ორ მოვლენას ვერ ვიხსენებ ჩემი წარსულიდან.
1. მომენტს, როცა ‘გამიყვანეთ ამ მატრიციდან’ პირველად ვთქვი და
2. როცა მიმი პირველად ვნახე.
ზატო, ის მახსოვს კარგად, თავიდან მიმებს — მემეებს რომ ვეძახდით, სანამ ვინმე გამოსულმა უცნობმა, ან დასავლურ კულტურასა და ინგლისურად სწორად გამოთქმულ სიტყვებს მიჩვეულმა ტიპმა არ შეგვისწორა — მიმია ეგო.
თუმცა, თუ ოდესმე მიმების ფენომენოლოგიის ან მათი ფსიქოლოგიის დაგუგლვა გაგირისკავთ, თავს იმ დარქ ვებში ამოყოფდით, სადაც ორგანოებს არ ყიდიან, მაგრამ სამაგიეროდ სამაგისტრო ნაშრომებს წერენ მიმებზე. მეც ვიცოდი რა ჭაობში ვტოპავდი და მაინც გავურისკე.
ვაღიარებ, საჩემო რამეა.
იუმორი, მიმები, მათი ფსიქოანალიზი, კოლექტიური არაცნობიერი?
Is it getting hotter or what?
მიმის კონცეპტი პირველად 1976-ში რიჩარდ დოკინსმა ახსენაო გუგლი ამბობს. დოკინსი არც კომედი სტენდაპერი, არც მწერალი და არც გრაფიკული დიზაინერი არ ყოფილა — ევოლუციური ბიოლოგი იყო.
სიტყვა მიმი ბერძნული — mimēma-დან მოდის და ‘იმიტირებულს’ ნიშნავს. ს ა მ ე ც ნ ი ე რ ო წრეებში კი მიმი იმ ცოდნას ნიშნავს, რომელიც ადამიანებში ინტერაქციის დროს გადაიცემა და გონებას ‘აინფიცირებს’. შესაბამისად, მიმი თავისი საზრისით მარტივია — ინფორმაციის პრიმიტიული ერთეული, რომელიც კულტურის ნაწილი ხდება და შეიძლება მომავალ თაობასაც გადაეცეს მოდიფიცირებული სახით. მოკლედ — მიმი — იდეაა.
სუპი სოუზი გადი მოუსვი — გეცნობათ ხომ? მიმის ერთ-ერთი მაგალითია. ყოველთვის ყველა თაობამ რომ იცის.
თუმცა, რაც უფრო ნაკლები ბავშვი იტყვის ‘დედა ეზოში ჩავალ და ამოვალ მალე’-ს, მით უფრო დიდი შანსია ამ კულტურული მემკვიდრეობის ნელ-ნელა გაქრობის.
მოკლედ, ჩვენებურ მიმებს დავუბრუნდეთ.
სქროლვასა და უღიმღამო ცხოვრებას საინტერესოს და ადიქციურს რომ ხდის.
რატომ მუშაობს მიმები?
იმიტომ რომ ძლიერი დამოუკიდებელი ქალია.
იმიტომ, რომ მიმები ინსაიტებზე დგას — ყველას, ან კონკრეტული ჯგუფების საერთო ცოდნაზე, ყოფით დეტალებზე, ყოველდღიურ ტკივილზე. მიმით ხვდები, რომ ამ სამყაროში, მხოლოდ შენ არ თვლი, რომ შენს სამსახურს ერთადერთი პლუსი აქვს და ეს გორგოლაჭებიანი სკამია. მიმი გამოცდილების გაზიარების ყველაზე მარტივი, თუმცა ეფექტური ფორმა ხდება.
ხშირად ყოფილა, რომ რაიმე ნიუსი მიმით გამიგია. და ზოგადად ვთვლი, რომ მიმი, ნიუსის გაგებისა და მიღების ყველაზე ეფექტური ფორმაა — არ გიწევს დიდი, მოსაწყენი სტატიების კითხვა. მიმს შეხედავ — სადაც ტკივილი სატირულადაა გადმოცემული და უცებ იგებ — რომ სანამ შენ 5 საათით წათვლიმე, მთელი სამყარო მესამე მსოფლიო ომის წინაშე დადგა.
