პრივატიზაცია

«ბნელი და ტკბილი 90-იანების» პირადი, ბავშვური მოგონებების ერთ-ერთი სურათი მოულოდნელად «მოსული» დენის წყალობით შავ-თეთრ ტელევიზორში მოტრიალე რეკლამა იყო, რომელიც მოსახლეობას პრივატიზაციის პროცესში ჩართვისაკენ მოუწოდებდა. სახასიათო მიმართვისა და გარეგნობის გამო, ამ რეკლამაში მოთამაშე გია აბესალაშვილი ჩვენს ბავშვურ ენაზე «ვაუჩერად» გადაიქცა, რადგან ეს უცხო სიტყვა ყურს ჭრიდა და ცნობისმოყვარეობას გვიღვივებდა. გარკვეული დროის შემდეგ, ეს საკრალური «ვაუჩერი» ჩვენს ოჯახშიც გამოჩნდა. ცხადად მახსოვს, როგორ მოვიდა შემოდგომის ერთ ცივ და უჟმურ დღეს მამა და გარეგნულად კუპონის ბიძაშვილი ქაღალდები ააფრიალა. შემდეგ დღეებში ვაუჩერების ერთი ნაწილი მამამ რომელიღაც პურკომბინატის აქციებში დააბანდა, მეორე კი თერჯოლის ღვინის ერთ-ერთ წარმოებაში. ხუმრობდა — პურ-ღვინოში გადავცვალე ვაუჩერები და ვნახოთ, როგორი «ბოღლიწო» გამოგვივაო. იმ დროიდან, ორთავე საწარმოზე იმდენივე გვსმენია, რამდენიც თქვენ, ძვირფასო მკითხველო.

საბჭოეთის კრიზისისა და დაშლის ფინალური აკორდებისას, 1990-1991 წლებში საზოგადოებისათვის უკვე ცხადი იყო, რომ ახალ რეალობაში კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის მიერ შვიდი ათწლეულის განმავლობაში ჩამოყალიბებული ეკონომიკის არაბუნებრივი, იძულებით თავსმოხვეული, ექსპლუატატორული მოდელი კარდინალურად უნდა შეცვლილიყო, თუმცა კრებით «საბჭოთა მოქალაქეებს» ამ დროისათვის ძალზე შეზღუდული გამოცდილება და ხედვა გააჩნდა თუ რა ნაბიჯები უნდა გადაედგათ სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების, ასევე ეკონომიკის მიმართულებით, რეალური — განსხვავებული, სამართლიანი და მდგრადი სისტემის შესაქმნელად.

არადა, ისედაც კორუფციისაგან შეჭმული საბჭოური ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, რესურსები და სერვისები იმდენად სწრაფად ნადგურდებოდა, რომ ყველა რაციონალურად მოაზროვნე მოქალაქისა თუ სფეროს ექსპერტისათვის მომავალი კატასტროფის მასშტაბები თვალნათლივ იკვეთებოდა. პროცესი განსაკუთებით დაჩქარდა და გაღრმავდა საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის, საბჭოეთის საბოლოო იურიდიული დაშლის, თბილისში სამხედრო გადატრიალების და სამოქალაქო დაპირისპირების გაძლიერების და აფხაზეთში ომის დაწყების კვალდაკვალ.

ყოფილი საბჭოთა საქართველოს სამრეწველო წარმოების მოცულობა 1991 წლისათვის წინა წლის მონაცემებთან უკვე 20%-ით იყო შემცირებული, 1992 წელს კი წინა წლის დონის ნახევარს უდრიდა, 1995 წლისათვის კი 78%-ით იყო შემცირებული. ქვეყანა ეკონომიკურ ბლოკადაში იყო მოქცეული რუსეთის მიერ. იმპროტის ვაკუუმი ყველა სფეროს ახრჩობდა (მაგალითად, კრიზისამდე, სათბობი ენერგიის 85% იმპროტირებული იყო, რაც შეწყდა). ბიუჯეტი მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა და ეს ფორმალური მაჩვენებელიც კი კატასტროფულ დეფიციტს ადასტურებდა.  

