როგორ გადავრჩეთ გურიაში?

ახლა, ვინმე მალაზონ გურულს, რომ ჰკითხოთ, როგორ გადავრჩეთ გურიაშიო, მაშინვე „აბდლად“ შეგრაცხავს – რაში გჭირდება გურიაში გადარჩენაო, მაგრამ არც მთლად ჰაერზე მოტანილია ფრაზა – „გურიაში რა გინდოდა, თუ სიკვდილი არ გინდოდაო?“ 

ჰოდა ასე, თუ ბევრი ფიქრის შემდეგ, მოგზაურობა საქართველოს გულში გადაწყვიტე, გახსოვდეს, რომ კომპეტენტური უნდა იყო პოლიტიკაში, ლიტერატურაში, სპორტში, და მოკლედ, ყველაფერში, აბსოლუტურად ყველაფერში! სოფლის შუაგულში, დიდი მუხის ჩრდილ ქვეშ, გლობალურ პრობლემებზე მომჩივანი მეზობლები, რომ შეიკრიბებიან და ადამ-კოკოს დროინდელ ჭირ-ვარამს გაიხსენებენ, მერე მთავრობის კრიტიკას მოჰყვებიან და თუ მთლად ისე წახდა საქმე, რომ ევროკავშირი და ნატოც განიხილეს, აი, მაგ შეკრებას თუ გადაურჩი, მერე სულ გადარჩენილი ივლი. 

გურიაში ჩასვლისას, არ არსებობს თავწაკონილმა ბებომ, ტკბილი „ნენათი“, ახლად გამომცხვარ ხაჭაპურზე არ შეგიპატიჟოს – ეეე, მანდ ხარ კიდე დაღუპული, მთავარია ბევრი არ იბჟუტურო და იქენქერო, ნამეტანი არ ჰყვარებიათ გურულებს ასეთი სტუმრები. ვერც ენაძუნწობით და მორიდებულობით გამოძვრებით, რამე გურული ოქროს შუალედი უნდა იპოვოთ – ახლა თუ გგონიათ, რომ ამ ოქორს შუალედის პოვნაში ან მე, ან კიდე, ვინმე ჩემსავით მობჟუტურე დაგეხმარებათ, ძალიანაც შემცდარხართ, ეგ ჩვენ კი არა, ილიკოს და ილარიონს ვერ უპოვიათ ჰიტლერის პოლიტიკის განხილვისას.

მოკლედ ასე, ჩადიხართ გურიაში და პირველი გამოწვევა, თქვენი მასპინძლის სიყვარულით და უფრო მეტად ინტერესით, დასმული კითხვაა: ჩამოი? როის მიხვალ? – ამან არ დაგაბნიოთ, გურიაში ერთი პრინციპია გამართლებული – კითხვაზე კითხვით პასუხი, ჰოდა შეგიძლიათ ზევით დასმულ კითხვას, კითხვითვე უპასუხოთ – იცით რას ჰგავს, რაღაცას, რომ გეკითხებიან, პასუხი არ იცი და აცემინებ,10-დან 9-ს ავიწყდება რა გკითხა. მთლად ასე მარტივად გასაცურებელი ხალხი არაა გურულები, მაგრამ ოქროს შუალედის ძიებისკენ მიმავალ გზას კი, ნამდვილად დაადგებით. 

გურულებზე ამბობენ მოვლილი აქვთ მთელი დუნიაო. არ გაგიკვირდებათ და დუნია გურულების გაგებით, მსოფლიოს ნიშნავს, ჰოდა, კოლუმბს ვერ დაასწრეს ამერიკის აღმოჩენა, მაგრამ აშშ-ში გამართულ, ველური დასავლეთის შოუებში, კოვბოების გადარევა ნამდვილად მოახერხეს.

გოლობალურად მოაზროვნე და მებრძოლი სული პატრონი გურულების ამბავიც ყველამ იცის, ჯერ კიდევ, იმ ავადსახსენებელ, რუსეთის იმპერიის შემადგენელ საქართველოში, რამდენიმე გურული შეკრებილა, უმსჯელია და  გურიის რესპუბლიკა ჩამოუყალიბებია. სხვათა შორის, გენდერულ თანასწორობაზეც იმჟამიდანვე და უფრო ადრიდანაც, ზრუნავდნენ.  რესპუბლიკას სათავეში, მამაკაცებთან ერთად ქალებიც მრავლად ედგნენ, ისე ეს არც არავის გაუკვირდებოდა, თავზეცეცხლმოკიდებული გურული ქალის გაქანება და გამოქანება მტრისას. აბა რომელი გურული ქალი დაჯდება გულხელდაკრეფილი და მოვლენების განვითარებას შორიდან შეხედავს? – მართალია, არც ერთი!  

გურულ კაცებზე ამბობენ ზარმაცები არიანო, მაგრამ მაგის მთქმელები, უკვე ნახსენებ თავზეცეცხლმოკიდებულ ქალებს არ იცნობენ, ისე, ის, მაინც არ გაუგიათ გურული ცოლი, ვისაც ჰყავს სამოთხეში ერთი ადგილი უკვე შენახული აქვსო? – ნუ მოკლედ, სტუმრად ხართ და მაგაში ნუ ჩაერევით, თორე გეტყვიან, ვის დაჰკარგვია ეს ვითამ გესამანიეო – ჰოო, მთლად კომპლიმენტადაც ნუ მიიღებთ ამას. 

გეტყოდით,  გურიიდაან ისე არ წამოხვიდეთ, რომ ლანჩხუთში, აჯანყებული, გადარეული გურულის ძეგლი არ ნახოთ მეთქი, მაგრამ ეს რევოლუციონერი ისეთი გადარეული ყოფილა, გურულებიც კი დაუზაფრია და ცოტა იქეთ, რაჭისკენ გადაუდგიათ –  ეს კი გავაზვიადე ახლა, მაგრამ რაჭველებს ცოტა გადარევა არ აწყენდათ. 

საბოლოოდ, რა შეიძლება გურიაში ნახოთ? – ბევრი ვიფიქრე, ბევრ ადგილი გამახსენდა, მაგრამ მარტივად გიპასუხებთ, სადაც ორი გურულია იქაა პურიც, ჭადიც, ყველიც… და სანახაობაც!

 

ავტორი: ანა ურუშაძე