
საზოგადოება აყალიბებს წონის, ფორმებისა და სილამაზის სტანდარტებს და ადამიანებისთვის იარლიყის მიკერებაც არ უჭირს. აყალიბებს სტანდარტებს თვითსიყვარულზე და იმასაც გვითითებს როგორი საკუთარი თავი უნდა გვიყვარდეს ან გვძულდეს. თუმცა რეალურად არავინ იცის მიკერებული იარლიყების: «სუსტი», «მსუქანი», «გაჩხიკული», «დონდლო», «ანორექსიკი», უკან როგორი ისტორიები იმალება და არც იმ ფსიქოლოგიურ დაავადებაზე იციან რამე, რომელსაც კვებითი აშლილობა ჰქვია.
კვებითი აშლილობა ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც არაჯანსაღი კვების ჩვევების განვითრებას იწვევს და ძირითადად საკვებზე, ჭამაზე და წონაზეა ფოკუსირებული. კვებითი აშლილობის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს როგორც გენეტიკა, ისე ტვინის ქიმიური შემადგენლობა ან კულტურული იდეალები.
საერთო სიმპტომები ძირითადად შეიძლება მოიცავდეს საკვების ძლიერ შეზღუდვას, საკვების მიღებას და განწმენდის პროცედურებს, ღებინებას ან გადაჭარბებულ ვარჯიშს. ხშირად კვებითი აშლილობის მქონე ადამიანებს უჭირთ სხვებთან ერთად ჭამა, რაც ხანდახან ხელს უშლის მათ სოციალიზაციას.
Anorexia nervosa
ადამიანები ნერვული ანორექსიით, მიუხედავად მცირე წონისა, თავს ძალიან ჭარბწონიანად თვლიან და ცდილობენ მუდმივად გააკონტროლონ წონა. თავს არიდებენ გარკვეული სახის საკვების ჭამას და მკაცრად ზღუდავენ კალორიების მიღებას. ეშინიათ ზედმეტი კილოგრამების და მუდმივად წონის დაკლებას ცდილობენ. მათ მიერ საკუთარი სხეულის აღქმა დიდ გავლენას ახდენს თვითშეფასებაზე.
ანორექსია იყოფა ორ ტიპად — ესენია შემზღუდველი და უზომო ჭამისა და შემდგომ გამწმენდის ტიპები.
შემზღუდველი ანორექსიის მქონე ადამიანები წონაში იკლებენ მხოლოდ დიეტის, fasting-ის ან გადაჭარბებული ვარჯიშის გზით. რაც შეეხება გამწმენდის ტიპის მქონე ადამიანებს, ისინი მცირე ან დიდი დოზის საჭმლის მიღების შემდეგ მიმართავენ — ღებინებას, საფაღარათო საშუალებებს ან შარდმდენებს.
Bulimia nervosa
ბულიმიით დაავადებული ადამიანები ხშირად უჩვეულოდ დიდი რაოდენობით საკვებს იღებენ. უზომო ჭამის ყოველი ეპიზოდი ჩვეულებრივ გრძელდება მანამ, სანამ ადამიანი მტკივნეულად სავსე არ გახდება. ჭარბი წონის დროს ადამიანი ჩვეულებრივ გრძნობს, რომ არ შეუძლია შეწყვიტოს ჭამა ან აკონტროლოს რამდენს ჭამს.
ნერვული ბულემიის დროს გამწმენდი საშუალებები იგივეა, თუმცა მიუხედავად ანორექსიასთან მსგავსებისა, ბულიმიით დაავადებული პირები შედარებით ინარჩუნებენ წონას. ბულიმიამ შეიძლება გამოიწვიოს ყელის ტკივილი, სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება, ნაწლავის გაღიზიანება, კბილების დაზიანება და ა.შ.
საკვების არიდების/შეზღუდვის აშლილობა (Avoidant Restrictive Food Intake Disorder)
ადამიანები საკვების შეზღუდვის აშლილობით განიცდიან საკვებისადმი ინტერესის ნაკლებობას, ან გარკვეული სუნის, გემოს, ფერის, ტექსტურის და ტემპერატურის მიმართ ზიზღს. შესაბამისად კონკრეტულ საკვებს თავს არიდებენ, რაც მათ ხელს უშლის საკმარისი კალორიებისა და საკვები ნივთიერებების მიღებაში. საკვების არიდების/შეზღუდვის აშლილობამ შეიძლება შეაფერხოს განვითარება — სიმაღლის, წონის და ასაკის მიხედვით.
ჭარბი კვების დარღვევა (Binge-eating disorder)
ჭარბი კვების დარღვევის დროს ადამიანი მიუხედავად შიმშილის არარსებობისა, უკონტროლოდ იღებს დიდი რაოდენობით საკვებს სწრაფად და ფარულად. ჭარბი კვების აშლილობის მქონე ადამიანები არ ზღუდავენ კალორიების მიღებას და არ იყენებენ გამწმენდ პროცედურებს, როგორიცაა ღებინება ან გადაჭარბებული ვარჯიში, ჭარბი კვების კომპენსაციის მიზნით.
ამასთანავე ამ დარღვევის მქონე ადამიანებს აქვთ სირცხვილის, ზიზღისა და დანაშაულის განცდა საკუთარი ქმედების გამო.
კვებითი აშლილობის სამკურნალოდ არ არსებობს ერთი კონკრეტული გზა, რადგან მიდგომები ყველა ადამიანთან ინდივიდუალური და განსხვავებულია. მკურნალობის პროცესი დამოკიდებულია გამომწვევი მიზეზის დადგენასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. კვებითი აშლილობის აღმოჩენის პირველივე ეტაპზე, ექიმთან ვიზიტის შემდგომ აუცილებელია ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან კონსულტაცია.