ალბათ შენი ცხოვრების რომელიღაც არც თუ ისე ბრწყინვალე ეპიზოდში, ერთხელ მაინც მოისმენდი იმ ფრაზას, რუსეთის გარეშე რომ არაფერი გვეშველება, რუსეთი რომაა ჩვენი ერთადერთი მხსნელი და კი, თუ ეკონომიკა წელში უნდა გავმართოთ, რუსეთი უნდა ამოვიყენოთ გვერდით და დათუნია შოკოლადები ვამჯობინოთ ქინდერს.
ეკონომიკურად ჩვენი რუსეთზე სამუდამოდ დამოკიდებულების მოტივით უამრავი მითი შეუთხზავთ. გვაჯერებენ რომ ევროპაში ჩვენი ვაშლი არავის ჭირდება, რომ ჩვენი პროდუქცია ვერ დააკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს და იმდენს მაინც ვერაფერს გავიტანთ, რომ ფეხზე მყარად დგომა შევძლოთ. იმ ადამიანებს კი, რომლებსაც ისტორიული მეხსიერებით მხოლოდ რუსეთში გატანილი მანდარინები და მოსკოვიდან ჩამოტანილი შესქელებული რძე ახსოვთ, დღემდე გონიათ რომ მხოლოდ ჩრდილოეთის კარია ჩვენთვის ღია. ჰოდა, ვიღაცა რომ რაღაცაში გადავარწმუნოთ, პირველ რიგში ჩვენ უნდა გვქონდეს არგუმენტები.
ნუთუ მხოლოდ რუსეთზეა დამოკიდებული ჩვენი «მხრებში გამართვა»? (კიდე კაი, რომ არა)
ჩვენდა საბედნიეროდ საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება 2014 წელს გააფორმა, რომლის ერთ-ერთი პირობა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასაც გულისხმობს. ანუ 2014 წლიდან საქართველოს წინ უმსხვილესი ბაზრის პორტალი გაიხნა, რომელიც 27 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს და თუ ჩვენი პროდუქტი ევროკავშირის ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს საბაჟო ტარიფის გარეშე აღმოჩნდება ევროპელი მომხმარებლების დახლებზე.
ამასთანავე ასოცირების ხელშეკრულება მხოლოდ თავისუფალ ვაჭრობას არ ითვალისწინებს. ეს შეთანხმება მეწარმეებს ეხმარება ეტაპობრივად გადავიდნენ ევროპულ სტანდარტებზე და უფრო ხარისხიანი პროდუქტი შექმნან. მხოლოდ 2020 წელს ევროკავშირის მხარდაჭერის ბიუჯეტი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის 300.9 მილიონ ევროს შეადგენდა. ის მითი, რომ ევროპულ სტანდარტებს ვერ დავეწევით ფაქტობრივად დამსხვრეულია, რადგან ამის ხელშეწყობა და შესაძლებლობა ნამდვილად გვაქვს.
დღესდღეობით ქართული პროდუქტი ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის ბაზარზე არსებობს. ძირითადად თხილი, ღვინო, ხილის ჯემები, მინერალური წყალი, მწვანილი და სხვა პროდუქტები გაგვაქვს. იტალიური კომპანია ფერერო, რომ ჩვენს თხილს იყენებს, ეგ ალბათ ჩემს გარეშეც გეცოდინება. გარდა სასურსათო პროდუქტებისა, სამრეწველო ნაწარმსაც ვაექსპორტებთ: სპილენძის მადნებსა და კონცენტრანტებს, ფეროშენადნობები და ელექტროენერგიაც კი, რომლის ღირებულებამაც ამ წელს 84 მლნ. დოლარი შეადგინა.
თუმცა მარტო ეს არ კმარა, სხვა ფაქტების ცოდნაცაა საჭიროა 🙂
საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი თუქრეთია, რომელთანაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2007 წელს გავაფორმეთ, 2018 წელს კი აღნიშნული შეთანხმება გავაფართოვეთ. გაიზარდა კვოტები მაგალითად თაფლზე, რადგან მოთხოვნა დიდია. შესაბამისად გაიზარდა ექსპორტი. 2021 წლის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველო-თურქეთის სავაჭრო ბრუნვამ 2 145 884 100 აშშ დოლარი შეადგინა.
ასევე, 2018 წელს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორისაც გაფორმდა. კი, ჩინეთთან, რომელიც უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სიაში პირველ ადგილზეა. მხოლოდ 2022 წლის იანვარ-მარტის სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსა და ჩინეთს შორის 461.9 მილიონი დოლარი შეადგინა.
ჩინეთში ყველაზე აქტიურად სამრეწველო საქონელი, სპილენძისა და ძვირფასი ლითონის მადნები, მედიცინაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობები, სატელეფონო აპარატურა და სხვა სამრეწველო საქონელი გაგვაქვს.
თუმცა მარტო ეს არ კმარა Vol.2 — კომპეტენტურ ადამიანებსაც უნდა მოკითხო აზრი.
