საზოგადოება არღვევს სიჩუმეს – უკვე ვლაპარაკობთ ძალადობაზე

«კი, მაგრამ…» არა, მსხვერპლი დამნაშავე არ არის. 

მსხვერპლი, დამცველი, პოტენციური მსხვერპლი თუ უბრალოდ ამბის გამზიარებელი ლაპარაკობს ძალადობაზე. უკვე ვლაპარაკობთ იმაზე, რაც მსხვერპლის კი არა, მოძალადის სირცხვილია. ამ ხმამაღალ სიტყვას კი ბევრი ქალი გადაურჩენია, ბევრს დახმარებია, ბევრისთვის მოძალადისათვის პასუხის გაცემა უსწავლებია, ზოგსაც კი ისეთი გაკვეთილი მისცა, რომ აღარაფრის შეშინებიათ. 

ძალიან დიდი ხანი, სექსულური ძალადობის ფაქტებზე ლაპარაკს დუმილს ამჯობინებდნენ. მსხვერპლსაც ასე ერჩივნა, თითქოს საზოგადო, გვარისა თუ ოჯახის სირცხვილს სიჩუმით აღწევდნენ თავს. ოჯახის ძალადობაზე ხომ სიტყვასაც ვერავის დააცდენინებდი, სხვის ოჯახში რა ხდება, ეგ რა ჩვენი საქმეაო, გეტყოდნენ. არადა, გამუდმებით ხომ იმას განიხილავდნენ ვინ რომელ საათზე ბრუნდებოდა სახლში და შემოსავალი რამდენი ჰქონდათ. მსხვერპლთა უმრავლესობა ამ დროსაც ჩუმად იყო: ან ძალა არ ჰყოფნიდათ, ან სირცხვილი ეგონათ, არ დაუჯერებდნენ, ან ოჯახის შენარჩუნება სურდათ, ან საერთოდაც სად წასულიყვნენ?

ხშირად თავადაც უარს ამბობდნენ და ამბობენ კიდეც დახმარებაზე. დაეხმარები, მაგრამ შენ გაივლი და მსხვერპლი ისევ მოძალადესთან რჩება, ზოგჯერ ქალებს ეშინიათ მოსინჯვის. ძალადობაზე და განსაკუთრებით, სექსუალური ხასიათის ძალადობაზე, არ ლაპარაკობდნენ. მსხვერპლს ვიღაც აუცილებლად ჰკითხავდა, თუ არ გინდოდა რატომ არ იყვირეო, ანდა ეტყოდნენ, ალბათ შენი დაუდევრობით მოგივიდა, მე ასეთ დროს თავსაც არ ვიცოცხლებდიო. სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებს ეშინოდათ ხმამაღლა ლაპარაკის. ბევრი ქალი იცოდნენ მათნაირი, მაგრამ ცოტას ან საერთოდ არ იცნობდნენ ისეთს, ვინც პრობლემაზე ილაპარაკა, ვისაც მხარში დაუდგნენ, ვისიც დაიჯერეს და ვინც დაიცვეს. შეიძლება, სადღაც საკუთარი თავიც ეგონათ დამნაშავე და მუდამ იმაზე ფიქრობდნენ, ნეტავ, რა დავაშავეთო. 

დრო გავიდა, მაგრამ ისევ დიდ გამბედაობას მოითხოვს სექსუალური ძალადობის საკუთარ გამოცდილებაზე ლაპარაკი. მსხვერპლად ყოფნა პოზიტიური მდგომარეობა არაა. თუმცა ახლა იცი, რომ ხალხის დიდი ნაწილი შენ მხარეს იდგება და დაგანახებს თანაგანცდას, რომელიც ქალებს ასე ძალიან სჭირდებათ. სწორედ იმიტომ, რომ ასეთი ძალიან ბევრი ამბავი გვესმის, მეტად მგრძნობიარეები გავხდით სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართ. ზოგჯერ ახლაც ეჭვქვეშ ვაყენებთ ასეთი ხასიათის დანაშაულებების სინამდვილეს და მათ უკან ქალების პირად მიზნებს დავეძებთ ხოლმე. ამ დროში ის მაინც კი გვაჩვენეს, რომ ქალები დამნაშავეები არ არიან, ლაპარაკი კი საკუთარი თავისა და სხვების გადარჩენის საშუალებაა.  

