2023 წლის 8 ნოემბერმა სულზე მოგვისწრო და ქვეყნის ბედზე დასევდიანებულ მოსახლეობაში ოდნავი იმედის ნაპერწკალი შემოიტანა. მოკლედ რომ ვთქვა, ევროკომისიამ შემოგვითვალა, მე კი გაძლევთ რეკომენდაციას და თუ ჭკვიანად იქნებით შეიძლება სტატუსსაც გამოკრათ ხელიო. ეს კანდიდატის სტატუსი კიდევ ის გასაღებია, რომელმაც თანასწორობის, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თუ სოციალური კეთილდღეობის კარი უნდა შეაღოს. ჯერ მხოლოდ კულისებიდან ვუყურებთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკურ მდგრადობას, თავისუფალ სავაჭრო სივრცეს, განათლების გამართულ სისტემას, სოციალურ და პოლიტიკურ თანასწორობას და ვიმედოვნებთ, რომ 8 ნოემბერი დიდი დასაწყისის ათვლის წერტილია.
მაინც რამ გაგვაგიჟა ასე ევროპული ოჯახის წევრობაზე? რატომ და რისთვის გვჭირდება სტატუსი და რას შეცვლის ეს სტატუსი ჩვენთვის და ქვეყნის მომავლისთვის?
კანდიდატის სტატუსი ერთი ღრმა ამოსუნთქვა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და იმ პრობლემებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით. სამუშაო დროსთან შეუსაბამო ანაზღაურება, განათლების დაბალი დონე, ეკონომიკური არასტაბილურობა, პოლიტიკური ანტაგონიზმი და სოციალური ნიჰილიზმი, ეს ყველაფერი მწარე მოგონებად დარჩება და გზა გაეხსნება ახალ, ევროპულ მომავალს, რომელიც გულისხმობს: ეკონომიკურ და სავაჭრო სტაბილურობას, სოციალურ თანასწორობას, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სახელმწიფო ინსტიტუტებს, გაზრდილ ანაზღაურებას, ხარისხიანი განათლების მიღებასა და ფინანსურ მხარდაჭერას.
ეკონომიკური და სავაჭრო სტაბილურობა თავის მხრივ გულისხმობს ბიზნესისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას. თავისუფალი და ახალი სივრცე, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებისთვის საქართველოს სახით შეიქმნება, წარმოშობს ახალ სამუშაო ადგილებს, რაც ნიშნავს, რომ ბევრად უფრო განვითარებული ბიზნეს პროცესები დაიწყება და ჩვენი მოსახლეობისთვის გაიზრდება შესაძლებლობა როგორც განათლების, ასევე სხვადასხვა უნარ-ჩვევების შეძენის კუთხით. თუ ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ან ევროკავშირის ქვეყანა, სხვა ტიპის სამუშაოებზეც გაიზრდება მოთხოვნა, რაც ნიშნავს, უფრო მეტ ბიუჯეტს, ნიშნავს უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდას და უფრო მეტ ფინანსებს, რომელიც შეიძლება ჩვენი მოსახლეობისთვის გამოიყოს და შეამსუბუქოს სიღარიბის მაღალი მაჩვენებლები, რომლებიც დღეისათვის არის ქვეყანაში.
მაგალითისთვის: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ბულგარეთის ექსპორტი ევროკავშირში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2000-2006 წლებში, წლიურმა ზრდამ 23% შეადგინა. ეს ყველაფერი ბუნებრივია მოსახლეობის კეთილდღეობაზეც აისახა. რაც შეეხება კანდიდატობის პერიოდში სხვადასხვა ქვეყნისთვის გაწეული მხარდაჭერისა და დახმარების შედეგებს: ბოსნია და ჰერცოგოვინაში ინვესტიციები სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და ხის გადამამუშავებელ მრეწველობაში, ასევე მეტალურგიაში ჩაიდო. ჩრდილოეთ მაკედონიაში ევროკავშირმა ინვესტიცია 6 რეგიონული სამედიცინო ცენტრის აღჭურვისთვის განახორციელა. ასევე, სერბეთთან სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მოდერნიზების შედეგად, გამტარუნარიანობა 30%-ით გაიზარდა. ამ საკითხთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს IDFI-ის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, გივი ადეიშვილი: ,,ერთია ის დახმარება, რომელსაც ევროკავშირი გამოყოფს და რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის არის საჭირო, მაგრამ მეორეა ის შესაძლებლობა, რომელსაც ბიზნესი დაინახავს და ამ შემთხვევაში მოგეხსენებათ, საკმაოდ ბევრი ინტერესის სფერო გახდება ჩვენი ქვეყანა, რაც ავტომატურად ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, რაც ნიშნავს გაზრდილ ანაზღაურებას და შემცირებულ რისკებს, იმიტომ რომ ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც დღეს ქვეყანას გააჩნია, არის რეგიონში არსებული არასახარბიელო მდგომარეობა და რეგიონული რისკები“.
კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის ფინანსურ რესურსებთან წვდომასაც იძლევა. ეს სტატუსი საქართველოს გზას უხსნის გაწევრიანების წინა ფინანსურ ინსტრუმენტზე – IPA-ზე, რომლის ბიუჯეტიც 14 მილიარდ ევროს შეადგენს. ამ ინსტრუმენტზეა მიბმული ეკონომიკური და საინვესტიციო პროგრამა, რომელიც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან, ანუ EIB-დან, IMF-დან და EBRD-დან 30 მილიარდი ევროს მობილიზებას ითვალისწინებს. აგრეთვე, კანდიდატ სახელმწიფოებს სამეზობლო განვითარების 19-მილიარდიანი ფონდიდან დაფინანსების მიღების საშუალებაც აქვთ, რაც ქვეყნის განვითარებას და ეკონომიკურ წინსვლას შეიძლება მოხმარდეს. ამასთან, წარსულსაც თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ წლების განმავლობაში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება 6 მილიარდ ლარს აღწევს. აბა, კარგად დავფიქრდეთ, თუ ოჯახის წევრი არ ვიყავით და მაინც ასე გვეხმარებოდნენ, ოჯახის წევრი რომ გავხდეთ ხომ წარმოგიდგენიათ როგორ თან გადაგვყვებიან.
კანდიდატის სტატუსი არ ნიშნავს მხოლოდ ეკონომიკურ ან ფინანსურ სარგებელს. ის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური აღიარებაა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ახლა, როდესაც ქვეყნის წინაშე გადაუჭრელ პრობლემად დგება მცოცავი ოკუპაცია და ჩრდილოელი მეზობლის დაუოკებელი სურვილი, ჩაყლაპოს ჩვენი სახელმწიფო. ეკონომიკური ინტერესებიდან თუ შევხედავთ, სტატუსი ერთგვარი გადამრჩენლის ფუნქციას შეასრულებს და მარტო არ დაგვტოვებს იმ ქვეყანასთან ბრძოლაში, რომელიც ტერიტორიებსაც ემუქრება და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსაც. გახსნილი საზღვრები ევროპის ქვეყნებთან და თავისუფალი სავაჭრო სივრცე, ნიშნავს ნაკლებ კავშირს რუსეთის სახელმწიფოსთან.
კანდიდატის სტატუსი ნიშნავს სტაბილურ სოციალურ გარემოს. ვისაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ეძლევა, ითვლება, რომ იმ ქვეყანაში არსებული სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია იმისთვის, რომ ყურადღება მიექცეს სხვადასხვა სექტორების განვითარებას, იქნება ეს განათლების სფერო, სამუშაო პირობები, ანაზღაურების თემა, თუ სხვა. აღნიშნულთან დაკავშირებით GIPA-ს პროფესორი გიორგი კობერიძე ამბობს: ვისაც კანდიდატის სტატუსი ეძლევა, ევროპას უფრო მეტი ყურადღება აქვს დათმობილი მისთვის, როგორც შედარებით სტაბილურ პოლიტიკურ და სოციალურ გარემოსთვის და მიაჩნია, რომ იქ ინვესტიციების განხორციელება ბევრად უფრო ლოგიკური და საფუძვლიანად შედეგიანი იყოს. ამასთანავე, როცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გაქვს, ევროკავშირი მოგყვება, გეხმარება თითოეული რეფორმის განხორციელების პროცესში, მისდევს შენს პროგრესს და ნებისმიერი შენი გადაცდომის, რეგრესის შემთხვევაში, მის გამოსწორებაში გეხმარება, ცდილობს, მაქსიმალურად დაგიახლოვდეს. ეს არ არის მხოლოდ რიგი რეკომენდაციების შესრულება, რომელიც საქართველომ ახლა უნდა განახორციელოს, არამედ ის მაქსიმალურად ცდილობს, რომ დაგაწინაუროს, რადგან შენ მისთვის მნიშვნელოვანი კანდიდატის სტატუსი გაქვს.
რატომ მივისწრაფვით ევროკავშირში გაწევრიანებისკენ? პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრების ისეთი პირობები და წესებია, ადმიანების უდიდეს უმრავლესობას რომ უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაშიც: სამართლიანობა და დაცული თავისუფლებები, დასაქმების ბევრად მაღალი დონე, ღირსეული საშუალო და მინიმალური ხელფასები და პენსიები, ყველასთვის ხელმისაწვდომი მაღალი ხარისხის ჯანდაცვა და განათლება, ღირსეული სოციალური უზრუნველყოფა, მოწინავე ეკონომიკა და ა.შ. გაცვლითი პროგრამებიდან მხოლოდ ერასმუსი რომ ვიცით, კიდევ უამრავია, რომელზეც წარმოდგენა არ გვაქვს. სწორედ ამ წარმოდგენას გააფართოებს ევროპული ოჯახის პოტენციური წევრობა. კანდიდატის სტატუსი წინ ახალ რეალობას გადაშლის, რომელშიც არც ტაქსისტი გვეყოლება ორდიპლომიანი და არც ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ოთხმოც კაპიკად და კიდო მანეთად.
ჩაძინებამდე რამდენიმე წამით ადრე წარმოვიდგინოთ სასამართლო, რომელიც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია, სამსახური, რომელიც შესაბამის ანაზღაურებას გვთავაზობს, პენსიონრები, რომლებსაც ფული წამლების ყიდვის მერეც რჩებათ , ბიზნესი, რომელიც ყოველდღე ახალ და მაღალკვალიფიციურ კადრებს ითხოვს, ეკონომიკა, რომელიც სულს არ ღაფავს და ადამიანები, რომლებიც ლუკმა-პურისთვის სიცოცხლეს საფრთხეში არ იგდებენ. ძილი ნებისა ჩემო საქართველო, ისეთ რეალობაში გაგეღვიძოს, რომელშიც კანდიდატის სტატუსიც გაქვს და 37 მანეთად არა როსტოვში, არამედ პარიზში მიფრინავ.
ავტორი: ანანო შალამბერიძე