ვაი თუ ჯადო გვაქვს?!
ალბათ, ყველა ქართველს — დიდს, პატარასა თუ ქართლის დედას — ცხოვრების რაღაც ეტაპზე უეჭვია, იქნებ, ჯადო მაქვსო. იქნებ მთლიან საქართველოს აქვს ჯადოო. ლარის კურსს? იქნებ პარლამენტის შენობას ან კონსიტიტუციას? შოთას ილიას აკაკის ვაჟას? პრინციპში რომ ვთქვა, სიმართლისგან შორს ვართ-მეთქი, მოვიტყუები. რაღაც აშკარად გვაქვს. სად გვაქვს და რა, ეგ ალბათ ღმერთის მამამ არ იცის. მაგრამ დღევანდელი გრიმუარიდან ამოწერილი ბლოგის მიზანი ასეთ ეროვნულად მტკივნეულ თემებზე საუბარი არაა.
ინდივიდებით დავიწყოთ.
ზოგადად ამ წამისოფელში ოპტიმალური დამოკიდებულება ყველაფრის დაშვებაა. რწმენა ნამეტანი ძლიერი აფექტური დატვირთვის სიტყვაა. ვთქვათ, ვიღაც გეკითხება «რეპტილიური რასის არსებობის გჯერა?» რო რამე, არას კი იტყოდი, მაგრამ პროფესიონალი ოვერსინქერი ხარ, თან ცუკერბერგის არსებობა შენში ეჭვებს აღძრავს, და სანამ შენი ხმის იოგები ჰაერში «არას» მოხაზავენ, მანამდე შენი ტვინი 102 ნეირონულ სინაპსს ქმნის სადაც 78 შეთქმულების სცენარია დახატული რეპტილიური რასის მონაწილეობით.
ასეთი ხალხისთვის პასუხი კითხვაზე «გჯერა?» არის «ჟუბუტყუა *ფრანგული აქცენტით* … ვუშვებ».
შემოგედავებიან? ეგრევე თავს ესხმი და ეკითხები, «და რა მტკიცებულება გაქვს, რომ არ???”- თან, რაც შეიძლება ძლიერი ნიშნის მოგებით და იქვე მეტი ეფექტისთვის ფეხებთან გახლეჩილ ატომს თუ დაუგდებ, თლა უკეთესი.
ჰოდაა, ვთქვათ…
ვთქვაათ…
ჯადოს არსებობასაც უშვებ. ჩვენ, მაქსიმუმ ის გითხრათ, რომ ‘… აა, იცი… არაა.’ მაგრამ, თუ მაინც გჯერა, იცოდე, რომ ადამიანის ტვინისა და ცნობიერების შესაძლებლობები ჯერაც მულტივერსის რომელიღაც რეალობაში გაშენებული ჯუნგლებივითაა — არ ვიცით, ტვინს რამხელა მუსკულები აქვს, იქნებ, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე წვდება და ერთი გაფიქრებით მთავრობის ყველა წევრისთვის ჯადოს გაკეთება მსოფლიოში მშვიდობის დამყარება შეუძლია?! და აქვე წყენანარევი გულუბრყვილობით ვიტყვით, სადაც ჯადო, იქაც ჰოგვორტსი რომ არსებობდეს, არა?!
ე.ი. რა უნდა ქნა, თუ გგონია, რომ ჯადო გაქვს?
მარილი მოიპნიე გარშემო
ზღვის ოღონდ. Ჩემი ალქაჯი დიდის-დიდი ბებიის გრიმუარიდან ვიცი, რომ მარილი კარგი გამწმენდია, როგორც ნეგატივის, ასევე კანის. Მოკლედ, მჩხიბავები ხშირად იყენებდნენ
ჯადოა თუ უბრალოდ D ვიტამინი გაკლია?
თუ უენერგიოდ ხარ, მოწყენილი, კონცენტრირებას ვერ ახდენ და ნამეტანი ოფლიანობ, არაა საჭირო პირდაპირ ის თქვა, არიქა, ჩემმა მტრებმა — რომლებიც, დიდი ალბათობით, არც გყავს, გამთვალესო. Ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შეიძლება D-ვიტამინის ნაკლებობის ბრალი იყოს. გადაამოწმე, აბა, ექიმთან, ეგება გიშველოს. ოღონდ ის არ უხსენო — თავიდან ჯადო მეგონაო.
Big sad?
დეპრესიული ეპიზოდიც არაა გამოსარიცხი, მით უმეტეს, თუ მზეთ-უნახავი ხარ, სტრესული სამსახური გაქვს, საზრისის ჭვრეტა გიჭირს, რადგან გგონია რომ არ არსებობს და პაკეტს — უძილობაც მოაყოლეს. Rule of thumb — ჯადოს გარდა შენი დაქვეითებული გუნება-განწყობის ასახსნელად პირველ 10 ვარიანტად ყველაფერი სხვა ჩამოთვალე.
ჩაკრები გადასქროლე, ხოა მწყობრში?
რორამე Root chakra-მედიტაციებს თუ მოუსმენ, იქნებ ფიზიკური ყოფა შეგიმსუბუქდეს. გულის ჩაკრის კარიც განხვენი, იქნებ ტოქსიკური ურთიერთობების პატერნიდანაც გამოხვიდე და ოჯახთანაც დაგილაგდეს ურთიერთობა — თუ მაინც და მაინც ალტ-ინფოშნიკები და კომპარტიელები არ არიან.
ან ბორში არ უყვართ.
ჯადო მოერევა თუ შენი მენტალური ენერგია — ვაჭიდაოთ
თუ მაინც ვერაფერი გშველის ერთ ფილოსოფიურ ხედვაზე გადასვლას გირჩევ — იფიქრე, რომ ყველაფერი არსებობს შენში. იმას არ გეუბნები, ჯადოც შენშია-მეთქი.
უბრალოდ უნდა გჯეროდეს, რომ შენი მენტალური, ენერგეტიკული, ეთერული, მარსული, ბორშული თუ სხვა სხეული ხელშეუხებელია — მითუმეტეს ვიღაც ცხვირზემუწუკგამოსული ბებრუხანა, ღამ-ღამობით ყვავებს რომ ეხვეწება, ბუმბული მომეციო, ვერაფერს გავნებს. Რასაც შენს თავში არ დაუშვებ, არც შემოვა. შემოვიდა? ეგრევე ელექტროშოკი.
ეს ყველაფერი თუ ვერ დაგეხმარა, მოგვწერე და ჩვენი ჯადოლოგი, მჩხიბავი, ტაროლოგი, კარგი შვილი და უბრალოდ სასახელო მოღვაწე, დაგეხმარება
… ან სხვა ჯადოლოგთან გადაგამისამართებთ.
აბა, ჰო,
შემოგევლეთ,
ასასინთა ტყის გრძნეული (პ.ს ის მჩხიბავი მე ვარ)