იმიტომის ხმამაღალი მერჩი

28/11/2023 ისტორიაში იმიტომის ხმამაღალი მერჩის გამოჩენის თარიღად სამუდამოდ ამოიკაწრება! 

როგორც იქნა, imitom.ge -ში  ის ბიზნეს იდეა განვახორციელეთ, სამეგობროს ყოველ შეკრებაზე ერთხელ მაინც რომ გაჟღერებულა:

‘ბიჭო, რამე დაპრინტული მაიკების ბიზნესი მოვხოდოთ რაა’

‘ჩანთებს იაფად შევაკერინებთ და რამე ფრაზები მივაწეროთ ჯენ-ზი რაზეც ხურდება რა’ 

‘ეგეთი რთულიც არაა აგე ნინას დაქალმა დაიწყო და თვეში 4 K გამოსდის, დედამისია კურიერი’

მინდა გითხრათ, რომ სწორედაც რომ ეეეგეთი რთულია. 

გზად აღმოვაჩინეთ, რომ ეეგეთი მაგარი მენეჯმენტ-უნარებიც არ გვქონია და ჩვენი ძვირფასი და მოსაუბრე მერჩის გამოშვებაც იმაზე უფრო გაააიიიწეეელაააა, ვიდრე გვეგონა.

 

Imitom.ge – მერჩი, რომელიც შენს მაგივრად ილაპარაკებს!
რთულია ცხო!

სთქუა ჰუდმა და მაისურმა
ერთ-ერთი იმიტომელის, ძალიან ხმამაღალი ხეცოს ძალიან ხმამაღალი და ქართულ კონტექსტს ძალიან კარგად მორგებული განაცხადი განგების ნებითა და გარკვეული ფულადი რესურსებით ძალიან ხარისხიან მაისურზე გადმოვიტანეთ.

დიზაინზე imitom.ge – ის დიზაინერთა დიდმა ჯგუფმა ( 2-მა ადამიანმა) იმუშავა, რომელთა სახელებსაც ოდნავ დაბლა და ოდნავ მარჯვნივ გამცნობთ ( ელენე და დემე). 

ხოლო შინაარსზე, როგორც უკვე ვთქვი, დაუღალავი ჩიჩინისა და რთულია ცხო- ს 783489252-ჯერ გამეორებით – ხეცომ.

სანამ დასვამთ კითხვას, ‘ცხო’ რას ნიშნავსო, გთხოვთ, კარგად დაფიქრდით. 

რამდენი ვარიანტი გაქვთ? 

მინიშნება: ცხო ‘ცხონებას’ ნამდვილად არ ნიშნავს. 

თუ ვერ მიხვდებით, პასუხს ბლოგის ბოლოს დაგიწერთ, მანამდე კი გეტყვით, ახლა გასაგებია ‘რა? სად? როდის?’ კლუბში რატომ არ გიღებდნენ! 

 
დასაკარგი არაფერი მაქვს


– სთქუა ჰუდმა და მაისურმა
სამსახურში იმედია ყველას გვყავს ერთი თითქმის მელოტი თუმცა სიმპატიური, ცხოვრებაზე ხელჩაქნეული, მუდმივად უკმაყოფილო გამომეტყველების თუმცა უკეთილესი გულის მქონე, ჯაჯღანა მაგრამ ჭირშიარმიმტოვებელი თანამშრომელი, რომელსაც  დასაკარგი არაფერი აქვს. 

ჩვენთან ასეთ თანამშრომელს ჯანგო ჰქვია. მისი საყვარელი ფრაზებია:

ერთი უბრალო ჭანჭიკი ხარ დედამიწაზე
დასაკარგი არაფერი მაქვს
ვითომ საქმეს აკეთებ

ok

და სხვა.

ვინაიდან საქართველოში დასაკარგი მართლა არაფერი გვაქვს, რადგან კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაციის გარდა MARTLA არაფერი გვაბადია;

რადგან ადამიანის ცხოვრება ერთი თვალის დახამხამებაა და ეგაა

რადგან ცხოვრებაში გადაჭარბებული მნიშვნელობა ჩვენს ძალიან ძვირადღირებულ მაკბუქსაც არ უნდა მივანიჭოთ – გადავწყვიტეთ, რომ ჯანგოს ეს სკანდალური განაცხადი მაისურსა და ჰუდიზე მოთავსებას ნამდვილად იმსახურებდა. 

 

ყავა • ლეპტოპი • თასქები is a new ღვინო • დუდუკი • ქალები


სთქუა ჩანთამ 

მოდით, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ‘თასქების’ გამოყენებაზე აგვიღებენ, გაგვაპატიოსნებენ, საკუბოე შარვალ-კოსტიუმს შეგვიკერავენ და ისე ჩაგვდებენ მიწაში – Facebook-ზე. 

ენივეი, ჩანთაზე დატანილ შინაარსს ბევრი ახსნა არ სჭირდება – დაკავებული ქალები ვართ, რადგან ‘დაკავებულები’ ვართ,  უეჭველი თხელი ლეპტოპიც უნდა გვქონდეს და უეჭველი ყავასაც უნდა ვსვამდეთ, ურიცხვი თასქები რომ გადავიტანოთ.

ასევე, სტატისტიკის თანახმად 10 დან 8 ქალს tote bag – აქვს, რომელშიც უეჭველი ლეპტოპი დევს. მეცხრესაც tote bag აქვს, უბრალოდ ჩვენი დიზაინერია და ბიჭია.

 
1000 ხარახურა და ენგზაეთი

სთქუა ჩანთამ

ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და პირველი ქვა მაშინ ისროლოს, თუ ჭარბი რაოდენობის კოფეინისა და შფოთვისგან ხელ აკანკალებულს tote-bag – ის ფსკერზე გლოსის ძებნისთვის ნერვები არ შეუწირია! 

1000 ხარახურა და ენგზაეთის ფსკერზე იპოვით იმაზე მეტ დაკარგულ ნივთს, ვიდრე კაცის შარვლის უკანა ჯიბეში, საფულის ქვეშ. 

შეიძლება იპოვოთ სიცოცხლის ხალისი, საზრისი, პინცეტი, PSP-ს გათამაშების ბილეთი, მოპარული კალამი, სათვალე, რომელსაც ცალი ყური მოურყიეთ, თუმცა ენგზაეთის ვერ იპოვით. 

ენგზაეთი ნივთი არაა – ენგზაითი ის გონიერი ენერგეტიკული ბმაა, რომელიც თქვენს ჩანთაში, ნივთებს შორის ბინადრობს და დროდადრო საბრძოლო მუსიკას რთავს, მაშინაც კი, როცა მტერი არსად ჩანს. 

imitom- ის მერჩი სრულად შეგიძლია იხილოთ აქ.
მერჩის თქვენამდე მოტანაზე იზრუნეს:
დიზაინერებმა: დემემ და ელენჩომ 
კონტენტმა: ნატუმ, ხეცომ და ნინამ 


imitom- ის დანარჩენი მერჩიც სულ მალე ააჭრელებს თქვენ ფიდს! დაეყუდეთ! 

 

პ.ს რთულია ცხო = რთულია ცხოვრება, but fancier