რა არის ის, რასაც თავისუფალ ნებას ვეძახით?

***
არ ვიცი.

***

ნუთუ დღეს შოკოლადი მხოლოდ იმიტომ ვჭამე, რომ ორ ნეირონს შორის გაბმული სინაფსის ხუშტურაზე გავიარე?

***

ისევ არ ვიცი. 

ვის დავაბრალო ის, რომ ოდნავი გაღიზიანებისასაც კი გონებაში გინებათა კორიანტელი მიტრიალებს – თავისუფალ ნებას თუ მამაჩემს, რომლის გინებაც ბავშვობიდან მესმოდა? ( ძალიან საყვარლად იგინებოდა ხოლმე, tho) 

***

 
ვინ არის ის, ვინც გადაწყვიტა ბლოგი თავისუფალ ნებაზე დაეწერა? 

მე?
თუ ის ყველა გარემოება და მოცემულობა, რომელმაც მე მედ ჩამომაყალიბა? 

გენი, რომელიც ჩემს უდიდეს ბაბუას აიძულებდა თრიაქი მოეწია ვარსკვლავიანი ცის ქვეშ ( მაშინ ჯერ კიდევ ჩანდნენ) და ეფიქრა, სინამდვილეში ცა ახლა ჩემ დაბლაა, მე კი დედამიწაზე ზურგით დაკიდებული მაღლიდან ვუყურებო, შეიძლება ახლა ჩემშიც ვლინდება და ყოფით პრობლემებთან ერთად გზადაგზა ეგსიტენციალურ საკითხებზე მაფიქრებს. 

სადღაც ბებიაჩემისგან გადმოყოლილი ის გენიც მძვინვარებს – რომელიც მუდმივად ქმედებაზე იყო ორიენტირებული, რადგან გადარჩენისთვის იბრძოდა და გადარჩენისთვის ბრძოლის გზაზე – ფილოსოფიურ ბულშითობებზე ფიქრის დრო არ იყო. არაფერს გაძლევდა, როცა შვილებს საჭმელი და ფილტვებს 4 კედელი სჭირდებოდა (ღრიჭოების გარეშე) გადასარჩენად.

***
თავისუფალი ნება ის კონცეპტია, რომელსაც ბავშვობაში ვუჩხიკინებდით ხოლმე, რადგან ქართულის მასწავლებელმა დაგვავალა თემის დაწერა. მის არსებობა-არარსებობასაც მარტივი პასუხი ჰქონდა – ახალგაზრდული ტვინი ჯანყდებოდა იმ გაცნობიერების წინაშე, სადაც შენი თავისუფლება მხოლოდ ილუზორული კონცეპტი იყო, ხოლო შენი ბედი შენს ხელში სულაც არ იყო. ისიც კი, იმ საღამოს ბიოლოგიის გაკვეთილს ისწავლიდი თუ მომდევნო დღეს გაკვეთილის მსვლელობისას გადაავლებდი თვალს – იმ ტემპტერამენტითა და  დასწავლილი მენტალური მექანიზმებით განისაზღვრებოდა – რომელსაც საფუძველი ნელ-ნელა ეყრებოდა – ნაწილს – ჯერ კიდევ მანამ, სანამ დაიბადებოდი, ნაწილს კი მერე – როცა გაჩნდი და უთვალავი სტიმულით სავსე გარემოში ამოყავი თავი. 

მაგრამ გავიზარდეთ, ვერ დავბრძენდით და თავისუფალი ნების არსებობაზე აღარც კი გვიფიქრია – რადგან სამყაროში, სადაც მაკდონალდსის ბურგერიც კი შენს ჰორმონალურ მდგომარეობაზე და შესაბამისად განწყობებზე ახდენს გავლენას, რომელიც ვლინდება კონკრეტულ ქცევებში, რომელიც არ/სხვანაირად გამოვლინდებოდა, ის ბურგერი რომ არ გეჭამა – ამაზე ფიქრი თითქოს საჭირო აღარაა. რა თქმა უნდა, თავისუფალი ნება – რომელიც აღიწერება როგორც ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც არსებული მოცემულობების, სტიმულების გაუთვალისწინებლად და მათი გავლენის გარეშე იღებ, შეუძლებელია არსებობდეს. შენ შენი თავი მუდამ თან გახლავს – შენს თავს კი – ის უამრავი გადახლართული გენეტიკური ჯაჭვი,  აღზრდისას/არსებობისას ჩამოყალიბებული ნეირონული კავშირები, რომლის გარეშეც ფიზიკურად გამოვლინებად სამყაროში, უბრალოდ ვერ იარსებებ. 