ეგზისტენციალურ ფიქრებში წასული შეიძლება მტკივნეულად გრძნობდე, რამდენად განსხვავებულები არიან ადამიანები ერთმანეთისგან, თუმცა სქროლვისას გადააწყდები მიმს, რომელიც ზიმბამვის რომელიღაც სოფელში, სადაც ინტერნეტი აქვთ, ვიღაც რენდომმა ტიპმა გააკეთა და ამ მხატვრულ ექსპრესიაში შენი გამოცდილებაც ისევე ასახა, როგორც საკუთარი.
მიმი, როგორც კოლექტიური არაცნობიერის პროდუქტი
ზოგადად ნებისმიერი კულტურული ფენომენი მოცემულ ეპოქაში კოლექტიურად განცდილ, აღქმულ, გაგებულ ფენომენთა ექსპრესიაა. იმაზე უკვე შევთანხმდით, რომ მიმი კულტურულ ძეგლს წარმოადგენს — თან ისეთს, ნაციონალიზმი რომ არ გააჩნია და წმინდად გლობალურია. თუმცა, როგორც ნებისმიერ კულტურულ ფენომენს, მიმებსაც აქვთ მხოლოდ კონკრეტული ჯგუფისთვის დამახასიათებელი ხასიათი. ხშირად, ცნობიერებაზე მიყენებული ჭრილობები მიმში ცოცხლდება და მიმი ხდება ამ ჭრილობების მკურნალობის გზაც.
ავიღოთ ბოლოდროინდელი მოვლენა — მეგი გოგიტიძის სიმღერა, რომელიც მალე კრემლებში უნდა დაამღეროს. ორი დღეა ფბ ისე ვერ ჩავსქროლე, სხვადასხვა ადგილიდან ამოზრდილი მეგის სახე რომ არ ვნახო. ანუ ეს ამბავი, მოსაშუშებლად მიმობის ფაზას გადის — ქართველის გარდა ვერავინ გაიგებს, რატომ ჩასვეს მეგი იმ წყალში, ღარიბა რომ ხელებს იბანდა.
ვერც იმას გაიგებენ, წყლიდან, რომელშიც ღარიბა ცოდვებს ირეცხდა — Jibaro- რატომ ამოიზარდა. მაგრამ ქართველი — რომელიც ნაწილია ქართველების კოლექტიური არაცნობიერისა — მყის დაიჭერს ამ ინსაიტს.
პრინციპში, აქ არაცნობიერი არაფერ შუაშია. ის ფაქტი, რომ ერს ბევრ ასპექტში გვიჭირს და ევოლუციურ გამოწვევებში სწრაფ-სწრაფად ვფეილდებით, საკმაოდ გაცნობიერებული მომენტია. ასე რომ, ღრმად თხრა საჭირო არაა.
მიმი, როგორც გამკლავების მექანიზმი
მიმი და იუმორი სააღდგომო პასკა-კვერცხივითაა. ერთად უნდა ჭამო. თუ ცალ-ცალკე ჭამ, ე.ი რაღაცას არასწორად აკეთებ.
იუმორი კი ის ფენომენია, საშუალებას რომ გაძლევს — შენი ფსიქიკის — და არა მხოლოდ — ერის, ბერის, რასის — ყველაზე ბნელი კუნჭულები მოჩხრიკო და შედეგად ისეთი კონტენტი შექმნა, რომელზეც დიდ წილად და წესით და რიგით ვერავინ შეგედავება, რადგან იუმორია. სასახლის კარზე მასხრობაც დიად პროფესიად ამიტომ ითვლებოდა — არა-პოლიტკორექტულობის გამო დაქენსელების შიში მასხრებში არ არსებობდა. მეფეც ‘roasting’-ის იმ დოზას იღებდა, ყველა მოკვდავს რომ ესაჭიროებოდა.
ზოგადად, მიმი რაც უფრო ბნელია, მით უკეთ ახერხებს ჩვენი დესტრუქციული ბუნების განმუხტვას. თუმცა, სიცილის ბოლოს შეიძლება გაიფიქრო, იმედია ამაზე სიცილის გამო ჯოჯოხეთში მიმის გამკეთებლის გვერდზე არ მოვხვდებიო.
როცა დეპრესიულ ფიქრებს მივეცემი და კაცობრიობზე ავჯაჯღანდები ხოლმე, შემომხვდება რომელიმე გენიალური მიმი — ვიაზრებ, რომ ეს იდეა ერთ-ერთი ადამიანის გონებაში დაიბადა და შემდეგ მიმში განხორციელდა და ვხვდები — რომ იმედი ჯერ კიდევ არსებობს.
დასასრულს, ერთ-ერთ ჩემს საყვარელ მიმს წარმოგიდგენთ: