
ძალიან შერცხვენილი ქართველები ხომ ხშირად ამბობენ: «ნეტავ მოვმკვდარიყავი, ოღონდ ეს არ გამეგოო», ასე ვიყავით, როცა ოკუპანტმა რუსეთმა მეგობრობის დღიური გადაგვიშალა.
ვითომ ერთი ღამის რომანია? ასე უეცრად გადაირია რუსეთი საქართველოზე? ხალხზე, რომელიც ღამით სტალინს თავს პარავს, აქციებზე აუგად გიხსენიებს, სძულხარ, არ უნდა შენ მოქალაქეებთან ცხოვრება, უარს გეუბნება კეტჩუპისა და ჩაის ყიდვაზე… თუ უკვე წლებია, ფარულად ან აშკარად რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება მიდიოდა? ასე უეცრად გადაირია ქვეყანაზე, რომელსაც გუშინ და გუშინ წინ მოქალაქეები დაუტყვევა, მოუკლა და დიდი ხვეწნის შემდეგ, ორგანოების გარეშე დაუბრუნა? თუ იმ ქვეყანას დაუმეგობრდა, ერთი თვის წინაც მიწა რომ მოპარა? იმ ხალხთან ხომ არ მეგობრობს გავრილოვსა და პოზნერს ასე რომ დახვდნენ, თუ მათთან, NATO-სა და EU-ში რომ უნდათ?
რუსეთის მეგობრობაც სხვანაირად უნდა გვესმოდეს. წლებია ვზრდით და ცივ ნიავს არ ვაკარებთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს. თურმე, «არგაღიზიანებაც» დიდი ხნის წინ დაგვიწყია. რა დავაშავეთ ამ წლებში ისეთი, რომ რუსეთი გვემეგობრება? :
რუსეთი არც ისე ბოროტია
რუსეთი რომ არც ისე ბოროტია და მასთან სწორი სტრადეგიით კარგი ურთიერთობის შენარჩუნება შესაძლებელია, დიდი ხანია გვაჩვევდნენ. დანარჩენებმაც არ დააკლეს, მაგრამ ეს მცდარი მოსაზრებები განსაკუთრებით სალომე ზურაბიშვილმა გაამყარა. მადამ პრეზიდენტი ერთადერთი რეპუტაციული პოლიტიკოსი იყო, ვინც ასე მოგვმართა.
«ომი დაიწყო საქართველომ», «ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა»… მთლიანი ერის ღირსების ხელყოფაზე რომ არაფერი ვთქვათ, ეს ხომ პირდაპირ აფიქრებინებს რუსეთს, თითქოს მას მტრად არ აღვიქვამთ. წლობით რუსეთისადმი დაყვავების პოლიტიკამ იქამდე მიგვიყვანა, რომ რუსულ ტელევიზიებზე «გამოვჯანმრთელდით.»
მივეჯაჭვეთ რუსულ ეკონომიკას
2006 წლის დასაწყისში, ქვეყანა მთავარი საექსპორტო ბაზრის მიღმა დარჩა. რუსეთმა საქართველო ბლოკადაში მოაქცია და მისი ეკონომიკის სრული ჩამოშლა გადაწყვიტა. მოსკოვს ნამდვილად არ დავეკითხეთ, მომდევნო წელი, 2007, ერთ-ერთი საუკეთესო ეკონომიკური წელი იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
2013 წლიდან რუსეთის ეკონომიკაზე საქართველოს დამოკიდებულება მზარდია. შესაბამისად, საქართველოზე ზემოქმედების ეს მექანიზმი კიდევ ერთხელ ჩაუვარდა რუსეთს ხელთ. გემახსოვრება, გავრილოვის ზარ-ზეიმით შემოყვანისა და აქციით გასტუმრების შემდგომ, ზუსტად ამ მექანიზმის გამოყენებით დაგვემუქრა რუსეთი. შეზღუდა კიდეც ტურისტების გამოშვება. საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე ძირითადად ტურიზმით, საგარეო ვაჭრობითა და ფულადი გზავნილებითაა დამოკიდებული — ეს კი უსაფრთხოების გამოწვევების წინ აყენებს ქვეყანას.
უარი ვთქვით თავდაცვაზე
თავდაცვა არ გვაქვს. სრული უსისტემობა და არაადეკვატური სიმშვიდეა. არ გვაქვს დრონები, ვერტმფრენები, იარაღი, მძიმე ტექნიკა, ტყვიაწამალი… ამჟამინდელი პრემიერის მიერ ნაჩუქარი ბათინკები ხომ მკვდარზე ვენოკივითაა. ათ წელზე მეტია თვისობრივი გაუმჯობესება თავდაცვის სისტემაში არ ყოფილა. რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებზე გამუდმებითაა მსჯელობა, თუმცა თავდაცვის სფეროში არაფერი იცვლება. ბოლოს და ბოლოს, 12 წელია ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) ვერ მოვიპოვეთ. ნეტავ, ის IPAP სად გვიგდია?