მაგრამ თუ მეტაფიზიკური სამყაროს არსობას დავუშვებთ – კითხვა მაინც არ შეიცვლება. ყველანაირი ფიზიკური მოცემულობებისგან დახსნილები, ვართ თავისუფლები? 

 

რას ამბობენ თავისუფალ ნებაზე ჩემზე ჭკვიანები? 

“we are nothing more or less than the cumulative biological and environmental luck, over which we had no control, that has brought us to any moment.”

Robert Sapolsky. Primatologist, Neuroscientist

თუ Youtube – ზე შეხვალთ და Free will – ს მოძებნით, დიდი შანსია ნეირომეცნიერ Robert Sapolsky – ის გადაეყაროთ. მან რამდენიმე წიგნი მიუძღვნა ადამიანის ქცევის, მისი დეტერმინანტების და თავისუფალი ნების კვლევას, მათ შორისაა
Behave: The Biology of Humans at Our Best and Worst
Determined: A Science of Life without Free Will

საპოლსკი თავის წიგნში “Behave: The Biology of Humans at Our Best and Worst,” აღნიშნავს, რომ თავისუფალი ნების კონცეპტი უფრო და უფრო კომპლექსური ხდება, როგორც კი ქცევის განმსაზღვრელ სხვადასხვა ფაქტორს გავითვალისწინებთ. 

თუ ავიღებთ ქცევას და დავშლით მას მამრავლებად – გამოვყოფთ ბიოლოგიურ, გენეტიკურ, ფსიქოლოგიურ და გარემოს გავლენის ასპექტებს, ვხვდებით, რომ თავისუფალი ნების არსებობისთვის უბრალოდ ადგილი არ რჩება და მოცემული ცნება ხდება უბრალოდ ‘სასურველი მოცემულობა’ და არა რეალობა, რომელშიც ადამიანებს გვიწევს არსებობა. 

ძალიან მარტივად ახსნილი რეალობა შემდეგია: გენი ქმნის ბაზისს, რომელიც აყალიბებს ადამიანს, თუმცა ის, რაც ჩვენს ნეირონულ ლენდსქეიფს ქმნის, არის გენებსა და გარემოს შორის მიმდინარე მუდმივი დრამა: მათ დიალოგში იქმნება პროდუქტი, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველაზე უკეთ შეგუებულია გარემოსთან. 

“ავიღოთ რაიმე ქცევა – ცუდი, კარგი, საშუალო – არ აქვს მნიშვნელობა. რატომ მოხდა, რომელი ნეირონების მონაწილეობით მოხდა – ამის გააზრება საჭიროა, კაი. მაგრამ რომელმა სენსორულმა სტიმულმა იმოქმედა ამ ნეირონებზე 1 წუთის წინ? დილას, ჰორმონების როგორმა დონემ იმოქმედა ტვინზე ისე, რომ ამ სტიმულ მიმართ მეტად ან ნაკლებად სენსიტიური გამხდარიყო? და ბავშვობის მატრავმირებელ მომენტებზე რას ვიტყვით? მუცლადყოფნის პერიოდი? გენები? კულტურა? ეკოლოგია? ევოლუცია?

