მენსტრუაცია — თემა, რომელიც რატომღაც ტაბუდადებულია და მისი ქონა, მიუხედავად იმისა, რომ გარდაუვალია, მამრებისთვის სასაცილო, ამაზრზენი და დაცინვის საგნად ქცეული ქალთა გასაჭირია.
ეს სტატია სწორედ ამ თემას და მასთან ასოცირებულ არასწორ სტერეოტიპებს ეხება.
მე, მარიამი, რომელსაც თვეში ერთხელ, წინასწარ განსაზღვრული ვადით, მაგრამ ყოვლად განუსაზღვრელი მასშტაბებით თავს ე.წ. თვიური მატყდება, ფრიად აღშოთებული ვარ გარემოს დაუნდობლობით.
ღრმა ბავშვობა
მახსოვს, სკოლის პერიოდში, განსაკუთრებით რთული ამბავი იყო მენსტრუაციის ქონა. ჯერ კიდევ ბავშვი, ვერ ვიაზრებდი, რომ სასირცხვილო ამაში არაფერია. სულ დაძაბული ვიყავი, მეშინოდა, ვინმე შეამჩნევდა და დამცინებდა. მეგონა, ყველა ხვდებოდა და სხვანაირად მიყურებდა. მოკლედ, პერიოდის დროს სკოლაში მისვლას ყველაფერი მერჩივნა. სხვა თანაკლასელ გოგოებთან შედარებით, მე «ის» ცოტა გვიან დამეწყო და, მახსოვს, როგორ მიხსნიდა დაქალი პაკეტის ხმარების წესების საწყისებს კომაროვის საპირფარეშოში და თან მაფრთხილებდა, ვინმე არ მიხვდეს, თორემ მაგრად დაიცინებიო. მოკლედ, ჩემი სკოლის პერიოდის პატარა შეჯამება ასე ჟღერს — მშობლებო, თქვენს ქალიშვილებს, შეიძლება, ფიზიკურად შეუძლიათ სკოლაში წასვლა, მაგრამ იმ დღეს ისეთს ვერაფერს ისწავლიან, რომ ამხელა მორალურ და ფსიქოლოგიურ ზიანად ღირდეს.
უნივერსტეტის პერიოდი
უნივერსტეტში, თითქოს, უფრო გამარტივდა ყველაფერ. ნუ, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მაინც. ვინმე თუ მკითხავდა, სასოწარკვეთა რატომ მეწერა სახეზე, სულ რატომ მშიოდა, შიგადაშიგ ტკივილისგან რატომ ვკვნესოდი, უკვე შემეძლო მეთქვა, რომ მენსტრუაცია მაქვს და ამის საერთოდაც არ მრცხვენოდა. ვხუმრობდი კიდეც, ტამპონს ერთი დაცემინებაღა დარჩა-თქო. ისევ იყვნენ ადამიანები, რომლებიც «ფუუუუუ» რეაქციას იჩენდნენ, თუმცა მათი აზრი აღარ მანაღვლებდა და ესეც საკმარისი იყო სტრესის შესამცირებლად.
ზოგადად, მე ის ადამიანი ვარ, სისუსტეები რომ არ უყვარს და საკუთარ თავთან მუდმივ ჩელენჯშია. შემიძლია გაუთავებლად ვიწუწუნო, რომ მცივა, მაგრამ პლედს არ მოვიხურავ. მენსტრუაცია კი იმდენად რთული ამბავია, ხშირად მიოცნებია, ნეტავ ვინმემ ტრანსპორტში ადგილი დამითმოს-მეთქი. ჩვეულებრივ დღეებში კი, იმავე ადგილის დათმობას შეურაცხყოფად აღვიქვამ. მოკლედ რომ ვთქვა მენსტრუაციის პერიოდში, არ არსებობს პრინციპები და პრიორიტეტები. გაძლებაზე ხარ ადამიანი. დისკომფორტი გაქვს, იმდენად დიდი დისკომფორტი, რომ თავი ყველაზე მახინჯი გგონია, გეჩვენება, რომ ყველა გეპირფერება და სინამდვილეში ვერ გიტანენ, ფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ჭამე და მაინც სულ გშია, გგონია, გაგიჟონა და უხერხულად ხელს ისვამ ტანსაცმელზე… ვინმე თუ დიდხანს გიყურებს, წითლდები, რადგან გგონია, რომ შეამჩნია. ამ დროს, დაქალს ყველაზე ხშირად ამ ფრაზით მიმართავ — «გოგო, ახლა გავივლი და ნახე, უკან რამე ხომ არ მაქვს.»
