
ალბათ, 10-დან 8 ადამიანი მაინც დამეთანხმება, რომ ბავშვობის პერიოდს თუ რამე ამახინჯებს, ეს რამე ხახვიანი სუპია. სახლში კიდევ გახდებოდი რამეს, ქართულ ჯიგრულ პონტში ჩააწყობდი დედასთან ან ბებიასთან საქმეს და ხახვებს თავს აარიდებდი. მაგრამ ბაღში რა უნდა გექნა? შენ გარდა კიდევ 30 ბავშვი ცდილობდა ხახვების გადარჩენას სუპში ჩახრჩობისგან და მერე მასწავლებლები ამ სიმწრით ამოთრეულ ხახვებს ისევ სუპში გიყრიდნენ, აქაოდა ძალიან სასარგებლოაო.
ერთ დღესაც ეს უშედეგო ჭიდილი ყელში ამომივიდა. მთელი ძალა მოვიკრიბე და მკაცრად განვაცხადე, მე ხახვს არ შევჭამ-მეთქი. ისეთი კატეგორიული ვიყავი, ვერავინ შემეწინააღმდეგა და მეც მაშინ მივხვდი, როგორი საჭირო იარაღი იყო უარი.
იმ დღის შემდეგ მე და ხახვი კი მხოლოდ შორიდან ვესალმებით ერთმანეთს, მაგრამ რომ გავიზარდე უარის თქმა რატომღაც გართულდა. ხან ვიღაცის გამოცდა დავწერე (რა მექნა, მთხოვა), ხან ვიღაცას რაღაც ისეთი ვაჩუქე, რაც მეც ძალიან მომწონდა, ორი ბავშვიც კი მოვნათლე, რომლებსაც უფროს მეგობრად კი გამოვადგები, მაგრამ ნათლიობის რა გითხრა.
არადა თითქოს ხომ მარტივი სიტყვაა «არა»? სიტყვაც არა, პატარა 3 ასოიანი სიტყვუკაა, მაგრამ რატომღაც მაინც ძალიან გვიჭირს ხოლმე პირიდან მისი ამოშვება ან იმდენად არამყარ უარს ვამბობთ, რომ ბოლოს მაინც იმას ვაკეთებთ, რაც სხვას უნდა. სხვანაირად რომ ვთქვათ, ვიღაცებს ხათრს ვერ ვუტეხთ, ამიტომ მათ ინტერესებს ჩვენსაზე წინ ვაყენებთ და «ხათრიანის» იარლიყსაც ვირტყამთ. ადამიანების დახმარება ძალიან კარგი რამეა, მაგრამ ეს ისე უნდა მოახერხო, რომ საკუთარი თავი არ დააზარალო. ხათრიან ადამიანს კი ძალიან ხშირად სხვისთვის მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე საკუთარი თავისთვის.
და მაინც რატომაა ასეთი რთული უარის თქმა? ჩემი დაკვირვებით, ძირითადი მიზეზები, რომელთა გამოც ადამიანი ხათრს ვერ უტეხს ხოლმე სხვა ადამიანებს, არასწორი აღზრდის ან/და გარე სოციალურ-კულტურული წნეხის ბრალია. მაგალითად, თუ ბავშვობაში მშობლების სიყვარულსა და სითბოს მხოლოდ მაშინ იღებდი, როცა მათ მოსაწონად იქცეოდი, ყველა სხვა შემთხვევაში კი აწეულ წარბსა და სიცივესთან გიწევდა გამკლავება, დიდი შანსია, რომ სხვების სიყვარულის მოპოვების ერთადერთი გზა ახლაც ფეხქვეშ გაგება და ყველაფერზე თავის დაქნევა გგონია. შესაბამისად, თუ უფროსი სხვისი მოვალეობის შესრულებას გთხოვს, ამის დრო და ენერგია სულ რომ არ გქონდეს, მაინც დასთანხმდები, რომ შემთხვევით მისი კეთილგანწყობა არ დაკარგო.