სხვადასხვა დისციპლინა ქცევას სხვადასხვა პერსპექტივიდან უყურებს, თუმცა მაინც ერთი და იმავე თემაზე ლაპარაკობს: თუ ლაპარაკობ გენებზე, ლაპარაკობ ევოლუციაზე და თან ლაპარაკობ იმაზე, თუ რომელი პროტეინები დასინთეზირდა დღეს შენს ტვინში. თუ გუშინდელ ჰორმონულ დონეზე ლაპარაკობ, გვერდს ვერ აუვლი იმაზე ლაპარაკს, თუ  ნაყოფი  როგორ გარემოში ვითარდებოდა და როგორ იქმნებოდა მისი ჯირკვლები. ეს არის მოვლენათა ერთი მთლიანი ჯაჭვი რომელიც ქმნის პიროვნების მთლიან არკას და ამ არკაში უბრალოდ არ არის ადგილი, სადაც შეიძლება თავისუფალი ნებისთვის სივრცე დარჩეს. “ – Robert Sapolsky

 

რას ფიქრობდა ხალხი, რომლებსაც ფიქრისთვის ბევრი დრო ჰქონდათ
ფილოსოფიური პერსპექტივები

“Man thinks himself free because he is conscious of his volitions and appetites, but he is ignorant of the causes by which he is led to wish and desire.”

  • სპინოზა

ევოლუციამ ჩვენთვის ცნობილ იმ ერთადერთ მოაზროვნე არსებებად ჩამოგვაყალიბა, რომელთა ტვინსაც აქს უნარი საკუთარი თავი დაკვირვების ობიექტად აქციოს – ჩვენ არა მხოლოდ გარე-სტიმულებს ვაცნობიერებთ და ვაკვირდებით არამედ შეგვიძლია დავაკვირდეთ ჩვენს თავში იმ ცოცხალ დამკვირვებელს, რომელიც გარემოს აკვირდება – ანუ გავხდეთ დამკვირვებლის დამკვირვებელი – გავაანალიზოთ და ავხსნათ ჩვენი ქცევები, სხვადასხვა სტიმულით გამოწვეული ემოციური რეაქციები.

ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელმაც საკუთარი წარმავლობა – სიკვდილის გადაუვალობა გააცნობიერა არა მხოლოდ ინსტინქტურ, არამედ ცნობიერ, რაციონალურ დონეზე და შემდეგ საშუალება მისცა ამ გაცნობიერებას, მისი ცხოვრების განვითარებაზე, განწყობაზე, ‘ბედზე’ ემოქმედა. 

ადამიანის არსებობისთვის დამახასიათებელმა ამ მოცემულობამ საკუთარი თავზე დიდი წარმოდგენა მოგვცა და რაღაც მომენტში ჩავთვალეთ – მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ და სხვათა ქცევებზე დაკვირვების უნარი გვქონდა, ვიფიქრეთ,  იმის უნარიც გვექნებოდა, ჩვენი ნების მიხედვით წარგვემართა ქცევები. თუმცა ნების საფუძველი ან ‘ნებელობის’ ავტორის ზუსტი ვინაობა, წარმოშობა და აღწერა, ზუსტად ვეღარ შევძელით – თავისუფალი ნების პოტენციური გამტარებლის სტატუსი მაინც მივანიჭეთ ადამიანს.

სპინოზას დეტერმინისტული პერსპექტივიდან სევდითა და სიმძიმით გაჟღენთილ ეგზისტენციალიზმამდე თავისუფალი ნების ცნება ფერს იცვლის:
“Man is condemned to be free” , ადამიანი განწირულია თავისუფლებისთვის – ამბობს სარტრი და არსებობის დიდ ჯვარს, რომელსაც უამრავი პასუხისმგებლობა ამძიმებს, ინდივიდის მხრებზე უჩენს ადგილს. ადამიანის მთლიანი ცხოვრება მისივე შემოქმედებაა, კაუზალური ჯაჭვი, სადაც ყოველი ქმედება ახალ რეალობას ქსოვს და ყოველი ახალი ნაქსოვი – შენივე ბრალია. 

მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანი სხვადასხვა გარემოებათა – იქნება ეს შინაგანი თუ გარეგანი – შედეგია, მაშინ ცნობიერების დამამძიმებელი ტვირთი ერთი-ორად მსუბუქდება: როცა ქმედებები იხსნება მოცემულობებით, რომელიც შენგან დამოუკიდებლად შეიქმნა ( გენები, გარემოება) და შენ მხოლოდ სცენა, ცარიელი ადგილი იყავი სადაც მათ მიერ წარმოებული დრამა,ტრაგედია თუ კომედია გათამაშდა – მაშინ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის აღქმაც, ერთი ორად მსუბუქდება. 

წესით. 

თუმცა როცა სარტრი იყენებს სიტყვას ‘condemned’ რაც ნიშნავს ‘განწირულს’, დასაწყისშივე გამორიცხავს ჩვენს არსებობას, როგორც ჩვენივე თავისუფალი ნების პროდუქტს. არა, ადამიანი არის სხვისი თავისუფალი ნების პროდუქტი, რომელსაც თავისუფლება მიუსაჯეს. 

 

ფიზიკურობიდან მეტა-ფიზიკურობაში

ქრისტიანული პერსპექტივით ადამიანის თავისუფლების პირველი მანიფესტაცია – მისი სამოთხიდან წამოსვლა იყო. 

ტკბობაში მყოფმა ადამიანმა გადაწყვიტა, თუმც გარემო ფაქტორების (ეშმაკის) დახმარებით, ნეტარება მიეტოვებინა და იმ გზას შედგომოდა, რომელსაც დღეს ყველანი გავდივართ: დაუსრულებელ აღმართზე ლოდის აგორებას. 

ფაქტი, რომ ღმერთმა, როგორც თვითმყოფადმა, თვითკმარმა და მუდმივად სავსემ, საკუთარი თავისუფალი ნების გამოვლინებით შექმნა ადამიანი და მისცა მას არჩევანის საშუალება სიკეთისა და ბოროტების კონტინიუმზე ნებისმიერი წერტილი აერჩია, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რომ რელიგიური პერსპექტივით ღმერთის უმაღლესი ნების გამოხატულება ადამიანისთვის თავისუფალი ნების მინიჭება იყო – მიუხედავად იმისა, ადამიანი ამ ნებას ღმერთისგან გაქცევაში გამოხატავდა თუ არა. 

თუმცა, რამდენადაა ეს თავისუფლება თავისუფლება თუ მას პირობები აქვს?
მთავარი პირობა კი შემდეგია: აირჩევ ‘ბოროტებას’ და სულს დატანჯავ ( აქ არ იგულისხმება ჯოჯოხეთის ცნება) და შენი სული ოდესმე მაინც მივა გაცნობიერებამდე, რომ სჯობდა სიკეთე აგერჩია (აქაც, სიკეთე და ბოროტება პირობითი ცნებებია და შეიძლება სხვა დუალისტური შინაარსით ჩანაცვლდეს (აირჩევ სიკვდილს თუ სიცოცხლეს, ნეგატივს თუ პოზიტივს, ა.შ) თუ აირჩევ სიკეთეს რადგან საბოლოოდ – სიკეთე და სინათლე მიგიყვანს ნეტარებამდე. 

შეიძლება თავისუფალი ნების უმაღლესი გამოხატულება ის იყოს, რომ ჯიბრზე აირჩიო მუდმივად ‘ბოროტება’ ( პ ი რ ო ბ ი თ ად ) მხოლოდ იმისთვის, რომ თავისუფალი ნების საზღვრები დატესტო.

თუმცა მხოლოდ ის ფაქტი, რომ ორი არჩევანიდან შენ ირჩევ მესამეს, ყველაზე ნაკლებად პროგნოზირებადს შენი მოცემულობების გათვალისწინებით, არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილების მიღებაში თავისუფალი ხარ ან იქნები ოდესმე.

 

ეპილოგი

ერთ დღესაც მესიზმრა მწვანე ნაყინი, სავარაუდოდ კივის ან შრეკის ჭაობის.

სიზმარში ძალიან არ მინდოდა კივის მწვანე ნაყინის ჭამა. 

გავიღვიძე და მას მერე მწვანე ნაყინი არასდროს მიჭამია. 

ვინ არის ის, ვინც გადაწყვიტა, რომ მწვანე ნაყინი აღარ ეჭამა?