WHO-ს მონაცემით, 3-დან 1 ქალს ცხოვრების რომელიმე ეტაპზე მაინც გამოუცდია სექსუალური ხასიათის ძალადობა. ბოლო ათწლეულია, რაც მიმართვიანობა სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით მზარდია. როგორც ჩანს, კერძო ორგანიზაციები და სოციალური ჯგუფები ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში მეტ სანდოობას იმსახურებენ, ვიდრე პოლიცია. ერთ-ერთ Facebook ჯგუფში გაუპატიურებული გოგოს შესახებ დაიწერა, რომელიც მაშინ მიდიოდა კლინიკაში.  ქალები წარმოუდგენლად სწრაფად მობილიზდნენ და წუთით არ მოშორებიან იმ გოგონას. ერთი ქალის მაგალითმა, რომელიც სხვების დახმარებით ახლა უკვე დაცულია, უსაფრთხოდ ცხოვრების რეალური პერსპექტივა აჩვენა დანარჩენებს. 

ძალადობის ფაქტზე ხმამაღლა ლაპარაკი მხოლოდ მსხვერპლის პასუხისმგებლობა არ არის. სინამდვილეში, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და საყოველთაო დუმილის დასაძლევად თანაგანცდის გამოვლენა, მსხვერპლის მხარეს დგომა და სწორად ნათქვამი სიტყვები მნიშვნელოვანია. ქალები ყოველთვის ველოდებით ხოლმე ერთმანეთისაგან მხარდაჭერას და განსაკუთრებით საწყენია, თუ მათი მხარდაჭერა არ ჩანს. თუმცა, მხოლოდ ქალების კეთილგანწყობა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლო შემართება ვერ ცვლის არსებულ კულტურას. ვერ ცვლის იმ კულტურას, რომელიც ამართლებს და არ იმჩნევს ძალადობას. მამაკაცებმა უნდა აიღონ ვალდებულება და ისაუბრონ სხვა ბიჭებთან თუ კაცებთან, ასევე მოუსმინონ ქალებს, ისწავლონ თუ რა არის ქალისგან მიღებული თანხმობა. ქალის არა, ნიშნავს არას, ყოველგვარი მაგრამისა და თანმხლები სიტყვების გარეშე. არასამთავრობო ორგანიზაცია «საფარს» ჰქონდა კამპანია, სახელად #ჯერმკითხე. თანხმობის არარსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი სახის სქესობრივი კავშირი ძალადობაა და არ აქვს მნიშვნელობა პარტნიორი ქმარია, შეყვარებული თუ სრულიად უცხო ადამიანი. 

ბოლო დროის საპროტესტო გამოსვლებიდან #MeToo ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი და მასშტაბური იყო. სექსუალური შევიწროების საკუთარ გამოცდილებაზე ლაპარაკი სისუსტე არაა. ქალები გამოდიან და ყველას გასაგონად ყვებიან, რომ მათაც გამოუცდიათ ასეთი ზეწოლა, ამაში დამნაშავე კი მხოლოდ მოძალადეა. ამ აღიარებამ მსხვერპლ ქალებს ლაპარაკის გამბედაობა მისცა და დახმარების იმედი გაუჩინა. პოტენციური მსხვერპლი კი  გააფრთხილა, რომ სიჩუმით სხვებსაც დააზარალებს. უამრავი ქალის აღიარებამ დაასრულა არა ერთი წარმატებული კაცის ძლევამოსილებაც. წარსულში ჩადენილი, დაფარული დანაშაულებების გამო, მათ სულ რამდენიმე დღეში დაასრულეს კარიერა. სექსუალური ხასიათის ძალადობის ჩადენას უკვე აღარ პატიობენ. 

UN Women Georgia-ს ცოტა ხნის წინ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია ჰქონდა. კამპანიის ფარგლებში ძალადობის მსხვერპლი ქალების ამბებს კითხულობდნენ, ბოლოს კი ისმოდა კითხვა: «თუ ამ რომელიმე ამბის გმირი მე ვარ, შენ რას მეტყოდი?» ქალებს, რომლებსაც სექსუალური ხასიათის ძალადობა საკუთარ თავზე გამოუცდიათ, ალბათ ბევრს ვერაფერს ვეტყვით, გარდა იმისა, რომ მათნაირი ბევრია და მარტონი არც ხმამაღლა ლაპარაკის შემდგომ დარჩებიან. 

დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ალუმნი საგრანტო პროგრამის ფარგლებში.