კონკრეტულად ჩემს შემთხვევაში, კომფორტის ზონის სრული განადგურება და ჰორმონალური დისბალანსია სიმპტომები, რადგან ტკივილს საკმაოდ კარგად ვუძლებ — ჩემთვის ერთ-ერთი ჩელენჯია კიდევ უფრო ტკივილგამძლე გავხდე. აი, ჰორმონებს კი ვერაფერი მოვუხერხე. შემიძლია სამსახურში ან უნივერსიტეტში, მაგიდის ქვეშ შევძვრე და ვიტირო. ალბათ, ბევრს ვეყოლები ამ მდგომარეობაში ნანახი. ხშირად კი საქმე იმაზე რთულადაა, ვიდრე ჩემს შემთხვევაში. თანაც, ამ ყველაფერს ტკივილი ემატება. საშინელი ფიზიკური ტკივილი. ხშირად უკითხავთ ბიჭებს, რას ვგრძნობთ ამ დროს. მოდი, ყველას აგიხსნით, როგორად მეჩვენება ეს ტკივილი:
წარმოიდგინეთ, რომ ციებ-ცხელება და მუცლის შებერილობა გაქვთ და ორგანიზმში სისხლის ნაცვლად ჭიანჭველები მიედინებიან, ვენებიდან გამოძრომა უნდათ და კედლებს ეჯახებიან, გარეთ ექაჩებიან და შენს გაგლეჯაას ცდილობენ. საშინელებაა, მაგრამ ხანდახან, ამაზე ათჯერ უარესად ვგრძნობთ ხოლმე თავს.
სამსახურის პერიოდი — როცა შენს ნებაზე ვერ ადგები და ვერ გააცდენ
რაც სამსახური დავიწყე, სადაც განრიგი მაქვს და უფროსი მყავს, ცხოვრება უფრო გართულდა. რაც უნდა ცუდად ვიყო, მაინც მიწევს წასვლა. აბა, სიცხე ხომ არაა, საპატიო მიზეზად ჩამითვალონ და გაცდენის ნება მომცენ. მერე რა, რომ სიცხის ან ვირუსის ქონაზე გაცილებით უფრო საშინელია მენსტრუაცია, მერე რა, რომ მაგ დროს გაფანტული ვარ, საქმეზე ვერ ვკონცერტრიდები და პანიკა შფოთვაში გადამდის. მთავარია, რომ ეს სიცხე არაა, არც ვირუსი, არც მოწამვლა და არც რიგი ავადმყოფობებისა, რომლებზეც ბიულეტენს გამიხსნიან და სახლში მშვიდად გამოჯანმრთელების საშუალებას მომცემენ. ეს მენსტრუაციაა, მერე რა, კაცო, ოთხ დღეში გამივლის. ცოტას ბიჭები იღლაბუცებენ და დამცინებენ, თითქოს, ჩემი ბრალია, რომ ვმენსტრუირებ. მერე ყოველ წამს მეგონება, რომ გავჟონე და საპირფარეშოში სირბილით გავიოფლები. სადღაც, სახლში წასვლის წინა პერიოდში, ტამპონები გამითავდება (ესეც დაუწერელი კანონია, რაც უნდა მომზადებული იყო, მაინც), დავიწყებ თანამშრომელ მანდილოსნებში ტამპონის ან პაკეტის ძებნას, თან «ისე მომეცი, რომ ვინმემ არ დაინახოს.»
მოკლედ, ამ უმშვენიერეს სტატიას ჩემი ერთი ისტორიით დავასრულებ და თქვენს ქრინჯ ისტორიებსაც ველი კომენტარებში. არ ტეხავს, ხალხო, მართლა არ ტეხავს…
მეორე კურსზე ვიყავი, აპრილის დასაწყისი იყო. მენსტრუაციის ყველაზე რთული, მეორე დღე მქონდა და კალკულუსის ქვიზისთვის ვემზადებოდი. კომაროვის წყალობით, მასალა კარგად ვიცოდი და კურსელებს ვამეცადინებდი. მოულოდნელად უბედურების ზარმა ჩამოკრა და ჩემი თვითშეფასება ჯანდაბაში წავიდა. პანიკამ მომიცვა და საშინელი შფოთვა დამეწყო… მაგიდის ქვეშ შევძვერი და ტირილი დავიწყე. ჩემი მეგობარი შეესწრო ამ ყველაფერს, დამშვიდებას ცდილობდა, მაგრამ თვითონაც ქონდა ეს მდგომარეობა გამოცდილი, მიხვდა აზრი არ ქონდა. სახლში წასვლა მაიძულა. მეც შერჩენილი გონიერება მოვიკრიბე და მივხვდი ერთადერთი ადეკვატური გამოსავალი სახლში წასვლა იყო. 38 ნომერ ავტობუსში ჩავჯექი, დიდუბემდე, იქიდან მეტროს უნდა გავყოლოდი. დიდუბეში მისულს, ვიღაც გასაღების ტრიალით გართული მამრი გადამეყარა: «აბა დასავლეთში ხომ არ მობრძანდებით?», «ჭიათურა გავდივარ»…
— ბილეთი საით ვიყიდო?
— დაჯექით ქალბატონო, ბილეთს მე მოგიტანთ.
«ქალბატონოთი» მომართვამ 20 წლის გოგო უფრო გადამრია და მთელი გზა ტირილით გავიარე ჭიათურამდე და მერე უკან თბილისში. ასე და ამგვარად კაცმა არ იცის რისი გამკეთებელი ხარ ციკლის დროს.