ეკონომიკური ურთიერთობების ღია, კონკურენტულ და კერძო ურთიერთობებზე გადასასვლელად გადასადგმელი მკვეთრი ნაბიჯების აუცილებლობაზე საუბარი დიდი ხნის დაწყებული იყო. სახელმწიფოს ხელში არსებული მსხვილი წარმოებების პრივატიზაციისათვის საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადება ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს დაიწყო. დღის წერიგში იდგა მიწის კერძო საკუთრების კანონმდებლობის შემუშავება და გადაცემის უზრუნველყოფა. 

გამსახურდიას წინააღმდეგ ოპოზიციური რიტორიკის მნიშვნელოვანი ელემენტი, სწორედ რომ ამ რეფორმების დაგვიანება იყო. ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, თავისთავად მათ არ შეეძლოთ უკანა პლანზე გადაეწიათ პრივატიზაციის პროგრამა, თუმცა ობიექტური გარემოებები უფრო არასახარბიელო იყო და დღითი დღე უარესდებოდა. სახელმწიფო ქონების დატაცებას, გაფლანგვას უკვე ყოველდღიური ხასიათი და კატასტროფული მასშტაბები ჰქონდა. სოფლებში უკვე მიწის სტიქიური დასაკუთრებაც აქტიურ ფაზაში იყო შესული.

1992 წლიდან ახალი ძალით დაიწყო სახელმწიფო ქონების კერძო მფლობელობაში გადასასვლელი საკანონმდებლო აქტების მომზადება და დამტკიცება. 11 აგვისტოს დამტკიცდა პრივატიზების სახელმწიფო პროგრამა, ამავე წელს მიიღეს კანონი სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ. განისაზღრა პრივატიზაციის 2 ფაზა — მცირე და მასობრივი პრივატიზაცია. მცირე პირვატიზაცია ეხებოდა სახელმწიფოს ხელში არსებული წარმოებების იმ ნაწილს, რომელიც პროგრამის მიერ განსაზღვრული კატეგორიებიდან არ წარმოადგენდნენ სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს, ხოლო მასობრივ პროვატიზაციაში კი იგულსხმებოდა სხვა ყველა სახელმწფიო ქონების გატანა თავისუფალ ვაჭრობა-აუქციონსა და სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნას, რომელშიც მონაწილეობა ყველა მოქალაქეს უნდა შეძლებოდა სახელმწიფოს მიერ მათთვის გადაცემული საერთო ქონების «წილის» — «ვაუჩერის» გამოყენებით.

მთელი ამ პროცესის დაგეგმვა განხორციელების ფაზაში, ექსპერტები გადაწყვეტილების მიმღებ პოლიტიკურ ძალებს აფრთხილებდნენ, რომ საბჭოური «სოციალისტური» საკუთრების მოდელიდან ღია საბაზრო ეკონომიკაზე ნახტომი, ძალზე საფრთხილო და საპასუხისმგებლო პროცესი იყო. გამოცდილი ეკონომისტები დანაშაულებრივ გულუბრყვილობად თვლიდნენ მიდგომას, რომ დაანგარიშებულიყო სახელმწიფო ქონების მოცულობა, მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით ყველა მოქალაქეს გამოჰყოფოდა თავისი კუთვნილი «წილი» და ამით ჩათვლილიყო, რომ ყველას თანაბარი სასტარტო პირობები აქვს და თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებს და კონკურენციას გაეხსნებოდა გზა. როცა, რეალურად საზოგადოებაში ფაქტობრივი ქონებრივი უთანასწორობა უკვე არსებობდა, საზოგადოების ნაწილის უკვე კანონიერად თუ არალეგალურად დაგრივილი ჰქონდა საკმაო კაპიტალი და მოსახლეობის ეს სეგმენტი უკვე სხვებზე მეტად მომზადებული და კონკურენტუნრიანი იქნებოდა საერთო ქონების დასაკუთრებაში.

