მარტივი ჰერპეს ვირუსი (HSV-1, HSV-2)

რას წარმოადგენს ჰერპეს ვირუსი (HSV)?

ჰერპეს ვირუსი ფართოდ გავრცელებული ვირუსული დაავადებაა, რომელიც იწვევს მწვავე და ქრონიკულ ინფექციებს. სამედიცინო კლასიფიკაციით ვირუსი იყოფა ექვსი ტიპად: მარტივი ჰერპეს ვირუსი ტიპი 1, მარტივი ჰერპეს ვირუსი ტიპი 2, ვარიცელა ზოსტერი (ჩუტყვავილა), ციტომეგალოვირუსი, ებშტეინ – ბარის ვირუსი და ადამიანის ჰერპესვირუსი 8 (კაპოშის სარკომა). 

გავრცელების გზები

ამჯერად განვიხილავთ მარტივ ჰერპეს ვირუსებს. მარტივი ჰერპეს ვირუსი ტიპი 1 (HSV-1) იწვევს ორალურ ინფექციებს და ვრცელდება ორალურ – კონტაქტური გზით (კოცნით, საერთო ჭიქის ან კბილის ჯაგრისის ხმარებით). ხოლო მარტივი ჰერპეს ვირუსი ტიპი 2 (HSV-2) იწვევს გენიტალურ ინფექციებს და ვრცელდება სქესობრივი კონტაქტის (ვაგინალური, ორალური და ანალური სექსუალური კონტაქტის) შედეგად და მშობიარობისას – ახალშობილის დაინფიცირება ტრანსვაგინალური გზით. 

სიმპტომები

მარტივი ჰერპეს ვირუსი ტიპი 1 (HSV-1) იწვევს პირველად ჰერპესს, რომელიც ძირითადად აზიანებს: კანს, ტუჩებს, პირის ღრუს ლორწოვანს, უმეტესად ზედა კიდურებს (განსაკუთრებით თითების ფალანგებს), კონიუქტივას და იწვევს მენინგოენცეფალიტს, გენიტალურ ჰერპესს (შემთხვევების 15%), კერატოკონიუქტივიტს, ვირუსულ სტომატიტს.

მარტივი ჰერპეს ვირუსი ტიპი 2 (HSV-2) იწვევს პირველად ჰერპესს კანის, სასქესო ორგანოების, დუნდულების და უმეტესად ქვედა კიდურების დაზიანებას. იწვევს მენინგოენცეფალიტს, გენიტალურ ჰერპესს (შემთხვევების 85%) და ახალშობილთა თანდაყოლილ ჰერპესს. 

როგორც ხედავთ გენიტალურ ჰერპესს უმეტესწილად იწვევს მარტივი ჰერპეს ვირუსი ტიპი 2 (HSV-2).  იგი წარმოადგენს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებას. გამოვლინდება გენიტალიების მიდამოში სეროზული შიგთავსით სავსე მცირე ვეზიკულების სახით, რომელთა მთლიანობა ადვილად იშლება და მის ადგილას ჩდება მტკივნეული წყლულები. გამონაყარს თან ახლავს ქავილი, ტკივილი, გენიტალურ არეში ლიმფური კვანძების გადიდება და შარდვისას წვის შეგრძნება. დაავადება იწყება ცხელებით, თავის ტკივილით, ფოტოფობიითა და ზოგადი სისუსტით. 

რისკის ჯგუფები

ბავშვები უხშირესად ავადდებიან მარტივი ჰერპეს ვირუსი ტიპი 1 (HSV-1)- ით, ხოლო სქესობრივად აქტიური პირები კი – მარტივი ჰერპეს ვირუსი ტიპი 2 (HSV-2) – ით. აღსანიშნავია სამედიცინო პერსონალი და ის პირები რომლებსაც შეხება აქვს ინფიცირებული პირის ბიოლოგიურ სითხეებთან, მათ აქვთ ხელის თითებზე ჰერპეს ინფექციის განვითარების მაღალი რისკი (ამ შემთხვევაში ორივე ტიპის მარტივი ჰერპესი იწვევს ამ ტიპის დაზიანებას).

 ორსულობა და ჰერპეს ვირუსი

ორსულობის პერიოდში ჰერპეს ვირუსით ინფიცირებული დედები დაავადებას გადასცემენ ნაყოფს ტრანსვაგინალური გზით. ამიტომ გენიტალური ჰერპესით დაავადებულ ორსულთათვის რეკომენდირებულია საკეისრო კვეთა. 

დიაგნოსტიკური მეთოდები

ჰერპეს ვირუსის დიაგნოზის დადასტურება ხდება ლაბორატორიულად: ვირუსოლოგიური კვლევებით (PCR და ELISA მეთოდები), ვირუსული კულტურების შეღებვით (გიმზას წესით) და სეროლოგიური ტესტებით (სეროლოგიური მარკერების – IgM და IgG – ს განსაზღვრა).

მკურნალობა

ხდება ანტიჰერპესული მედიკამენტებით (მაგ: აციკლოვირი). დაუშვებელია პრეპარატების თვითნებურად მიღება. ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ ჯერობით არ არის შემუშავებული.

პრევენცია

რადგან ვირუსი ნადგურდება საპნის, დეზინფექტანტის, 70% – იანი ეთანოლისა და დეტერგენტებთან ურთიერთქმედების შედეგად, რეკომენდირებულია ხელების ხშირი დაბანა და ზოგადი ჰიგიენის დაცვა. ვეზიკულების გაჩენის შემთხვევაში ინფიცირებული ბავშვის იზოლაციაში ყოფნა მკურნალობის კურსის დასრულებამდე. დაცული სქესობრივი კონტაქტი (კერძოდ პრეზერვატივის გამოყენება) და ორმხრივ მონოგამური სქესობრივი კონტაქტი.  მნიშვნელოვანია გენიტალური ჰერპესის მკურნალობის პერიოდში სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავება. 

ჰერპესის პროფილური კვლევა არ საჭიროებს რაიმე სახის წინასწარ მომზადებას. ანალიზისთვის გამოიყენება ვენური სისხლი.