«რუსეთის გარეშე რომ ვერ გადავრჩებით მითია და ეს ჯერ კიდევ მაშინ დადასტურდა, როდესაც რუსეთმა საქართველოს ემბარგო გამოუცხადა. იმ პერიოდში გადავრჩით კიდეც და პროდუქტის ხარისხის დონეც ავწიეთ.» — ამბობს გიორგი აბაშიშვილი, ჯეოქეისის ეკონომიკური მიმართულების დირექტორი. მისი თქმით, რუსეთის ბაზარზე იმპორტის კუთხით დამოკიდებულება მაღალია, რადგან საკვები პროდუქტები, ხორბალი, საწვავი რუსეთიდან შემოგვაქვს. ჩვენი მთავარი გამოწვევა კი რუსეთზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირებაა, რაც პირველ რიგში ინფრასტრუქტურის დახვეწითა და ევროკავშირისა თუ სხვა ბაზრების აქტიური ათვისებით უნდა დაიწყოს. თუმცა ეს პროცესი რუსეთთან ვაჭრობის სრულად შეწყვეტას არ გულისხმობს.
მისი თქმით, თუ გვინდა რომ ეკონომიკა გავზარდოთ, ჩვენს ირგვლივ არსებული ბარზებიდან ყველა უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, ევროკავშირისა და აზიის ქვეყნებთან ვაჭრობა უნდა გავააქტიუროთ.
«მსყიდველუნარიანობის კუთხით ევროპული და რუსული ბაზრის შედარებაც კი არ შეიძლება. ამ ეტაპზე ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი და ევროკავშირია. თუმცა ევროპული ბაზარი არადამაკმაყოფილებლადაა ათვისებული. ტენდენცია მზარდია, თუმცა კიდევ უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ. ამას კი მხოლოდ მთავრობა ვერ შეძლებს. მთავრობამ პირობები უნდა შექმნას, ბიზნესმა კი უფრო მეტი ძალისხმევა უნდა ჩადოს.»— ამბობს გიორგი.
ანუ რა უნდა გვეშველოს? (ყველაფერი რუსეთის გარდა)
კითხვას, თუ რატომ არ უნდა ვიყოთ რუსეთზე ჩამოკიდებული, ბევრი პასუხი აქვს, მაგრამ პირველ ადგილს ჩვენი უსაფრთხოების საკითხი იკავებს. რატომ უნდა იყოს მტერი ჩვენი მთავარი ეკონომიკური საყრდენი? არა მგონია შიშში ცხოვრება სტრატეგიულად სწორი იყოს ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის — ახლა ეს «ონკანი» არ გადაგვიკეტოს რუსეთმა და ახლა ის არ შეგვიწყვიტოს და არ დაგვტოვოს მშიერიო — ამაზე ფიქრს, ისევ ჯობია სტანდარტი როგორ ავწიოთ, რომ ევროპული ბაზრის მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ — ამაზე ვიმუშავოთ.
სულ რომ არაფერი გადაგვიკეტოს და არხეინად გვაცხოვროს, რაც ყველაზე კარგ პერსპექტივაშიც შეუძლებლად მეჩვენება, როცა რაღაცას ვქმნით პროდუქტის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდაზეც უნდა ვფიქრობდეთ. განვითარებას და ხარისხს რუსეთის ბაზარი არ ითხოვს. რატომ უნდა ვხარჯავდეთ დროს და რესურსს ნაკლებად ხარისხიანი პროდუქტის წარმოებაზე?
«რუსეთი მაინც გაყიდის» ნარატივი პირველ რიგში იმიტომაა არასწორი, რომ ჩვენი განვითარება შორეულ მომავალში, ბუნდოვნადაც კი არ მოსჩანს. თუ აქვე ის აზრიც არსებობს, რომ ხარისხიანი პროდუქტის შექმნა არ შეგვიძლია, ცალსახად რუსული და ჯერ კიდევ საბჭოური პროპაგანდაა, რომელიც პატარა ერებს დღემდე აჯერებს, რომ რაღაც კარგს ვერასდროს შექმნიან და თუ მაინდამაინც, რუსეთიც აქ არ არის? «დიდი ძმა», რომელიც დაგიმონებს და ჭიან ვაშლსაც გაგაყიდინებს.
თუ ეკონომიკის გაძლიერება გვინდა, ბაზრის დივერსიფიცირებას უნდა მივაწვეთ და არა ‘’რუსეთში მაინც გავიტანთ» ნარატივის გაძლიერებას. დივერსიფიცირება მრავალფეროვნებას და გაფართოებას გულისხმობს, ანუ ეკონომიკური სტაბილურობისთვის ყველა ალტერნატივის გამოყენებას და არა ერთადერთ ყველაზე არასაიმედო ქვეყანაზე საკუთარი თავის სამუდამოდ მიბმას.
ჰოდა, თუ შენი ცხოვრების არც თუ ისე ბრწყინვალე ეპიზოდი კვლავ განემორდება და ვინმე კიდევ გეტყვის რუსეთის გარეშე არაფერი გამოგვივაო, უკვე მეტნაკლებად იცი როგორ უნდა აუხსნა მამაშენს, ბაბუაშენს, ნათლიის მულის შვილს და ბევრ სხვას ის, რომ რუსეთის გარეშე უკეთესად ვიქნებით!
P. S. ხეცო will return მომდევნო «როგორ დავაჯერო მამაჩემს …» სერიებით.