“მანდილოსნებს გაუმარჯოს”

ქართული სუფრის განუყოფელი ნაწილი «მანდილოსნებზე» სადღეგრძელოებია.

ქართული რეალობის განუყოფელი ნაწილი კი იმავე «მანდილოსნების» უმოწყალოდ ხოცვაა, რომლებიც გაცვეთილი სიტყვებით ჯერ ადღეგრძელეს, შემდეგ კი ყელი გამოჭრეს.

ქალებს კლავენ ყველგან.

ავტობუსში. რკინის კარს მიღმა. შვილების თვალწინ. «ოჯახში». ქუჩაში და სადაც მათი მოკვლა მოუნდებათ.

კლავენ ქმრები, ყოფილი ქმრები, პარტნიორები. კლავენ კაცები. 

იქნებ ქალების ხოცვის ტრადიცია ქალების დღეგრძელობის პარალელურად განვითარდა და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები მხოლოდ იმ სიძულვილის შესაფუთი ქაღალდი გახდა, რომელიც ქართველი ქალების მიმართ რეალურად არსებობს? ნუთუ სიძულვილის გარეშე მათი ასე უმოწყალოდ კვლა შესაძლებელია?

ბოლო ერთ კვირაში 3 ქალი მოკლეს.

ამ ქალებს თავიანთი ოცნებები ჰქონდათ. უხაროდათ. ტკიოდათ. ტიროდნენ. იცინოდნენ.  მაგრამ ქალები იყვნენ.  ქალები, რომლებიც ხშირად საკუთრება, კონტროლისა და ჩაგვრის ობიექტი ჰგონიათ და თუ მოისურვებენ თავიანთი მამაკაცობით აღტყინებულები (გულის რევის გამომწვევი რომაა)  სიცოცხლესაც მოუსწრაფებენ მათ. ჩვენს საზოგადოებას კი თუ მოუნდება ქალს შეაწმინდავს თავისივე სისხლს და გამართლებასაც მოუძებნის მის სიკვდილს. ალბათ ასე იმშვიდებენ თავს ჭაობის ფსკერზე მყოფი ადამიანთა ჯგუფები.

მაინც როგორ კლავენ ქალების გაზრდილი კაცები ქალებს? იქნებ სადღაც იმ დედებსაც მიუძღვით ბრალი, რომლებმაც თავიანთ ვაჟკაცებს ერთადერთი დავალება მისცეს ამ ცხოვრებაში — ცოლად მოეყვანათ «ოჯახის შესაფერისი», იდეალურთან მიახლოებული მეუღლეები, რომლებიც არა მხოლოდ სარეცელს გაიყოფდნენ მათთან, საკუთარ თავისუფლებებსაც გადააბარებდნენ მათ. 

კაცებს კი რომლებსაც ასწავლეს «ქალი მუჭში უნდა გყავდესო», მაგრამ არ გამოუვიდათ, მხოლოდ ქალების მოკვლა უმშვიდებთ მამაკაცურ ეგოს. თუნდაც ეს სისასტიკე შვილების თვალწინ ჩაიდინონ…

ქალებს კლავენდნენ სულ.

2021 წელს 31 ქალი მოკლეს.

2020 წელს — 27

2019 წელს — 22

ამ რეალობის მიუხედავად კი ჩვენს კანონმდებლობაში ჯერ კიდევ  არ არსებობს ტერმინი «ფემიციდი».  2018 წელს გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის რეკომენდაციით, იმ მუხლებში, რომლებიც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას, თვითმკვლელობამდე მიყვანასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს, დაემატა ტერმინი «გენდერის ნიშანი». გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაული უფრო მკაცრ 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თუმცა, რამდენად შეესაბამება ეს რიცხვები ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანის — სიცოცხლის მოსპობას ან დადებითად აისახება თუ არა ქალებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე სხვა საკითხია.

მიუხედავად ტერმინის დამატებისა სახელმწიფოს მხრიდან არ არსებობს ქმედითი პრევენციული ღონისძიებები, რომელიც სავალალო სტატისტიკის ფონზე, ოდნავ მაინც შეამსუბუქებს მდგომარეობას.