შესაბამისად, ამ მოცემულობის გათვალისწინებით სახელმწიფოს არ უნდა აერჩია მსგავსი ფსევდო-ლიბერალური დღის წესრიგი და ახალ ეკონომიკურ საწყისებზე გადასასვლელად, სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკა უნდა დაენერგა. 

ეს უკანასკნელი კი გულისხმობდა, რომ სახელმწიფო ქონება მექანიკურად კი არ უნდა შეფასებულიყო და გაყოფილიყო, არამედ სახელმწიფოს უნდა დაეწყო ძალების მობილიზება და თითოეული ობიექტისათვის მაქსიმალურად ეფექტიანი მესაკუთრის გამოვლენა და შერჩევა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარე ინვესტორების მოზიდვა, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ამ ობიექტების სიცოცხლისუნარიანობას და განვითარებას. ამავე დროს, სახელმწიფოს უნდა მოესინჯა არა ერთიანად მიყიდვა ახალი მესაკუთრისათვის, არამედ გამოსაცდელი ვადით, განვითარების პირობით გადაცემა და წარუმატებლობის შემთხვევაში უნდა შეძლებოდა ეს რესურსები უკანვე დაებრუნებინა.

ქვეყნის შიგნით კერძო-მესაკუთრეობის, მეწარმეობისა და მრეწველობის წასახალისებლად, მხოლოდ საერთი ქონების განკერძოების გარდა, სახელმწიფოს უნდა აემოქმედებინა მცირე ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები — შეღავათიანი კრედიტების და სხვა მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენებით.

რეალობაში, მმართველი პოლიტიკური ელიტის («ტრიუმვირატის» (კიტოვანი-იოსელიანი-სიგუა) და ედუარდ შევარდნაძის გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ სრულიად საპირისპირო, ფსევდო-ლიბერალური მიდგომა აირჩია. მცირე პრივატიზიაციის ფაზამ ომისა და კატასტროფის ფონზე ჩაიარა, მასობრივი პრივატიზაციის ეტაპი კი მძიმე სოციალური და პოლიტიკური კრიზისების ხანაში — 1995-1996 წლებში დაიწყო.

პროცესის ზედაპირულობა და მოქალაქეთა კონკრეტულ სეგმენტზე — კაპიტალის და პოლიტიკური გავლენების მქონე უმცირესობაზე მორგებულობა მცირე პრივატიზაციის ფაზაშივე ცხადად ჩანდა. დარღვევებს მასობრივი და მრავალფეროვანი სახე ჰქონდა; მოსახლეობის უმრავლესობისათვის პროცესში ჩართვა უბრალოდ შეუძლებელი იყო ეკონომიკური კოლაფსისა და გაღატაკების გამო. ანტიმონოპოლიური სამსახურის არარსებობის გამო თავად სახელმწიფო სტრუქტურები და მათი მმართველი წრეეები პარალელურად ქმნიდნენ კონცერნებს და მარტივად ისაკუთრებდნენ და ინაწილებდნენ სახელმწიფო ქონებას, ძალზე ხშირი იყო ქონების ღირებულების განგებ შემცირება და ფასის რეალურ და უკონკურენტო პრეტენდენტზე მორგება და აშ.

მასობრივი პრივატიზების ფაზაში, სახელმწიფომ დაიწყო საერთო სახელმწიფო ქონებიდან ყველა მოქალაქის კუთვნილი «წილის» — «ვაუჩერების» დარიგება. პროგრამის შესაბამისად, მოქალაქეებს შეეძლოთ ვაუჩერი გაეყიდათ, გადაეცვალათ საპრივატიზაციო ობიექტების აქციებზე, შეკავშირებულიყვნენ და ერთად დაებანდებინათ აქციებში და აშ. ამავე დროს, ვაუჩერების მოქმედების ვადა 1996 წლის ზაფხულამდე იყო განსაზღვრული.

