სად მივყავართ მშვიდობიანი პროტესტის კრიმინალიზაციას?

თანამედროვე საქართველოს ისტორიაში პროტესტის ტრადიცია ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოდის – როცა ჩვენი ბებია-ბაბუები ჯერ ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის მოხსნას აღუდგნენ წინ, შემდეგ კი საერთოდ დამოუკიდებლობა მოითხოვეს. ეს გამოსვლები უშედეგო არ ყოფილა – ბოროტების იმპერია მართლაც დაინგრა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის პირველი აგურიც სწორედ 9 აპრილს დაიდო

შემდეგ იყო 2003 წელი და გაყალბებული არჩევნები, რომელსაც მასობრივი პროტესტი და რევოლუცია მოჰყვა. გამოსვლების ისტორია არც ახალი ხელისუფლების პირობებში გაჩერებულა – 2007 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაარბია. ამ ფაქტს ჯერ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, 2012 წელს კი არჩევნებში დამარცხებაც მოჰყვა. 

ამ ბლოგში სწორედ 2012 წლის არჩევნებში გამარჯვებული ქართული ოცნების მშვიდობიანი პროტესტის მიმართ არსებულ დამოკიდებულებას, მისი ფორმაციის ეტაპებსა და საბოლოო დანიშნულებას განვიხილავთ.

 

და ჩვენ ვიცეკვეთ

2018 წლის 12 მაისის პარასკევი საღამო იყო, როდესაც შსს-მ ღამის კლუბებში ე.წ. “სპეცოპერაცია” დაიწყო. 

 

ამ პერიოდში საკლუბო ცხოვრება ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი escapism-ის [თავშესაფრის] ფორმა იყო, ხოლო კლუბები ერთგვარ safe space-ებს [უსაფრთხო ადგილებს] წარმოადგენდენ და სახელმწიფოს მხრიდან ასეთი უხეში ჩარევა, თავისუფლების საკმაოდ მძიმე შელახვის ფორმა გამოდგა. იმ დროს იქ მყოფი ადამიანები, მათი მეგობრები და კიდევ ისინი, ვინც ამ აქტის სიმძიმეს ცხადად ხედავდა, ერთად დადგნენ რუსთაველზე. რეივით [ცეკვით] გამოხატეს თავიანთი პროტესტი და პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოითხოვეს, ნარკოპოლიტიკის შერბილების მოთხოვნასთან ერთად. 

საპასუხოდ მიიღეს აქციის გაშავების კამპანია და კონტრაქცია. ეს მეთოდები მათი დაშინებისა და დაშლის მიზანს ემსახურებოდა. ამისათვის სახელისუფლებო არხებმა და ონლაინ ტროლ ქარხანამ შეკრებილი ახალგაზრდები “ნარკომანებისა” და “გეების” იარლიყებით მონიშნა და პროტესტის წინააღმდეგ ხელსაყრელი განწყობის ჩამოყალიბებას შეეცადა – ზუსტად ისე, როგორც რუსეთში 2012 წლიდან იდევნებოდა საზოგადოების ჯანსაღად მოაზროვნე სეგმენტი. 

პარალელურად რუსთაველზე ხელისუფლების სატელიტი ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებიც გამოჩნდნენ, რომლებიც თავისუფლების დამცველი ახალგაზრდებისგან განსხვავებით, ძალადობრივი ქმედებებითა და მოწოდებებით გამოირჩეოდნენ. 

რუსთაველზე მდგომი ახალგაზრდები ამ ფორმით ვერ დააშინეს და პროტესტი მაინც გრძელდებოდა, შესაბამისად ქართულ ოცნებას “ცუდი პოლიციელის” შემდეგ “კარგი პოლიციელის” როლის მორგებაც მოუწია. აქციაზე მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია გამოჩნდა, რომელმაც მომხდარისთვის ბოდიში მოიხადა, კლუბების დარბევის თანმდევი გადაცდომების გამოძიების პირობაც დადო და ნარკოპოლიტიკის მიმართულებით მოლაპარაკებების გაგრძელების სურვილიც გამოთქვა. ამავდროულად, კი სწორედ მშვიდობიანი დემონსტრანტებისგან “გაწმინდა” რუსთაველი და ,,ორკებს,, დაუტოვა ტრიუმფისთვის. 

მიცემული პირობის შედეგად, ხელისუფლებამ მოახერხა პროტესტის განეიტრალება – ახალგაზრდები დაიშალნენ. შემდეგ კი, როცა ხალხი ქუჩაში აღარ იდგა და ამ მხრივ წნეხიც აღარ იგრძნობოდა, ბევრად უფრო იოლი აღმოჩნდა დაპირებების უკან წაღება – კანონპროექტიც, რომელსაც ნარკოპოლიტიკა უნდა შეერბილებინა, არ მიიღეს. დაკავებებიც სიმბოლური ხასიათისა იყო და მოკლედ რომ ვთქვათ, გადაგვაგდეს.



