სად და რატომ ვმალავთ პირად ცხოვრებას ?

არის რაღაცები რასაც ვერ იმასიზამ.

მაგალითად ვერ ამოავსებ უფსკრულს, რომელიც თაობებს შორის იყო, არის და ზუსტად არ ვიცი, იქნება თუ არა. 

მაგალითად, ზოგჯერ ვერ ეტყვი დედაშენს, რომ დაქალის მაგივრად, მაგალითად, შეყვარებულთან რჩები. ან, ქმრის მაგივრად საცხოვრებლად შეყვარებულთან გადადიხარ. 

უფრო რთულ შემთხვევებში — ვერც იმას ეტყვი, შეყვარებული რომ გყავს. 
Ხოდა ჩვენც, ამა ქვეყნის თავისუფალი ხალხი ვიღებთ ამ პირად ცხოვრებას და სადღაც ვჩურთავთ — მაგალითად კარადის ერთ-ერთ უჯრაში, თითგახვრეტილი წინდების ქვეშ სადაც იმედი გვაქვს, ვერავინ მიაგნებს და თუ მიაგნო — გააჩნია, როგორ ოჯახში გაიზარდე და შენი შინაგანი მსაჯული — სუპერ ეგო — რამდენად მკაცრად ჩამოგიყალიბდა — ამის გათვალისწინებით, შეიძლება სირცხვილით ან დანაშაულის გრძნობით დაიწვა.

Შეიძლება ამას კითხულობ და თავს ვერ აიგივებ — ბოლოს და ბოლოს 21-ე საუკუნეა, ქალების ემანსიპაციის, უაზრო ტრადიციების განგდების, საბჭოეთის დაშლის მერამდენეღაც წლისთავი, რაღა დროს პირადი ცხოვრების დამალვაა? Stop being a pussy — ო

ოო, ყველაფერი ასეთი მარტივი არაა.

საერთოდაც, ბოლოს გინეკოლოგთან როდის იყავით?
დამალეთ რომ იყავით?
შემთხვევით ამ თქვენს გინეკოლოგს ისიც ხომ არ უკითხავს, გათხოვილი ხარ თუ არაო? 

გამაგებინეთ კაცო, ჩვენ აქა ვართ თუ – იქ?!
 

კი, მსგავსი შემთხვევები ჯერ კიდევ ხდება და განსაკუთრებით გოგოების პრობლემაა, თან იმ გოგოების, რომლებსაც არც თუ ისე ჯანსაღ, ქალის ეფემერული მანდილითა და პატრიარქალური შეხედულებებით სავსე სამყაროში უწევთ ცხოვრება — ანუ იქ, სადაც ჯერ ოჯახია შენი პატრონი, მას შემდეგ კი რაც გაგასხვისებენ გაგათხოვებენ, შენი მეუღლე.

შეიძლება ახლა ამას თანამედროვე ახალგაზრდა კითხულობ, ნორმალური სოციალური წრითა და ოჯახით, რომელმაც დროის მსვლელობას ფეხი აუწყო და შეხედულებებიც დაუადაპტირდა. Შესაბამისად კონცეპტი, რომ პირადი ცხოვრება არ გაქვს ან მალავ, რადგან იმაზე უფრო დიდ თავისტკივილს გამოიწვევს, ვიდრე PMS-ის დროს არსაიდან გაჩენილი შაკიკია, შეიძლება კარგად ვერ გაიგო. თუმცა, დამერწმუნე, მსგავსი გამოცდილება ძალიან ბევრს აქვს, განსაკუთრებით რეგიონებში, სოფლებში, უკიდურეს აღმოსავლეთ-დასავლეთ-სამხრეთ თუ ჩრდილოეთ ნაწილებში მცხოვრებ გოგოებს. 

Ზოგჯერ ვერ ვხვდებით, რამდენად დიდი პრივილეგიაა ნაკლებ-ტოქსიკური გარემო. ჯანსაღიც არა — რთულია დღეის მდგომარეობით, საქართველოში რაიმე გარემოსა თუ კონტექსტს ჯანსაღი უწოდო — უბრალოდ ნაკლებად ტოქსიკური.

Სიტყვა პრივილეგიაც ცოტა უკურეაქციას იწვევს — მიმოიხედავ, დააკვირდები საკუთარ ბრძოლებს, ეკონომიკურ მდგომარეობას, SAKARTVELOO-ს და ვერც ხვდები რაიმე პრივილეგია თუ გაქვს. უბრალოდ, რადგან ყველაფერი შედარებითია, და გვერდზე, კახეთის უკიდურეს ნაწილში, ვიღაცას 13 წლისას ათხოვებენ და სკოლაში წასვლის უფლებას არ აძლევენ; რადგან ვიღაცას შეყვარებულის ყოლის გამო გარეთ აღარ უშვებენ ან ბოზსს ეძახიან, ხვდები, რომ ვა, მაგარია ვარკეთილში რომ დაიბადე და არა, ვთქვათ ტკიპაანთკარში, პირობითად. 



Წარსულს გადმოყოლილი ტრავმები

Საქართველოს ხრიოკ ცენტრშიც არ გვილხინს ხალხს. 