ვაუჩერიზაციის პროცესში ჩავარდნებმაც ცხადად აჩვენა პროცესის რეალრი დღის წესრიგი. ვაუჩერების დარიგების ტემპი დაბალი იყო და მოქალაქეთა უმეტესობას ძალზე ცოტა დრო რჩებოდა მათ გამოსაყენებლად. გადატანილი შოკებისა და საერთო კოლაფსის კვალდაკვალ, მოქალაქეთა უმრავლესობის ნდობა პროცესისადმი ძალზე დაბალი იყო და ისინი მაქსიმალურად სწრაფად ცდილობდნენ მოეშორებინათ ვაუჩერი — გაეყიდათ და სწრაფი, ერთჯერადი და მინიმალური ფინანსური სარგებელი მიეღოთ, რაც ტოტალური სიღატაკისა და შიმშილის ფონზე ყველაზე რაციონალურ გადაწყვეტილებად ჩანდა. ამავე დროს, საპრივატიზაცოდ გამოტანილი ობიექტების შესახებ ინფორმაცია, ცნობები სააქციო ვაჭრობების შესახებ მხოლოდ ოფიციალური, ცენტრალური პრესის და ტელე-მედიის საშუალებით ვრცელდებოდა და მოსახლეობის უმრავლესობასთან ეს ინფორმაცია არ მიდიოდა — გაზეთები რეგიონებში ვერ აღწევდნენ, ელექტროენერგიის კრიზისის გამო კი ტელე-მაუწყებლობა ფრაგმენტული იყო.

1995-1996 წლების განმავლობაში ერთი ვაუჩერის საბაზრო ფასი დაახლოებით 30 დოლარს უტოლდებოდა საპრივატიზაცოდ გამოტანილი ობიექტების აქციებთან ერთი ვაუჩერის შეფარდება კი 20-დან 25 აქციამდე მერყეობდა. ვაუჩერების მასის უდიდესი ნაწილი პრივატიზაციის ამ მოდელისათვის მზად მყოფი ფინანსური და პოლიტიკური ელიტის ხელში გადავიდა და მათ საშუალება მისცათ სწრაფად მიესაკუთრებინათ დარჩენილი სახელმწიფო ქონების ნაშთები. არსებული სტატისტიკა აჩვენებდა, რომ მხოლოდ სამ მილიონამდე ვაუჩერის გამოყენება მოხდა, რომელთაგანაც მფლობელთა მხოლოდ ¼-მა, ანუ დაახლოებით მილიონმა მოქალაქემ შეძლო მათი ინვესტირება, თუმცა ამ სეგმენტიდან რეალური ქონების მფლობელი ან თანამესაკუთრე მხოლოდ 400 000-მდე ადამიანი გახდა.

შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამხედრო გადატრიალების შემდეგ ძალაუფლების მიმტაცებელმა პოლიტიკურმა ელიტამ, საერთო სახელმწიფო ქონების სამართლიანი ტრანსფორმაციის გზების ძიებისათვის თავი არ შეიწუხა და მარტივად მიჰყვა რუსეთის გამოცდილებას, სადაც გააზრებულად, საბჭოური მონსტრის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის ნაშთები ფორმალური ჩარჩოს შექმნით რეალურად საბჭოური ფესვების მქონე ფინანსურმა ჩრდილოვანმა ელიტამ მიისაკუთრა და დაიკანონა, რასაც «პრიხვატიზაცია» უწოდეს. ანალოგიური პროცესი განვითარდა საქართველოშიც, რომლის ეკონომიკის მცირე მასშტაბის, საბჭოეთის ნგრევის და ტრანზიციის ფაზის ტურბულენტობაში ნგრევისას განადგურების კვალდაკვალ დარჩენილ ნაშთებს, უფრო მოტივირებული მიმსაკუთრებელი უმცირესობა ასევე სწრაფად და ღიად მტაცებლურად დაეპატრონა, მოქალაქეების უმრავლესობა კი უპერსპექტივობის და სიღარიბის პირისპირ დარჩა.

ავტორი: ირაკლი ხვადაგიანი