
ფსიქოლოგის ორი დიპლომი მიჭირავს ხელში. თავისუფლად შემიძლია ტაქსისტობაზე მქონდეს პრეტენზია, თუმცა მართვის მოწმობა არ მაქვს, ალბათ იმიტომ, რომ მანქანის ტარება არ ვიცი.
ხოდა, რა უნდა მექნა ამ ორი დიპლომით სხვა, თუ არა ბრეინშტორმინგის დროს შემეპარებინა პატივცემული საზოგადოებისთვის, იმპოსტერის სინდრომზე დავწერ-მეთქი.
ვწერ ამ ფრაზას და ჩემს თავში წარმოდგენილი პატივცემული საზოგადოების ნაწილი აჟღერებს, ამ სტატიის შემდეგ კიდევ ერთხელ მიხვდები, ეგ ორი დიპლომი შენთვის რატომ არ უნდა მოეცათო. თუმცა პ.ს-ის (პატივცემული საზოგადოების) მეორე ნაწილი იქვე შუა თითებს აწევს და შეეპასუხება- მაშინ არც სხვებისთვის უნდა მიეცათო.
ენივეი, განათლების, გასხივოსნებისა და მედიტაციისას ჰაერში სამ მეტრზე აწევის დროა.
იმპოსტერის სინდრომზე ვსაუბრობთ, სერიოზულად.
იმპოსტერის სინდრომმა (ი.ს) რა ჰქმნმა?
პირველად ი.ს- ზე ფსიქოლოგთა წრეში საუბარი 1978 წელს დაიწყეს, კერძოდ ამ მოვლენაზე დაკვირვებას Suzanne Imes, PhD & Pauline Rose Clance- ს უნდა ვუმადლოდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ი.ს DSM-5- ში (Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders) არ არის შეტანილი, ი.ს-ის დიაგნოზი გულისხმობს საკუთარი კომპეტენტურობის, ინტელექტუალური და პროფესიული უნარების ეჭვქვეშ დაყენებას, რაც ხშირად ნეგატიურად ზემოქმედებს ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე და ხელს უშლის პიროვნებას ნორმალურ ფუნქციონირებაში. ამ დროს ვერ ხდება საკუთარი მიღწევების, წარმატების გაშინაგანება- ანუ ნებისმიერ წინსვლა ბრალდება გარემო ფაქტორებს, შემთხვევითობას, იღბალს და სხვა. მოკლედ, ყველაფერს- საკუთარი თავისა და გაღებული ძალისხმევის გარდა.
ი.ს ძირითადად აწუხებთ ადამიანებს, რომლებსაც
ა. შეიძლება ჰქონდეთ მაღალი თანამდებობა და განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო სამუშაო
ბ. იყვნენ სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენლები
გ. პერფექციონისტები
თუმცა, არ არის აუცილებელი რომელიმე ჯგუფს მიეკუთვნებოდე, შეიძლება უბრალოდ სკოლის მოსწავლე იყო, სტუდენტი, რენდომი ტიპი და ამ სინდრომით მაინც იტანჯებოდე. თუმცა, მარტო არ ხარ. ადამიანების 70%-ზე მეტი ცხოვრების განმავლობაში განიცდის იმპოსტერის სინდომის სიმპტომებს, თუმცა შეიძლება არა ყოველთვის და ყველგან.
მარტივად რომ ვთქვათ, იმპოსტერის სინდრომი გულისხმობს არაკომპეტენტურობის, არაადექვატურობის შეგრძენებას. გგონია, რომ შენი მიღწევები- კარიერული, სოციალური, იერარქიული-შენი დამსახურება კი არაა, უბრალოდ, უცნაურად გიმართლებს, ხალხი ტყუვდება, ვითომ მაგარი ხარ, მართლა იმსახურებ, ამიტომაც გაფასებენ, აყავხარ სამსახურში, გაწინაურებენ. ამ დროს კი შენ ძაალიან კარგად იცი, რომ ვერაფერსაც ვერ ხედავენ სწორად.
მაგრამ მოვა დრო… გამოჩნდება ვიღაც, რომელიც ამ დიდ ფარსს მიხვდება, შემოგხედავს, გაგშიფრავს და გეტყვის, დავაი, შემოგევლე, დაახვიე ახლა აქედან, შენი ადგილი აქ არ არისო.