დიდი ალბათობით, ვერც ახლობელს ეტყვი უარს «პატარა» საქმის მოგვარებაზე, რადგან ჩვენი საზოგადოება კოლექტივისტურია, ანუ საზოგადოების ინტერესებს ინდივიდისაზე მაღლა აყენებს და ინდივიდის ყველა მცდელობა, დააყენოს საკუთარი ინტერესები ყველაფერზე მაღლა, ხშირად ეგოისტობად ითვლება. ხალხის კეთილგანწყობის დამსახურება კიდევ ხათრიანი ტიპისთვის ბევრად მარტივია, ვიდრე ეგოისტისთვის.
შეიძლება, არც აღზრდის ბრალია და სოციალური წნეხიც ფეხებზე გკიდია, მაგრამ როცა ტექნიკის მაღაზიაში კონსულტანტი რამდენიღაცა ინჩიან და რაღაცნაირგამოსახულებიან ტელევიზორს გატენის, უარის თქმა მაინც გიჭირს იმიტომ, რომ კონსულტანტის პატარა შვილზე გეფიქრება. მოკლედ, შეიძლება, «არა”-ს იმიტომ ვერ ამბობ, რომ უბრალოდ ძალიან კეთილი ხარ.
შენ რა რეაქცია გაქვს, როცა უარს გეუბნებიან? ალბათ, ცოტა გწყინს, მაგრამ მაგის გამო ადამიანის მიმართ ცუდი დამოკიდებულება არ გაგიჩნდება. მაქსიმუმ ის იფიქრო, ვა, არ სცალიაო და შემდეგისთვის გაითვალისწინო, რომ ამ ადამიანს შენს დაკრულზე ვერ აცეკვებ. ნებისმიერ სიტუაციაში ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს ესმის, რომ როცა რამეს გთხოვს, შეიძლება, ამ თხოვნაზე უარი მიიღოს. ალბათ, ყველას თანხმობა უფრო გვახარებს, მაგრამ არც უარის შემთხვევაში ვიძულებთ ადამიანებს. ამიტომ უარის თქმის ნუ შეგეშინდება. პირიქით, შეიძლება, ამით მართლა იმას გაუსვა ხაზი, რომ საკუთარ რესურსებს უფრთხილდები და, შედეგად, სხვებმაც უფრო სერიოზულად აღიქვან შენი დრო და ენერგია.
«არას» მიმართ შენი ალერგიის მიზეზი რაც უნდა იყოს, თუ საკუთარ რესურსებს სხვების სურვილებსა და მიზნებს მოახმარ, შენი თავისთვის ბევრი არაფერი დაგრჩება. ამიტომ შემდეგში, როცა სხვისი მოვალეობის შესრულებას მოგთხოვენ, ეცადე, როგორმე თავს აჯობო და თქვა, რომ შენი საქმეც ბევრი გაქვს. თუ სუში არ გაგისინჯავს და არც ამის შემდეგ აპირებ, სუშის რესტორნის ფასიან ვაუჩერს მარტო იმიტომ ნუ იყიდი, რომ პრომო გოგონა სიცხეში დგომისთვის გეცოდება. თუ ურთიერთობის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად მზად არ ხარ, არ მოგერიდოს — that blue balls thing isn’t even real — ქუჩის გამოკითხვას ვუყურე და თვითონ კაცებმა აღიარეს (ციხე შიგნიდან ტყდება).
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, თუ ყველაფერზე თავის ქნევას გააგრძელებ, სავარაუდოდ, შენი შრომით სხვისი სოფელი აშენდება, შენსას კიდევ ერთი სიმღერის თქმა აღარ ეყოფა. თუ შენ არ აქცევ საკუთარ ინტერესებს პრიორიტეტად, მათ დასაცავად არც სხვები იწვალებენ და არც სამყარო შეგიწყობს ხელს. მერე, შენს ვერგანხორციელებულ მიზნებს გადახედავ, თავს გამოყენებულად იგრძნობ და ცუდ ხასიათზე დადგები. და, აი, მერე ნაყინი და შოკოლადი ვეღარ გიშველის, მაგას ფილმებში გვატყუებენ ხოლმე.
მოკლედ, სანამ საჭირო დროს უარის თქმას არ ისწავლი — თქვენზე უარია!
PS. რამე რჩევა ხომ არ გაქვთ უარის სათქმელად, მოვკვდი ამ სტატიის წერით.
ავტორი: Natalia Gray