ამ თავდაცვის პირობებში, გაგვიჭირდება რუსეთს რაიმე დავაკლოთ. და რატომ არ გვაქვს თავდაცვა? ვითომ, საფრთხეს ვერ ვხედავთ გიგანტ და მკვლელ მეზობელში? იქნებ, ისიც თავდაცვაა, რუსეთს უთხრა, შენგან საფრთხეს ვერ ვხედავო. ეჭვი ჩნდება, თავად რუსეთის მიერ ნაკარნახევი პოლიტიკა ხომ არაა თავდაცვის სისტემის სრული უფუნქციობა. გამიზნულად თუ სრულიად შემთხვევით, რუსეთისათვის სასარგებლო საქმე კეთდება, როდესაც საქართველოში თავდაცვას ივიწყებ.
უარი ვთქვით EU-სა და NATO-ზე
ბოლოს როდის იყო საერთაშორისო დელეგაცია საქართველოში? — მე არ მახსოვს. და ბოლოს როდის იყო ქართული დელეგაცია უცხოეთში? — არც ეს არ მახსოვს. იმის გახსენებაც მიჭირს, საერთაშორისო ტრიბუნა როდის გამოვიყენეთ საკუთარ გამოწვევებზე სალაპარაკოდ.
რასაც რუსეთი ომით ცდილობს უკრაინაში, ომის გარეშე მიაღწია საქართველოში — NATO-სა და EU-სკენ სწრაფვაზე უარი ვთქვით. არ მივყვებით ევროპის დღის წესრიგს, არ ვლაპარაკობთ ევროპელ ლიდერებთან, ვლანძღავთ დასავლელ პარტნიორებს, ქუჩაში ხალხს ვცემთ, არ ვცდილბთ დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნას… გვირჩევნია ვიყოთ ნეიტრალურები, ვიდრე ვინმე გავაბრაზოთ. საქართველოს კი მიზეზთა მთელი სია აქვს, რატომაც არ გამოსდის ნეიტრალურობა.
საქართველოს ინტერესი არაა იყოს რუსეთზე დამოკიდებული, ევროპისაგან იზოლირებული პატარა სოფელი. ქართველის ხალხის 70%-ზე მეტს NATO-ში, 80%-ზე მეტს კი ევროკავშირში გაწევრიანება სურს. სამწუხაროდ, ზოგჯერ სხვები არიან ამ განწყობის გამხმოვანებლები. ზოგჯერ კი არასწორი გამხმოვანებლები გვყავს და ხალხის ნებაც ქართულ საიტებზე ცუდად გახმოვანებულ ფილმებს გავს.
არაფერს ვამბობთ ტერიტორიების მიტაცებაზე
დიდი ხანია საერთაშორისო საზოგადოებას აღარ ვაწუხებთ. იმათ თავისი საქმე აქვთ, ჩვენ ჩვენი. საზღვარს ჩვენ გვიწევენ. მოქალაქეებს ჩვენგან იტაცებენ.
რუსეთის დანაშაულებებზე რომ აღარ ვლაპარაკობთ, საოკუპაციო ხაზთანაც რომ აქტიურად აღარ ჩავდივართ, საზღვრის გადმოწევაზე რომ ოფიციალურ განცხადებას არ ვაკეთებთ, საერთაშორისო ლიდერებს რომ საოკუპაციო ხაზთან არ ვეპატიჟებით — ეს ხომ რუსეთის ინტერესია? მაშინაც არ ვაღიზიანებთ, როდესაც შუაღამეს ადამიანებს სახლებიდან აგდებენ ან ახლი რუსეთის ტერიტორიაზე დარჩენას სთავაზობენ. პუტინის პოლიტიკას, გვაცხოვროს მუდმივად ომის შიშში, ბევრი უწყობს ხელს. რუსული ტანკი რომ უკვე მოყენებულია და საწვავის მიწოდების ნახევარ წუთიანი ოპერაციის შემდგომ ომი იწყება, ეს 2008 წლიდან ვიცით. ძალიან შეგვეშალა, როდესაც რუსეთი ასე ახლოს შემოვუშვით, მაშინვე განგაშის ზარები არ ავტეხეთ და გზიდან 40 მეტრში რუსი სამხედროები დავაყენეთ.
რუსეთთან სიჩუმის პოლიტიკამ ბევრი დაგვაკარგინა. მათ შორის, შეგვიმცირდა კოლექტიურად რუსეთის მტრად აღქმა. თუ ცხელი ომი არ აქვს, სამაგიეროდ ცივი და ჰიბრიდული ომი აქვს საქართველოსთან, თანაც წარმატებული. «ალტ-ინფოსა» და «პატრიოტთა ალიანსის» ბოგინიც ამის ნაწილია. რუსეთს მოსწონს დღევანდელი საქართველო, ამ პირობებში კი პატრიოტული, პოლიტიკური და ადამიანური კრიზისით გებრძვის.
რუსეთმა არამეგობარი ქვეყნების სიაში არ შეგვიყვანა. მჭიდროდ გადაგვჯაჭვა ლუკაშენკოსთან. თურმე, რუსულ საქმეს, ჩვენს და თქვენს შორის, დიდი ხანია აკეთებენ.