სვანეთი ისე როგორც სხვა მთიანი რეგიონები მკაცრი ბუნებით გამოირჩევა. ამ სილამაზეში ცხოვრება არც თუ ისე მარტივია. მთის მკაცრმა ბუნებამ და კლიმატმა სვანეთში ცხოვრების მკაცრი წესები ჩამოაყალიბა, რომელიც სვანურ კულტურასა და ტრადიციებში შეგვიძლია ამოვიკითხოთ. ამიტომ დღემდე სვანებზე არაერთი სტერეოტიპია შემორჩენილი, რომელსაც თუ დავუჯერებთ სვანეთში გადარჩენა წარმოუდგენელია, თუმცა არ დაიჯეროთ! სვანეთში პირველად ჩამოსვლის შემდეგ კიდევ მრავალჯერ გექნებათ აქ დაბრუნების სურვილი. მე გასწავლით იმ გზებს, რომელის მთიან სვანეთში გადარჩენაში დაგეხმარებათ.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სვანეთის მკაცრ, უშიშარ და მომხიბვლელ მიწაზე, სადაც საშუალება გაქვთ აღმოაჩინოთ თოვლით დაფარული მწვერვალები, მრავალსაუკუნოვანი კოშკები და მრავალფეროვანი ტრადიციები. მიყევით ჩემ რჩევებს და ეს იქნება საუკეთესო გამოცდილება თქვენთვის:
ჩაიცვით თბილად. ჩაიცვით ისე როგორც ადგილობრივებს აცვიათ, ან გაიყინებით. სვანეთი საკმაოდ ცივი ამინდებით გამოირჩევა, მით უმეტეს თუ ზამთარში ამოხვალთ შეიძლება თქვენი ამბიციების ზომის ფიფქებთან მოგიწიოს ბრძოლა, ამიტომ მნიშვნელოვანია რაც შეიძლება თბილი ტანსაცმელი ჩაალაგოთ თქვენს ჩემოდნებში.
სვანური სამზარეულო: სვანეთში გადარჩენა ადგილობრივი კულინარიული კერძების დაგემოვნების გარეშე შეუძლებელია. დააგემოვნეთ კუბდარი, თაშმჯაბი, ჭვიშტარი, ფეტვიანი ხაჭაპური და სხვა ადგილობრივი კერძები, რომლებიც მოგცემთ ენერგიას მთიანი სვანეთის სილამაზის აღმოსაჩენად.
ილაპარაკე სვანურად: სვანეთს აქვს თავისი ენა! და არა დიალექტი (ეს არ წამოგცდეს თუ გინდა რომ გადარჩე) მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ერთ ღამეში ვერ ისწავლოთ, რამდენიმე ფრაზის ათვისება ადგილობრივების გულებს მოგაგებინებთ და უფრო მეტად შეგაგრძნობინებთ სვანური კულტურის უნიკალურობას.
აღმოაჩინე სვანეთი : თუ გინდა რომ სვანეთში გადარჩე აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღო და ეწვიო კულტურის ძეგლებს, დაესწრო ტრადიციებს, როგორიცაა ლამპრობა, ლიფანალი, ზომხა და ა.შ... აუცილებლად მოინახულე უშგული და აღიარე შხარას სიდიადე. ეწვიე მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს და გადახედე მესტიას კოშკის სახურავიდან (ოღონდ არ გადმოვარდე). ეწვიე ბეჩოს, სადაც გაგაოგნებს უშბის სილამაზე. დალაშქრე ხაიშის, ჭუბერის, ნაკრას და სხვა თემებში არსებული ბილიკები, რომლებიც, რომლებიც ნაკლებადაა ცნობილი, მაგრამ სილამაზით არაფერს ჩამოუვარდება, მოუსმინე სვანურ საკრავებზე ამღერებულ და აცეკვებულ ფოლკლორულ ანსამბლებს და გაეცაინი სვანურ მითოლოგიას. სვანეთში ყველაფერია იმისათვის, რომ დროში იმოგზაურო.
ეწვიეთ ადგილობრივ ბაზრობებს და სუვენირების მაღაზიებს, სადაც შეგიძლიათ ვაჭრობის უნარები გაავარჯიშოთ. თქვენ აქ იპოვით ულამაზეს სუვენირებს, რომელთა შექმნის პროცესიც უნიკალური და საინტერესოა.
ასე რომ მეგობარო, ნუ შეშინდები და გაითვალისწინე ჩემი რჩევები.
თუ სვანეთის აღმოჩენას მართლა ეცდები, არა მხოლოდ გადარჩები, არამედ სილამაზითაც ისიამოვნებ და საოცარი გარემოთიც.
ავტორი: დავით ნიჟარაძე