ჩემს საგორაო სკამზე მოწყვეტითა და მოწიწების გარეშე ჩავენარცხე და კიდევ ერთხელ გავაცნობიერე, რომ დაზეთვა სჭირდება, თორემ უხერხულია ოფისში მუდამ ჩემი ლოკაციიდან რომ ისმის მუხლის, სკამის ჭრაჭუნისა და ჩემი ჭმუნვის ხმა — ერთდროულად.
ჩუსტებიც ამოვიცი
კაპიტანი ამერიკის ბოობოლა ყავით სავსე ჭიქაც მოვიდგი.
ხოდა, როგორც ხდება ხოლმე რა…
შევედი ფბზე და დევიწყე გალობა სქროლვა.
პარალელურად ჩემს გონებაში ისმის სამგლოვიარო მარში: «სამსახური — არსებითი სახელი. დაესმის კითხვა — რა? თავად სიტყვა გკარნახობს რითი უნდა დაკავდე მსგავსი სახელწოდების ტერიტორიაზე — სამსახური — მსახურება, პროლეტარიატი, მუშაობა, გაკულაკებული აზნაურობის შთამომავლობა.»
მოკლედ, ვხვდები, რომ ნამეტანი მომდის.
ერთხელ თუ ბედმა გაგიღიმა და სქროლვის პროცესში საკუთარ თავი გააცნობიერე — ანუ დააკვირდი, როგორც სუბიექტი ობიექტს, მიხვდები, მოსე მაშინ შეცდა, ჩუმად, მე-11 მცნებად ‘ნამეტანი არ მოგივიდეს ეგ სქროლვა’ რომ არ ამოკაწრა იმ ორ ფილაზე.
მოკლედ, ჩემი გამოთვლით, დღეში სასქროლო საქმეების წარმოებაში 3-4 საათამდე ვატარებთ. ნუ იქნები ლაჩარი, მიდი, შედი ‘სეტინგებში’ და თვალებში ჩახედე ‘screen time’-ს. ზოგადად რომ ვთქვათ, ჩვენი ცხოვრების ნებისმიერი აქტივობა დროის გაყვანა და გარდაუვალ აღსასრულთან მიახლოვება არ არის-მეთქი, ტყუილი გამომივა. მაგრამ, მაინც, დავთვალოთ.
24 საათიდან მეცნიერები გვირჩევენ 8 საათი გვეძინოს. თანამედროვე საქართველოში სამსახურშიც 8 საათიანი გრაფიკი გვაქვს, თუ, რა თქმა უნდა, სერვისში არ მუშაობ; * დარჩენილი რვა საათიდან საშუალო სტატისტიკური მილენიალი და ჯენ-z-ს წარმომადგენელი სქროლვაში 3-4 საათს ატარებს.
ისმის კითხვა — რაში შეიძლება დავხარჯოთ კაპიტალიზმითა და ყოფის აუტანლობით ბოძებული 4-5 საათი?
ორი პასუხი მაქვს
1. გზაში
2. საპირფარეშოში მიმების სქროლვაში
3. პანიკ ატაკებთან გამკლავებაში <3
უი, სამი მქონია.
ახლა ვერ იგრძენით, მაგრამ 10 წუთი zone out მქონდა, ვსქროლავდი, შემთხვევით.
შეიძლება სქროლვა, გამკლავების მექანიზმადაც ჩავთვალოთ.
ალბათ, უწინ, სასქროლი მოწყობობილობები რომ არ არსებობდა, სხვა ბერკეტები ჰქონდათ.
მაგალითად შეშის ჩეხა; ლექსების გაშმაგებული წერა; ხის ქვეშ, ცვრიან ბალახზე წამოგორება და გამალებული ფიქრი; ნადირობა მამონტებზე; ცხვარში წასვლა; დურგლობა.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ჩვენს წინაპრებს დივანზე ზანტად წამოგორებისთვისა და ნერვული სქროლვისთვის — რომელსაც მხოლოდ იმიტომ აკეთებ, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა არ გინდა და ინტერნეტ სივრცეც შენთვის ე.წ. ‘white noise-ის’ ფუნქციას ასრულებს — დრო არ ჰქონდათ.
რამდენჯერ ყოფილა რომ სქროლავ, მაგრამ ვერაფერს იგებ. ცერა თითის მექანიკურ მოძრაობას ჯერდები და თანახმა ხარ, ის უამრავი ნაგავი და ცოტაც გენიალური მიმი მიაწოდო შენს გონებას, რომელიც ინტერნეტ სივრცეში უხვად ყრია. თუ ამბავი მეტად სულისშემძვრელია — ან ლეკვები მეტად საყვარლად დასდევენ პატრონს, ან მიმი მეტად relatable არის, ცოტახანი ისევ ამუშავდებიან ტვინის ნეირონები, გაიაზრებენ ინფორმაციას… სხვა შემთხვევაში, ამბების მხოლოდ პასიური მიმღები ხარ.
ცნობიერად ვერ იაზრებ, თუმცა იმ საღამოს, ვირტუალური ნაგვისგან დაცლის მცდელობისას — შენი ქვეცნობიერი ცხრასართულიან სიზმრებს ააგებს და იქვე იმაზე წაგკბენს, შენს კრეატიულ პოტენციალს, გენომს და ინსტინქტურ წნეხს დაიგნორებით და სქროლვით მაქსიმუმ ნევროზად თუ გადააქცევ და ის პანიკ ატაკებიც, ზემოთ რომ ვახსენეთ, უფრო გაგიხშირდებაო.
პირადად არ მიიღოთ, აქ მხოლოდ, სუბიექტურ გამოცდილებაზე ვსაუბრობ; *
პოზიტიურ ნოტაზე მინდა დავასრულო თხრობა და აღვნიშნო, რომ სქროლვას ისევ შეშის დაჩეხვა სჯობს. საკუთარი თავისგან — რომელიც სიზმრებშიც უკან მოგსდევს, ცხადშიც და მარსზეც, ვერც ერთი გიხსნის. თუმცა, შეშის დაჩეხვა კაი ტანზე მაინც დაგაყენებს და ტვინში ერთ-ორ ენდორფინსაც გაისვრის.