ბლოგის წერას ვიწყებ და ის ტიკ-ტოკ ტრენდი მახსენდება, «როცა შენი მშობლები სიყვარულით დაქორწინდნენ და ….» და შენ ავოკადოში 6 ლარის გადახდა გიწევს (ან საერთოდ ვერ გიწევს, პრიორიტეტების ამბავია) გადაჭედილ ავტობუსში, სადაც ერთი ფეხის წვერის დასადები ადგილი გერგო — ლარის. ტაქსიში, რომელსაც საცობი ბონუსად მოყვება 15-ის და ა.შ.
მოდი, მივყვეთ ქრონოლოგიურად — უფრო ნათლად რომ წარმოვიდგინოთ 1000 ლარზე ცხოვრების აუტანელი სიმძიმე.
ხელფასის ჩარიცხვამდე რამდენიმე დღით ადრე:
ძველი ქართული გამოთქმა ჰო გაგიგია, პრიორიტები პრიორიტეტულიაო. ჰოდა, დგები და წერ ყველაფერს (ყველაფერი ხმამაღალი ნათქვამია) რაც უსიკვდილოდ გჭირდება ამ ცხოვრებაში ე.წ. essentials — ანუ ნივთები ან კონსულტაციები, რომლებში ფულის დახარჯვასაც ვერ გადაურჩებიან შენი ათასი ლარის ნულები.
მაგალითად: ყველაზე მოწესრიგებული ტრანსპორტის ერთ თვიანი აბონიმენტი, მედიკამენტები, ეპილაცია-შმეპილაცია, შენი მეგობრის დაბადების დღის საჩუქარი, დაზღვევის გადასახადი, რომელიც ზუსტად რომ 1000 ლარიანი ხელფასის გამო აუცილებლად უნდა გქონდეს, თორე რო რამე (ღმერთმა გაშოროს) ისე გაგატყავებენ, ჩემი ბლოგი ვეღარ გიშველის.
სასურველია essential — ები 200 ლარს არ გადასცდეს!
ხელფასის ჩარიცხვამდე ერთი დღით ადრე:
ხელფასის ჩარიცხვამდე ერთი დღით ადრე შინაგანი ღელვა მატულობს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ანგარიშზე მხოლოდ ორი ლარიღა გაქვს შემორჩენილი. ეს სიმპტომი კი ხელს უშლის essential-ებზე კონცენტრირებას და ერთი თვით თავის გატანის გეგმას ნემსით ჩაფუშვით ემუქრება. ამიტომ ღრმად ისუნთქე და 1000 ლარით მთების გადადგმას ნუ მოინდომებ. ეგ «მთები» დიდი დიდი ოდნავ გადააჩოჩო ისიც სიზმარში.
ხელფასის ჩარიცხვიდან 5 წუთში:
5 წუთში იმიტომ, რომ 5 წუთით მაინც ვიგრძნოთ თავი «მდიდრებად». მერე კი ეგრევე ვყიდულობთ სასიცოცხლოდ აუცილებელ რამე-რუმეებს + ვაქუჩებთ ფულს სასიცოცხლოდ აუცილებელი კონსულტაციებისთვის.
კაი, მერე რაღას ვშვებით?
პირობითად გვრჩება 800 ლარი (უმჯობესია). 50 ლარს ვრიცხავთ ანაბარზე — რადგან ღარიბებსაც უნდა გვქონდეს შავი დღისთვის გადანახული ფული, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ყოველი დღე შავია.
800 — 50 = 750
გვრჩება 750 ლარი, რომელსაც ვყოფთ თვეში არსებული თავის გასატანი დღეების რაოდენობაზე. ისე, სულ რომ 28-იანი თებერვალი იყოს, ჰო მოვიწყობდით ლაგჟერი ლაიფს?
მოკლედ ერთი დღისთვის დაახლოებით 25 ლარი გვაქვს.
რას გამორიცხავს დღეში 25 ლარი?
ყველაფერ ცხოვრებისეულს 😉 უფრო კონკრეტულად კი:
- ლანჩზე საჭმლის გამოძახებას – უმჯობესია საჭმელი სახლიდან ატარო და პროდუქტები ბაზარში, ან ყველაზე იაფ მარკეტში შეიძინო.
- ტაქსით მგზავრობას – გამართლებულია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, თუ სახლში 3-ზე ვბრუნდებით!
- ყოველ პარასკევს საგულაოდ წასვლას – მაქსიმუმ ორჯერ გასწვდე, ისიც თუ სხვა დღეებში დღიური ლიმიტისთვის არ მიგიკაკუნებია.
- უკონტროლო შოპინგს Fast Fashion-ის ბრენდებში – მხოლოდ ვაგზალზე მეორადებში.
- ხშირად გარეთ ჭამას – აქაც თითქმის იგივე წესი მოქმედებს, როგორც პარასკევს გართობის შემთხვევაში.
- პირადი ხუშტურების განხორციელებას – ამის ალტერნატივა არ ვიცი, ამიტომ თავიდანვე გამორიცხე!
კიდევ ერთი პატარა თიფი:
ამბობენ ქეშს უფრო უჭერენ ადამიანებიო, ჰოდა, აბა სცადე 😉