შენც ელი ამ ჰიპოთეტური ტიპის გამოჩენას, რომელიც სავარაუდოდ (…) მხოლოდ შენსავე წარმოდგენებში არსებობს და რომელიც არც არასდროს გამოჩნდება… მანამდე კი რაღაც იღბლის წყალობით ყველას სჯერა, რომ შენი საქმე, მართლა იცი. ფაქტობრივად, შენი ფსიქიკა ნერვიულობისგან მუდმივი ჭარბოფლიანობით გაწამებულ ადამიანს ჰგავს. სულ შფოთავს, ახლა ვიღაც ჩამავლებს- არ ვიცი, რატომ, რისთვის, როდის, მაგრამ ჩამავლებსო.
თამაშში რომ საბრძოლო მუსიკა ისმის, თუმცა მტერი არ ჩანს, აი, ეგ მომენტია.
ხოო, აი, ზუსტად, სამყაროში, სადაც მზე კაპიტალიზმიდან ამოდის და ბაზარი არეგულირებს-ით ჩადის, ყველა გააცურე, კომპანიები და დამსაქმებლები წარმატებით გააბითურე და ახლა ყველას ჰგონია, რომ მაგარი ხარ- უმიზეზოდ და ხელფასსაც იმიტომ გიხდიან, რომ ეცოდები.
არა, შემოგევლე.
იმპოსტერის სინდრომის დამპლური თამაშები
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, სადაც 200 დასაქმებული გამოიკითხა, აღმოჩნდა, რომ პიროვნებები, რომლებსაც იმპოსტერის სინდრომი ჰქონდათ, იშვიათად წინაურდებოდნენ, მათი ანაზღაურება სხვებთან შედარებით დაბალი იყო, ნაკლებად იყვნენ თავიანთ საქმეში ინვესტირებულები და ვერც კმაყოფილებას განიცდიდნენ.
იმპოსტერის სინდრომი მჭიდრო კავშირშია შფოთვასთან და გამწვავების დროს შეიძლება დეპრესიამდეც მივიდეს.
ზოგადად, შფოთვა სხეულისა და ფსიქიკის მუდმივად აღგზნებული მდგომარეობაა საფრთხეების საპასუხოდ — საფრთხე შეიძლება რეალურად არ არსებობდეს, მაგრამ ფსიქიკაში განგაშის ხმა მაინც ისმის. იმპოსტერის სინდრომის დროსაც მოცემულობა მსგავსია- საკუთარი არაკომპეტენტურობის სხვების წინაშე გამოვლენის შიში ფსიქიკას და ორგანიზმს მუდმივ სტრესში აგდებს, რაც ჩვენს სამსახურეობრივ პერფორმანსზეც აისახება და ასევე- სოციალურ ურთიერთობებზეც. თუნდაც უუნარობა, მიიღო კომპლიმენტი ხშირად უხერხულობას ქმნის. კომპლიმენტზე ი.ს-ით გატანჯული ადამიანის რეაქცია- ეს ხოარ მეღადავებაა.
რამდენჯერ გითქვამს უარი ახალ შემოთავაზებაზე, დაწინაურებისთვის განაცხადის შევსებაზე ან ხელფასის მომატების თხოვნაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ინტელექტუალური და შემოქმედებითი პროდუქტი, მოცემულობა და ჩადებული ენერგია საკმარისად ღირებულად არ მიგიჩნევია?
ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ, მახსოვს, უნივერსიტეტის შენობას ავხედე და ვიფიქრე, ამათ ჭკუა რომ ჰქონდეთ, ეს დიპლომი ხელში მეჭირებოდა-მეთქი?
მაგისტრატურაზე ეს განცდა უფრო გამძაფრდა.
სამსახურში რამდენიმე დავალება რომ დამაწერინეს და შემდეგ ამიყვანეს, მაშინაც ვფიქრობდი, ნეტა კარგად თუ დაფიქრდნენ-მეთქი?
თუმცა, ზოგჯერ უნდა დაუშვა, რომ რაღაც მომენტში უმრავლესობა მართალია- იმაში, რომ დიპლომი მოგცეს და იმაში, რომ სამსახურში აგიყვანეს. საკუთარ თავს თუ არა, ჯგუფს მაინც ენდე.