ერთი მხრივ ცივილიზაციასთან ერთად ვხტებით აკვანში (ამაზე ძაან ნუ გაიცინებთ, კი, მეც დავინახე დღეს მანქანიდან ვიღაცამ ნაგავი როგორ გადმოისროლა), თუმცა ამავდროულად დედას, მამას, რომელმაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი საბჭოთა, შემდეგ კი პოსტსაბჭოთა საქართველოში გაატარა, ვერ ვუხსნით, რომ შეიძლება ბოიფრენდი გყავდეს ისე, რომ მეზობლებიდან დაწყებული, სანათესაოთი გაგრძელებული და წმინდა ძროხით დამთავრებული — ყველამ ალმაცერად არ შემოგხედოს, შენს პატიოსნებაში ეჭვი არ შეიტანოს და არ გადაწყვიტოს — რომ დროა, საკუთარი პოზიციაც დააფიქსიროს ფაქტზე, რომ ლამარას გოგო მეოთხე წელია ვიღაცასთან ‘დადის’.

ან ლამარას გოგო, რომელიც მეორე წელია გათხოვილია, ჯერ შვილს არ აჩენს. Რამე პრობლემა ექნება, უეჭველი. აბა, შვილი რატომ არა?

დაახლოებით 24 წლის ვიყავი, პირადად მსგავსი დიალოგის მონაწილე რომ გავხდი. 

-კი მარა, შვილს რატომ არ აჩენენ?
-რავი, არ უნდათ.
-ეე, ეგ შენ ნებაზე კი არაა.
-აბა ვის ნებაზეა?
-ღმერთი როცა მოგცემს, გეყოლება

ცოტახანს დავდუმდი — ვაკვირდებოდი და ვცდილობდი გამეაზრებინა, რომ უბრალოდ რთულია ის ჩახლართული ჯადოს გორგალი გახსნა, რომელშიც ადამიანს ეპოქა,  სოციალური, ეკონომიკური, რელიგიური, გეოგრაფიული კონტექსტი და ზოგჯერ, საკუთარი თავი —  ჩაითრევს ხოლმე. ამიტომ მხოლოდ ეს ვუპასუხე:

-ატრაკებ.

მაგალითში მოყვანილ პიროვნება X -ზე იმის თქმა შემიძლია, რომ საკმარისად გადათელა თაობისა და ეპოქის სტრესებმა, კომპლექსებმა, იდეოლოგიებმა და უბრალოდ სოციალურმა დაშენებებმა. 

ყველაზე მძიმე ამ ფაქტში კი იმის გაცნობიერებაა, რომ უფსკრულს, რომელიც თანამედროვე მოცემულობებში და მის აღქმებში, დასწავლილ, უსაფუძვლო ტრადიციად იდენტიფიცირებულ ნონსენსებს შორის არსებობს — ვეღარაფერი ამოავსებს.

Რაღაც მომენტში, ეპოქამ ჩაყლაპა თაობა და ახლაც თავისთან, ჭაობში აცხოვრებს.

ადამიანს კი, რომელიც ჩაყლაპულია და თავისი ავთენტური თითქმის ვერაფერი შერჩა, ვერ მოთხოვ, რომ რაიმე ახალი მიიღოს და უფრო მეტიც, გაიგოს.

ეპოქამაც დადო შემდეგი პროდუქტი — ადამიანები, რომლებსაც თავიანთი თავი დაავიწყდათ, ადამიანებმი, რომლებმაც უბრალოდ როლები მოირგეს — ქალის, შვილის, დიასახლისის, მრეცხავის, მზარეულის, 50 კაციანი სუფრის ამლაგებლის, ბებიის და ა.შ 

ამ ადამიანებსაც არ ჰქონდათ პირადი ცხოვრება და თუ ჰქონდათ, სადღაც, საწოლის ქვეშ ან კარადის რომელიმე უჯრის კუთხეში, წინდების ქვეშ მალავდნენ და ყველაზე ცუდი ის იყო, რომ არც იმ წინდების ქვეშ იყო ის პირადი ცხოვრება უსაფრთხოდ.

ამ ყველაფერს ვწერ სევდით, და 0 ნიშნის მოგებით. 

აი, კიდო შეგვაქანა

Სადამდე შეგვიძლია დავადანაშაულოთ გარემო და თვალი დავხუჭოთ ფაქტზე, რომ ინდივიდუალური პასუხისმგებლობები, მათ შორის, ინდივიდუალური მოცემულობები არსებობს? 

ან პირიქით, სადამდე შეგვიძლია ინდივიდს ‘შევტენოთ’ პასუხისმგებლობები, მაშინ, როცა გარემო ასეთია? 

და გარემო რომ ასეთია, დღევანდელ საქართველოში განსაკუთრებით კარგად ჩანს — ერთი თაობა ახლა იბრძვის და ერთი თაობაც ბოდიშებს იხდის — ვწუხვართ, მეტი რომ ვერ შევძელითო. Სადღაც კოლექტიური ნაგავიც იყრის თავს — აი, ისეთი, პრემიერს ერთი ზარით აკადემიკოსის სტატუსს რომ ანიჭებს. 

Რას ვიზამთ, — პოლიტიკურ ნარატივებში შეჭრისგან თავის არიდება ცოტა რთულია, გარემოებებს თუ გავითვალისწინებთ, მითუმეტეს მაშინ — როცა ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი ერთმანეთზე გგარდაუვალ გავლენას ახდენს. 

As within

So without.