საიდან დავიწყო?!
არა, მართლა საიდან დავიწყო?!
მტკივნეული პერიპეტიების სია ისეთივე გრძელია, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული დასახელება.
ილია და გრიგოლ ორბელიანი მონაგონია, თსუ-ზე რომ მამათა და შვილთა ბრძოლაა გაჩაღებული. რატომღაც, მამებმა უკეთ იციან, როგორია თსუ ახლა, ვიდრე ჩვენ — მოქმედმა სტუდენტებმა.
«ნომერ პირველი კავკასიაში, პრესტიჟული» —-vs—- «მხოლოდ სახელია დარჩენილი»
ეს ბრძოლა გამოვიარე მეც და საბოლოოდ, თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე დავიდე ბინა. იცი როგორი განცდა მაქვს? რაღაც რომ გიწერია და არ აგცდება, ასე აღმოვჩნდი აქაც. ამ საოცარ თავგადასავალს კი ჩემთვის მტკივნეული პერიპეტიები არ დაუკლია:
საგნების არჩევა, ანუ ტკივილთა ოვერდოზი
პირველკურსელმა გავიგე, რომ თსუ-ში საგნებს ჩვენით ვირჩევთ და თან ასეთი პრინციპით: დროში პირველი, უფლებებში უპირატესი! — ანუ არჩევა დასწრებაზეა და ის რაც დასწრებაზეა, მშვიდობიანად არ სრულდება…
ერთი საყვარელი, გაუმართავი საიტია — lms.tsu.ge. კონკრეტულ დროს იხსნება ბაზა და ათასობით სტუდენტი მშიერი ლომივით ვეცემით საგნებს. აი, აქ იწყება ყველანაირი ზუზუნი:
«აუ, ბაზა გვიან გამიხსნა, ჩაატარეთ ხელახალი არჩევა!»
«ვაჭერდი და არ არჩია»
«რამ გაგამწარათ, ვერაფერი მოვასწარი»
«ადმინისტრაციის ნომერი მინდა»
«ერთი გამართული საიტი რა გახდა»
«ბაციკაძეს ვცვლი გერსამიაში»
ეს ამბავი კარგა ხანია ტრადიციადაა ქცეული — მენდეთ, საგნები 14-ჯერ მაქვს არჩეული და მშვიდობით არც ერთს არ ჩაუვლია. ამიტომ აბიტურიენტს თუ თსუ-ში ჩაბარებას მიულოცავ, წარმატების ნაცვლად — გამართული LMS-ი უსურვე!
შუალედურ-ფინალურები — ეგზისტენციალური კრიზისის წინაპირობა
ო, გამოცდებს შენს კორპუსში არ წერ. ამისთვის არსებობს მაღლივი და ბიბლიოთეკა, ცნობილი როგორც — მხოლოდ პირველსართულგარემონტებულ საშიში წარმონაქმნები.
იანვარში, დილის 10-ზე, გამოცდა რომ ჩაგენიშნება და მაღლივამდე მოყინული სახით ახვალ, თან წინა ღამეს მხოლოდ 2 საათი რომ გეძინა და წინ 3 საათი კოდექსებში უნდა იძრომიალო ან დაზეპირებული თეორია ანთხიო ფურცლებს, აი, მანდ იგრძნობ რა ტკივილზე მაქვს საუბარი.
ინფრასტრუქტურა. უკვე მეცინება
ჩვენ, იურისტები, თსუ-ს მეორე კორპუსში ვსწავლობთ, რომელსაც რამდენიმე წელი გვირემონტებდნენ. რა გაარემონტეს ვერ გეტყვით, ყოველშემთხვევაში სტუდენტისთვის არაფერი. აუდიტორიებში იცი როგორი სკამები და მაგიდებია? ხის, ერთიანი, მიბმული. სეფაში რომ გრძელი ფიცრის სკამებია, მაგ სტილშია აქაც — ძალიან ვიწრო და კუდუსუნის სერიოზული ტკივილები მაწუხებს. თუ გაგიმართლებს, რბილსკამებიანი აუდიტორიებიც არის აქა იქ (ობიექტურობისთვის!).
რაც შეეხება დერეფნებს… სტუდენტი ხარ, შესვენება გაქვს, ან მეგობრებთან ბაასი გინდა, ლოგიკურია, სადმე უნდა დასხდეთ. პირდაპირ გეტყვი, ვერ დაჯდები, რადგან 4 სართულზე მხოლოდ 2 დივანი და რამდენიმე პუფია.
კაფეტერიას რომ თავი გავანებოთ, სულ რომ ჩემი ლანჩ-ბოქსით წამოვიდე, სივრცე არაა უნივერსიტეტში, სადაც შეჭამ. ზამთარში კი ცივა, შეიძლება ამაში უცნაური არაფერია, მაგრამ შიგნით ცივა, უნივერსიტეტში.
კომფორტი თსუ-ს ძლიერი მხარე არაა, საერთოდ მხარე არაა.
და ბოლოს…
ახლა, მეოთხე კურსზე, უნივერსიტეტი მხოლოდ ლექციებიღაა, სტუდენტური ცხოვრება კი ორიოდე კონცერტის ანაბრად.
ამ დროს თავს უკვე გარეთ ეძებ, თითქოს უნივერსიტეტი არაა ის რასაც ელოდი, ვერ მოგცა, რასაც ელოდი, მიეყრდენი და წაგაქცია, მაგრამ თავი შეგაყვარა. შეიძლება იმედები გამიცრუვა, მაგრამ წამით არ მინანია აქ ჩაბარება. აი, თავში რომ ვთქვი მეწერა და არ ამცდა-მეთქი, ისეთ პროცესებში აღმოვჩნდი და ისეთი გამოცდილება მივიღე უნივერსიტეტის შიგნით, იმდენი ვნახე, რომ დიდად გავიზარდე.
საბოლოო განცდა კი ისეთი მრჩება, რომ რაც აქ ვნახე, შემიყვარდა, რაღაცნაირად მიმიზიდა, და დაუკოებელი სურვილი გამიჩნდა, რომ ვიბრძოლო, ადრე თუ გვიან, ეს ადგილი იმას დაემსგავსოს, რაც თავის დროზე 1918-ში ჩაიფიქრეს.