლებში რჩებოდა და 2012 წლამდე წლიური მაჩვენებელი არ ასცდენია 20-მდე შემთხვევას, 2013 წლის შემდეგ, როდესაც კარგად დაგეგმილი და სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელებული არაერთი დევნის შემთხვევა მოხდა მუსლიმი თემის წინააღმდეგ ნიგვზიანში, წინწყაროში, ციხისძირში, სამთაწყაროში, ჭელაში — დევნის ფაქტებმა ორჯერ მოიმატა. მაგალითად, 2014 წლის საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა იეღოვას მოწმეთა წინააღმდეგ განხორციელებული დევნის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, დისკრიმინაციის 45-მდე ფაქტის შესახებ. აღნიშნული შემთხვევები სრულადაა დოკუმენტირებული ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშებშიც .

რაც მთავარია, ამგვარი ძალადობის ფაქტებზე სახელმწიფო თითქმის არ რეაგირებს და სასულიერო პირები და მათი წაქეზებული თუ მათთან ასოცირებული ჯგუფები დაუსჯელად აგრძელებენ მოქმედებას.

გ. დაუსჯელობა

საკონსტიტუციო შეთანხმების მუხლი 1,5. გვამცნობს: «საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხელშეუვალია», მაგრამ რეალურად ამ უფლებით სარგებლობს ყველა სასულიერო პირი. «ღვთის სახელით» წარმართული ძალადობრივი დემონსტრაციებს 2017 წლის 13 მაისსა და 2021 წლის 5 ივლისს, რომლებიც «გეების აღლუმების» არდაშვების მიზნით ჩატარდა, მღვდელმსახურები მიუძღოდნენ წინ. 5 ივლისის ძალადობა ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სიკვდილით დასრულდა, თუმცა ძალადობისკენ მომწოდებელი არცერთი სასულიერო პირი არ დასჯილა. მეტიც, არ დასჯილან ამ «პაგრომის» რეალური ორგანიზატორები — ორგანიზაცია «ალტინფოს» თავკაცები, რომლებიც ეკლესიის მფარველობის ქვეშ არიან. 

ეკლესიის წიაღში წარმოქმნილი ორგანიზაცია «მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი» იმ ტრადიციების შენარჩუნებისთვის იბრძვის, რომელიც, მათი თქმით,  მართლმადიდებლობას ეფუძნება. საფრთხე, რომელიც კავშირის წევრების აზრით, ამ რელიგიას დღეს ემუქრება, დასავლური ღირებულები, გლობალიზმია. საბოლოო ჯამში კი მიზანი «ბოლო ჟამისთვის» მზადება და «ანტიქრისტეში გაერთიანებული გლობალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა». ამ მოვლენათა სიაში თავის დროზე მოხვდა რელიგიის ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელო  რევაზ თვარაძის ავტორობით, ჯოან როულინგის «ჰარი პოტერის» ერთი შეხედვით უწყინარი სათავგადასავლო ისტორია ჯადოქრებზე, რომელიც მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ბესტსელერია. დემ ბრაუნის «დავინჩის კოდი», ისევე როგორც წიგნის ეკრანული ვერსია. ამ ჩამონათვალშია პაატა შამუგიას პოემა «ანტიტყაოსანი.» მოგვიანებით ფილმებსა და წიგნებს სატელევიზიო გადაცემებიც შეუერთდა, მათ შორის ახალგაზრდული გადაცემა «კედელი», «ჩვენი ექსპრესი», «ჯეობარი». ისინი იბრძვიან დასავლური დღესასწაულების აღნიშვნის წინააღმდეგ, მაგალითად, არ მოსწონთ სიყვარულის დღე, ვალენტინობა და სატანისეულს უწოდებენ გოგრების დღესასწაულს, ჰელოუინს.მმკ (მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი) აქტიურად იბრძვის ამ «სატანური» გამოვლინებების წინააღმდეგ, აპროტესტებდა რომის პაპის ვიზიტს საქართველოში. ეს ორგანიზაცია მიზნის მისაღწევად მუშტი-კრივსა და წიგნების დაწვას, ავტორებზე თავდასხმას არ ერიდება. 2008 წლის 31 ოქტომბერს მმკ-მ ერეკლე მეორის ქუჩაზე გამართული ჰელოუინის დღესასწაული ჩაშალა და  ორგანიზაციის წევრებმა მონაწილეებს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს, თუმცა დაუსჯელნი დარჩნენ. 

დ. ეკლესიის ქონება

მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების გავლენებსა და კანონზე მაღლა დგომას ზურგს ქონებრივი სიძლიერეც უმაგრებს. ის დღეს ერთ-ერთი უმდიდრესი ორგანიზაციაა. ეკლესიის ფინანსური გაძლიერებაც «კონსტიტუციური შეთანხმების» კისერზეა. 

კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით «ეკლესიის საკუთრებად არის მიჩნეული საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მოქმედი და არამოქმედი მართლმადიდებლური ტაძრები და მონასტრები, ასევე, მათი ნანგრევები და მიწის ნაკვეთები, რომლებზეც ისინია განლაგებული (მუხლი 7,1)» მსგავს ნაგებობათა დაცვის ზონები, მათი მოვლა-პატრონობისა და სარგებლობის წესები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით, ეკლესიასთან შეთანხმებით (მუხლი 7,2). 

ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქცია — მისი დამზადება, შემოტანა, მიწოდება და შემოწირულობა, ასევე არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება და მიწა გათავისუფლებულია გადასახადებისაგან (მუხლი 6,5).

გადასახადებისგან განთავისუფლებამ, ეკლესიის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების ყოველწლიურმა ზრდამ, ასევე მათთვის კომპენსაციის სახით მიწების, ტყეებისა და შენობების,  გადაცემამ არნახულად გაზარდა საქართველოს საპატრიარქოს ქონება. მრევლი და სახელმწიფო დაწესებულებები საეკლესიო პირებს  დამატებით ჩუქნიან ჯიპებსა თუ სახლებს. ჯვრისწერისთვის  კონსტიტუციური შეთანხმებით მინიჭებულმა ლეგიტიმურმა სტატუსმა (მუხლი 3) გაზარდა მოთხოვნა საეკლესიო რიტუალებზე. ამ რიტუალებზე გაზრდილი «ტარიფები» ძვირი უჯდება საქართველოს მოქალაქის ჯიბეს, თუმცა შესაბამისად ასქელებს მღვდლებისას.

ე. გავლენა განათლების სფეროზე

ამ ფინანსურად და სამართლებრივად წელში გამართული ორგანიზაციის პრივილეგიები საგანმანათლებლო სფეროსაც სწვდება. საქართველოს სამოციქულო ეკლესია აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას და ეს როგორც ზოგად, ისე პროფესიულ და უმაღლეს განათლებას ეხება. საქართველოს საპატრიარქოს ექვემდებარება 37 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მთელი ქვეყნის მასშტაბით: საპატრიარქოს დაფუძნებულია სამი პროფესიული სასწავლებელი: ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი, საქართველოს საპატრიარქოს ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებული მოწყალების ცენტრი»; ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი, წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯი»; ა(ა)იპ საზოგადოებრივი კოლეჯი, საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯი»; საქართველოს სამოციქულო ეკლესიას ჯამში 9 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ეკუთვნის, მათგან 2 უნივერსიტეტია: (ა(ა)იპ — საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი; ა(ა)იპ — საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია), 4 სასწავლო უნივერსიტეტი: (ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი; ა(ა)იპ _ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი; ა(ა)იპ _ მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება _ გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი; ა(ა)იპ _ მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება _ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია), ხოლო 3  კოლეჯი: (ა(ა)იპ _ წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ცაგერის სასულიერო სემინარია; საქართველოს საპატრიარქო გრემის სასულიერო სემინარია; ა(ა)იპ _ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ბათუმის სასულიერო სემინარია). კონსტიტუციური შეთანხმებით სახელმწიფომ და ეკლესიამ აღიარეს შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები, სამეცნიერო ხარიხები და წოდებები. 

ახალი თაობის აღზრდაში ეკლესიის როლის გაძლიერებამ სახიფათო შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ამ ორგანიზაციის ღირებულებები სრულიადაც არ ემთხვევა ადამიანის უფლებების, ტოლერანტობისა და თანასწორობის საყოველთაოდ აღიარებულ ღირებულებებს. 

შეჯამება: ღირებულებები

ისმის კითხვა: დგას კი  მართლმადიდებელი ეკლესია იმ ქრისტიანულ ღირებულებზე, რის გამოც მას კონსტიტუციური შეთანხმებით გამორჩეული სტატუსი ერგო? რა «კეთილისმყოფელი» გავლენა შეიძლება იქონიოს საქართველოს მოქალაქის ცნობიერებაზე  ქრისტიანობის იმგვარმა გაგებამ, რასაც ეს ინსტიტუცია ქადაგებს? 

თუ ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის, უმაღლესი იერარქების, მღვდლებისა და ბერ-მონაზვნების ქმედებებსა და გამოსვლებს დავაკვირდებით (მათი «ღვთიური ტექსტების» განხილვას ალბათ კიდევ ერთი სტატიაც არ ეყოფა), შევამჩნევთ, რომ ტრაფარეტული ქრისტიანული ლოზუნგების მიღმა რეალურად დგას შეუწყნარებლობაზე, უცხოს მიუღებლობაზე, სიძულვილზე, სუსტის დაჩაგვრაზე, მომხვეჭელობასა და მტრული სახელმწიფოს შეუფარავ მხარდაჭერაზე დაფუძნებული «ფასეულობები», რომლებსაც მითური «ზეციური საქართველოს», «ღვთისმშობლის წილხვედრილობის» იდეაფიქსები უმაგრებს ზურგს. «ღვთივკურთხეული ბომბები» დღეს უკრაინაში ცვივა. თუმცა თუ «ბრძენი“პუტინი საქართველოს სახელმწიფოზე გამოლაშქრებას გადაწყვეტს, ძნელი მისახვედრი არაა, ვინ ითავებს «ერთმორწმუნე ძმების» მორჩილად დახვედრის უზრუნველყოფას.