შუა ბრეინშტორმინგის დროს სხეულსმიღმა გამოცდილება გქონია? როცა გგონია სულ ორად ორი სქილი გაქვს- ჭამისა და ძილის და ააქ არაფერი გესაქმება. ახლა ვიღაც რაღაცას გკითხავს, შენს უდაბნოსავით გამომშრალ ტვინს პასუხი არ ექნება და ეგაა!
საკუთარი ფსიქიკის პატენრების ამოცნობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ხშირად იმპოსტერის სინდრომი პერფექციონიზმთან ერთად პროკრასტინაციასაც მოიცავს. ერთი მხრივ, გინდა, ყველაფერი სრულყოფილად გამოგივიდეს, რათა შენმა ფსიქიკამ წიხლების რტყმა არ დაგიწყოს, შე უნიჭოო. მეორე მხრივ, გეშინია, ჩადებული რესურსის მიუხედავად ცუდი შედეგი რომ მიიღო. ამიტომ წელავ, წეელავ, ესეს დასაწერად ბოლო 2 საათს იტოვებ, ამ 2 საათში წერ და მერე გასამართლებელი საბუთი მაინც გაქვს- აბა, 2 საათში მეტს როგორ მოვასწრებდიო. ნაკლები ძალისხმევა = ნაკლებ კრიტიკას და საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების ეჭვქვეშ დაყენებას. ამ 2 საათში მაგარი ესე თუ დაწერე, ხომ საერთოდ ავტომატურად ჩათვლი, რომ მაგარი ხარ და ი.ს-ით გამოწვეულ ფიზიკურ წნეხს ცოტა ხნით შეამსუბუქებ.
გვეშველება?
პირველ რიგში იმის გაცნობიერებით დავიწყოთ, რომ ყველას, ვინც რაიმე ახლის სწავლას იწყებს, თავი იმპოსტერი ჰგონია. სწორეცაა, სანამ ოსტატობამდე მივალთ ჯერ სულელის გზა უნდა გავიაროთ. თუმცა, ჩვენსავე ფსიქიკას იმდენად მაღალი სტანდარტები აქვს დაწესებული- ერთი მხრივ, სოციუმის შიშის გამო, რადგან ჯგუფისგან ინდივიდი მუდმივად ელის შეფასებას და საკუთარი ღირებულებაც ნაწილობრივ ჩვენი სოციალური გარემოდან მიღებული ფიდბექით განისაზღვრება, ხოლო, მეორე მხრივ, ისევ ჩვენსავე ფსიქიკაში არსებული იდეალების გამო- რომელიც ხშირად მიუღწევადი და არაჯანსაღია.
ქაოსის მოწესრიგება პატარ-პატარა ნაბიჯებით უნდა დავიწყოთ. ჩამოწერე, რაში თვლი შენს თავს ნაკლებ ან არაკომპეტეტურს. რა სქილები გაკლია? ამის შემდეგ ეცადე ამ უნარების განვითარებისთვის შესაფერისი ნაბიჯები გადადგა. სხვადასხვა გამოწვევის დაძლევა, ან მცდელობა, დაძლიო- ბევრ «მონაცემს» მოგცემს, რისი ანალიზის საფუძველზეც ფსიქიკას მეტი შანსი ექნება სწორად შეაფასოს საკუთარი თავი. «ჰმმ, 10 დავალებიდან 8 სწორად გავაკეთე. ანუ ეს უნარი ასე თუ ისე, მქონია».
სისუტეების პოვნა და შემდეგ მათი დამუშავება განვითარების კარგი სტრატეგიაა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია გააცნობიერო და დაინახო საკუთარი ძლიერი მხარეებიც. შეგიძლია ჩამოწერო, რა გამოგდის კარგად, რაში ხარ ძლიერი.
აზრების სუფთა ფურცელზე ჩამოწერამაც თუ არ გიშველა, მაშინ, ფსიქოლოგთან ვიზიტს გირჩევ.
და ბოლოს, თრეშულ რჩევასაც დავამატებ-
თუ ვერაფერი გშველის, ისევ ყველაზე მარტივ ფილოსოფიამდე უნდა დაიყვანო შენი მოღვაწეობა: fake it till you make it.