მზე, ზღვა და ფინალურები

ექვსი საგნიდან 5 გეტენება? იმ ერთსაც 51-ზე ხურავ? შენი GPA ლარზე უფრო გაუფასურდა და სირცვილისგან თავი აღარსად გამოგეყოფა? არაუშავს… მგონი მე სემესტრიც მემატება, იმედი მაქვს — მხოლოდ ერთი! ფინალურებზეღა ვარ ჩაბღაუჭებული და შენს დამშვიდებაში რომ დროს ვკარგავ, გამოცდის ერთ საკითხს მაინც მოვამზადებდი. 

შემდეგი წლიდან უკეთესად ვისწავლი — უნივერსიტეტზე არ ჭრის. აქ ბევრი შემდეგი წელი არ არის. ეს დავივიწყოთ და ცუდი ქულების გასამართლებლად უნივერსალური ფრაზა მოვიშველიოთ ხოლმე: «მთავარია ცხოვრებაში არ ჩაიჭრა.» ესეც ასე, თავი გამართლებულია, გული დამშვიდებული და სინდისი სუფთა. გული დავიმშივიდეთ, მაგრამ ის ჩვენი წითელი დიპლომიც რამდენიმე სემესტრში გავალურჯეთ. გეგონება, ან წითლით, ან ლურჯით ბედნიერი მომავალი გველოდებოდეს სადმე და არა მუშაობაში ამომძვრალი სული. 
თუ მთელი სემესტრი არც მე და არც შენ არაფერი გაგვიკეთებია, ნეტფლიქსს არ მოვშორებივართ და წიგნის არსებობა გუშინ, მაქსიმუმ, გუშინწინ გაგვახსენდა, ფუჭი სიტყვები ვერ გვიშველის. მაგრამ, მე მაინც ვეცდები ფინალურების ჩემეული გაიდლაინები გასწავლო. 

იტირე

ეს გამოცდილი მეთოდია და კარგია. ფინალურებს ვერ ჩაგაბარებინებს, ვერც იმ გალურჯებულ წითელ დიპლომს დაგიბრუნებს. სამაგიეროდ, სულ რამდენიმე წუთში მარილიან წყალს გაატან დარდს, ნერვიულობას და მერე დაუბრუნდები ცხოვრებას. 

სტუდენტებმა ასე ვიცით, ნერვიულობით 1 თვით ადრე უნდა მოვიკლათ თავი, მეცადინეობით — 1 დღით ადრე. ხოდა, ერთი თვით ადრე დარდი ცრემლებს გავატანოთ და რავი, მეცადინეობისთვის თუ ვერა, დასვენებისთვის მაინც გამოვიყენოთ ის ერთი თვე. თან ფინალურების შემდგომი დასვენებაც დასაგეგმი გვაქვს. 

წაიმეცადინე

«რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო», უცნაურადაა სტუდენტის გონება მოწყობილი, ხომ გითხარი, მაინც და მაინც გამოცდის წინ გვახსენდება მეცადინეობა.

ფინალურებამდე ერთი დღით ადრე მეცადინეობა არა, ყველაზე მეტი წამეცადინება შეგვიძლია. კარგი იქნებოდა, ეს ბევრად ადრე მოგვესაზრა, მაგრამ არ უხდება სტუდენტს ეს წინდახედულობა.  თანაც, ხომ იცი, ასეთ დროს, მეტროში მეცადინეობა, გამოცდამდე 15 წუთით ადრეც, მისწრებაა. 

ლექტორსაც დააბრალე 

ზემოთ რომ ანდაზა ვთქვი, ეგ ამ შემთხვევაში დაივიწყე. დანაშაულზე, შეცდომაზე, წაფორხილებაზე ან ფინალურებისთვის ვერ მომზადებაზე ბრალეულობას სხვასაც თუ გაუზიარებ, ისევ წაფორხილებული დარჩები, მაგრამ უფრო დამშვიდებული. ხოდა, ლექტორსაც დააბრალე, იმასაც ვინც წიგნი, ფინალურები ან სამყარო მოიგონა. იფიქრე, რომ მან მოგვცა ბევრი სამეცადინო (ეს უნივერსიტეტისთვის სულელური ბრალდებაა, მარამ მაინც…), კარგად ვერ კითხულობს ლექციას ან საერთოდაც, რა საჭიროა ეს ფინალურები-თქო, დაუმატე. 

ოღონდ, ეს ხმამაღლა არ თქვა! 

გადაწერას ნუ გაურისკავ 

როგორ ცუდადაც არ უნდა იყო მომზადებული, გადაწერას ნუ გაურისკავ. არ ვიცი, სხვა უნივერსიტეტში რა ხდება, მაგრამ მეეჭვება, სადმე კარგად დამთავრდეს ეს მცდელობა. თუ მაინც და მაინც მომზადება ვერ მოასწარი, გადაბარებაზე გადი, 1-2 კვირას მაინც მოიგებ.

და ჯანდაბას, თუ მაინც გადაწერა გადაწყვიტე, მობილურიდან მაინც ნუ გადაიწერ, ეგ ძალიან ჩანს და პირდაპირ განწირული ხარ, ქეჩოში ჩაგავლონ და გამოცდიდან გამოგისტუმრონ. ყველაზე კარგი გამოსავალი ფურცლის ნაგლეჯზე ან სალფეტკზე, ძალიან წვრილად დაწერილი მინიშნებებია, მთლიან ტექსტებს ნუ ჩამოწერ. ხელზე რამის დაწერაც სარისკოა, მით უმეტეს ზაფხულში, მაშინვე შეგამჩნევენ. ისე, თუ მაინც გეტენება საგანი, შენი რა მიდის, გადაწერასაც გაურისკე. 

შეეგუე 

ახლა ისედაც განწირული ფინალურისთვის თავის მოკვლას, ჯობია, ისევ შემდეგი სემესტრის მენეჯმენტი დაწყო. რა ვიცი, იქნებ რიგ შემთხვევაში ამართლებს «შემდეგ წელს კარგად ვისწავლი»… 

აქვე კიდევ ერთ გამოთქმას გეტყვი: «თავი ქუდში გაქვს.» ხოდა, ძალიანაც ნუ იდარდებ, თუ A-ზე ან B-ზე საგანს ვერ დახურავ, დიპლომის გარეშე არ დაგტოვებენ. ამ შუა ზაფხულში, მართლა და რა დროს ფინალურებია? 

ისე, შენ თუ ხვალ გამოცდა გაქვს და ახლა ეს ბლოგი ბოლომდე წაიკითხე, არხეინობის ზედა ზღვარიც გადაგილახავს და აბა, გამოცდის ქვედა ზღვარს ვეღარ გადალახავ?