გავრილოვის ღამე და სირცხვილი

კლუბების დარბევიდან ერთ წელზე ცოტა მეტი იყო გასული, როდესაც რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, არც მეტი არც ნაკლები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ამოყო თავი. სირცხვილი, ბრაზი და უსუსურობა ბევრმა მოქალაქემ ერთად იგრძნო და პარლამენტის მიმართულებით დაიძრა.

გავრილოვი ქვეყნიდან მარტივად გააძევეს, მაგრამ ძირითადი პრობლემა – რომ ოკუპანტი ქვეყნის კანონმდებელი, ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სკამში აღმოჩნდა ქვეყნის მმართველი პარტიის მასპინძლობის შედეგად, არსად წასულა. 

გაიმართა ფართომასშტაბიანი აქცია, რომლის ფარგლებშიც, მოქალაქეებმა გავრილოვის ჩამოსვლასთან ერთად, ოკუპაციაც გააპროტესტეს და მომხდარისთვის ხელისუფლების მიერ პასუხისმგებლობის აღებაც მოითხოვეს. მშვიდობიანი დემონსტრანტები პარლამენტის თავმჯდომარის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ. 

მიკროფონთან გამოჩნდნენ პოლიტიკოსებიც. ერთ-ერთმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა – თუ 12:00-მდე მოთხოვნები არ შესრულდება, პარლამენტში შევალთ, რადგან ეს ჩვენი უფლებააო. 

აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა საღამოს ათი საათისთვის სამართალდამცავებს აქტივისტების ნაწილი დაუპირისპირდა. პარალელურად, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა გიორგი გახარიასგან მიიღეს შეთავაზება, რომ პარლამენტში შესულიყვნენ და მოლაპარაკებები დაწყებულიყო. ლიდერებმა იქვე მდგომ ხალხს ჰკითხეს აზრი, მათგან თანხმობის მიღების შემდეგ კი შს მინისტრს შეხვედრაზე დათანხმდნენ. 

თუმცა, შეხვედრა არ შედგა, რადგან რამდენიმე წუთში სპეცრაზმმა მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივად დაშლა გაუფრთხილებლად, ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაიწყო, რაც დაახლოებით 8 საათი გაგრძელდა. 

სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს 9 აპრილის ბაღშიც მისდევდნენ და რეზინის ტყვიებს გამიზნულად ესროდნენ. 

შედეგად, დაშავდა 300-მდე ადამიანი, მათ შორის – 80-მდე პოლიციელი და 40-ზე მეტი ჟურნალისტი. ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, კიდევ რამდენიმემ – მხედველობა. სხვადასხვა დროს დააკავეს 350 ადამიანი – ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის წესით.

20 ივნისს საპროტესტო მოძრაობის ჩამოყალიბება და გრძელვადიანი პროტესტი მოჰყვა, რომლის ფარგლებშიც მთავარი მოთხოვნები შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დადგომა და პროპორციული არჩევნები იყო. 

ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან 21 ივნისს გადადგა. 24 ივნისს თავად ბიძინა ივანიშვილიმა აუწყა სრულიად საქართველოს, რომ 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით გაიმართებოდა.

თუმცა, როგორც ის 1000 ქარხანა და უფასო ფული არ გინახავს, ძვირფასო მკითხველო, ისე არც ჩვენ გვინახავს სრულად პროპორციული არჩევნები. 

წინა შემთხვევის მსგავსად, აქაც, რაც თავიდან ქუჩიდან მომავალი წნეხის ხარჯზე დათმეს, პროტესტის მონაწილეების რაოდენობის ეტაპობრივად შემცირების შედეგად, უკანვე წაიღეს. ქართულმა ოცნებამ ჩააგდო პროპორციული არჩევნების კანონპროექტი და მომხდარი ერთეული დეპუტატების ნების არქონას დააბრალა, ხოლო გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრობიდან საერთოდაც, პრემიერ მინისტრობამდე დაწინაურდა. ამჯერად ისევ და თან უფრო მძიმედ გადაგვაგდეს. 

 

5 ივლისი

2021 წლის 5 ივლისს, რუსთაველზე თბილისი პრაიდის ორგანიზებული ღირსების მარში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მსვლელობის დაანონსების მომენტიდან ასპარეზზე გამოჩნდნენ ყველასათვის საყვარელი ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები (ან ორკები სიმარტივისთვის). მათ დაიწყეს კონტრაქციის დაანონსება და ძალადობრივი მოწოდებების გაჟღერება. ამის პარალელურად არაფერი ისმოდა შსს-ს მხრიდან იმის შესახებ, თუ როგორ დაიცავდა ღირსების მარშის მონაწილეების გამოხატვის თავისუფლებას დაანონსებული მუქარის საპასუხოდ. 

თვითონ 5 ივლისის დილა პრემიერ მინისტრის გამოსვლით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა ღირსების მარშს პროპაგანდისტული, ხოლო მის ჩატარებას მიზანშეუწონელი უწოდა. პრემიერის თქმით, მარშის უკან რადიკალური ოპოზიცია იდგა. 

დილიდანვე შეინიშნებოდა რუსთაველზე და მის მიმდებარედ კონტრაქციის მონაწილე ჯგუფების მობილიზება, რომლებიც ისევ და ისევ გამოირჩეოდნენ ძალადობრივი მოწოდებებით. ამის პარალელურად, ჩანდა საპოლიციო ძალების პასიურობაც, რამაც თბილისი პრაიდს ღირსების მარშის გაუქმებისკენ უბიძგა. 

კონტრაქციის მონაწილეები ამას სულაც არ შეუჩერებია, მათი შეკრება მალევე გადაიზარდა ძალადობრივი მოწოდებებიდან ქმედებებში.

ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, კონსტანტინე მორგოშიამ ორკები “სირცხვილიას” ოფისის მიმართულებით დარაზმა, – ჩემი ინფორმაციით სწორედ იქ იმყოფებიან თბილისი პრაიდის წევრებიო. ორკებიც რისი ორკები იყვნენ ოფისის სადარბაზო ჯეროვნად არ დაერბიათ? 

სირცხვილიას ოფისის დარბევის დაანონსების შემდეგ, აქტივისტებმა დროულად შეძლეს ევაკუაცია, თუმცა მათ ადგილის შეცვლა ბევრჯერ მოუწიათ. ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები გადაადგილების მარშრუტს მალევე იგებდნენ და უკვე ახალ ტერიტორიაზე უქმნიდნენ ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხეს. 

ერთ-ერთი ასეთი ლოკაციის ცვლილებისას აქტივისტებმა თავი “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლს” შეაფარეს, თუმცა კონტრაქციის მონაწილეებმა აქაც მიაგნეს და ოფისის ეზოში პიროტექნიკაც ისროლეს. შედეგად ერთი აქტივისტი დაშავდა.

სწორედ სირცხვილიას ოფისის დარბევას იღებდა ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, როდესაც ორკები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მიღებული დაზიანებების შედეგად, ლექსოს ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა აღენიშნებოდა, რის გამოც მას ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. 11 ივლისს ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 

მომხდარზე პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად ხელისუფლებამ ლექსო ლაშქარავას გაშავების კამპანია დაიწყო. ამისათვის იყენებდა როგორც სამთავრობო არხებს, ისე უწყებებს. ხატავდა სურათს, თითქოს ლექსო ერთი ჩვეულებრივი ნარკომანი იყო, რომელიც წამლის ზედოზირებას შეეწირა და თავად არაფერ შუაში იყვნენ.

ორკები თბილისი პრაიდის ოფისშიც შეიჭრნენ.

 

პარლამენტის წინ ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციის ფარგლებში განთავსებული კარვებიც დაშალეს

 

და პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშაც დაწვეს. 

 

ისე, რომ მათთვის ამაში ხელი არავის შეუშლია.

5 ივლისს მოძალადე ჯგუფების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი. დაზიანდა სატელევიზიო ტექნიკა. ფიზიკური დაზიანებები მიიღო 11-მა აქტივისტმა/ფიზიკურმა პირმა და შვიდმა სამართალდამცავმა. 

5 ივლისს მომხდარი, ხელისუფლების რეაგირების მხრივ, წინა შემთხვევებზე კიდევ უფრო მძიმე იყო, რადგან გარდა იმისა, რომ: 

ა) ძალადობრივი ფაქტების პრევენცია არ მომხდარა, 

ბ) მათი აღკვეთა არც პროცესში ხდებოდა და ამ ძალადობრივი მოწოდებებისა და 

გ) უშუალოდ ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არც შემდგომ დაუკავებიათ ვინმე. 

შედარებისთვის, სპეცრაზმი და პოლიცია არაპროპორციული ძალით დაუპირისპირდა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს 20 ივნისს,  აქციის 350 მონაწილე დააკავა და შემდგომ გაასამართლა ნიკა მელია “გადატრიალების მოწოდებების” გამო. 

 

არა რუსულ კანონს!

2023 წლის 7 მარტი იყო, როდესაც ქართული ოცნება რუსულ კანონს პარლამენტში განიხილავდა. “აგენტების კანონად” წოდებული პროექტის მიხედვით, მისი ამოქმედების შემთხვევაში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან “უცხოური გავლენის აგენტებად” რეგისტრაცია მოეთხოვებოდათ. 

კანონის შინაარსიდან გამომდინარე, მის განხილვას ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა და პირველი მოსმენით განხილვის პარალელურად, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. 

 

ძვირფასო მოქალაქეებო, გთხოვთ დაიშალოთ! 

მშვიდობიანი მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტს უახლესი ქართული ტრადიციის შესაბამისად, სპეცრაზმის, ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებით შლიდნენ, თუმცა მოქალაქეები არ ნებდებოდნენ და გვიანობამდე ბრუნდებოდნენ პარლამენტის წინ.

 

მეორე დღესაც შეიკრიბნენ, თანაც მეტნი. მოვიდნენ უფრო მომზადებულები – პირბადეებით, სათვალეებით, ჩაფხუტებით, თავდაცვაზე და თავდაცვაში სხვის დახმარებაზე ორიენტირებულები. სპეცრაზმმა ძალიან შორიდან დაიწყო ცრემლსადენი გაზის ხალხში ჩაყრა. მოქალაქეები გაზს ქვედა ქუჩებზე გაექცნენ. შემდეგ ნაწილმა იუსტიციის სახლის წინ მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა, მეორე ნაწილი კი დილამდე პარლამენტთან ბრუნდებოდა და ბოლო მომენტამდე იგერიებდა სპეცრაზმის შეტევას. 

ნების სიმტკიცის გამოჩენას შედეგიც მოჰყვა – ქართულმა ოცნებამ უკან დაიხია და კანონპროექტი მართლა ჩააგდო. 

თუმცა, როგორც სხვა შემთხვევებში, ესეც დასასრულის მხოლოდ დასაწყისი იყო. 12 მარტს “იმედთან” ინტერვიუში პრემიერმა 7-9 მარტის საპროტესტო აქციები “დესტრუქციულ”, “ანარქისტულ” და “ექსტრემისტულ” ძალებს დაუკავშირა. აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს “სატანისტები” უწოდა და თავს დაესხა არაფორმალურ განათლებაზე ფოკუსირებულ “ფრანკლინის კლუბს”, რომელიც პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში დაადანაშაულა.

ღარიბაშვილი 12 მარტის ინტერვიუშივე იმუქრებოდა, რომ მომხდარს არავის აპატიებდნენ. 29 მარტს 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს მოლოტოვის სროლისა და შსს-ს მანქანისთვის ცეცხლის წაკიდების ბრალდებით. შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა. მოლოტოვის სროლა ვერ დაუმტკიცეს, მაგრამ ძველი ბრალდება ამოუქექეს და მაინც ციხეში დატოვეს. ეს ყველაფერი მისი გაშავების კამპანიის ფონზე ხდებოდა, რათა სისტემას მსხვერპლი მარტივად გაეფორმებინა.

შესაბამისად, აქაც გადაგდების მსხვერპლნი აღმოვჩნიდთ. კანონის ჩაგდებას ჯერ ლაზარეს დაკავება მოჰყვა. შემდეგ 2 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობასთან ხუთი მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავეს. მათი ბრალი სუფთა ფურცლის ჭერისა და რამდენიმე ბანერზე ჩვენი პრემიერის სახელის შელამაზებაში მდგომარეობდა. არადა გამოხატვის თავისუფლება მსგავს გამოხატვაზე სრულ უფლებას გვაძლევს. ამის მიუხედავად პარლამენტის შენობასთან დაკავებულ დემონსტრანტებს ჯარიმები დააკისრეს.

ამის გაგრძელება იყო ოქტომბერში, პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით, სამ დღეში განხილული და მიღებული კანონპროექტი, რომლითაც ცვლილებები შევიდა კანონში “შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ” და შეიზღუდა აქციებზე “დროებითი კონსტრუქციების” გამოყენება. ამ ყველაფერს “წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში” რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ორ წლიანი გეგმაც დაემატა

რუსული კანონი ჩავარდა, მაგრამ რუსულ სტილში მოქცევა ამით არ დასრულებულა. თუ კარგად გადავხედავთ ჩვენი მეზობელი ქვეყნის უახლეს ისტორიას, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა შეიძლება გველოდებოდეს წინ. მაგალითად, რუსეთში სუფთა ფურცლის გამო დაკავებები 2022 წელს დაიწყეს. 2018 წლიდან კი პროტესტი საერთოდ აკრძალულია…